"ხმები მომდის, რომ..." - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე - კვირის პალიტრა

"ხმები მომდის, რომ..." - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და ვაქცინის საქართველოში შემოტანაზე

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის"

საქართველო ვაქცინის მოლოდინშია, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველო ვაქცინისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, რასაც ბევრი მიზეზი აქვს.

- არავინ იცის, პირველად რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მოთხოვნა ფარმაკოლოგიური კომპანიებისგან, შემდეგ მან უნდა გაიაროს დამოუკიდებელი ფარმაკოლოგიური ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ექსპერტთა ჯგუფების კონტროლი, რომელიც რამდენიმე და ერთმანეთისგან განსხვავებული გუნდებისგან იქნება შედგენილი. მათ დეტალურად უნდა შეისწავლონ ვაქცინა, მისი მინუს-პლუსები. ყველა კითხვას მხოლოდ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული პასუხი უნდა გაეცეს.

უამრავი ვერსია შეიძლება იყოს რომელიმე ვაქცინაზე, მაგრამ საინტერესო ის არის, როგორ შემოიტანენ რომელიმეს, როცა სხვა თუ არაფერი, წარმოება არ არის საკმარისი, რომ როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. ასე რომ, საქართველო მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც "კოვაქსმა" შეისყიდა, რადგან ჩვენ, მსოფლიოს 170 ქვეყანასთან ერთად, მის პლატფორმაზე ვართ გაერთიანებული, ოღონდ მივიღებთ მაშინ, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, რომ ის ხარისხიანი და უსაფრთხოა. შემდეგ დაიწყება მეორე ეტაპი - ამის შემდეგ საქმეში ერთვება ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი აფინანსებს და განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებით მომარაგებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამხმარე ორგანიზაციაა. მან უნდა შეაფასოს ფინანსურად, ლოჯისტიკურად რამდენად შესაძლებელია თუნდაც "ფაიზერის" შემოტანა. არადა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის. ის, რაც ნორმალურია ნიუ-იორკსა და ჟენევაში, არ არის მისაღები საქართველოსთვის, სადაც ორჯერ რომ მიხვიდეთ რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში, შესაძლოა კოვიდინფიცირებული გახდეთ, რადგან ჩვენთან ინფექციის კონტროლი ვერ ხდება. "კოვიდ-19"-ის ყველაზე ფართო გავრცელება სწორედ კლინიკებიდან და საავადმყოფოებიდან დაიწყო. ამიტომაც ვუყურებ ასე სკეპტიკურად მის შემოტანას.

ხმები მომდის, რომ ვიღაცამ რაღაც გზებით შემოიტანა ესა და ეს წამალი, რომელიც ებრძვის კორონავირუსს. ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ, თვითმკურნალობა არ გაბედოთ!.. ნუ დაუჯერებთ ფეიკნიუსებს. დაელოდეთ ჯანმოს ინფორმაციას, რომელსაც "კოვაქსი" შეიძენს და საზოგადოებისთვის აუცილებლად უფასო იქნება.

- რომელიც გაზაფხულზე თუ არა, ზაფხულში მაინც მოაღწევს ჩვენამდე?

- ღმერთმა ქნას, მაგრამ არა მგონია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო. თუმცა, როცა მოაღწევს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იძულებითი, ვისაც არ უნდა, ნუ გაიკეთებს. როცა სახელმწიფოს გამოცდილი და სანდო პრეპარატი ექნება, მას საზოგადოება თავად მოსთხოვს მის გაკეთებას, ამიტომ ინფორმაცია მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს.

- გასათვალისწინებელია ტროლების მუშაობაც ვაქცინით დაჩიპვის შესახებ.

- ეს აბსოლუტური სისულელეა. ეტყობა, ამ კატეგორიას ჩიპი არც უნახავს. ამიტომ მედიამ და სახელმწიფომ თუნდაც ამ მძიმე კატეგორიას ერთობლივად უნდა აუხსნან ძალზე პრიმიტიული რამ - ჩიპი ყველაზე დიდი ზომის შპრიცშიც ვერ გაეტევა, ეს მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ხდება.

