"გურულის იზოლაცია რთულია, ამიტომ ჩემი ჰიპერაქტიურობა საქმისკენ მივმართე" - კვირის პალიტრა

"გურულის იზოლაცია რთულია, ამიტომ ჩემი ჰიპერაქტიურობა საქმისკენ მივმართე"

"სოფლები და ადამიანები"

ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელთან, გიორგი კეკელიძესთან ინტერვიუში განვლილი წლის შეფასებას ვეცდებით და ამ, როგორც თვითონ უწოდებს, "უცნაური" წლის განმავლობაში ნაფიქრსა და განხორციელებულ საქმეებზეც მოგიყვებით...

- 2020 უცნაური წელი იყო, თითქოს ნაწილობრივ გამოტოვებულიც კი, თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვცილობდით ინდივიდუალური მეცადინეობით თუ სხვა ტიპის აქტივობებით შეგვევსო ის დანაკლისი, რაც საბიბლიოთეკო ცხოვრებაში ან სხვა საქმეებში დაგვამჩნია ამ წელმა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული აღმოჩნდა. ის დიდი შეფერხება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ახლდა, ბუნებრივია, სერიოზულ როლს თამაშობდა წიგნიერების პოპულარიზაციაშიც, მაგრამ მაინც შევძელით და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის არის ახალქალაქის ყველა სკოლაში ქართული წიგნის კუთხეების მოწყობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ "გურული დღიურების" ფონდს 33 სტიპენდიანტი ჰყავს - სპორტსმენები, წარმატებული მოსწავლეები. მათ შორის არიან ახალგაზრდები პანდემიით გარდაცვლილთა ოჯახებიდანაც.

- მე ძალიან მომწონს და უკვე მიყვარს თქვენი პროექტი "სოფლები და ადამიანები".

- მიხარია, რომ ეს პროექტი ასე შეიყვარეს. დისტანციური სწავლებისას ინტერნეტის საჭიროებამ უამრავი ოჯახი დააზარალა. ახლახან ჩამოვედი ბოდბიდან. ძალიან საინტერესო ოჯახი გავიცანი, მღვდლის. ათი შვილი ჰყავთ. ჩვენ ჩავიტანეთ კომპიუტერები, 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტიც ექნებათ. ამავე მიზნით ათასამდე ოჯახში მისვლას ვგეგმავთ...

- თქვენთვისაც განსაკუთრებული წელი იყო, ქალაქურ ყოველდღიურობას გაექეცით...

- კი, ბატონო. ძალიან მჭირდებოდა განცალკევება. გურულის იზოლაცია რთულია, ამიტომ ჩემი, როგორც გურულის, ჰიპერაქტიურობა საქმისკენ მივმართე. სოფლებთან, იქაურებთან ურთიერთობა, მათი ისტორიების მოსმენა ჩემთვის ყველაზე დიდი სულიერი საზრდოა, რომელსაც, ბუნებრივია, დისტანციურად ძნელად მივიღებდი.

თითოეულ კონტაქტს ფოტოამბებად ვაქცევ. ვცდილობ სხვადასხვა რეგიონში შევხვდე საინტერესო ადამიანებს. ეს ყოველდღიური აღმოჩენების, ადამიანური ურთიერთობების ამოხსნის ყველაზე კარგი საშუალებაა. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ წლების მერე ჩემი მთავარი მოწოდება სწორედ ფოლკლორი იქნება. ამის გარდა, ჩემთვის მთავარი გამოწვევაა კინო. ბოლო ეტაპზეა ჩემი და ლევან კოღუაშვილის სცენარი, რომელიც "გურული დღიურების" მიხედვით იქმნება...

- რა დაგანახათ განვლილმა პერიოდმა?

- განვლილმა პერიოდმა ყველაზე კარგად დაგვანახა, რომ განათლება უპირველესია. სწორედ ამით შეგვიძლია გავუმკლავდეთ იზოლაციასაც და მედიცინის თუ სხვა სფეროების განვითარებაც შევძლოთ. იზოლაციის პერიოდი საინტერესო იყო იმითაც, რომ იძულებული ვიყავით, გვეფიქრა. დიდხანს დავრჩით საკუთარ თავთან, ამან კი აღმოგვაჩენინა, რომ რაღაცები გაცილებით საინტერესოა, ვიდრე აჩქარებულ ყოველდღიურობაში გვეჩვენებოდა...

