"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ინიციატივაც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა - კვირის პალიტრა

"როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს" - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ინიციატივაც უამრავ ინფიცირებულს დაეხმარა

"ქედს ვიხრი ჩვენი ექიმების წინაშე! არ მახსოვს, რომელიმესთვის დამერეკა და ვინმეს ეთქვა, რომ არ სცალია, ან დაღლილია. მართლაც თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის"

უკვე ერთი თვეა, რაც შეიქმნა ფეისბუკჯგუფი "მედგიდი", სადაც შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები პროფესიონალი ექიმებისგან. ყოველდღიურად უამრავი პოსტი იდება - ზოგი მშობლის გადაყვანას ვერ ახერხებს კლინიკაში, ზოგი - ბებია-ბაბუის, დედმამიშვილის, მეგობრის... თითქმის ყველა დახმარებას ითხოვს და თითქმის ყველა პოსტთან მხვდება კომენტარი: "დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათ." ჯგუფის წევრები უდიდეს მადლიერებასა და სითბოს გამოხატავენ სოფოს მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის სოფო ჯაფარიძე - ექიმი-სტომატოლოგი, რომელმაც შეძლო და ბევრ ადამიანს ჩაუსახა იმედი.

- ვმუშაობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კათედრაზე, მყავს სტუდენტები, თან პრაქტიკოსი ექიმი ვარ. ექიმების ოჯახში გავიზარდე, დედისა და მამის მხრიდან ოთხი თაობა ყველა ექიმი იყო და ვერც კი წარმომედგინა, თუ სხვა პროფესია არსებობდა. ბაბუა, ვახტანგ ყიფიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი გახლდათ. საოცარი ადამიანი იყო და, ალბათ, ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ მისი გაზრდილები არიან ის ექიმები, რომლებიც დღეს წინა ხაზზე იბრძვიან. მისი დამსახურებაა ისიც, რასაც დღეს ვაკეთებ.

- ექიმის გულისხმიერებას ბევრი რამ შეუძლია. ტყუილად ხომ არ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვაც კი კურნავს... - მე არ ვარ ინფექციონისტი, არც თერაპევტი, მაგრამ როდესაც პანიკაში მყოფი ადამიანები მირეკავენ და მეუბნებიან, რა აწუხებთ (ბევრს სწორედ ფსიქოლოგიურად უჭირს ამ ყველაფრის აღქმა), მე მათ ვამშვიდებ - ეს ყველაზე მთავარია დღეს.

ერთმა ქალბატონმა მომწერა, როდესაც "კოვიდი" დამიდასტურდა, პანიკაში ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, მაგრამ "მედგიდში" გაწევრების შემდეგ ვნახე, რამდენ ადამიანს ეხმარებით და დავმშვიდდიო. აი, ალბათ ამიტომ ამბობენ, რომ ზოგჯერ ექიმის სიტყვასაც კი შეუძლია მორჩენა. მიხარია, თუ ჩვენი ჯგუფის სახით ადამიანებს იმედი გაუჩნდათ და მშვიდად არიან.

- პოსტის დადებისთანავე აუცილებლად ჩნდებოდა ან თქვენი კომენტარი, დამირეკეთ, დაგეხმარებითო, ან სხვისი - დაურეკეთ სოფო ჯაფარიძეს, ის დაგეხმარებათო. უამრავი ადამიანი გამოხატავდა მადლიერებას. მიკვირდა, როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ამდენი და ვინ იყო ეს ახალგაზრდა ექიმი... - ჩემზე რა გითხრათ - მყავს მეუღლე და სამი ბიჭი. უფროსი 11 წლისაა, შუათანა - 5-ის და ნაბოლარა - ერთის. მეუღლე ამ რთულ სიტუაციაში ყველანაირად მიწყობს ხელს. პატარები ბევრს ვერაფერს ხვდებიან, მაგრამ უფროსი მეუბნება, დედიკო, ასეთ მაგარ საქმეს რომ აკეთებ, იცი, მე რა ამაყი ვარო?! ეს სულ სხვა ბედნიერებაა ჩემთვის. ამას წინათ შუათანა მეკითხებოდა, დედიკო, რატომ აღარ გიყვარვარო? ჩათვალა, რომ რაკი მუდმივად კომპიუტერთან ვზივარ, ან ტელეფონზე ვლაპარაკობ, რის გამოც მისთვის ნაკლები დრო მრჩება, ძველებურად აღარ მიყვარს... მართლაც ძალიან მიხარია, თუ ადამიანებს იმედი ჩავუსახეთ ჩვენი და ჩვენი ჯგუფის არსებობით.

