"ამით როგორ უნდა ვიამაყო? უბრალოდ, მოვსინჯე სხვადასხვა სფერო" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიის დროს 160 სერთიფიკატი მოიპოვა - კვირის პალიტრა

"ამით როგორ უნდა ვიამაყო? უბრალოდ, მოვსინჯე სხვადასხვა სფერო" - ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიის დროს 160 სერთიფიკატი მოიპოვა

"ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც ნებისმიერი ადამიანი ვერ გააკეთებდა, თუკი დრო და შესაძლებლობა ექნებოდა"

პანდემიის პირობებში, როდესაც ყველა და ყველაფერი გაჩერდა, 21 წლის სტუდენტმა ოთარ მურმანიშვილმა 160 სერტიფიკატისა და 1 დამსახურებული წერილის მიღება შეძლო. ოთო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე სწავლობს, მიმართულებად საინჟინრო ფიზიკა აქვს არჩეული და სულ მალე ბაკალავრის ხარისხს დაასრულებს. წელს, კორონავირუსის პანდემიისა და 160 სერტიფიკატის ფონზე, ოთომ სტიპენდიის აღებაც შეძლო და თავისი წარმატებით სოციალურ ქსელში ასობით ადამიანის გაკვირვებაც მოახერხა. ოთოს "საინტერესო პანდემიაზე" ვესაუბრეთ:

- როგორ შეხვდი პანდემიის დაწყებას, თავიდან რა გეგმები გქონდა? - ჩემთვის პანდემია ჩვეულებრივად დაიწყო, ჩაიკეტა ყველაფერი და მინდოდა, ამ დროის განმავლობაში რამე ახალი გამეკეთებინა. ადრე თუ სასწავლო კურსები ფასიანი იყო, ამ პერიოდში უფასო გახდა, გამიხარდა და გამოვიყენე ეს შანსი. სხვადასხვა სფერო ვცადე, რომ მრავალი კუთხით უფრო განვვითარებულიყავი.

- როგორც ვიცი, ამ პანდემიის პირობებში 160 სერტიფიკატის აღება შეძელი, მოგვიყევი ამაზე... - ამ პერიოდში 160 სერტიფიკატი და 1 დამსახურების წერილი მივიღე. ამ 160 სერტიფიკატში არ შედის სამხედრო სტრატეგიები, ატომურ ბირთვული მიმართულება, წყალქვეშა ნავების ინჟინერია და ა.შ. თავდაპირველად ჩემზე    არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რეალურად ეს კურსებიც გავლილი მქონდა და გამოცდაც ჩაბარებული, მაგრამ როდესაც ველოდი, რომ სერტიფიკატი უფასოდ უნდა მოეცათ, თანხა მომთხოვეს, რომელიც, დღევანდელი ლარის კურსიდან გამომდინარე, სტუდენტისთვის საკმაოდ ბევრია - 50$ და ზემოთ.

აქვე მოვიყვან შედარებას უდიპლომო სასიძოდან. მომენტი, როდესაც კოლმეურნეობის თავმჯდომარეს მიუტანეს საღორის მაკეტი და შეშფოთებულმა თავმჯდომარემ უპასუხა: "რას ამბობ კაცო!? ღორი მაშინაა კარგი, როცა იაფი ჯდება მისი შენახვა". არ ჩავთვალე სერტიფიკატისთვის ფულის გადახდა საჭიროდ, სერტიფიკატების რაოდენობა ხომ არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რაც იმ კურსში იყო, ის რომ ვისწავლე და მოცემული კრიტერიუმები დავაკმაყოფილე.

პირველი კომპანია, რომელსაც დიდი წვალებით დავუკავშირდი, ყველასთვის ცნობილი Cisco-ა. ზოგადად, მსგავსი კომპანიები თავდაცვის არნახული უნარით გამოირჩევა. თავიდან გამიჭირდა კურსების მოძებნა, რთულად გადავლახე HTML ლაბირინთები, საბოლოოდ, ერთ-ერთ კურსზე შევაღწიე და დავიწყე სწავლა. რამდენიმე საათში დაიბადა ჩემი პირველი სერტიფიკატი მსოფლიოს ვებსივრცეში - პირველი დამოუკიდებელი მიღწევა. მომდევნო 2 დღე-ღამეში მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იმას, თქვენ წარმატებას რომ ეძახით, ისეთი არაფერი გამიკეთებია, რასაც ნებისმიერი ადამიანი ვერ გააკეთებდა, თუკი დრო და შესაძლებლობა ექნებოდა.

