ფრედერიკ ბეგბედერი - თავისუფალი ადამიანი - კვირის პალიტრა

ფრედერიკ ბეგბედერი - თავისუფალი ადამიანი

ის სხვის აზრებს აღარ ითვალისწინებს...

ეგბედერი - მწერალი, რომლის რომანსაც მე არ მივცემდი ხმას "50 წიგნის პროექტში", რადგან... არ მქონდა წაკითხული.

ასე რომ, გასული სამი დღე სრულიად უცნაური (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის) ლიტერატურის კითხვაში გავატარე და "პროფესიონალი მკითხველი" დამეთანხმება, რომ წიგნის (მით უმეტეს, რომანის) შესაფასებლად რაღაც დროც უნდა გავიდეს, უნდა მიუბრუნდე და გადაიკითხო კიდეც, სხვასთანაც უნდა იმსჯელო თუ იკამათო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა სრული და ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ნაწარმოებისადმი.

ამიტომ, ხსენებული "საპატიო მიზეზის" გამო, იქნებ საბოდიშოდაც მქონდეს მკითხველთან საქმე, რადგან იმ რომანსა და მწერალზე უნდა ვასაუბრო, რომელსაც მე თვითონაც არ ვიცნობ კარგად...

თუმცა, ისიც შეიძლება მართალი იყოს, რომ პირველი შთაბეჭდილება უფრო სანდოა. თუკი ეს სიმართლეა - მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ "არ ყოფილა ფრედერიკ ბეგბედერი ურიგო მწერალი!"

ეს, ცხადია, ხუმრობით, მაგრამ "99 ფრანკის" წაკითხვამ იმაში ნამდვილად გამარკვია, რატომ მიიღო ამ რომანმა "50 წიგნში" მოსახვედრად საჭირო ხმათა რაოდენობა - მოულოდნელობა, სიახლე, ორიგინალურობა, თემის აქტუალურობა, ენის "თავისუფლება" (ხანდახან - ზედმეტადაც), რომანის ეკრანიზაციის პოპულარობა... და კიდევ, ბევრი სხვა "პატარ-პატარა" მიზეზი სრულიად საკმარისი იყო, რომ ჩვენს მკითხველს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, არჩევანი "99 ფრანკზე" შეეჩერებინათ. ახალგაზრდებსო, იმიტომ ვამბობ, რომ ბეგბედერის "მომხრეთა" ხმების უმეტესობა ინტერნეტით მივიღეთ და დამეთანხმებით, რომ ინტერნეტმომხმარებელთა უმეტესობა სწორედ ახალგაზრდები არიან.

მაინც ვინ არის ფრედერიკ ბეგბედერი და რატომ გამოიწვია მისმა რომანმა ამხელა აჟიოტაჟი, მეტიც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სკანდალი მთელ მსოფლიოში?

იგი 1965 წელს დაიბადა საფრანგეთში, პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქ ნეი-სიურ-სენში.

თვითონვე ამბობს, რომ ისეთი არატრივიალური პროფესიების წარმომადგენელთა შვილია, რომ ვერც თვითონ ჩაეტეოდა ოფისის რიგითი თანამშრომლის ჩარჩოებში. თავად განსაჯეთ - დედა კრისტინ დე შატენიე ლიტერატორი, უფრო ზუსტად, მთარგმნელი იყო და მელოდრამატულ, ე.წ. "ქალების საკითხავ რომანებს" თარგმნიდა ინგლისურიდან ფრანგულად (მათ შორის ამ ჟანრში ყველაზე ცნობილი ბარბარა კარტლენდის რომანებს, რომლებიც მილიონიანი ტირაჟით იბეჭდებოდა), მამა კიდევ "უარესი" - ის ე. წ. კერძო რეკრუტიორი გახლდათ, ამ პროფესიის ადამიანებს "თავებზე მონადირეებსაც" უწოდებენ და მათ მოვალეობას გაქცეული პატიმრების, პოლიციის მიერ ძებნილი ეჭვმიტანილებისა და არმიის დეზერტირების მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძებნა წარმოადგენს. ერთი სიტყვით, მწერლის მამა "მჭერალი" ყოფილა

ფრედერიკის უფროსმა ძმამ - შარლ ბეგბედერმაც ორიგინალობა გამოიჩინა (ოღონდ ბიზნესში) და საფრანგეთში პირველი იყო, ვინც კერძო ელექტროქსელი POჭEO დააარსა.

კაცმა რომ თქვას, ფრედერიკ ბეგბედერის ბიოგრაფიიდან ბევრი არც არაფერია მოსაყოლი, მით უმეტეს, თუ მისი რომანების წაკითხვას აპირებ კაცი. ამ მხრივ განსაკუთრებით მისი ბოლო წიგნია აღსანიშნავი, რომელსაც ძალზე "ორიგინალური" სათაური აქვს - "ფრანგული რომანი".

