"ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი, იმაზე ვიქორწინე. მადლობა უფალს - 42 წელია, რაც ერთად ვართ" - კვირის პალიტრა

"ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი, იმაზე ვიქორწინე. მადლობა უფალს - 42 წელია, რაც ერთად ვართ"

არქივი, ინტერვიუ ჩაწერილია 2021 წელს.

"ჩემს ბიჭთან ურთიერთობა არ წყდება, ყოველ საღამოს მასთან ურთიერთობით ვწვები..."

"ხანდახან ვფიქრობ, განა მართლა დავიმსახურე ეს სიყვარული? ასეთი განუსაზღვრელი ოდენობით?.. ეს სიყვარული ჩემთვის სულიერი საზრდოა, სხვაგვარად 75 წელი, აქედან 60 წელი კალამთან ურთიერთობით, არ არის ადვილი, ვერ გაძლებდი" - გვითხრა მან, როცა მივულოცეთ... ბევრ თემაზე ვისაუბრეთ, მერე მისი ცხოვრებიდან ყოველ მონაკვეთს თავისი სახელი დავარქვით...

ბავშვობა

- როგორც ყველა ადამიანს, მეც გავლილი მაქვს ბავშვობის ხანა - შინაარსიანად, არა ფუფუნებით, არამედ ნაღდი ცხოვრებით. პაპა მყავდა დედის მხრიდან, რომელიც მასწავლიდა, როგორ შეიძლება თავი ირჩინო შენი შრომით, რომ არავისზე იყო დამოკიდებული... მამას ვაჟა უყვარდა გამორჩეულად, სულ ზეპირად იცოდა. მას ჩემთვის არ ეცალა, სულ ცხვარში იყო. დედამ წერა-კითხვა არ იცოდა... ვფიქრობ, რომ მაინც, როცა უფლის ხელი ურევია შენს ცხოვრებაში, ის არ გაძლევს გზის გამრუდების საშუალებას, ოღონდ შენ უნდა იყო შინაგანი ხმის ყურის მგდებელი.

მეცხვარეები

- იქნებ ცუდია, არ ვარგა, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში არასდროს ვყოფილვარ, მწყემსობის გარდა არსად მიშრომია, ისე შემოვაბერდი წუთისოფელს... ბავშვობიდანვე, როგორც კი დაგვითხოვდნენ, მთელ ზაფხულს ცხვარში ვატარებდი. ეს მიზიდავდა. იქ სულ სხვანაირ ხალხთან მქონდა საქმე. წუთისოფელში რომ შემოდიხარ და ათვალიერებ საზოგადოებას, ანალიზს აკეთებ და ხვდები, რომ მეცხვარეები განსხვავდებიან. ისინი სხვანაირად აზროვნებენ, ფიქრობენ, ნაღდები არიან. როდესაც ვკამათობდით, ჩხუბშიც გულწრფელები იყვნენ. მწყემსი არ მოგატყუებს, რაც არის, ის არის, არ გეპირფერება. ბუნებასთან როცა გაქვს ურთიერთობა, სხვანაირი ვერ იქნები. მათ ბუნების ენა იციან, ბუნებით ცხოვრობენ. მინახავს, მწყემსი როგორ ეფერებოდა ყვავილებს, როგორ კოცნიდა გვირილის ფოთოლზე დაყრილ ნამს.

ცხვარს თავისებური ხიბლი აქვს. მისდევ გაშლილ ფარას და გსიამოვნებს. გიხარია, რომ მარტოკაცი 2000 ცხვარს ჰპატრონობ, უვლი. ხასიათი აქვს ცხვარს საინტერესო, გაგრძნობინებს ამინდი როდის იცვლება, სცივა თუ არა. საოცარია თვალის დევნება, როგორ არჩევს დედა 800 სულში საკუთარ ბატკანს და გაჰყავს ცალკე, რომ რძე მოაწოვოს. ბატკნებთან ვთამაშობდი. წამოვწვებოდი, თავს მოვიმძინარებდი. ამ დროს ბატკანი მოვა და დაგსუნავს, მერე გაგლოკავს ცხვირზე, შუბლზე ან ხელზე. თუ დააცადე, იმასაც იკადრებს, რომ ზედ შეგდგეს.

"ლექსისთვის არ ვემზადებოდი, უფრო სპორტი მიზიდავდა"

- როდის მიხვდით, რომ კალმის კაცი ხართ? თქვენ ხომ ასე უწოდებთ თქვენს თავს, პოეტს არ ამბობთ...