სიმართლე გითხრათ, კიდეც მერიდება, იმხელა გამოხმაურება ჰქონდა ამ ამბავს. ფიზიკამ მასწავლა, რომ უძრაობაში განვითარება ვერ იარსებებს, რასაც ქართულ ფილოსოფიაში ვეძახი "ტყუილა ჯდომას ტყუილა შრომა ჯობიას" და როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა, მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა-განვითარება, მე ეს მედალი შემოვატრიალე. ვიდრე ზაფხული იყო და სასწავლებლისგანაც ვისვენებდი, აბა, რა უნდა მეკეთებინა? ჰობი იმიტომაა ჰობი, რომ მას დღეში ერთ საათს მაინც დაუთმობ განტვირთვისთვის და ეს რომ საქმეს შეუთავსო და ამით "დასპეცდე", მერე რითი განიტვირთები? ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავი ყველაფერში გამომეცადა. შესაძლებლობაც მომეცა და გამოვიყენე.

ვიდრე უნივერსიტეტში დავბრუნდებოდი, მინდოდა, უნივერსიტეტიდან უნივერსიტეტამდე სიცარიელე შემევსო. საბაზისო ცოდნა დავაგროვე ყველაფერში, რასაც მივწვდი. სხვადასხვა კურსი რა კრიტერიუმებსაც მიყენებდა, ვაკმაყოფილებდი. არაფერი განსაკუთრებული, მონდომებაა მთავარი და ცოტაოდენი სიჯიუტეც, რომ რასაც იტყვი, ის საქმე ბოლომდე მიიყვანო.

- რას ამბობდნენ ოჯახის წევრები, როდესაც ხედავდნენ, რომ მთელი პანდემიის პერიოდი ასე შრომობდი? - თავიდან ყველას უხაროდა და მერე ისე მიეჩვივნენ, რეაქციაც აღარ ჰქონდათ. ერთადერთი, იმას მეჩხუბებოდნენ, რომ ღამეს ვათენებდი. არადა, ღამით, სიწყნარეში უფრო კონცენტრირებული ხარ, ხმაური არ გაწუხებს და ინტერნეტის სიჩქარეც უფრო მაღალია, რადგან ერთ უკაბელო ინტერნეტზე მარტო "ვიჯექი" და არა - ყველა ოჯახის წევრი.

- თავად თუ ამაყობ მიღწევით? - მიღწევით რომ ვიამაყო, თანაც - ამ ასაკში, მინიმალისტი ვიქნებოდი იქ, სადაც უფრო მეტის მიღწევა შეგიძლია. მესმის, რომ ეს არ არის ღრმა ცოდნა, ეს არის საბაზისო ცოდნა და ამით როგორ უნდა ვიამაყო? უბრალოდ, მოვსინჯე სხვადასხვა სფერო, რისი საფუძვლების გაცნობის შესაძლებლობაც მომეცა. მერე აქედან აირჩევ რამდენიმეს ან თუნდაც ერთს და უფრო ღრმად დაეუფლები.

- ჰობიზე ვისაუბროთ, როგორც ვიცი, ჭადრაკს თამაშობ, ჭადრაკის გარდა რით ხარ გატაცებული? - ჭადრაკს წლებია, ვთამაშობ, ასევე, ძალიან მიყვარს მუსიკა და ეს არის ჩემთვის განტვირთვის საშუალება. არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ მე მსიამოვნებს. თუ ყველაფრისგან ვიღლები, იშვიათად, კომპიუტერულ თამაშებსაც ვთამაშობ.

- საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრს ასრულებ, აპირებ ამ პროფესიას გაჰყვე? - ვნახოთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი.

- ახლა თუ ესწრები კიდევ რამე ონლაინ კურსს? - ჯერჯერობით არ მომიძებნია. ახლა ძირითადად დროს უნივერსიტეტს და მუსიკას ვუთმობ.

- გავლილი კურსებიდან თუ გამოარჩევ რომელიმეს? - ჩემთვის, პირადად, საინტერესო არც ერთი არ იყო, როგორც გითხარი, ეს იყო საკუთარი თავის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდის მცდელობა და ფაქტიც სახეზეა.

- ბოლოს, რას ურჩევდი ახალგაზრდებს? - "არ შეჩერდე! წაუსნიკერსე!" - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, რეალურად, სამ კომბინაციურ მაგალითს მოგიყვანთ: სამხედრო განათლებაში არის ერთ-ერთი ფუნდამენტი, რომელზეც სამომავლოდ ჯარისკაცის განათლება იგება. "ნებისმიერი სიტუაციიდან არის გამოსავალი", ხოლო ეს გამოსავალი, რომ იპოვო, ქართველებს გვაქვს იგავი წყალში ჩავარდნილ ადამიანზე, რომელიც ღმერთს დახმარებას სთხოვდა. გაანძრიეთ ხელი და მიდექ-მოდექით, რადგან როგორც ყველაზე წარმატებული ადამიანები იტყოდნენ, თუ რამეს გინდა მიაღწიო, ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთო, არასდროს იყო იმის იმედზე, რომ ვინმე ფულის კონტეინერს დაგიგდებს ცხვირწინ ან ალადინის ჯინს, თუნდაც - 3 სურვილით.

(სპეციალურად საიტისთვის)