ახალი პროექტი "ლიტერატურული პალიტრის" მკითხველისათვის - კვირის პალიტრა

ახალი პროექტი "ლიტერატურული პალიტრის" მკითხველისათვის

"12 მწერალი, ვისი წიგნებიც ერთი წლის მანძილზე გამოვა, ნამდვილად ღირსეულია"

"ახალი ქართული ლიტერატურა" ცალკე ნიშაა, რომელსაც ეს თაობა დაიკავებს.

ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" უკვე კარგადაა ნაცნობი ლიტერატურის მოყვარულთათვის. მას არასოდეს აკლდა მკითხველის ყურადღება. ამიერიდან "ლიტერატურული პალიტრა" სიახლეს გთავაზობთ: ჟურნალის ყოველ ნომერთან ერთად მიიღებთ წიგნს "ახალი ქართული ლიტერატურის" სერიიდან.

ამ სერიით გაეცნობით (ვინც იცნობს, გაიხსენებს) თანამედროვე ქართველ მწერლებს, რომლებიც 1990-იან, 2000-იან წლებში გამოჩნდნენ ლიტერატურულ სივრცეში. ამ თაობამ სრულიად განსხვავებულ პირობებსა და ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში დაიწყო წერა, ამიტომ საინტერესოა, კიდევ ერთხელ, ახლებურად გადავხედოთ მათ შემოქმედებას.

როგორც ამ პროექტის ავტორი, მწერალი ბესო ხვედელიძე ამბობს: "სერიაში მოხვედრილი წიგნების ავტორთა ასაკი 50 წლამდეა. ეს არ არის ის თაობა, რომელიც ადრეც წერდა და საშუალება არ ჰქონდა, თავისი ლიტერატურული ხედვა სრულყოფილად გადმოეცა ცენზურის გამო - XX საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ გამოჩენილ ახალგაზრდა მწერალს აკრძალვა არ ჰქონია, პირდაპირ თავისუფალ ლიტერატურულ სივრცეში აღმოჩნდა".

მართლაც საინტერესოა, რას ქმნიან ქართველი მწერლები, რომელთაც არანაირი აკრძალვა არა აქვთ, რა აინტერესებთ, როდის უჩნდებათ  პროტესტი... მათი შემოქმედება უკვე გაიცნო მკითხველმა, მაგრამ ვაღიაროთ: ჩვენთან წიგნები ძალიან ძვირია  და შეძენას ყველა ვერ ახერხებს, ამასთან, ახალი ქართული ლიტერატურა სრულიად მიუწვდომელია საქართველოს რაიონებისათვის. იქ ბიბლიოთეკები ან აღარ არსებობს, ან თუ არსებობს, მას მერე აღარაფერი მიუღიათ, წიგნი 65 კაპიკი რომ ღირდა; წიგნის მაღაზიები არა აქვთ და რომც ჰქონდეთ, ძვირად ღირებულ წიგნებს ვერ იყიდიან.

სწორედ ამიტომ გაჩნდა სურვილი, საქართველოს ყველა მკითხველმა მიიღოს ახალი ქართული ლიტერატურა ხელმისაწვდომ ფასად - 3 ლარად; ჟურნალთან ერთად ფასი 5 ლარი იქნება.

თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს უნდა იცნობდნენ და კითხულობდნენ მთელ საქართველოში.

- რომელი ავტორების ნაწარმოებებს მიიღებს მკითხველი "ახალი ქართული ლიტერატურის" სერიით? - ვკითხე იდეის ავტორს, ბესო ხვედელიძეს.

- ამ სერიაში მოხვდებიან მხოლოდ ის მწერლები, რომელთაც უკვე იცნობს მკითხველი და სერიოზულ ავტორებად ითვლებიან. ყოველ შემთხვევაში, ის 12 მწერალი, ვისი წიგნებიც ერთი წლის მანძილზე გამოვა, ნამდვილად ღირსეულია. რამდენიმე ავტორს ჩამოგითვლით:

დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, რატი ამაღლობელი, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბუღაძე, დათო ქართველიშვილი... ძალიან გვინდოდა, დაბეჭდილიყო ბასა ჯანიკაშვილის, ზურა ლეჟავას, ანა კორძაია-სამადაშვილის წიგნებიც, მაგრამ მათი ახალი წიგნები ეს-ესაა გამოვიდა, ხელშეკრულებით კი გათვალისწინებულია, რომ იმავეს ასე უცებ სხვაგან  ვერ დაბეჭდავენ, ამიტომ ცოტა უნდა მოვიცადოთ.

- საინტერესოა, ვინ არჩევს ახალგაზრდა მწერლებს და რა მოთხოვნებს უყენებთ მათ? ხომ შეიძლება, ვინმემ ჩათვალოს, რომ უსამართლოდ დატოვეთ ამ სერიის მიღმა?

- წიგნები დაახლოებით ერთნაირი მოცულობის იქნება. ვიცნობ ახალ ავტორებს, რომლებიც გადასარევად წერენ, მაგრამ სულ ხუთი მოთხრობა აქვთ დაწერილი. კარგ პოეტებსაც ჯერ არა აქვთ ერთი სოლიდური წიგნის მასალა. ისინი ამ სერიაში მომავალში მოხვდებიან.

- თუ არის განსაზღვრული, როგორი ფორმატის იქნება "ახალი ქართული ლიტერატურის" წიგნები?

- წიგნის პოლიგრაფიული ხარისხი  მაღალი იქნება. სხვა ყვითელი ჟურნალების წიგნები ვნახეთ და საშინელი ხარისხის არის. მოგეხსენებათ, დღეს პერიოდულ გამოცემებთან ერთად წიგნების დიდი სიმრავლეა, მაგრამ ეს ძალიან კარგია და ინტერესის ეს ახალი ტალღაც ხომ ამგვარმა პროექტმა მოიტანა - როცა პირველად ჟურნალ "გზასთან" ერთად ჩაიდო ქართული პროზის საგანძურის ტომები... "პალიტრა მედიას" გამოცდილებაც მეტი აქვს და საქმეც უკეთ კეთდება.

ვიცი, რომ მკითხველი გაცილებით მეტია, ვიდრე წიგნის მყიდველი, ზოგჯერ ერთ წიგნს 10-15 კაცი ერთმანეთისაგან თხოულობს და ისე კითხულობს. იაფი წიგნები დიდი საჩუქარი იქნება მათთვის. წიგნის გამოსვლასთან ერთად ჟურნალის იმ ნომერში დაიბეჭდება ვრცელი ინტერვიუ ავტორთან, რაც ხელს შეუწყობს მწერლის უკეთ  გაცნობას... "ახალი ქართული ლიტერატურა" ცალკე ნიშაა, რომელსაც ეს თაობა დაიკავებს.

P.S. პირველი წიგნი "ახალი ქართული ლიტერატურის" სერიით დათო ტურაშვილის იქნება. დარწმუნებული ვარ, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახლაღა აღმოაჩენენ მშვენიერ მწერლობას - ახალ ქართულ ლიტერატურას.