"თუ მე ავირჩევ შფოთვას, აგრესიას, უნდა ვიცოდე, რომ ეს ჩემში აუცილებლად ფსიქოსომატურ დარღვევებს გამოიწვევს" - კვირის პალიტრა

"თუ მე ავირჩევ შფოთვას, აგრესიას, უნდა ვიცოდე, რომ ეს ჩემში აუცილებლად ფსიქოსომატურ დარღვევებს გამოიწვევს"

იმისთვის, რომ მომავალი გვქონდეს, მომავალი უნდა განვიხილოთ პოზიტიურად. სწორედ ამაზეა აგებული უძველესი ქრისტიანულ-ჰუმანისტური ფილოსოფია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სამი რამ: რწმენა, იმედი და სიყვარული. ეს ტრიადა ნიშნავს: "მე მწამს, მე ვენდობი და მე მიყვარს". იმედია, ხვალ ვიქნები კარგად და ეს უკვე დღეს მანიჭებს ბედნიერებას...

კაცობრიობის გამომკეტავი პანდემია, განადგურებული ეკონომიკა, შფოთვა, აგრესია და ჩვენივე თავშეუკავებლობით სასწორზე შეგდებული ქვეყანა. აი, ყველაფერი, რითაც გამოირჩეოდა 2020 წელი. ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ამ მოვლენებში ჩვენი როლის შესახებ ვესაუბრეთ.

- ისეთი მოვლენების სპექტრში აღმოვჩნდით, რამაც ჩვენი ცხოვრება უკვე შეცვალა და უსასრულო კითხვების წინაშე დაგვაყენა. ვფიქრობ, ამ ყოველივეს ერთი პასუხი უნდა გაეცეს - საშიში არაფერია, ადამიანს ყველაფრის გადალახვა შეუძლია, რადგან მას ადაპტაციის უნიკალური უნარი აქვს - მას ჩინელები ჯანმრთელობის გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევდნენ და მართლაც ასეა. თუმცა პროცესების წარმართვაში უნიკალურ როლს ასრულებს აზროვნებაც. ჩვენს აზროვნებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გავივლით ადაპტაციას, მძიმედ თუ მსუბუქად. აზროვნებას კი ორი, პოზიტიური და ნეგატიური ვექტორი აქვს. როდესაც ადამიანის აზროვნება ნეგატიურ ვექტორზეა ორიენტირებული, პროცესი წარიმართება შფოთვის და ნეგატიური მოლოდინის თანხლებით, რაც ადამიანს აზიანებს, პოზიტიურ აზროვნებას კი პოზიტიური მოლოდინი და ხალისის ენერგეტიკა ახლავს.

ყოველ ჩვენგანს შეუძლია აზროვნების ნეგატიური ვექტორი პოზიტიურზე "გადაცვალოს", თუკი ფსიქიკური სირთულეები არ უშლის ხელს, მაგალითად, მძიმე დეპრესია და ა.შ. ეს თითოეული ჩვენგანის არჩევანია, რომელიც არავისზე და არაფერზეა დამოკიდებული, გარდა საკუთარი თავისა. თუ ჩვენს ცხოვრებას პოზიტიურ კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ ჩვენი არჩევანი არც სხვა ადამიანებისაკენ მიმართულ აგრესიასა და ლანძღვა-გინებაზე შეჩერდება, მით უფრო, რომ ადამიანის ყოველ ქმედებას, მათ შორის აგრესიასაც, უკან დაბრუნება ახასიათებს. ბუნების ფუნდამენტური კანონი ხომ სწორედ ის არის, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. თუმცა აგრესიულობა საჭირო და დადებით ენერგიადაც შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისეთი საქმისკენ მივმართავთ, რომელიც უკეთესს გაგვხდის, და არა იმგვარი აგრესიისკენ, როგორითაც განსაკუთრებით სოციალური სივრცეა სავსე, სადაც უცენზურო და არაეთიკური ინფორმაციის ნიაღვარია.

