"მადლობელი ვარ იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში გიორგი ოვაშვილთან ერთად მოვხვდი... "
"მადლობელი ვარ იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში გიორგი ოვაშვილთან ერთად მოვხვდი... "
"წელს დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე. ახლა პატარას ველოდებით"

რომ არა უჩვეულო გამოხედვა და გულუბრყვილო ღიმილი, ალბათ, 9 წლის თედო ბექაური უცნობი დარჩებოდა და მისი ცხოვრებაც არაფრით იქნებოდა გამორჩეული, მაგრამ ბედნიერი მოულოდნელობისა თუ იღბლის წყალობით 2009 წელს ის მსოფლიომ გაიცნო, როგორც გიორგი ოვაშვილის ფილმის, "გაღმა ნაპირის", მთავარი გმირი. დღეს თედო 24 წლისაა, დაოჯახებულია და მალე მამაც გახდება. ის "კვირის პალიტრას" ფილმზე, მის გამოძახილსა და თავის პანდემიურ დღევანდელობაზე ესაუბრება.


- თეთრი
წყაროდან ვარ, ორბეთიდან. ახლა ჩემს მშობლიურ სოფელში ვარ. შეზღუდვები რომ გამკაცრდა, აქ ჩამოვედი. რამდენიმე დღეა, თოვლი მოვიდა, გადაათეთრა ყველაფერი და განწყობაც თითქოს გაასპეტაკა. თითქოს პანდემიაც დამავიწყა...

- როგორ გახდი "გაღმა ნაპირის" პერსონაჟი?
- შემთხვევით. დედაჩემმა მიმიყვანა თვალის ექიმთან და იქ რიგში აღმოჩნდა­ ფილმის რეჟისორი გიორგი
ოვაშვილიც - შვილები ჰყავდა მოყვანილი. მათ რაღაც­ სათამაშო ვერ გაიყვეს და ძიძგილაობაში ერთმა გვარიანად ჩააფარა მეორეს.­ ამის დანახვაზე გულიანად გადავიხარხარე, რითიც, როგორც აღმოჩნდა, მათი რეჟისორი მამის ყურადღება მივიქციე. გამომელაპარაკა, ზოგადი კითხვები დამისვა და მეც მორცხვად ვუპასუხე. ბატონი გიორგის მეუღლეს უთქვამს დედაჩემისთვის, რომ ფილმის გმირს ეძებდნენ და ჩემით დაინტერესდნენ. მერე თბილისშიც დამიბარეს. დათქმულ დროს სტუდიაში დაახლო­ებით 30 ბავშვი დამხვდა, ბედის საცდელად მოსული. როგორც ვიცი, ბატონ გიორგის ბრძოლა მოუხდა, რომ მე დავემტკიცებინე როლზე. არ გაგიმართლებს­ ეგ ბავშვი, ტყუილად არ აიყვანოო, უთქვამთ, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა. ალბათ, სხვანაირს ეძებდნენ, უფრო გახსნილს და ლაღს, მე კი მშვიდი, მორცხვი სოფლელი ბავშვი ვიყავი...

გადაღების პირველი რამდენიმე დღე განსაკუთრებით რთული იყო. ყველაფერი მაინტერესებდა,­ სულ კამერაში ვიყურებოდი, რადგან არასდროს მენახა, არადა, მაფრთხილებდნენ,­ ყველაფერი ისე გააკეთე,­ რომ კამერისკენ არ გამოიხედოო, მე კი მაინც თვალი გამირბოდა. გადაღება რომ დაიწყეს, 9 წლის ვიყავი, ახლა 24-ის ვარ.


- გგავთ ფილმის პერსონაჟი თედო?
- არა. ფილმის გმირი დამოუკიდებელი ბავშვია, რისკიანი, მე არ ვიყავი ასეთი­, ნაბოლარა და ნაფერები გახლდით, ორი უფროსი ძმის მზრუნველობით გაზრდილი, თუმცა თავნებას თამაში არ გამიჭირდა, მერე კი ისე მოვირგე მისი ტყავი, მეგონა, საკუთარ თავს ვასახიერებდი...