დამდეგ 2021 წელს გილოცავთ. ეს არის ყველაზე გულწრფელი ახალი წელი მსოფლიოს ისტორიაში. ჩვენ ახალ წელს მხოლოდ კალენდარულად აღვნიშნავდით ხოლმე და ცოტა ზერელედაც კი ვამბობდით, გასულ წელზე უკეთეს დღეებს გისურვებო, ეს წელი კი მთელი მსოფლიოსთვის იყო გაცილებით უარესი, ვიდრე იქნება მომავალი - ეს ზუსტად ვიცით! ამიტომაც იოლად ვემშვიდობებით 2020-ს და სიხარულით ვხვდებით 2021-ს.

"მარადონა"

მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ, ინგლისური ფეხბურთის და კლუბების, მაგრამ ის, ვინც დიდია, მტრის ბანაკშიც დიდად მოჩანს. მე კიდევ მგონია, რომ მარადონაზე დიდი კაცი ბურთის მგორებელთა შორის არ ყოფილა - არც მტრის ბანაკში და არც მოყვრის. ბავშვობიდან ეგრე გამოვიდა, რომ მარადონა ადამიანი არასდროს მეგონა. იდო ერთი წიგნი ჩემთან სახლში, ფანჯიკიძის ,,მარადონა-რეი". ბერძნული მითების გვერდით იდო და ზევსი და მარადონა თანაბარი სიდიადით იყურებოდნენ. აკი თქვა, ეგო მაშინო ღმერთის ხელი იყოო. ამ კაცს, ისე უცნაურად იცხოვრა, ალბათ, სხვაგან გაამწესებენ, მაგრამ ასე მგონია, ღმერთმა იმ ხელზე ერთხელ მაინც უნდა ჩამოართვას ხელი.

წერილი სანტას

"გამარჯობა, სანტა-კლაუს. რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 65 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში, ამ დანაბარებში გიცვლი: მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა, მაგრამ ვატყობდი, რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა, არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა, რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს... ფილტრიანი.

უმჯობესი იქნება, უაზრო სიმძიმეებს თუ არ აწევს. არ შეიძლება ამდენი შრომა. აქაც შრომა, მაქაც შრომა, ამ თხილის ტომრების თრევა... ცოტა დაისვენოს. არა, ბევრი დაისვენოს. ბევრი დაისვენოს და რამე გაზეთიც თუ ავა, სადაც ჩემი ამბები ეწერება, იმას წაიკითხავს. აგროვებდა აქეთ ასეთ გაზეთებს. ბევრი აქვს. ორი უჯრა. ვინმე იქნება ჭადრაკის მცოდნე. მას მოერიდება და იმ მეორეს უთხარი, ჭადრაკი ეთამაშოს. აბა, შენ იცი, სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს."

"ასე ვართ ჩახუტუნებულები 42 წელია..."

"ავთო სესაძე და ციური სარალიძე ვართ. ჩუნჩხაში ვცხოვრობთ. ჩახუტუნებულობა მარტო მოფერება კი ვერ არის, ერთმანეთს ოფლს ვუზიარებთ. ცხოვრება ასეთია. სხვა ახლა რა ვქნათ, ვერაფერი და აუცილებლად ბედნიერები ვართ. დილით რომ თენდება, მზე რომ იზმორება და ადგომა ეზარება, ჩვენ ვდგებით და ვშრომობთ. ეს შრომა ადვილი კი არ არის, მაგრამ შენ შრომა უნდა ფიქრში გადააკეთო და ფიქრში თქვა, რომ ადვილია. ფიქრში რასაც იტყვი, ადამიანიც ეგ არის. ხელი რომ გაგეჭრება, ეგეც უნდა გამოიგონო და თქვა: "აი, მეტკინა და რა კარგია, რომ მეტკინა. მეტკინა და ცოცხალი ვარ!" უნდა იყო ბედნიერი, რა ვქნათ! სიცოცხლე არის ბედნიერება, თვითონ სიცოცხლე. აპა, წარმოიდგინე, რომ სულ არ გაჩნდი, ეგ სჯობია? არა სჯობია!

