"სამყაროს აღქმა ხატვით­ დავიწყე" - კვირის პალიტრა

"სამყაროს აღქმა ხატვით­ დავიწყე"

"ესთეტიკურ სიამოვნებას ხშირად მანიჭებს არასტანდარტული სახე, რომელშიც ემოციის გულწრფელობა ჩანს"

ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ საქართველოში ამ საუკუნეში გამორჩეული მხატვარი დაიბადა. 16 წლის გოგონას შემოქმედების გაცნობის შემდეგ ბევრს ეჭვი ეპარება, რომ შესაძლებელია უბრალო ფანქრით ასეთი ნამუშევრები შეიქმნას. თამარ ყიფიანი გვიამბობს, თუ რა აძლევს ასეთი ნახატების შესაქმნელ სტიმულს და როგორია მისი სამყარო.

- პატარაობის მოგონებები ფერმკრთალია, თუმცა კარგად მახსოვს ჩემს გონებაში აღბეჭდილი უცნაური ადამიანების ფიგურები, მოხატული კედლები, უამრავი ფანქარი იატაკზე და ოქროსფერი ატმოსფერო. ალბათ, სამყაროს აღქმა ხატვით დავიწყე. სულ პატარა ვიყავი, როცა დიდი ოცნება გამიჩნდა, მქონოდა უზარმაზარი თეთრი კედელი, რომ გამეფერადებინა. მხოლოდ ადამიანებს ვხატავდი და ახლაც მხოლოდ ადამიანია ყველაზე საინტერესო ნატურა ჩემთვის. ყოველთვის მანებივრებდნენ სათამაშოებით, მაგრამ მე ნაჭრის თოჯინებს ვკერავდი, ჩემთვის ის დეფორმირებული თოჯინები იყო ყველაზე ძვირფასი. 13 წლისამ გავაცნობიერე, რომ სილამაზე და ესთეტიკურობა უზომო სიამოვნებას მანიჭებდა. როცა მატერიის ჩრდილების სამყარო აღმოვაჩინე, იმ დღიდან დაიწყო ჩემი განვითარება. გამიტაცა რეალიზმის ჟანრმა და თავდავიწყებით გადავეშვი ხელოვნების სამყაროში. ადამიანი თვითონ განსაზღვრავს საკუთარ შესაძლებლობებს.მე სურვილი ჩავიფიქრე და საკუთარ თავს მივენდე. ნელ-ნელა შემამჩნიეს: ჯერ სკოლაში მქონდა გამოფენა, შემდეგ "ეტალონი" დაინტერესდა და ინტერვიუ აიღეს. საკუთარი თავის ვირწმუნე და კონკურსებში მონაწილეობა გავბედე. კონკურსში "გაყინული ემოცია" აღებულმა პირველმა ადგილმა მომაპოვებინა გამოფენა... შემდეგ კონკურსში "ახალგაზრდა ხელოვანი" ვმონაწილეობდი. საუკეთესო ათ ნაწარმოებს შორის დაიბეჭდა ჩემი ნოველაც, შემდეგ მონაწილეობა მივიღე იმავე კონკურსში, როგორც მხატვარმა და ჩემი ნახატი სამაგიდო კალენდრის ყდაზე დაიბეჭდა.

- რამდენად ხელსაყრელი გარემო გაქვთ საქართველოში? - ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მაქვს თუ არა ხელსაყრელი გარემო, რადგან საქართველომ შემქმნა როგორც პიროვნება. პარადოქსულია, მაგრამ ერთფეროვანი გარემო გაიძულებს იზრუნო თვითგანვითარებაზე, თორემ სამყარო ისე ჩაგყლაპავს, ვერც შეამჩნევ. ჩემ გარშემო არსებულ ატმოსფეროს არა აქვს მომავალი ან წარსული დრო, რადგან რეალობა არ იცვლება - ვხატავ, რომ დამავიწყდეს, მაგრამ მსურს სხვას გავახსენო... უზომოდ ამაყი ვარ, როცა უცხოეთში მოღვაწე ქართველების წარმატების შესახებ მესმის. ისინი მსოფლიოს აცნობენ საქართველოს, მაგრამ მე ჯერ კიდევ მერიდება, რომ თავს მხატვარი ვუწოდო...

- რომელმა მხატვრებმა მოახდინეს თქვენზე გავლენა? - რენესანსის ეპოქა მაოცებს. ყოველთვის მსურდა იმ დროში მეცხოვრა. მათი რეალიზმი სრულყოფილი იყო. ბაროკოს ეპოქასა და კარავაჯოს შემოქმედებასთან ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს, მისი შემოქმედება ყველაზე ახლოსაა ჩემთან.

- ლამაზ ქალებს ხატავთ... სილამაზე აუცილებელია შთაგონებისთვის? - სილამაზის აღქმა, ალბათ, ინდივიდუალურია. ესთეტიკურ სიამოვნებას ხშირად მანიჭებს არასტანდარტული სახე, რომელშიც ემოციის გულწრფელობა ჩანს. ჩემთვის მხოლოდ სილამაზე უინტერესოა. ადამიანის სიღრმე, მისი სულიერი სამყარო მაიძულებს ხატვას, მსურს მისი სახე მუდმივმყოფადი გავხადო.

- ამბობენ, რასაც თქვენ ხატავთ, შეუძლებელია ადამიანმა უბრალო ფანქრით შექმნას. - თუ ადამიანი საკუთარ თავთან გაიმარჯვებს, მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება! ფანქარი უბრალოდ ნივთია, რომელიც მე ვაქციე ჯადოსნურად. მე ვხატავ ერთადერთი სურვილით - ადამიანებში თანაგრძნობა აღვძრა თუნდაც იმისთვის, რომ დავეხმარო ემოციების გახსენებაში. ადამიანებს ერთმანეთისთვის სიხარული ენანებათ, დაივიწყეს სიყვარული...

- მსოფლიოს უმძიმესი პერიოდი აქვს. რა გავლენა იქონია ამან თქვენს შემოქმედებაზე? - სულიერად ერთმანეთისგან იზოლირებული ადამიანები ახლა ფიზიკურადაც დავშორდით, მეშინია, რომ მალე ამ რეალობასაც შევეგუებით, მივეჩვევით.

- რა გეგმები გაქვთ? - ძალიან მაინტერესებს ფსიქოლოგია. მინდა ადამიანებისთვის სულიერი საყრდენი ვიყო. მომავალს არასოდეს ვგეგმავ, უბრალოდ, ველოდები ყოველ გათენებას, ახალი მზის ამოსვლას, ახალ დღეს... ვცხოვრობ ყოველი დღით, გეგმის გარეშე...