- ეს მართლაც მძიმეა. აგრესია არც რეალურ ცხოვრებაში გავაკლია, მაგრამ რა შედარებაა იმასთან, რაც სოცსივრცეში ხდება... - ადამიანს ვირტუალურ სივრცეში შეუძლია გასაქანი მისცეს იმას, რასაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად ვერც გაბედავს, იქ კი ხელს არაფერი უშლის გადაუმოწმებელი აგრესიული ინფორმაციის თუ არაეთიკური გამონათქვამების გასაშვებად, რაც იწვევს ნეგატივს, შფოთვასა და შიშს. მაგალითად კოვიდინფექციის შესახებ ყველა ინფორმაცია საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აქცენტირება მხოლოდ მძიმე ფაქტებზე, ლეტალურ შემთხვევებზე კეთდება, რაც ადამიანში შიშსა და პანიკას იწვევს.

- ეს რა შეღავათი შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას ამჯობინებს, რას სძენს ეს მათ? - ამგვარი ინფორმაცია ადრენალდამოკიდებულებასა და მიჯაჭვულობას ავითარებს. შიშის დროს გამოყოფილი ადრენალინი ადამიანს დამოკიდებულს ხდის ნეგატიურ ინფორმაციაზე და ნელ-ნელა მიდის იმ კონდიციამდე, რომ ნეგატიური ინფორმაციის გარეშე აღარ შეუძლია. ეს შეიძლება შევადაროთ იმ ადამიანის ქმედებას, რომელიც დაუსრულებლად უყურებს საშინელებათა ფილმებს, მიუხედავად იმისა, რომ აშინებს. ზუსტად ამავეს აკეთებს მედიაც - ეს სივრცეც ნეგატიური ინფორმაციით არის გაჟღენთილი, სადაც ერთმანეთს ლანძღავენ და რეალურად არავინ არავის უსმენს. დაკარგულია მოსმენის უნარი, რომელიც დიალოგთან ერთად უმნიშვნელოვანესია ადამიანების თანაცხოვრებისა და უკეთესი მომავლისთვის.

- გვაქვს კი საშუალება, რომ ამ ყოვლისმომცველი ადრენალინისგან გავთავისუფლდეთ? - გვაქვს. ამისთვის აუცილებელია პიროვნული საზღვრების დაცვა. ამ საზღვრებში ჩვენ ისევე არ უნდა შემოვუშვათ ყველა ინფორმაცია, როგორც არ უნდა ვჭამოთ ყველაფერი, რასაც ვხედავთ. განა ყველაფრის ჭამა შეგვიძლია? მაშინ რატომ უნდა შემოვუშვათ ჩვენს საზღვრებში ამდენი უსარგებლო ინფორმაცია, რომელიც გონებას გვინაგვიანებს! ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ XVII საუკუნის ადამიანი იმდენ ინფორმაციას იღებდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რასაც XXI საუკუნის ადამიანი მხოლოდ დღე-ღამეში იღებს. ეს მიუთითებს, თუ რამდენად ელასტიკურია ჩვენი გონება, რამდენად უსაზღვრო ინფორმაცია და ანალიზი შეგვიძლია დავიტიოთ. რატომ უნდა ავირჩიოთ მაინცდამაინც ნეგატივი და არა პოზიტივი? თუ მე ავირჩევ ეგზალტაციას, შფოთვას, აგრესიას, მაშინ უნდა ვიცოდე, რომ ეს ჩემში აუცილებლად ფსიქოსომატურ დარღვევებს გამოიწვევს და დამაზიანებს.

შესაძლოა ბევრს ჰგონია, რომ უარყოფითი ემოციის გამოხატვა განტვირთვაა, მაგრამ ასე არ არის. დაუოკებელი ნეგატივი განტვირთვა ვერ იქნება. სინამდვილეში, ეს არის უარყოფითი ენერგია, რომელიც უკან გვიბრუნდება.

- რა თქმა უნდა, ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანი დამძიმებულია, პოზიტიურად მოაზროვნე კი ნაკლებად ზიანდება. თუმცა ისეთი მოვლენებიც ხომ არსებობს,

რომელსაც ვერ შეამსუბუქებ, მაგალითად, მძიმე დაავადებები... - რასაკვირველია. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევძლოთ მოვლენასთან თანაცხოვრების ნაკლებად დამაზიანებელი გზები გამოვნახოთ. თუმცა ცხოვრება მსგავსი მოვლენებისგან ნაკლებად შედგება და უსასრულოდ ვერაფერი გაგრძელდება.

