"ტოკიოსთან ერთად სუმოც უნდა მიგვეტოვებინა" - კვირის პალიტრა

"ტოკიოსთან ერთად სუმოც უნდა მიგვეტოვებინა"

ქართველ სუმოისტებს იაპონიიდან არ უშვებენ

უკვე არაერთი წელიწადია, ამომავალი მზის ქვეყანაში სამი ქართველი სუმოისტი ცხოვრობს და, ბუნებრივია, 2011 წლის 11 მარტს, იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროსაც ტოკიოში იმყოფებოდნენ.

მათთან დაკავშირებას თითქმის სამი კვირის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ ეს მხოლოდ ტრაგედიიდან ოცი დღის შემდეგ მოვახერხეთ. სწორედ ლევან ცაგურიასთან (კოკაი) ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, რატომ არ მისცეს ქართველ სუმოისტებს იაპონიიდან წამოსვლის უფლება და რატომ ჰგავდა სტიქიის პირველ დღეებში ტოკიო 1990-იანი წლების თბილისს.

- 11 მარტის მიწისძვრის დროს ტოკიოს ახალ რაიონში, ოდაიბაში ვიმყოფებოდი. პირველი მიწისქვეშა ბიძგისას ქუჩაში ვიყავი, თითქმის წუთ-ნახევრის განმავლობაში მიწა ისე ძლიერად ირხეოდა, წონასწორობის შენარჩუნებას ძლივს ვახერხებდი. დრო საშინლად გაიწელა და მეგონა, მიწის რყევა აღარასდროს დამთავრდებოდა. იმის მიუხედავად, რომ ასეთი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იაპონიაში რამდენიმე ათეული წელიწადია არ ყოფილა, შენობები ისეა დაპროექტებული, თითქმის 9-ბალიან ბიძგებს ქვეყნის დედაქალაქში ნგრევა, ფაქტობრივად, არ გამოუწვევია.

- შენი მეგობრები - ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) სად იყვნენ იმ დროს?

- მიწისძვრისას ორივე ტოკიოში იმყოფებოდა. პირველ დღეებში ტელეფონით ვინმესთან დაკავშირება შეუძლებელი იყო და 2 დღის განმავლობაში ბიჭების შესახებ არაფერი ვიცოდი. მოგვიანებით, ინტერნეტის მეშვეობით მოვახერხე მათთან დაკავშირება და დავრწმუნდი, რომ არ დაშავებულან.

- ამჟამად რა ვითარებაა ტოკიოში?

- მოსახლეობაში პანიკა მიწისძვრიდან ათი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ტოკიო, ფაქტობრივად, დაიცალა უცხოელებისაგან. ამჟამად სიტუაცია შედარებით სტაბილურია, პანიკა აღარ იგრძნობა, მაგრამ მოსახლეობა მაინც გაურკვევლობაშია, რადგან ჯერაც უცნობია, რა მოჰყვება "ფუკუშიმას" ატომურ სადგურზე მომხდარ ავარიებს. თითქმის ორი კვირის განმავლობაში, ტოკიოში საწვავის შოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, მაღაზიებიდან გაქრა სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები, შეზღუდული იყო ელექტროენერგია, რომელიც დღემდე გრაფიკით მოგვეწოდება.

"ფუკუშიმას" დაზიანებულ რეაქტორებზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშოები, მაგრამ ჯერ არ ჩანს ისეთი შედეგი, რომელიც აქაურ მოსახლეობას დამშვიდების საშუალებას მისცემს.

- ლევან, სუმოს სამყაროს თავისი წესები აქვს, რომლებიც თანაბრად ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მოჭიდავეებზე. გქონდა უფლება, ქვეყანა დაგეტოვებინა და სამშობლოში გამომგზავრებულიყავი?

