"რად მინდა ისეთი სიცოცხლე, შიშში გავატარო და უსარგებლო ვიყო. სანამ ვარ, ჩემს ქვეყანასაც უნდა გამოვადგე და ჩემს ხალხსაც" - კვირის პალიტრა

"რად მინდა ისეთი სიცოცხლე, შიშში გავატარო და უსარგებლო ვიყო. სანამ ვარ, ჩემს ქვეყანასაც უნდა გამოვადგე და ჩემს ხალხსაც"

"ჩემს გულს ის ახარებს, რომ ჩემი ეზოს ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. დამინახავენ და გამოექანებიან - თინა ბებო, რა მოგვიტანეო. ხან რა მიმაქვს და ხან - რა. აი, მოვა ახალი წელი და ახალ სათამაშოებს ჩამოვკიდებთ ეზოს ხეებზე, პატარა მაგიდაზე კანფეტებს დავყრით. ამის შემყურეს ახალი წელი მეც მიხარია. თითქოს გული სიხარულით ხმაურობს"

მან, ვისაც სიბერის ძალიან ეშინია და ამბობს, როცა დავუძლურდები, რა მეშველებაო, რუსთაველი თინა გრიგალაშვილი უნდა გაიცნოს - 94 წლის, სიბერის დამმარცხებელი თინა ბებო, ქალაქის შეუცვლელი მეეზოვე, რომელიც არა მხოლოდ სიბერის დამარცხებას გასწავლით, არამედ ცხოვრების იმედსაც ჩაგინერგავთ. მასთან შუადღისას უნდა მიხივდეთ, როდესაც ალიონზე ამდგარი და ნამუშევარი უკვე შინ იქნება. თავისი მომზადებული თბილი კომპოტით გაგიმასპინძლდებათ და იმასაც მოგიყვებათ, როგორ უნდა იცხოვროთ მომავლის იმედით და სიყვარულით სავსე გულით. მის წიგნებით სავსე სახლში პოეზიისა და ცხოვრების სიბრძნეს მოისმენთ, ზუსტად ისე, როგორც მოსწავლეებს უამბობდა 50 წლის განმავლობაში, როდესაც სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მოკლედ, თინა ბებო იმედის "აბი" და ჟურნალისტების საყვარელი რესპონდენტია.

- მართლა რა გამიკეთებია, ან რას ვაკეთებ ისეთს, რომ ადამიანმა ყურადღება მომაქციოს!.. ჩემს ქალაქს ვასუფთავებ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. ერთი ეგ არის, რომ რაც შემიძლია, ყველაფერს პირნათლად და ერთგულად ვაკეთებ. ადამიანი ჩემს ნაკეთებს რომ ნახავს, არ უნდა თქვას, თინა, შეგირცხვა თავი, საქმე მიგიფუჩეჩებიაო! მაგას თავის დღეში ვერ ვაკეთებდი, საქმისა ყოველთვის ერთგული ვიყავი - ოჯახშიც, სკოლაშიც, ქალაქშიც, მტერთანაც და მოკეთესთანაც.

- მაგრამ განსაკუთრებული ძალა და ხალისი გაქვთ. მხოლოდ საქმეს კი არ აკეთებთ ერთგულად, თქვენს შემყურეს მხნეობაც ემატება. ეგ საიდან მოდის? - ყველაფერი იმაზეა აგებული, ვინ რა ისწავლა ბავშვობიდან. ვის რა ჩაუნერგეს დედამ და მასწავლებელმა. ჩვენ, მე და ჩემი ცხრა და-ძმა, რიკოთის უღელტეხილზე, ერთ ლამაზ სოფელ გრიგალეთში გავიზარდეთ ობლად, უმამოდ - მამა ომში დაგვეღუპა. წარმოიდგინეთ, რა ძნელია ამდენი ობლის გაზრდა, მაგრამ დედას იმის თქმა არ სჭირდებოდა, რომ უნდა გვეშრომა. ყველანი უთქმელად ვშრომობდით და ასე ვზრდიდით ერთმანეთს. ასეთი ბავშვობის შემდეგ რისი უნდა მეშინოდეს?! ისე ვარ წუთისოფელთან, როგორც კედელი და კლდე. არასოდეს არაფრისა შემშინებია და ახლა შრომა როგორ გამტეხს! არც იმის შემეშინდება, ქუჩაში რომ ვმუშაობ, არ გავცივდე, არ დავავადმყოფდე-მეთქი. რად მინდა ისეთი სიცოცხლე, შიშში გავატარო და უსარგებლო ვიყო. სანამ ვარ, ჩემს ქვეყანასაც უნდა გამოვადგე და ჩემს ხალხსაც.

