ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა? - კითხვა, რომელიც ცოცხალია... - კვირის პალიტრა

ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა? - კითხვა, რომელიც ცოცხალია...

ჭოლა ლომთათიძის წიგნს,  "საპყრობილეში" ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებს ჩვენი მკითხველი

სარატოვიდან მისი ნეშტის გადმოსვენება თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციად ქცეულა.

მეორე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი ჭოლა ლომთათიძე გარდაიცვალა 1915 წელს, 5 ნოემბერს, ღამე. 8 ნოემბერს მოსკოვიდან ჩამოსულა სახელმწიფო პარლამენტის წევრი აკაკი ჩხენკელი. "9 ნოემბერს, საავადმყოფოდან გამოსვენებისას, იქ შეკრებილა ოთხასი სტუდენტი და ორასი მუშა", - ეწერა ჟანდარმერიის ოქმში. ამ ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატის სიკვდილი არნახული მასშტაბის დემონსტრაციით ემუქრებოდა სახელმწიფოს...

თბილისში ჭოლას ჩამოსვენებას უამრავი ქართველი ელოდა. არც ერთი სოციალისტის გასვენებაზე იმდენი გაბედული სიტყვა არ თქმულა, რამდენიც ჭოლას კუბოსთან ითქვა. მთელმა საქართველომ მიაცილა  ცხედარი კუკიის სასაფლაოზე.

ვინ იყო ჭოლა ლომთათიძე, ვისმა სიკვდილმაც ამხელა რეზონანსი გამოიწვია?

ჭოლა ლომთათიძე 1878 წელს დაიბადა გურიის სოფელ მეწიეთში, შეძლებული გლეხის, ბიბონ ლომთათიძის ოჯახში. დედა - ეროდიონე ნიკოლაიშვილი ჭლექით გარდაიცვალა მაშინ, როცა ჭოლა ცხრა წლის იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ, ჭოლას გული აღარ უჩერდებოდა შინ, არ უნდოდა დედინაცვალთან ყოფნა. დედობრივ მზრუნველობას ბიცოლა ლასე უწევდა.

...1896 წელს, ოზურგეთის საქალაქო სკოლაში სწავლის დროს, დაიწყო ძიების პერიოდი. იცოდა, რაღაც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ რა? როგორ? სწორედ ამ დროს დაუკავშირდა მოსწავლეთა რევოლუციურ წრეს. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი სოციალ-დემოკრატი იყო.

ოდესელი ებრაელი, ცილია გიდერინსკაია ჭოლამ ქალაქ ნოვოროსიისკში გაიცნო. 1904 წელს ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. ცილია ქრისტიანულად მოინათლა და ახალგაზრდებმა მეწიეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. შეეძინა ვაჟი, ჭოლიკო. ცოლ-ქმარი მხოლოდ შვიდი წელი ცხოვრობდა ერთად.

პირველად 1907 წელს დააპატიმრეს. ამ დროიდან გადაჰყავთ ციხიდან ციხეში... ჭოლა, რასაც გრძნობს, კალამს ანდობს... იქმნება მისი შემოქმედების საინტერესო ფურცლები...

მისი ყოფილი მეუღლე ბოლშევიკ რუბენ კატანიანს გაჰყვა ცოლად, საქართველო დატოვა და თან წაიყვანა შვილიც, რომელიც მეორე ქმრის გვარზე დაწერა.

1906 წელს, როცა დამსჯელმა რაზმმა მეწიეთში ჭოლას სახლი გადაწვა, ჭოლა მეწიეთში  ბიძის - ლავრენტის სახლში იმალებოდა. თურმე მას თან ახლდა დევნილი რევოლუციონერი. გვიანღა გაიგეს ლომთათიძეების ოჯახში, რომ ის დევნილი სტალინი ყოფილა. სტალინმა ჭოლას ხსოვნა და პატივისცემა 1937 წელს რეპრესიების დროს გაამჟღავნა - ჭოლიკო კატანიანი დასახვრეტთა სიიდან ამოაშლევინა...

ციხეში ჭოლა ლომთათიძე გულხელდაკრეფილი არ ყოფილა: "მთელი ორი წელი ვიშრომე, ვთარგმნე ყველა ლირიკული ლექსი ჰეინესი, ყველა პოემა…- ყველა ამას ვასწორებდი, ვადარებდი დედანს, დროს ვკლავდი და ბედს ვმადლობდი,  და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ორი წლის ნაშრომი, სხვა ნაწერებთან ერთად შეკრიბეს და ფერფლად აქციეს".

რაც ცეცხლს გადაურჩა, ისიც საკმარისია, რომ ჭოლა ლომთათიძე ქართული მწერლობის კლასიკოსად ვაღიაროთ. მისი ნაწარმოები, "სახრჩობელას წინაშე", 1907 წელს გამოქვეყნდა, წაკითხვისთანავე მიხვდებით, რა იყო ის ძალა, რაც ჭოლა ლომთათიძეს ლამის მთელ ქვეყნიერებას აყვარებდა...

"ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა?! - კითხულობს მწერალი, - ქვეყანაზე ორი მოპირდაპირე ძალა არსებობს, ორი მოსისხლე, დაუძინებელი მტერი: სიმდიდრე და სიღარიბე, ძლიერი და სუსტი; ძლიერს ჰყავს ჯარი, კანონი, მღვდელი ჯვრით ხელში, პროკურორი. მე სუსტი ვარ და ამიტომ მახრჩობენ, გავძალდები. მაინც დამახრჩობენ", - ეს არის განგაშის ზარი, რომელიც ჭოლა ლომთათიძემ შემოჰკრა და რომელიც დღესაც გუგუნებს. მისი დასმული კითხვა ისევ ცოცხალია: ვინ გაიგონა ადამიანის დახრჩობა?