"არ ვისვენებ, ახლაც ვაშენებ" - კვირის პალიტრა

"არ ვისვენებ, ახლაც ვაშენებ"

"ორი ანტილოპა მოვინადირე და შამფურზე შემწვარი მივართვი იემენის პრეზიდენტს"

საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ღირსების ორდენოსანი გრიგოლ (გიგლა) არაბული 84 წლისაა და ამასობაში ძალიან საინტერესო ცხოვრების გზაც გაიარა. ის დღემდე აშენებს, დროდადრო კი ივრის ჭალებში ნადირობს. გაწეული ღვაწლისთვის 60-იან წლებში იემენის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეც გახდა. საქართველოში უამრავი შენობა-ნაგებობა და კომბინატი ააშენა და ბოლო წლებია იქ დაბრუნდა, სადაც დაიბადა, ამქვეყნიურ სამოთხეში - ჯუთაში. ბატონი გიგლა თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალებზე გვესაუბრება:

- სოფელ ჯუთაში დავიბადე, ზღვის დონიდან 2270 მეტრ სიმაღლეზე. დაწყებით სკოლაში იქვე შემიყვანეს, მერე ვლადიკავკაზში, წერეთლის სახელობის სკოლაში გავაგრძელე სწავლა. მე-7 კლასიდან ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გადამიყვანეს. ხევსურეთი დალხენილი არასდროს ყოფილა, ყოველთვის უჭირდა და გვიჭირდა ჩვენც. შემდეგ სწავლა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე გავაგრძელე. მერე მუშაობა დავიწყე რუსთავში, სამშენებლო ტრესტში... ვიყავი კომბინატის დირექტორი. შემდეგ მივლინებით გამიშვეს საზღვარგარეთ. 1968 წელს იემენის ქალაქ სანაში მიმავლინეს, სადაც ცემენტის ქარხანას ვაშენებდით, მერე გვინეაში ვიყავი - 4 წელი გავატარე. ერთხანს ასუანის კაშხლის მშენებლობაშიც ვმონაწილეობდი...

- და იემენის რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეც გახდით... - დღეს ტერორისტების ბუდეა, მაგრამ ჩემს დროს ასე არ იყო, მაშინ მხოლოდ რესპუბლიკელები და მონარქისტები ებრძოდნენ ერთმანეთს. ცემენტის ქარხანას ქალაქ ხოდეიდას მახლობლად ვაშენებდით. მე ექსპერტი ვიყავი, შემდგომში საბჭოთა სპეციალისტების ჯგუფის ხელმძღვანელადაც დამაწინაურეს. როცა დავასრულეთ მუშაობა, იემენის პრეზიდენტი სალიმ რუბაი ალი უნდა მოსულიყო ქარხნის დასათვალიერებლად. ჩვენთან მოვიდა ტაჯიკი ელჩი ახმატოვი, რომელმაც იცოდა, რომ ვნადირობდი და მითხრა, იქნებ პრეზიდენტს ნანადირევით გაუმასპინძლდეთო.

- რა უნდა მოგენადირებინათ იემენში? - ანტილოპები... მართლაც მოვინადირეთ ორი და მეორე დღეს შამფურზე შემწვარი მივართვით იემენის პრეზიდენტს. სტუმრები ჩემი ხელით გაკეთებულ აღმოსავლური სტილის დარბაზში მივიღეთ.

როგორც აღმოჩნდა, ყოფილი დისიდენტი პრეზიდენტი კარგად იცნობდა სტალინს, ბერიას და მთავრობის მთელ შემადგენლობას. სულ ბერიაზე ლაპარაკობდა და მითხრა, ყველაფერს ვიფიქრებდი, მაგრამ იმას ვერ დავიჯერებ, ბერია ქვეყნის მოღალატე იყოო. როცა ნანადირევი მივართვით, პრეზიდენტმა იკითხა, მონადირე რომელი ხართო. თურმე თვითონაც სახელგანთქმული მონადირე ყოფილა. ელჩმა უთხრა, მრავალეროვანი კოლექტივი გვყავს და მათ შორის ერთი ქართველიც არისო, მაშინ ახსენა ბერია და სტალინი, სულ "კავკაზ, კავკაზო" გაიძახოდა... მერე პრეზიდენტმა ანიშნა დაცვას და ყველა მონადირისთვის საოცნებო იარაღი - ამერიკული ვინჩესტერი ამოატანინა და მომართვა. იქვე იყო საბჭოთა კავშირის გმირი ტანკისტი ტირსაც. ისიც ვიცოდი, რომ ის კგბ-ს და საელჩოს წარმომადგენელი იყო, ელჩის შემდეგ პირველი კაცი. ტირსამ თვალები დამიბრიალა და მივხვდი, რომ იარაღის ხელის ხლება არ შეიძლებოდა. პრეზიდენტს საჩუქრისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და დელიკატურად ვუპასუხე, ზუსტად ასეთი იარაღი მაქვს და ჯობია, სხვას აჩუქოთ-მეთქი. ყველაფერს მიხვდა და ჩაეღიმა. მერე კი მითხრეს, აგეღო, პრეზიდენტი საბუთსაც მოაყოლებდა, ყველა მიხვდებოდა, რომ მისი საჩუქარი იყო და ხელს არავინ გახლებდაო.