სხვათა შორის, მწერალმა მხოლოდ ამ რომანზე "აღიარა", რომ ავტობიოგრაფიულია, მაგრამ შეუძლებელია ავტობიოგრაფიული მომენტები არ დავინახოთ "99 ფრანკშიც", რომელსაც ჩვენი მკითხველი მომავალ ორშაბათს მიიღებს.

ისევე, როგორც ოქტავი - რომანის მთავარი პერსონაჟი, ბეგბედერიც მოღვაწეობდა სარეკლამო ბიზნესში და სწორედ ამ რომანის გამოსვლა გახდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების მიზეზი. ასე დატოვა მან რეკლამის სამყარო, რომელსაც დაუნდობლად დასცინის "99 ფრანკში", მაგრამ "შორსაც არ წასულა" - მისი წიგნების ბესტსელერად ქცევაც, იქნებ მათი ავტორის მიერ სარეკლამო ბიზნესის ცოდნით აიხსნას (ცხადია, სხვა - "ობიექტურ მიზეზებთან" ერთად).

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ "99 ფრანკის" ავტორმა ზუსტად იცის ის სიტუაცია, გარემო და ადამიანები, სადაც ოქტავი ტრიალებს - ეს არის პირველი და ყველაზე უტყუარი შთაბეჭდილება, რომელიც რომანის წაკითხვის შემდეგ გრჩება.

რა არის ბეგბედერისთვის "მეამბოხე მწერლის" იმიჯი - პოპულარობის მოსაპოვებლად მორგებული კლიშე თუ ბუნებრივი მდგომარეობა?

თავად განსაჯეთ, ახალგაზრდა, მდიდარი და პოპულარული მწერალი, რომელსაც პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის გარდა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის უმაღლესი სკოლაც აქვს დამთავრებული, მიდის და საფრანგეთის კომუნისტური პარტიის არა უბრალოდ მხარდამჭერი, არამედ საარჩევნო კამპანიის მთავარი პიარმენეჯერი ხდება, თანაც უსასყიდლოდ!

რეკლამაში რომ პროფესიონალია, ამაზე მისი დიპლომების გარდა, ისიც მეტყველებს, რომ სანამ პოპულარული მწერალი გახდებოდა, ისეთ მეგაგამოცემებთან მუშაობდა, როგორებიც  არის  Elle, Paris Match-ი და  Voici un encore VS-ი.

კიდევ ერთი "სარეკლამო" დეტალი: როდესაც საფრანგეთში ფრანკი ევრომ შეცვალა, ავტორმა რომანის ახალ გამოცემას უკვე არა "99 ფრანკი", არამედ "14.99 ევრო" დაარქვა.

პირველი რომანი 25 წლისამ გამოაქვეყნა - ეს არც ისე ცოტაა დღეს, როდესაც 19-20 წლის ბიჭები მწერლობას "იჩემებენ". თუმცა მისი ადრეული რომანებიც მხოლოდ 2000 წელს, "99 ფრანკის" გამოქვეყნების შემდეგ გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში.

"ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გაყიდვინოთ - რაც არ გჭირდებათ, რაც გძულთ, რისი ფულიც არ გაქვთ, თანაც ძალიან ძვირად... ასევე შეგვიძლია ყველაფერი გაგაყიდვინოთ - თქვენთვის აუცილებელი ნივთები, თქვენი მეგობრები, თქვენი სული, თანაც ძალიან იაფად", - ოქტავის ეს სიტყვები თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ბეგბედერმა, რომლებიც რატომღაც აღარ შეიტანა რომანში.

ასეთია ოქტავი, უფრო სწორად, ასეთი იყო და "გამოფხიზლდა", "აზრზე მოვიდა"...

იქნებ სწორედ ეს ხიბლავს ახალგაზრდა მკითხველს? იქნებ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და "დარეკლამებულ სამყაროში" მცხოვრები ადამიანები სწორედ თავიანთი ოცნების ასრულებას - ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის, მინიმუმ მისთვის დაცინვის შესაძლებლობას ხედავენ ამ წიგნში?..

რთული კითხვაა, ყოველ შემთხვევაში, ბეგბედერმა თავის თავს მოუხსნა ეს პრობლემა - ის დღეს სრულიად თავისუფალი ადამიანია და შესაძლოა, ვინმემ იკამათოს მისი წიგნების მხატვრულ დონეზე, მაგრამ მწერლობის ერთ-ერთ მთავარ "კომპონენტში" - თავისუფლებაში, მას და მის ნაწარმოებებს ნამდვილად "არ უჭირთ"!

ამიტომაც აცხადებს თავისუფლად და "მოურიდებლად": "როდესაც სხვისი აზრით ინტერესდები, ყოველთვის რისკავ, რომ მოისმენ მას. ხოლო თუ მოისმენ, შეიძლება იძულებული გახდე, მას ანგარიშიც გაუწიო".

ბეგბედერი სხვის აზრებს აღარ ითვალისწინებს...