"ისეთი რადიკალური ზომები იქნება, როგორიც არ დაესიზმრებათ" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურასთან აქციას მართავენ - კვირის პალიტრა

"ისეთი რადიკალური ზომები იქნება, როგორიც არ დაესიზმრებათ" - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი პროკურატურასთან აქციას მართავენ

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ისინი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ხელმეორედ გამოძიებას და გარდაცვლილი პროგრამისტის კომპიუტერის ოჯახისთვის დაბრუნებას ითხოვენ.

"როდესაც საქმის შეწყვეტა ხდება, დადგენილება ერთი კვირის ვადაში ეგზავნება დაზარალებულის ოჯახს, რაც არ განხორციელებულა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ზემდგომ პროკურატურას, კეთილი ინებოს გააუქმოს ის აბსურდული დადგენილება, რომელიც იქნება გასაჩივრებული და ხელმეორედ დაიწყოს გამოძიება, ოღონდ ისეთი გამოძიება, რაც იქნება ობიექტური. ამავდროულად, დაუბრუნდეს თამარის ნოუთბუქი ოჯახს და ნუ შევლენ კომპანია "ზეგთან" გარიგებაში", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნები თუ არ დაკმაყოფილდა ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ.

"მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისეთი რადიკალური ზომები იქნება, როგორიც არ დაესიზმრებათ. შიმშილობა იქნება და დავწვები გზაზე მანამ სანამ კომპიუტერს არ დამიბრუნებენ. თუ არის ბანალური თვითმკვლელობა დამიბრუნონ კომპიუტერი - ყველაფერს აქვს საზღვარი", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"ინტერპრესნიუსი"