...როცა არსებობს სხვა ქალი - კვირის პალიტრა

...როცა არსებობს სხვა ქალი

ბედნიერი ადამიანები ერთნაირად ბედნიერები არიან, მაგრამ ყველა უბედური სხვადასხვანაირად უბედურიაო - ლევ ტოლსტოისეული ფრაზა ზუსტად ესადაგება წყვილების ურთიერთობას, ოჯახებს. მართლაც, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა დანგრეულ ოჯახს კი თავისი მიზეზი აქვს...

ქალს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ფეხზე დადგეს და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს. ქალი გაყრის გადაწყვეტილებას ხშირად სპონტანურად, აფექტის მდგომარეობაში იღებს და ვერ აცნობიერებს იმ სიძნელეებს, რაც წინ მარტოხელა დედას ელის, რადგან ხშირად ქმრები ცოლებთან ერთად შვილებსაც სცილდებიან. ქალმა, გარდა იმისა, რომ მატერიალურად უნდა უზრუნველყოს შვილები, მათ უმამობაც არ უნდა აგრძნობინოს. თუმცა ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ არაჯანსაღ გარემოში ბავშვის გაზრდას, ჯობია, ცოლ-ქმარი გასცილდეს.

მეორე და ძალიან რთულად გადასაჭრელი პრობლემაა - დესპოტი ყოფილი ქმარი, რომელიც ხშირად ყოფილ ცოლს ჯალათად ევლინება და გაყრის შემდეგაც არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. ამიტომ, ძალიან ნუ იდარდებთ თუ კაცი, რომელსაც გაშორდით, იოლად შეგელიათ და დევნა არ დაგიწყოთ. დესპოტი ქმრის მოშორება გაცილებით ძნელია, ვიდრე იმ აზრთან შეგუება, რომ მიგატოვეს.

ამასთან, მსოფლიოში ცოტა თუ მოიპოვება ქვეყანა, სადაც განათხოვრობა დღემდე მსუბუქ ყოფაქცევასთან ასოცირდება. განათხოვრის სტატუსი ქართველ მამაკაცებზე ისევე მოქმედებს, როგორც ხარზე ტორეადორის აფრიალებული წითელი ნაჭერი. ამიტომ ქალს ხშირად უწევს არასასურველი მამაკაცების ყურადღების მოგერიება.

ახალგაზრდა ოჯახებზე დღემდე უდიდესი გავლენა აქვს უფროს თაობას. ამდენი ანეკდოტი დედამთილსა და სიდედრზე, ალბათ არც ერთ ერს არ აქვს, რამდენიც ჩვენ.

იმიტომ, რომ ხშირად დედები უხეშად ცდილობენ საკუთარი შვილების ცხოვრების "მოწესრიგებას". აღსანიშნავია ქართველი მამაკაცის მიჯაჭვულობაც დედაზე ნებისმიერ ასაკში. ესეც ქართული ფენომენია, რომელიც ერთ ქართულ სიმღერაში არაჩვეულებრივად არის გადმოცემული: "დარკვეთელო ქალო, რა დიდგულა ხარო, წამომყევი სახლში, დედა გავახარო". როდესაც კაცს ცოლი დედისთვის მოჰყავს, ის ოჯახი ჩანასახშივე განწირულია.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, განქორწინება ქალის მომავლისთვის ხაზის გადასმას ნიშნავდა. ხშირად ქალები ქმრებისაგან იტანდნენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ სექსუალურ ძალადობას იმის შიშით, რას იტყოდა მეზობელი ან მაზლის ცოლის მამიდა. საბედნიეროდ, ახლა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შეიცვალა.

რატომ ანგრევს ოჯახს ქალი და რატომ -  მამაკაცი? თუ ქალი ხშირ შემთხევაში იმიტომ დგამს ამ ნაბიჯს, რომ უარს ამბობს ძალადობის ატანაზე, მამაკაცი ხშირად, როდესაც განქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, მის ცხოვრებაში უკვე არსებობს სხვა ქალი. მომრავლდა ღალატის ნიადაგზე ოჯახების დანგრევაც, რაც ადრე იშვიათად ხდებოდა. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ვამბობდე, რომ ადრე არ ღალატობდნენ ცოლებს. არა, ქალები, უბრალოდ, ეგუებოდნენ ქმრების ცხოვრებაში 2, 3 ან მეტი ქალის არსებობას.

და მაინც რა შეიცვალა? ჩვენ? საზოგადოება?  ფსიქოლოგები ერთ დასკვნამდე მიდიან. ემანსიპირებული ქალის ეპოქამ ამ საკითხზე დიდი გავლენა იქონია. ქალი მეტად რეალიზებული გახდა, გაუჩნდა საკუთარი შემოსავლის წყარო. ხშირად ქალს მეტი შეაქვს ოჯახში, ვიდრე მამაკაცს და ეს თავდაჯერებულობას მატებს. უჩნდება პროტესტი, რატომ უნდა ავიტანო დამცირება, როცა შემიძლია ყველაფერს წერტილი დავუსვა?

როდესაც ქალი მარტო რჩება, ირთვება გადარჩენის ინსტინქტი. იგი იწყებს ქმარისთვის, საზოგადოებისა და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის დამტკიცებას, რომ ის ძლიერია, რომ ის ჭკვიანია, რომ ის საჭიროა და ქალი მხოლოდ იმისათვის არ არის შექმნილი, რომ სამზარეულოში იდგეს ცომში ხელებამოგანგლული. ის იწყებს ბრძოლას და ხშირად აღწევს იმაზე მეტს, ვიდრე ეს თავად წარმოუდგენია.

P.S. მყარ და ბედნიერ ოჯახებს გისურვებთ!

(იბეჭდება შემოკლებით)

ნინო მამუკაძე

ჟურნალი "...და ქალი" #4