- ჩემი კალამთან ურთიერთობის გამართლება თქვენი სიყვარულია... ლექსისთვის არ ვემზადებოდი, უფრო სპორტი მიზიდავდა - კრივი, ფიზიკურად ძლიერი მინდოდა ვყოფილიყავი. ომის შემდგომი თაობა ვარ, ჩვენთან ელექტროენერგია არ იყო, ნავთი ჭირდა, მთვარის შუქზე მიხდებოდა წერა. პაპაჩემმა შემამჩნია, რაღაცებს ვჩურჩულებდი ჩემთვის, ფურცლითა და კალმით ხელში. მომკიდა ხელი და კლასის ხელმძღვანელთან მიმიყვანა, აბა, დახედეთ, ხომ არაფერი სჭირსო. დაამშვიდეს, ლექსებს წერსო. პერსპექტიული არ იყო მაშინ ლექსის წერა გლეხისთვის, მაგრამ შეეგუა... საბოლოოდ კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, დასასვენებლად ჩამოდიოდა ხოლმე. გაიგო, რომ რაღაცებს ვჯღაბნიდი და დაინტერესდა, წამაკითხებო? მაშინ მე-10 კლასში ვსწავლობდი. გავუტანე ერთი რვეული, რომელშიც იყო ლექსი "გაიცრიცება საღამოს ბინდი". მერე ამ ლექსზე სიმღერა შექმნა, "ცისფერი ტრიო" ასრულდება. მთხოვა, თუ რომელიმე ლექსი არ მოგეწონება, მე მომეცი და გამოვიყენებო. ლექსს შემაჩვია, მასთან ურთიერთობას...

უნივერსიტეტი

- სიმართლე რომ გითხრათ, არც მქონია სურვილი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების, ჩემი მიზანი ეს არასდროს ყოფილა... პირველად ლექსი 1976 წელს დავბეჭდე. მომდევნო წელს, უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, 32 წლის ვიყავი. პირველი წელი, როგორც იქნა, გავძელი. მერე გამიჭირდა და წავედი. მარტოობას ვიყავი მიჩვეული, ფიქრის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება, აქ კი სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ცხვარში ჩემთვის ვიყავი, მუდმივად შემეძლო მეფიქრა ისეთ საკითხებზე, რაც გონების საწვრთნელად კარგი იყო. ქალაქი ამის საშუალებას არ იძლეოდა. ხმაურთან შეგუება მიჭირდა, ხალხის ამოცნობაც... ყველანაირად ცდილობდნენ, უნივერსიტეტი დამემთავრებინა - თავისუფალ დასწრებაზე გადამიყვანეს, მხოლოდ გამოცდების დროს ჩამოვდიოდი. ვახუშტი კოტეტიშვილის, პედაგოგების ხელშეწყობით დავამთავრე უნივერსიტეტი.

მეუღლე

- უნივერსიტეტში, საოცარი მეგობრებისა და დიპლომის გარდა, მეუღლეც იპოვეთ...

- ამად ღირდა, რომ უნივერსიტეტში მოვხვედრილიყავი. ალბათ, უფლის ხელი ურევია, როცა 33 წლის კაცი დაოჯახებას გადაწყვეტ. დიდი იყო ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი - მარინა 12 წლით უმცროსია ჩემზე. მან ყველაფერზე თქვა უარი, რომ მე როგორმე ლექსის გზით წავსულიყავი. რაც უნდა დიდხანს ვიცოცხლო, მის ვალს ვერ გადავიხდი.

- როგორ ამოიცანით იმ კაფანდარა გოგოში მომავალი მეუღლე? - ხმაურით შევედი უნივერსიტეტში. ჩემ ირგვლივ სულ გოგონები იყვნენ. სადაც ლექცია მქონდა, იმ აუდიტორიის კართან გროვდებოდნენ, იშვიათი ეგზემპლარივით მათვალიერებდნენ. მეც მინდოდა, იმაზე მეტი გამოვჩენილიყავი, ვიდრე ქალაქელები იყვნენ. ჩემ გარშემო სულ ხმაური იყო. ამ ხმაურს რომ ჩემთვის 17-18 წლის ასაკში მოესწრო, არ ვარ დარწმუნებული, რომ არ ავყვებოდი. თავბრუ დამეხვეოდა... მარინა ერთადერთი იყო, ვინც მოკრძალებით იდგა მოშორებით. ვისაც ყველაზე ნაკლებად ვაინტერესებდი, იმაზე ვიქორწინე. მადლობა უფალს - 42 წელია, რაც ერთად ვართ. მე რომ ლექსთან ვცხოვრობ, ეს მისი დამსახურებაა. დღიდან გაცნობისა, რაც მე ლირიკული ლექსი დამიწერია, ყველა მას ეკუთვნის.

- ქორწილს გაიხსენებთ? - ჩვენთან, სოფელში გადავიხადეთ. ცივი ნოემბერი იყო. მეჯვარედ ამირან არაბული მყავდა, თამადა ზურა ქაფიანიძე იყო. მე და ზურა 1972 წლიდან ვმეგობრობდით. საოცარი კაცი იყო. მარტო მისი ერთი ხელის გაშლა რად ღირდა! ამირანი უფრო მოკრძალებული იყო...

