"გამგებელს უთქვამს, 11-გზის ჩემპიონი და არასრულწლოვნები რომ ქუჩაში დავტოვო, ღმერთი არ მაპატიებსო" - მრავალშვილიანი ოჯახის გასაჭირი - კვირის პალიტრა

"გამგებელს უთქვამს, 11-გზის ჩემპიონი და არასრულწლოვნები რომ ქუჩაში დავტოვო, ღმერთი არ მაპატიებსო" - მრავალშვილიანი ოჯახის გასაჭირი

„მინდა ჩემს შვილებს სჯეროდეთ, რომ წელიწადში ერთხელ ჯადოსნური ღამე დგება და ოცნებები ხდება“

"გამარჯობა. მე ვარ ეთერ მაისურაძე, 50 წლის, პირველი ჯგუფის ინვალიდი. მარჯვენა ხელის კიდური მაქვს დაზიანებული. მეუღლე 62 წლისაა, პროსტატის მეოთხე სტადიითაა ავად. ჩემი ყველაზე დიდი ნუგეში ჩემი შვილებია. მიცნობენ, როგორც ბატუტზე ხტომაში საქართველოს 11-გზის ჩემპიონის, მარიამ ეგაძის დედას. მარიამი ჩემი ბედნიერებაა, თუმცა მრავალშვილიანი დედა გახლავართ - მარიამის გარდა კიდევ ხუთგზის ბედნიერი ვარ. ერთი შვილი ჩემსავით პირველი ჯგუფის ინვალიდია ქვედა კიდურების პარეზით. ორი მცირეწლოვანი მყავს. ნაბოლარა, გიორგი, 6 წლისაა. 31 დეკემბერს დაბადების დღე აქვს და მთელი კვირაა, გვეკითხება, ნეტავ რას მომიტანს თოვლის ბაბუაო. წერილიც დაუტოვა ბალიშის ქვეშ - სათამაშო მანქანა და ბევრი კანფეტი ყველაზე მეტად გამახარებდაო... მინდა სჯეროდეს, რომ წელიწადში ერთხელ ჯადოსნური ღამე დგება და იმ ღამეს ოცნებები ხდება", - ასე დაიწყო ჩემი ნაცნობობა სანდომიან ქალბატონთან. მიუხედავად გაჭირვებისა, ოჯახში თბილი გარემოა. ვუყურებ და ვრწმუნდები, რომ აქ სიყვარული ქმნის ამინდს, ამინდის ღმერთი კი ქალბატონი ეთერია. უჭირს, განიცდის, მაგრამ დარდს გულში იკლავს...

- სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ, 1900 ქულით უმწეოთა სასადილოში ვსადილობთ... გაუსაძლის პირობებში ვართ. ერთადერთი ბინა ვაზისუბანში იპოთეკით მაქვს დატვირთული 2012 წლიდან. მეუღლეს ავარია მოუვიდა... საქმე სასამართლომდე მივიდა და გირაო დაეკისრა. სხვა გზა არ მქონდა, გავრისკე და ბინა კერძო იპოთეკაში ჩავდე 5%-ად. მალე იპოთეკა "რიკო კრედიტში" გადავიტანე, რადგან დაბალი პროცენტი იყო. 2015 წლის ჩათვლით ვიხდიდი, მერიის დახმარებას თუ სხვა შემოსავალს ვდებდი, რომ ჩემს შვილებს ჭერი არ დაეკარგათ, უფრო სწორად - თავშესაფარი. კარკასია, არც კარები, არც სინათლე... როგორც კი მივხვდი, ვერ შევძლებდი პროცენტის გადახდას, თხოვნით მივმართე "რიკოს" - ვინაიდან 4 ათასი დოლარი უკვე გადახდილი მქონდა პროცენტის სახით, პროცენტი შეეჩერებინათ, ძირი თანხა კი გაენაწილებინათ, მაგრამ უარი მითხრეს, ორი თვის შემდეგ კი სასამართლოში მიჩივლეს. წავაგე... გავასაჩივრე და ისევ წავაგე... მერე აღსრულების ეროვნული ბიუროდან მომივიდა წერილი, რომ ჩემს ბინას 130 ათას ლარად აუქციონზე გაიტანდნენ. შევძარი მერია, ტირილით მივედი ისნის გამგებელთან... მიატოვა ყველაფერი და ჩემს ადვოკატთან ერთად წავიდა "რიკოში". მე არ წამიყვანა, ცუდად არ გახდეო. როგორც მერე გავიგე, კალაძის თანაშემწეც გაჰყოლია. იპოთეკარები თურმე უარზე იყვნენ... გამგებელს უთქვამს, 11-გზის ჩემპიონი და არასრულწლოვნები რომ ქუჩაში დავტოვო, ღმერთი არ მაპატიებსო. ამ ოჯახს ეკუთვნის გამგეობიდან დახმარება და ბიუჯეტიდან გადმოგირიცხავთ, სანამ გამგებელი ვიქნებიო. 2018 წელს გადამიხადეს 3.000 ლარი, 1.100 ლარი კი ჩარიცხა კალაძის ფონდმა. შარშანაც ჩამირიცხეს... ახლა იანვარში მიწევს თანხის შეტანა, მაგრამ დოლარმა რომ აიწია, რა იქნება, არ ვიცი...

- ესე იგი, თითქმის ყველაფერი, რასაც სახელმწიფოსგან დახმარებად იღებთ, ბინის დასახსნელად ირიცხება? - ასეა, ჩვენ კი სოციალური დახმარებისა და კეთილი ადამიანების იმედად ვართ. უმწეოთა სასადილო რომ არ იყოს, შიმშილით დავიხოცებოდით. მე და უფროსი შვილი სისხლს ვაბარებთ ხოლმე, ხან სახლებს ვალაგებ და ამის სანაცვლოდ ვიღებ ორ კაპიკს.

- ახალ წელს როგორ შეხვდებით? - ჩემი შვილების საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. გემრიელი აჯიკა ვიცი, ჰოდა, იმასთან ერთად მიირთმევენ სიამოვნებით. ორი წითელი დიპლომი მაქვს, მაგრამ... შესაძლებლობები მაინც შვილების ცოდნაში ჩავდე. ვოცნებობ, ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ბაღში, სკოლაში - ყველგან სანიმუშოები იყვნენ. უამრავი მედალი და დიპლომი აქვს ჩემს მარის! ახლა გოეთეს სასწავლებელიც დაამთავრა. ისე შეუპოვრად მიიწევს მიზნისკენ, მისი იმედი მაქვს. სპორტში თავს არ ზოგავს.

მოდელობაზეც ოცნებობს. წელს სტუდენტი გახდა. რას მოვამზადებდი, მაგრამ 50%-იანი გრანტი მაინც მოიპოვა. ჟურნალისტის პროფესიას სწავლობს (გახარიას პროგრამამ დააფინანსა).

დღეს ჩემს უკარო სახლში ყველას გვესმოდა, როგორ აქებდა ლექტორი ონლაინლექციაზე და ცრემლი მომადგა. ერთი ტელეფონი გვაქვს და დილას ერთი ამბავია, ვინ შევა გაკვეთილზე ან ლექციაზე... ვიფიქრე, იმ ბინას გავყიდი-მეთქი, მაგრამ 30.000 დოლარს გვაძლევენ. ამ თანხით თუ ვალი დავფარეთ, რას შევიძენთ და სად ვიცხოვროთ?

- სიკეთის გჯერათ? - როგორ არ მჯერა. ვხედავ კიდეც... გახსოვთ, ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები: "რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც - გვერდიგვერდ, მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს".

ს.ს. "ლიბერთი ბანკი"

ანგარიშის ნომერი: GE21LB0711109370447440

მიმღები: ეთერ მაისურაძე