მთელი გადამღები ჯგუფი მანებივ­რებდა, განსაკუთრებით - ჯანო იზორია­. სულ თან დავყვებოდი, სასტუმროშიც მის ოთახში მეძინა. სადაც დაჯდებოდა, კისერზე ვეკიდებოდი. სწორედ ამიტომ­ მისი პერსონაჟის სიკვდილი უდიდესი ელდა და ტკივილი აღმოჩნდა ჩემთვის, თავზარი დამეცა... არ გავუფრთხილებივარ არავის - გაისმა სროლის ხმა და ჯანოს უცებ სისხლით დაესვარა ტანისამოსი! მე გაგიჟებული გადმოვხტი ურმიდან... სწორედ ამიტომ გამოვიდა ეს სცენა ასეთი დამაჯერებელი. იმ დღეს ჯანო მართლა მომიკვდა და მართლა სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემი სახე რომ გადაიღეს და ჯანო წამოდგა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთელი დღე ხელს აღარ ვუშვებდი.

- მოპარულ მანქანაშიც ძალიან დამაჯერებლად ჩხუბობთ...
- ასეთი მომენტების გადაღებისას ბატონი გიორგი ივიწყებდა, რომ რეჟისორი იყო და ფსიქოლოგი ხდებოდა. მითხრა, წარმოიდგინე, გოგოს ავიწროებენ, აწუხებენ,­ ატირებენ, შენ კი ვაჟკაცი ბიჭი ხარ და რას იზამო? მეც გავითავისე ეს სიტუაცია და, უხ, თქვენი-მეთქი, წამოვიძახე გაბრაზებულმა. ეს მართლაც ჩემი რეაქცია იყო და არა - სცენარის ტექსტი. საჭესთან რომ ზის, იმ გმირს ერთი ისეთი შემოვცხე, ტუჩები დავუხეთქე.

- განსაკუთრებით დასამახსოვრებელია თქვენი ცეკვა, ცეკვა შიშით და ტირილით...
- ყველაზე რთული ეს სცენა იყო... დათუნიკა სხირტლაძეც მონაწილეობდა ამ სცენაში. სულ მეფერებოდა, მანებივრებდა, სითბოს ასხივებდა. მანამდე ცეკვაზე არასდროს მივლია და არც შინაურ წრეში მიცეკვია, მაგრამ არ ვიცი, იმ მომენტში რა მომივიდა - გიორგი ოვაშვილმა მაგიდაზე რაღაც რიტმი დაუკრა ხელით და მე ისე ავცეკვდი, ყველას სიცილი აუვარდა. შემაქეს. დათუნიკამ მითხრა, ძალიან მაგრად ცეკვავ და იცოდე, აღარსად იცეკვო, სანამ ამ სცენას არ გადავიღებთო.

ფილმი რომ გამოვიდა, უსასრულო ფესტივალები მოჰყვა და ახალი ცხოვრება დაიწყო. სრულიად სხვა სამყაროში შევაბიჯე. პირველად გერმანიაში ჩავედით. ემოციებითა­ და მგზავრობით დაღლილმა, ბერლინში სასტუმროს კარი ჩავ­კეტე და დავიძინე. თურმე აბრახუნებენ, ჩამოიღეს კარი, ბატ­ონმა გიორგიმ ყველა­ ფეხზე დააყენა, რა აღარ იფიქრეს და ბოლოს მეხანძრეები გამოიძახეს, მათ მოლოდინში მეც გამოვედი ოთახიდან, რა ხდება-მეთქი. ფერი აღარ ედო ბატონ გიორგის.

ყველა ფესტივალზე ტაშით მხვდებოდნენ. ბელგრადის ფესტივალზე იქაურ პროდიუსერს გავყევი ფილმის ჩვენებაზე. ფილმის დამთავრების ემდეგ გამოაცხადეს, ამ ფილმის მთავარი გმირი ახლა დარბაზში ზისო და შემხვდნენ ტაშის გრიალით. ერთი მოხუცი მამაკაცი მოვიდა და ფული ჩამიკუჭა ჯიბეში - შევებრალე... მერე იმ ფულით აეროპორტში ერთი შეკვრა "სნიკერსი" ვიყიდე. არ დამავიწყდება, გერმანიაში ემიგრანტები როგორ ტიროდნენ ამ ფილმის ნახვისას და თან როგორი ამაყები იყვნენ ქართული ფილმის წარმატებით.