გორის პედაგოგიური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მაშინვე საძნელო ადგილას გავწიე მასწავლებლად. გვითხრეს, მთაში, ბოგდანოვკაში, არც ქართული იციან და არც ქართულის მასწავლებლები ჰყავთ, რომელი წახვალთო? მე გამოვიდე თავი, მე წავალ, არ მეშინია-მეთქი. ამ დროს სულ 20 წლის ვიყავი. ჰოდა, დუხაბორების სოფელში მოვხვდი, სადაც მართლაც სიტყვაც არ იცოდნენ ქართულად. იმდენს ვცდილობდი, ამ ხალხისთვის ქართული მესწავლებინა, ზოგჯერ ღამითაც არ მეძინა. სკოლას სომეხი დირექტორი ჰყავდა, მხითარიანი. შევეცოდებოდი ხოლმე და მეტყოდა, შვილო, აქ რამ მოგიყვანა, ჯანმრთელობა და კვება გჭირდება, აქ კი გარშემო ხე არ დგას, ხილი რომ მოწყვიტოო. ჰოდა, თუ ხელფასი დაიგვიანებდა, ფულს თავისი ჯიბიდან მაძლევდა, წადი, ხილი იყიდე და ჭამეო. იმას ვენაცვალე! დღესაც არ ვიცი, რა სარწმუნოების იყო, მაგრამ სანთელს ეკლესიაში ყოველთვის ვუნთებ მის სულს. მერე ეს დირექტორი სხვაგან გადაიყვანეს და მეც აღარ დამტოვა იქ - აქ სხვას გამოგზავნიან მასწავლებლად, შენ კი წადი აქედან, რადგან მარტო თავს ვერ მიხედავო. მეც დავუჯერე და ბორჯომში გადავედი მასწავლებლად.

ალბათ, ესეც ბედი იყო. იქვე გავთხოვდი, სოფელში. გვარად ფერაძე იყო ჩემი ქმარი. ხელმოკლედ ვცხოვრობდით. მოვიდოდა ჩემი ქმრის ბიძა და დაარიგებდა ჩემს ქმარს: შვილო, არანაირი შრომა არ ითაკილო და ამოხვალ ამ გაჭირვებიდანო. იმას რომ ეუბნებოდა, მეც ხომ მესმოდა, ჰოდა, დღედაღამ მუხლჩაუხრელად ვშრომობდი. მერე გადმოვედით რუსთავში საცხოვრებლად. ჩემი მასწავლებლობით, მგონი, აქაც გამოვიჩინე თავი. არ ვასწავლიდი ცუდად. ერთხელ, მახსოვს, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი დამესწრო გაკვეთილზე და გაკვეთილი რომ დავამთავრე, მითხრა, შენისთანა მასწავლებლის გაკვეთილს 100 მოსწავლე მაინც უნდა უსმენდესო. მასწავლებელზე, ისე, როგორც ოჯახზე, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ბავშვს მასწავლებელი ბაგა-ბაღიდან ზრდის და თუ გინდა, ქვეყნისა და შრომის სიყვარული იცოდეს, სწორედ ბაგა-ბაღიდან უნდა "ჩაუჭედო" პატარას ტვინში, შენი ქვეყანა რა არის, რატომ უნდა გიყვარდეს, თორემ მერე არაფერი გამოვა. დიდობაში რაც უნდა უთხრა, შენგან აისხლეტს, ამხანაგებს დაუჯერებს. აი, მეც ასე "ვუჭედავდი" ჩემს მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას სიყვარულს... ეგ ხალხი ჩემთვის ღმერთია, ახლაც ველაპარაკები ხოლმე. როდესაც ვმუშაობ და აღმოსავლეთი ნარინჯისფერ-ვარდისფრად ნათდება, გრიგოლ ორბელიანი მახსენდება: "ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეღება, ცას სიხარული მოჰფინა და ქვეყანასა შვენება..." მტკვარზე, ხიდზე რომ გადავალ, ბარათაშვილი "წამომეწევა": "წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად, აქ ვეძიებდი ნაცნობ ადგილს განსასვენებლად..." სიბერე შემახსენებს თავს და რუსთაველს ვიხმობ: "მე გარდავსულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია..." აი, ეს აზრები მიტრიალებს თავში, მაგრამ ეგ მარტო აზრები კი არ არის, საზრდოა, რომელიც ჩემმა ქვეყანამ მომცა.

სანთელს რომ ვანთებ, იმას ვლოცულობ, ჩემმა შვილიშვილმა ქვეყნისა და ადამიანების ისეთი სიყვარული იცოდეს, როგორსაც მე ვუნერგავდი-მეთქი.