სიკვდილი რა არი? სიკვდილი არაფერია, ჩვენი აზრით. დაწვები, დაიძინავ და აღარ ხარ! იქით თუ არი რამე? არსებობს რაღაცა, ალბათ, აბა, ჩვენ რა ვიცით ჩუნჩხაში იქაური ამბები? დიდად არც გვენაღვლება. სიყვარული იცი, რა არის? ზურგით რომ ზიხარ და ერთმანეთსა ხედავ. ეგ არის სიყვარული".

"იმფერი მწარე საჭმელი გუუკეთებია, ვერ ჩეიდობდი პირში. პილპილა იმიზა უქნია, რომ გამომლაპარაკებოდა..."

"მე როცა კლასი დავამთავრე, კოლმეურნეობამ კალოს გამგედ დამაყენა. სიმინდი რაც მევდოდა ამ ბრიგადაში, მე ჩევბარებდი. ვიყოფოდით სადილისას - ბრიგადირი, მეურმე იყო და მეზობელი. ერთად ვჭამდით საჭმელს. ქალები საჭმელს გვიმზადებნენ და ამ მეურმის დამ მითხრა, რომე ამას უყვარხარ შენაო, ერთ გოგოს, მეზობლის შვილს. დევძაბე. ხმას ვერ ვიღებდი. ერთხელ გევხედე და მუუწია რიგი ჩემ მომავალ ცოლს. იმ გოგოს. მეიტანა სარმა. სარმა იმფერი საჭმელია, რომ გააკეთებენ რაცხა ფხალში ნიორით, კარტოფილით, ხორცით. ამ გოგოს გუუკეთებია ერთი ცალი განსაკუთრებით მწარე, მწარე - ვერ ჩეიდობდი პირში. რაც უქნია, ნახევარი პილპილა უქნია. დამიდვა მაი საინი. კითხულობს: "როგორია საჭმელი?"მთლად მწარე, მწარე, პილპილა. მე ვუთხარი, მწარე კია, მარა კაი ხელის გაკეთებულია-მეთქი. აი, იმიზა უქნია, რომ გამომლაპარაკებოდა, რაცხა საქმე დემეკავებია. ჰოდა, კიდო ერთხელ კალოში ვართ. ურემია დაყენებული და ზეთ ვარ. სადგარი აქ შამოყენებული ურემს. გამეიარა იმ გოგომ, გამოკრა ფეხი ამ წინსადგარს და ურემი დეეცა ძირს. რომ დეეცა ძირში, მე გადმუარდი და გადმოვკოტრიალდი იქით. იმან გეიარა, წევიდა ყანაში. კალათი მიქონდა. გავხედე და მომეწონა. მაგი იყო სიყვარული.

რესანე ირემაძე. 91 წლის. ზოტი"

ვიოლეტას სევდა

"მე ვარ ვიოლეტა სიხარულიძე-გორგოშიძე. ლიხაურიდან. ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგათ ვერ ჩამევიდა. მაგის მერე სულ ავათ. ავათ. ავათ და ორი ათას ჩვიდმეტში გარდიცვალა. მანამდეც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი. სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის, არ ვიცი. არ ვიცი, შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი. რანაირი დედაშვილობა გვქონდა, იცი? ასში ერთს არ ექნებოდა".

სპასოვკა, ნინოწმინდა

"სიცოცხლე არის... რას შივადარო ახლა... სიცოცხლეა და... კარგად თუ ხარ, კაია, თუ გაჭირვებული ხარ, აფრათ არის. მეტი აფერი. ახალგაზრდობა იყო ქორწილი. ქორწილი იყო გარმონი და ჭიპონი - გუდა გაბერილი. მეტი აფერი. მშობლების გადასაწყვეტი ამბავი იყო მაგი. ცოლი ვერ დევნახე, სანამ მევიყვანე, რომ დევნახე, ალბათ, მომეწონა. არჩიხანას გააკეთებდნენ. კაი საჭმელი იყო. კაი ცეკვა იყო. მაი იყო. მეტი აფერი".