შენ, ჩემო დიდო ტკივილო...

- სამი შვილი მყავს, ორი გოგო და... ბიჭთან დაკავშირებით ჩემი ტკივილი ყველამ იცის... პირველი შიში შვილის დაბადების დროს ვიგრძენი. მთიდან დავცურდი და თავში გამკრა, რა ეშველებათ-მეთქი. რომ მითხრეს, ბიჭი დაიბადაო, იმ დღეს დავწერე:

"მხრები გაიმაგრე საარწივო, ჩემი სამყოფისი მოისამხრა.

ოღონდ მტერი არ გააცინო.

გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ..."

- მერეც სულ გქონდათ თქვენი პოეზიით დიალოგი შვილთან... - მერეც, დღესაც მაქვს... ურთიერთობა არ წყდება, ყოველ საღამოს შვილთან ურთიერთობით ვწვები და ვდგები შვილთან ურთიერთობით.

"მაშ, დავიჯერო, არ გიჭირს, ბიჭო?! თოვს და ფიფქები ხეებს აცვივა...

არ მომერიდო, კარს ვტოვებ ღრიჭოდ,

და როცა გინდა მოდი, სახლში ვარ..."

- გჯერათ, მარადიული ცხოვრების? - კი, შვილო, როგორ არ მჯერა!..

როცა ვწერ

- როცა ვწერ, მარტო ვარ. ახალგაზრდობაში რომ ვწერდი, მარინას ვაკითხებდი ხოლმე, მაგრამ ახლა მე თვითონ უნდა განვსაზღვრო ლექსის ღირებულება. ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, არ მიყვარს ასეთი სიტყვების თქმა, მაგრამ დღეს, ასეთი სიყვარულის ფონზე, ტარიელ ხარხელაურს ყველანაირ ლექსს აპატიებენ, მკითხველი ყველანაირ შეღავათს გაუწევს, მე - არა.

ზურა ქაფიანიძე

- ერთხელ, 70-იან წლებში, მე და ზურა ქაფიანიძემ ბიზნესი წამოვიწყეთ. 50 სული მოხერის ჯიშის თხა ჩამოვრეკეთ ყაბარდო-ბალყარეთიდან. ძვირად ღირებულ მოხერის ძაფს იძლეოდა, მაგრამ ჩვენ დამუშავება ვერ შევძელით. ტყეში მედგა სადგომი. ერთ ღამეს ბაკი გამირღვიეს, გამეპარნენ და მგლებმა შეჭამეს, ერთი მამალი თხაღა შემრჩა. ვერ ვივარგეთ, არ გამოვიდა ჩვენგან ბიზნესმენები. ზურა ხშირად ამოდიოდა ჩემთან. მოხარშული კარტოფილი და ერბო უყვარდა. მწვანილს მიირთმევდა უზომოდ. სოფლის საქმეებში კარგად ერკვეოდა, მაგრამ მაგისთვის ვინ მოაცდენდა...

მშობლები

- დედა საოცარი ქალი იყო. ჩემთვის სიყვარული არ მოუჭარბებია. მკაცრად მზრდიდა. არ უყვარდა ენის მოჩლექა, არ მომფერებია, "გენაცვალოს დედა" ჩემთვის ცხოვრებაში არ უთქვამს, მაგრამ ჩემს შვილებთან დამოკიდებულებაში ვხედავდი, როგორ ვუყვარდი. მამა სიბერემდე ცხვარში იყო. კითხვა უყვარდა.

- თქვენი ლექსები მოსწონდა? - უფრო ხალხური პოეზია უყვარდა... ერთხელ მითხრა, კარგად წერ, მაგრამ მე ვერ ვიგებო...

- თქვენ როგორი მამა ხართ? - მე რომ ცხვარში წავედი, გოგო სამი წლის იყო, ბიჭი - ორის. რომ მოვბრუნდი, უკვე დაზრდილნი იყვნენ. ჩემი მეუღლე და დედაჩემი ზრდიდნენ. მე მომფერებელი ვიყავი, გაჯავრება არ ვიცოდი, ამაზე მსაყვედურობდა მეუღლე. შვილიშვილებთანაც ასე ვარ.

პ.ს. ჩვენ ყოველთვის ზარ-ზეიმით ვხვდებით ახალი წლის მოსვლას. იმედიანად ვხვდებით, მთელ იმედს ვამყარებთ ახალ წელზე და მერე ისევ ამ წელს საყვედურით ვაცილებთ - რაც ვერ გავაკეთეთ, მას ვაბრალებთ. ასე ხდება ყოველწლიურად. მარტო ახალი წლის იმედად ვერ ვიქნებით. ჯერ საკუთარ თავს დავუსახოთ გეგმები და მერე ახალ წელს. გეგმების ასრულებას გისურვებთ. გილოცავთ ახალ წელს!