უმთავრესად ჩვენ გარს გვარტყამს ყოფითი მოვლენები, ყოფითი ტალღები, რომელთაც ჩვენივე დამოკიდებულებებით ვაქცევთ შფოთვად და სტრესებად. მათ შესახებ გამუდმებით გვიჩნდება კითხვები: "რა მეშველება?", "რა გავაკეთო?", რაც ასევე ფსიქოსომატურ დარღვევებს იწვევს. ასე რომ არ მოხდეს, ამ "ტალღებს" აუცილებლად გვერდიდან უნდა შეხედოთ, აირიდოთ. მახსენდება ჩინური სიბრძნე - ადამიანი ფოთოლივით მსუბუქი უნდა იყოსო. ფოთოლი ხომ ნებისმიერი სიმაღლიდან ჩამოვარდნისას ფარფატით ეცემა მიწაზე, მაგრამ რაც მძიმეა, ის ზიანდება და იხლიჩება.

- თქვენ ემოციურ ინტელექტსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ. გითქვამთ, რომ უემოციო ადამიანს ადამიანებთან ურთიერთობაში მარცხი ელოდება. მე ძალიან მაშფოთებენ 5-6 წლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო საჩუქრებად აიფონებს და ფულს ითხოვენ და არა სათამაშოს, რომელიც მათ წრფელ ემოციებს მოჰგვრის. - ბავშვი იმას ითხოვს, რასაც უფროსებში ხედავს. თუ უფროსი მუდამ ტელეფონშია და გამუდმებით საუბრობს ფულზე, ცხადია, ბავშვიც ამასვე მოითხოვს. ეს სერიოზული მოვლენაა.

ადამიანს ემოცია ხდის საინტერესოს და მიმზიდველს და არა სხვა რამ. ამიტომაც ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა დაწესდეს დღეები, როცა ბავშვი სიკეთისა და ემოციების გაცემას, კომუნიკაციას ისწავლის, მოხუცებთან ან დაუცველ ადამიანებთან მივა დასახმარებლად. ეს დღეები ისეთივე სავალდებულო უნდა იყოს, როგორიც, მაგალითად, ისრაელშია სავალდებულო ჯარში სამსახური. კომუნიკაციისუუნარობა ბავშვს წარუმატებლად აქცევს. მაგალითად, იაპონიაში იყო დრო, როცა დედებმა რობოტების გამოყენება გადაწყვიტეს ძიძებად. რობოტები ზედმიწევნით ასრულებდნენ ამ ფუნქციებს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბავშვთა ამ კატეგორიაში სიკვდილიანობა დაფიქსირდა. ასე რომ, ადამიანს სიცოცხლისა და წარმატებისთვის ცოცხალი ურთიერთობა მუდამ დასჭირდება.

- ადამიანები ნელ-ნელა იცლებიან ემოციისგან, რაშიც ამ პანდემიასაც შეაქვს წვლილი. - განა პანდემიამდე არ იყო ხალხი, რომელიც პლანშეტებზე, ნიანგებსა და რეზინის ქალებზე ქორწინდებოდა? ისინი ხომ უკვე ემოციადაცლილი ადამიანები არიან, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ მთელ კაცობრიობას ასე მოუვა.

სიცოცხლე მრავალფეროვანია და შეუძლებელია ყველა ერთმანეთს დაემსგავსოს! იმისთვის, რომ მომავალი გვქონდეს, მომავალი უნდა განვიხილოთ პოზიტიურად. სწორედ ამაზეა აგებული უძველესი ქრისტიანულ-ჰუმანისტური ფილოსოფია, რომელიც გვეუბნება, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს სამი რამ: რწმენა, იმედი და სიყვარული. ეს ტრიადა ნიშნავს: "მე მწამს, მე ვენდობი და მე მიყვარს". იმედია, ხვალ ვიქნები კარგად და ეს უკვე დღეს მანიჭებს ბედნიერებას. ასევე მამზადებს ხვალინდელი ბედნიერი დღისთვისაც და მიუხედავად იმისა, მართლა არ ვიცი, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მე უკვე ბედნიერი ვარ. ეს არის ის, რაც გვჭირდება.