- სკოლიდან თქვენი სურვილით წამოხვედით? - ჩემს ნაოჭებს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, ეს ჩემი ნაოჭები მე რომ არ მომწონს, ვითომ ჩემს მოწაფეებს რატომ უნდა მოეწონოთ-მეთქი! აი, მაშინ გადავწყვიტე სკოლიდან წამოსვლა. ამ ფიქრში რომ ვიყავი, ამ დროს ჩემმა მეზობელმა მითხრა, მოდი, თინა, ჩემს ყვავილების მაღაზიაში იმუშავეო. მალე მხოლოდ მაღაზია კი არა, იქვე პატარა სკვერი ყვავილების ბაღად ვაქციე. დავფუსფუსებდი შიგ. ამ ჩემს ფუსფუსს ხედავდა თურმე ჩემი დასუფთავების ახლანდელი უფროსი და მითხრა, თინა, დასუფთავებაში სამსახურსაც ხომ არ შეითავსებო? სიხარულით შევითავსე. განა იმიტომ, რომ მიჭირდა - სახლიც მაქვს, კარიც, კარგი შვილიც მყავს და პენსიაც მაქვს, მაგრამ შრომა რომ შემეძლო, რად არ უნდა მეშრომა?! რატომ არ უნდა ვყოფილიყავი სასარგებლო ჩემი ქვეყნისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც?! ჰოდა, 20 წელიწადია ვარ ამ დასუფთავებაში...

- საიდანაც ხალხს იმედს აძლევთ, რომ ადამიანი თქვენს ასაკშიც ყოჩაღად იქნება. დილაუთენია დგებით და სამუშაოდ მიდიხართ... - ვატყობ ხოლმე, ზუსტად როდის უნდა ავდგე, ყველანაირ ამინდს თავისი მუშაობის დრო აქვს. თუ წვიმს უფრო ადრე ადგომაა საჭირო. იმიტომ, რომ სველი ფოთლების მოხვეტა ძნელია, უჭირს ცოცხს წამოღება. ბოლო დროს რუსთავში გაზონები დააგეს. შეხედავ და გესიამოვნება, ისე ხასხასებს. ამ გაზონების დახვეტა მე არ მევალება, სხვა ბრიგადა გვის, მაგრამ რომ გავიხედავ და ხასხასა ბალახზე ნაგავი ყრია, მაინც ვასუფთავებ. მიჯავრდება ჩემი უფროსი, რაც არ გეხება, ნუ აკეთებ და ნურც გაზონზე ხტები, რამე რომ მოიტეხო, მე უნდა ვაგო პასუხიო, მაგრამ რა გული გამიძლებს, ეს არ გავაკეთო?" მივხვეტ-მოვხვეტავ იქაურობას და მსიამოვნებს. თან კონსტანტინე გამსახურდია მახსენდება: "კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად..."

ვალი უნდა მოვიხადო, სანამ შემიძლია. ჩემი ვაჟი და რძალი სულ მეუბნებიან, ნუღარ მუშაობ, დედა, ნუ გვარცხვენ, საკმარისიაო, მაგრამ არ ვჩერდები.

წლების წინ ერთი ჩემსავით მოხუცი ვნახე ტელევიზორში და იმის ნათქვამი თითქოს ანდერძივით მომყვება. ამბობდა, ცხოვრებიდან ისე უნდა წავიდე, როგორც გამოწურული ლიმონიო და მუშტიც კი შეკუმშა - აი, ასეო. ასე გამოწურულივით უნდა წავიდე მეც. ყველაფერი მაქვს, მაგრამ სანამ შემიძლია, ვიშრომებ. როდესაც მივხვდები, რომ საქმის კეთება აღარ შემიძლია, მაშინ დავანებებ თავს მუშაობას. ეს იციან ჩემმა უფროსებმა და იმიტომაც არ მეუბნებან, წადიო. მარტო ის მინდა, ჩემი უფროსები არ დაადანაშაულონ, აგრე მოხუცს რად ამუშავებთო.

ჩემს გულს ის ახარებს, რომ ჩემი ეზოს ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. დამინახავენ და გამოექანებიან - თინა ბებო, რა მოგვიტანეო. ხან რა მიმაქვს და ხან - რა. დღესასწაულებსაც ერთად ვაწყობთ ხოლმე. აი, მოვა ახალი წელი და ახალ სათამაშოებს ჩამოვკიდებთ ეზოს ხეებზე, პატარა მაგიდაზე კანფეტებს დავყრით. ამის შემყურეს ახალი წელი მეც მიხარია. თითქოს გული სიხარულით ხმაურობს.

- თქვენმა გულმა დიდხანს უნდა იხმაუროს. არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ.

- ეგ ღმერთის ნებაა, ღმერთმა თავად იცის. მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ მოიცალოს, ჩემს გულში ჩაიხედოს და რისი ღირსიც ვარ, ის მომცეს.