"ყველაზე ძნელი დასაძლევი ამ დროს არის შიში, იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი" - კვირის პალიტრა

"ყველაზე ძნელი დასაძლევი ამ დროს არის შიში, იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი"

"ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო: წინადღეს საშინელი თავის ტკივილი მქონდა, მეორე დილით კი სიცხიანმა გავიღვიძე, ორი ტესტი გავიკეთე და ორივეჯერ "კოვიდი" დამიდასტურდა. ვირუსი ჩემი სტუმრისგან გადამედო, რომელსაც სიმპტომები 2-3 დღის შემდეგ გამოუვლინდა. 12 დღე ვიავადმყოფე და ამ ხნის განმავლობაში სულ სახლში ვიყავი. ყველაზე ძნელი დასაძლევი ამ დროს არის შიში, იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი, საბედნიეროდ, ყველა გადარჩა, ვინც ჩემთან იყო კონტაქტში"

მომხიბლავი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სხვებში იმედს და პოზიტიურ განწყობას აღვივებს. ცოტა ხნის წინ თიკამ "კოვიდ-19" დაამარცხა და ფიქრობს, რომ ვირუსის დამარცხებაში მთავარი სწორედ განწყობაა. გთავაზობთ პოპულარული ტელეწამყვანის რამდენიმე რჩევას:

- ამბობენ, რომ კორონავირუსი თავიდან განსხვავებული სიმპტომებით იწყება. თქვენ რა სიმპტომები გქონდათ?

- ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო: წინადღეს საშინელი თავის ტკივილი მქონდა, მეორე დილით კი სიცხიანმა გავიღვიძე, ორი ტესტი გავიკეთე და ორივეჯერ "კოვიდი" დამიდასტურდა. ვირუსი ჩემი სტუმრისგან გადამედო, რომელსაც სიმპტომები 2-3 დღის შემდეგ გამოუვლინდა. 12 დღე ვიავადმყოფე და ამ ხნის განმავლობაში სულ სახლში ვიყავი. ყველაზე ძნელი დასაძლევი ამ დროს არის შიში, იმ ადამიანების გამო, ვისთან ერთადაც იყავი. ვფიქრობდი, ვირუსი ვინმეს ხომ არ გადავდე-მეთქი და ამიტომ პირველად ჩემი კონტაქტების ძიება დავიწყე. პირბადით ვისთანაც ვიყავი, იმ ადამიანების რიცხვი ავტომატურად აკლდებოდა ინფიცირებულთა სიას და ეს მახარებდა.

- კიდევ ვის შეხვდა თქვენს ირგვლივ "კოვიდ-19"? - ყველა გადარჩა, ვინც ჩემთან იყო კონტაქტში. ძლიერი იმუნიტეტი თუ გაქვთ, ნუ გეშინიათ.

როგორც ჩანს, ჩემს ახლობლებს კარგი იმუნური სისტემა ჰქონიათ, რადგან მეუღლეც და შვილებიც ვირუსს გადაურჩნენ.

ძალიან ყოჩაღი პაციენტი ვიყავი: ვცდილობდი რომელიმე სიმპტომი უყურადღებოდ არ დამრჩენოდა. სხვათა შორის, ძალიან მიშველა იმან, რომ სახლში ვიყავი. ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა შენთვის ნაცნობ, საყვარელ გარემოში ხარ და საყვარელი ადამიანების ხმა გესმის. საწყენი ის იყო, რომ ეს დღეები ჩემი დაბადების დღეს დაემთხვა. მეგობრებმა "უგემური" ტორტი გამომიგზავნეს - სუნისა და გემოს შეგრძნება დაკარგული მქონდა და ეს ყველაზე უჩვეულო დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

- ექიმის რომელ მითითებას ასრულდებით გულდასმით? - 2 ლიტრამდე წყალს ვსვამდი - როგორც ლიმონიანს, ასევე ჩვეულებრივს. "კოვიდის" დროს მოძრაობაც აუცილებელია და როგორც კი წამოდგომა შევძელი, დღეში 5 ათას ნაბიჯს გავდიოდი. განცალკევებით, პატარა ოთახში ვიყავი, მაგრამ ამას მაინც ვახერხებდი. ძალიან მამხნევებდა ისიც, რომ ჩემი მეგობრები და თანამშრომლები მირეკავდნენ და მამხნევებდნენ. შიში და ცუდი ფიქრები თავიდან მოვიშორე და ესეც ძალიან დამეხმარა. როცა სტრესი მომერეოდა, სუნთქვა მიჭირდა, გულისცემა მიჩქარდებოდა და ჩემი ფილტვები ამას ვერ უძლებდა. 3 დღის შემდეგ სიმპტომები ჩამიცხრა და ბოლოს, როცა სიმპტომები აღარ მქონდა, გარეთ გასვლის უფლებაც მომცეს. ვიცოდი, რომ უკვე კარგად ვიყავი, მაგრამ ჩემს შვილებს რომ მოვეხვიე, მეშინოდა, ხომ არ ვიჩქარე-მეთქი.

შიში, რომელიც ამ ათი თვის განმავლობაში "კოვიდის" გამო დაითესა, ძნელი აღმოსაფხვრელია, მაგრამ თუ ექიმების რჩევებს გავითვალისწინებთ, უფრო იოლად მოვერევით.

კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს ამ ვირუსის დამარცხებას: ორგანიზმი ანტისხეულებს გამოიმუშავებს და ყველაზე "მწვანე ადამიანი" ხდები. მე ახლა "მწვანე ადამიანი" ვარ და ეს ვირუსი კარგა ხანს არ შემხვდება.

- ძალიან ბევრი ჩივის, რომ ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდება... - ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ორი დღის განმავლობაში მეც არ დამირეკეს, ამიტომ მე იქით ვურეკავდი, რადგან ბევრი პაციენტი ჰყავდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ექიმს ღამის 12 საათზეც დაურეკავს.

თუ ავადმყოფს სუნთქვა გაუჭირდა, ეს უკვე გართულების ნიშანია, მაგრამ ხშირად სუნთქვა ემოციების გამოც გიჭირს, გეჩვენება, რომ ფილტვი არ იხსნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია მძიმეა.

- როგორი განცდაა, როცა ყველა სიმპტომი გაივლის და უკვე განკურნებული გქვია? - ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა გარეთ თავისუფლად გასვლა შეგიძლია. ამავე დროს ფიქრობ, რომ სხვებს ეშინიათ შენთან კომუნიკაცია და ეს გაწუხებს.

- ამბობენ, რომ "კოვიდის" შემდგომი პერიოდიც რთულია. - დიახ, რადგან სისუსტეს და დაღლილობის განცდას ტოვებს და კარგა ხანს ვერ გრძნობ თავს ბოლომდე გამოჯანსაღებულად. მიუხედავად ამისა, არანაირი წამალი არ დამილევია. ტყუილად არაფერი დალიოთ, იმიტომ, რომ პროფილაქტიკისთვის მიღებული წამალი სულაც არ არის სასარგებლო.

- როდის შეიძლება "კოვიდიანმა" პაციენტმა თავი ჯანმრთელად მიიჩნიოს? - 10-12 დღის შემდგომ, როცა თავს კარგად იგრძნობს, ჯობია კიდევ 2-3 დღის განმავლობაში დააკვირდეს და თუ სიმპტომები აღარა აქვს, ექიმები ამბობენ, რომ ის უკვე გამოჯანმრთელებულია. ამ შემთხვევაში მას თავისუფლად შეუძლია იზოლაციის შეწყვეტა და ქუჩაში ტესტის გარეშე გასვლა.

მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