გაზაფხულზე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღა დაიწყება. ვირუსი უკვე დასუსტებული იქნება, მაგრამ გასათვალისწინებელია ქრონიკული დაავადებები, სტრესი, დეპრესია, რომელიც მერე და მერე იჩენს თავს. ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა ვიცხოვროთ მომავალ წლამდე, რადგან ამ დროისთვის ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინა იქნება გამოსული და ჩვენ უნდა ავირჩიოთ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შესწავლილი უსაფრთხო ვაქცინა.

ამ ეტაპზე კი არც ერთი ვაქცინა, მათ შორის არც "ფაიზერი" არ არის შეფასებული 100 პროცენტით უსაფრთხოდ.

- ბრიტანეთში უკვე დაიწყეს მისი გამოყენება. - დიახ, მაგრამ ის მაინც საცდელი ნიმუშია და არავინ ამბობს დარწმუნებით, რომ უსაფრთხოა. იმუნიტეტის გამომუშავებისთვის 28 თვეა საჭირო.

- თქვენ მესამე ტალღა ახსენეთ - "კოვიდ-19"-თან ბრძოლამ წარმოქმნა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ბევრი მათგანი თავადაც დაინფიცირდა, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ისევ მუშაობს. რა შედეგის წინაშე შეიძლება დავდგეთ? - რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მსოფლიო ბანკიდან გამომიგზავნა გრაფიკული მონაცემები და გაოცებული იყო, მთელ ევროპაში 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ექიმი საქართველოში დაფიქსირდა. რასაც ვერ ვიტყვი ექთანებზე, რომლებიც უვლიან პაციენტს.

ადამიანს, რომელსაც ხელფასი 200-250 ლარი აქვს, ზოგს კი 100-150 ლარი, გმირობას ვერ მოვთხოვთ. ექთანობა საქართველოში არაპრესტიჟულად ითვლება, რადგან კარიერული ზრდა არ ახლავს, თან ამ სექტორში განათლება ძალიან დაბალია. ეს პრობლემა ბოლო 20 წელია საქართველოში არსებობს და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.

კოვიდეპიდემიამ სექტორული ჩავარდნებიც გამოაჩინა, რომელთაც გამოსწორება სჭირდება. ქვეყანა ყოველწლიურად 2000 ექიმს და 200 ექთანს უშვებს, რაც ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ერთი რამ გამოგვადგა - 17 000 პალატა და 5 000 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, რაც მანკიერი სისტემის გამოხატულებაა, მაგრამ ახლა გამოგვადგა - ამდენი ათასი ინფიცირებულის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. რატომ გვაქვს ამხელა საწოლფონდი, ცალკე სასაუბრო თემაა, მოკლედ განვმარტავ - ფარმაკოლოგიური კომპანიები შეკრული არიან საავადმყოფოებთან. ამას ზედა რგოლი აკონტროლებს. უამრავი შემთხვევაა, როცა პაციენტის მორჩენა ძალზე იაფი მედიკამენტით შეიძლება, მაგრამ ოპერაციაზე უშვებენ. ასე აწყობთ და იმიტომ...

- ამ რთულ სიტუაციაში რა შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ვურჩიოთ? - ეს ვერაგი ვირუსი "უყურებს" ორგანიზმს და იქ გვირტყამს, სადაც სისუსტეს აღმოაჩენს. ამიტომ ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, დიდი შანსია უფრო მსუბუქად გადაიტანოს ვირუსი. მწეველებსაც სიფრთხილე მართებთ - მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ძალა უნდა მოიკრიბონ და მოწევას შეეშვან. ასევე დაივიწყეთ მარილიანი საჭმელი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და სცადეთ მშვიდად იყოთ. ასევე, შეეშვით თვითმკურნალობას. ამას წინათ მომწერა ჩემმა მეგობარმა საქართველოდან, ითქვა, რომ წყალბადის ზეჟანგი ვირუსის პრევენციისთვის კარგია და აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდაო. სრული სისულელეა, არ შველის, ისევე, როგორც ინტერნეტში დადებული სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც ვითომ არჩენს "კოვიდს". მიიღეთ ბევრი სითხე, იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, როდესაც მზეა, ოღონდ თუ გარშემო ხალხია, არ მოიხსნათ პირბადე, არც თქვენ წინ მორბენალი ადამიანის უკან, რადგან ამბობენ, რომ მას უკან ვირუსები მიჰყვება. დაიცავით დისტანცია ვაქცინის შემოტანამდე. საყვარელი ადამიანების მოსიყვარულებასა და ჩახუტებას კი მერეც მოვასწრებთ.