ერთი თვე ხდება, რაც "მედგიდი" არსებობს და ამ ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გვძინებია. ვიღაცას ჰოსპიტალიზაციაში დავეხმარეთ, ვიღაცას - სასწრაფო დროულად რომ მისულიყო, იმაში, ვიღაცას წამლები სჭირდებოდა, ვიღაცას - დამშვიდება და კონსულტაცია, მოკლედ, 24 საათის განმავლობაში სატელეფონო კონტაქტი გვაქვს მათთან.

რამდენჯერ პაციენტებთან დილამდე გვისაუბრია, რომ დაგვემშვიდებინა და აგვეხსნა, რა გაეკეთებინათ და როგორ მოქცეულიყვნენ. ყოფილა შემთხვევა, დაურეკავს კოვიდდადებით პაციენტს და უთქვამს, ვიგუდები, ვეღარ ვსუნთქავ და ვეღარ ვლაპარაკობო. დამიწყია საუბარი და ერთი საათი ისე გასულა, დავიწყებია, რომ ცოტა ხნის წინ იგუდებოდა. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ იგონებენ, უბრალოდ, პანიკაში არიან და ასე ჰგონიათ. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ამ დაავადებას ახლავს.

ქედს ვიხრი ჩვენი ექიმების წინაშე! არ მახსოვს, რომელიმესთვის დამერეკა და ვინმეს ეთქვა, რომ არ სცალია, ან დაღლილია. თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი ჯგუფის წევრებისთვის.

- მართლაც დროული და შედეგიანი აღმოჩნდა ამ ჯგუფის შექმნა. როგორ გაჩნდა იდეა? - მე და ჩემმა მეგობარმა ნუცა ზურაბიანმა დავაფუძნეთ ეს ჯგუფი. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა, სამედიცინო ასოციაცია, რომელიც რვა წელია, არსებობს. ხშირად ვატარებთ მასშტაბურ კონგრესებს, კონფერენციებს, არაერთი საქველმოქმედო ღონისძიებისა თუ საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობის მხარდამჭერებიც ვართ. გვინდოდა, ფორმატი შეგვეცვალა და სოციალური პლატფორმა შეგვექმნა, მაგრამ გაგვიჭიანურდა ეს პროცესი.

დედა მყავს ინფექციონისტი და მასთან და იმ ექიმებთან, ვინც ახლა პირველ ხაზზე იბრძვიან, ყოველდღიური კონტაქტი მქონდა. ვხედავდი, რა გაუსაძლისი იყო მათი ყოფა, როგორ გართულდა კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მედიატორის ფუნქცია შეგვეთავსებინა და ამ ჯგუფის შექმნა დავაჩქარეთ.

ვფიქრობ, მაქსიმალურ დახმარებას იღებთ ჩვენი ექიმებისგან. მიხარია, თუ პატარა წვლილი მაინც შევიტანეთ ამ საქმეში. შეიძლება, არ დამიჯეროთ და ჩათვალოთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ ძალიან ემოციურად ვუდგები თითოეულ პოსტს. როგორც ოჯახის პრობლემას, ასე ვიღებ თითოეულის გასაჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში, მგონი, უკვე 45 000 წევრია.

გვინდა, ჩამოვაყალიბოთ ფონდი, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულებს დაეხმარება ანალიზების გაკეთებაში, მედიკამენტების ყიდვაში. ბევრია სიკეთის კეთების მსურველი.

რასაკვირველია, "კოვიდით" არ დამთავრდება ჩვენი პრობლემები. მაქსიმალურად ვეცდები, ბოლომდე მივყვე ამ საქმეს და ხალხის გვერდით ვიდგე. ამ გამოწვევასაც უფრო იოლად დავამარცხებთ, თუ ერთმანეთის გვერდით ვიქნებით, თუნდაც მხოლოდ ტკბილი სიტყვით. საოცარ კომენტარებს წერენ, ისეთ მადლიერებას გამოხატავენ, რომ უბედნიერესი ვარ, მაგრამ თან მრცხვენია, რადგან იმდენს და ისეთს არაფერს ვაკეთებ, ამხელა სითბო რომ დავიმსახურო. ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ, კორონავირუსს მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გავუმკლავდეთ.

ნინო ჯავახიშვილი