მერე იყო ასუანის კაშხლის მშენებლობა, სულ 7 წელი დავყავი საზღვარგარეთ. ახლა საზღვარგარეთ ისე დადიან, თითქოს ოზურგეთში ჩადიოდნენ, მაშინ კი საზღვარი რომ გადაგეკვეთა, თმის ღერიდან ფეხებამდე გსინჯავდა კა-გე-ბე.

- ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში, მშობლიურ ჯუთაში დაბრუნდით და ვიცით, რომ ბევრი რამ გააკეთეთ თქვენი სოფლისთვის. - არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ გეტყვით - პატარა რაღაც გავაკეთე. გავიყვანე გაზის მაგისტრალი - ტრესტის მმართველი ვიყავი და 7-კილომეტრიანი მონაკვეთი ჩემი გაკეთებულია. 7 კმ-ზე მილები დააკლდათ და სოფელს ვაჩუქე, ხელფასიც მე გადავუხადე მუშებს. ჯუთის ხიდიც ჩემი სახსრებითაა გაკეთებული. ვფიქრობ, ამით სტიმული მივეცი ჯუთელ ახალგაზრდებს, იქ დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ავიყარენით. მერე ავედით ჯუთაში, ავაშენეთ კარგი სასტუმრო და დავსახლდი სოფელში. დროდადრო შეიძლება ფიზიკურად ვტოვებდი ჩემს სოფელს, მაგრამ ფიქრით მუდმივად ჯუთაში ვიყავი. თბილისში სახლი მაქვს, მაგრამ მაინც ჯუთაში დავბრუნდი და მინდა ბოლო წლები მას მივუძღვნა.

- ღირსების ორდენი, ალბათ, ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა თქვენთვის. კიდევ რა ორდენები გაქვთ მიღებული? - "ბელუქსის" ყველა შენობა ჩემი აშენებულია, ისევე როგორც ყველა ელევატორი საქართველოში - პურის შესანახი და გადასამუშავებელი კომბინატები. ამიერკავკასიაში პირველი კომბინატი მე ავაშენე, მერე მოჰყვა კაჭრეთის, სამტრედიის, აბაშის, მარნეულის და ა.შ. მაქვს საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება, ხალხთა მეგობრობის ორდენი, ლენინის ორდენი და ახლა ღირსების ორდენიც მომცეს.

არ ვისვენებ, ახლაც ვაშენებ. როგორც გითხარით, ჯუთაშიც ავაშენე სასტუმრო "სახლი ჯუთაში", რომელსაც ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი ნანუკა უძღვება. დანარჩენი ორი შვილი, ქალ-ვაჟი, მხატვარია. ყველა პრეზიდენტს შევხვედრივარ, მათ შორის შევარდნაძეს. მართალია, ის არაპოპულარულია ახალგაზრდებში, მაგრამ მე დიდ პატივს ვცემდი, ძალზე ჭკვიანი კაცი იყო.

შეიძლება ითქვას, იღბლიანი კაცი ვარ, ფათერაკებს გადავყრივარ, თუნდაც საავიაციო გადაფრენების დროს, ნადირობისას, უცხოეთში სროლებშიც მოვხვდი, მაგრამ ყოველთვის გადავრჩენილვარ. იღბლიანი ვარ, აბა, რა!

- რა არის თქვენთვის ჯუთა? რითი ამაყობთ და რას ისურვებდით? - ჯუთა ჩემი ოცნებაა, ულამაზესი და განუმეორებელი კუთხე. ჯუთას უჭირდა, მაგრამ სოფელი მომძლავრდა, რომ არა პანდემია... ყველამ მონახა გზა-კვალი, ზოგმა სასტუმრო ააშენა, ჩემმა წამოწყებამ ბევრს სტიმული მისცა. გასულ წელს ჯუთაში ერთ ტურისტსაც არ გაუვლია. მომავალ წელს რა იქნება, კაცმა არ იცის. მინდა როგორმე სიღარიბეს დააღწიოს თავი ქვეყანამ. არის ხალხი, რომელთაც თითი არ გაუნძრევია ქვეყნის სასარგებლოდ და მილიონერები არიან, ძალიან ბევრი კი შიმშილით კვდება.

საქართველო მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს. 84 წლისა შევსრულდი და ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ჯიშისა და ჯილაგისთვის სახელისა და სიკეთის მეტი არაფერი მომიტანია. ჩანაწერებს ვაკეთებდი და მინდა წიგნად ვაქციო. ბევრი კარგი მოგონება მაქვს, ტრაბახით არ ვიტყვი და, საინტერესო გზა გავიარე, ცოდვაა, რომ დაიკარგოს შთამომავლობისთვის.

- გურამ რჩეულიშვილთან ურთიერთობდით, მისი მოთხრობის "სიკვდილი მთაში" პერსონაჟიც ხართ... როგორი იყო გურამი? - არაორდინარული... შეეძლო თასმის მაგივრად, ფეხსაცმელში ალუმინის მავთული გაეყარა და ასე ევლო პროსპექტზე, ევლო ძველი, დაკერებული ბათინკით და ახლის საყიდლად გადადებული ფული უპოვრისთვის ეჩუქებინა. უბრალოება და თავმდაბლობა შვენოდა. ხევსურეთს მეორე სამშობლოდ თვლიდა. 26 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან და რამდენი მოასწრო.

რაინდული თვისებების ბიჭი იყო. ცხენს ისე ლამაზად შეაჯდებოდა და გააჭენებდა, კოვბოებზე უკეთესად... სხივიანი, რომანტიკული იყო გურამი, ნიჭიერებასა და კეთილშობილებაზე რომ არაფერი ვთქვათ.