- იაპონიაში საქართველოს წარმომადგენლობიდან ქართველებმაც და სუმოს ფედერაციამაც მივიღეთ თხოვნა, ვიდრე ვითარება არ გამოსწორდება, ოსაკაში ან სხვა რომელიმე შედარებით უსაფრთხო ადგილას გადადითო. სუმოს ფედერაციამ საქართველოს სპორტის სამინისტროსგანაც მიიღო ოფიციალური წერილი. თუმცა, იაპონიის სუმოს ფედერაცია ჯერჯერობით არ გვაძლევს ქალაქის დატოვების უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ყოველ წუთს რაღაც მოხდეს, ქვეყნის მთავრობა ტოკიოდან მოსახლეობის ევაკუაციისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. შესაბამისად მოქმედებს სუმოს ფედერაციაც. როდესაც სტიქიის პირველ დღეებში უცხოელმა მოჭიდავეებმა სამშობლოში გამგზავრების სურვილი გამოვთქვით, ფედერაციამ უარი განგვიცხადა. მეტიც - გვითხრეს, რომ თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდით, ოფიციალურად მოგვიწევდა ჭიდაობისთვის თავის დანებება...

- გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალის გამო, მარტის ბაშო ისედაც გადადებული იყო. ახლა მით უმეტეს გაურკვეველია, როდის განახლდება სუმოს ჩემპიონატი.

- სწორედ თქვენ მიერ ნახსენები სკანდალია ერთ-ერთი მიზეზი, სუმოისტებს ტოკიოს დატოვების უფლებას რომ არ აძლევენ. გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული ამბები სრულად არ არის გამოძიებული, ამიტომაც, სუმოს ფედერაციამ ჯერ კიდევ მიწისძვრამდე აუკრძალა მოჭიდავეებს ქვეყნის საზღვრების დატოვება.

- უცნობია, როდის გაიმართება მორიგი ტურნირი?

- პირველ აპრილს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და სწორედ მაშინ მიიღებენ გადაწყვეტილებას მომდევნო ბაშოს და იმ მოჭიდავეების შესახებ, რომლებიც თითქოსდა გარიგებულ ორთაბრძოლებში არიან შემჩნეული.

- როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე სუმოისტი საქველმოქმედო აქციაშიც მონაწილეობდა...

- სუმოს ფედერაცია ჩემი კლუბის პრეზიდენტს დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ცუნამის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია იგეგმებოდა. ბუნებრივია, დაუფიქრებლად დავთანხმდი. ლეგიონერთაგან მე და "ბალტი" გახლდით, დანარჩენები ადგილობრივი სუმოისტები იყვნენ. გარდა იმისა, რომ სტიქიის შედეგად უამრავმა ადამიანმა დაკარგა ოჯახის წევრი, მათი სახლ-კარიც წყალმა შთანთქა და აღარაფერი აქვთ. იაპონიაში ახლა ძალიან ცივა. თანაც, დაზარალებულებისათვის საკვებისა და წყლის მიწოდებაც პრობლემურია. ამიტომაც, შევეცადეთ, ჩვენი მცირე წვლილი შეგვეტანა ამ ადამიანების დახმარების საქმეში.

- დასასრულ, იაპონელ ხალხზეც შეგეკითხები - შემაძრწუნებელი ტრაგედიის მიუხედავად, არ გატეხილან და მსოფლიოს აჩვენეს, როგორი შეუპოვარი და ორგანიზებული ერია. როგორ ჩანს ეს ყველაფერი "ახლოდან"?

- მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეიკრა და გაერთიანებული ძალით ებრძვიან სტიქიის შედეგებს. მაგალითისთვის "ფუკუშიმას" დაზიანებულ რეაქტორზე მომუშავე ადამიანებიც გამოდგებიან. ტყუილად კი არ შეარქვეს "კამიკაძეები" - ბევრის სახელიც კი არ არის ცნობილი, მაგრამ სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ, მილიონობით თანამემამულე, თავიანთი ქვეყანა რომ გადაარჩინონ.

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)