- თვითონ რა რეაქცია გქონდათ, ფილმი პირველად რომ ნახეთ?
- მე არ მომწონდა ჩემი თამაში. ვფიქრობდი, რომ უფრო კარგად შეიძლებოდა მეთამაშა. სკოლაში ბევრი გულშემატკივარი მყავდა, ცოტა - მოშურნეც... პრემიერის შემდეგ ჩემს რაიონში ძალიან ცნობილი ბავშვი გავხდი. ერთ დღეს ბატონ გიორგის საფრანგეთის მაშინდელმა ელჩმა მამუკა კუდავამ შეატყობინა, რომ მას­ დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც "გაღმა ნაპირის""ყურების შემდეგ გამოთქვა სურვილი, ჩემი თვალის ოპერაციის თანხა გადაეხადა. ჩემი პრობლემა არ იყო თანდაყოლილი, მერე დამაკლდა მხედველობა, გაზარმაცდა თვალი, შევიდა შიგნით და სიელმე გამოიწვია. სიმართლე რომ ვთქვა, სწორედ ამ თვალის გამო მოვხვდი კინოში. ამ ღვთისნიერი ფრანგი ქალბატონის დასაც იგივე პრობლემა ჰქონია და მას ოპერაცია წარმატებით გაუკეთეს, ამის შემდეგ კი ჩემზეც იზრუნა. რვა დღე დავყავი საფრანგეთში. სხვათა შორის, ძალიან ძვირი დაჯდა ოპერაცია. იქ მამუკა კუდავასთან ვცხოვრობდი და მისი მადლიერი ვარ.

- მომავალში რა პროფესიას დაეუფლეთ?
- თეატრალური კოლეჯი დავამთავრე, ვითამაშე გიორგი ოვაშვილის კიდევ ერთ ფილმში - "სიმინდის კუნძული" და კიდევ რამდენიმე ფილმში... ამჟამად ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობ...

- კარგით არაფრით დაგამახსოვრდებათ ეს წელი?
- უპირველესად იმით, რომ დავოჯახდი და ბედნიერი ცხოვრება დავიწყე. ჩემი რჩეული ანი ხუციშვილია, წარმოშობით რაჭველი, ოღონდ ამჟამად მისი ოჯახი თელავში ცხოვრობს. ანი პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა წელს. ახლა პატარას ველოდებით. ქორწილი ვერ გადავიხადეთ, ვერც ჯვარი დავიწერეთ - ქვეყნის ეპიდემიოლოგებს დავუჯერეთ და თავშეყრა და ხალხმრავალი სუფრა გადავდეთ.

მადლობელი ვარ გიორგი ოვაშვილისა­ და იმ ბედნიერი დღის, როცა თვალის ექიმის რიგში მასთან ერთად მოვხვდი...

მკითხველის კომენტარი (16)
სოსო
03 იანვარი 2021 19:04
საოცარი ფილმია და საოცარი როლი შექმნა თედომ.არსებობს ასეთი ფილმი"ფართოდ დახუჭული თვალებით" და თედოს გმირის ფართოდ დახუჭულმა თვალებმა,იმხელა საშინელება დაიტია,რომ ვერავითარი ძალა ვეღარ მაიძულებს,ეს ფილმი,კიდევ ერთხელ ვნახო.50 წელს გადაცდენილს და ათასი უბედურების მნახველს,კინაღამ გული გამისკდა.ბედნიერ ახალ წელს,ბედნიერ ცხოვრებას და წარმატებებს ვუსურვებ,თედოსაც და ფილმის ყველა მონაწილესაც.თედოს დამატებით დაოჯახებასაც მივულოცავ,ვუსურვებ სიყვარულით სავსე,მრავალშვილიანი ოჯახის შექმნას
ნანა
03 იანვარი 2021 11:55
ძალიან მიყვარს შენი გმირი! მძიმე ფილმია და მაინც ყოველ კადრს ვუყურებ, არ მინდა მივატოვო! მიხარია შენი წარმატებები და გისურვებ ყველაზე მთავარს- ბედნიერებას!
22
03 იანვარი 2021 11:27
ღმერთმა ხელი მოგიმართოს და წარმატებები არ მოგიშალოს. მიხარია რომ წავიკითხე კარგ ბიჭზე. სულ მაინტერესებდა მისი ცხოვრება როგორ აეწყო. ბედნიერება და წინსვლა ამ ახალ წელს მინდა ვუსურვო.
შორენა
03 იანვარი 2021 11:22
თედო ძალიან კარგი ადამიანია .
თბილი და გულლღია გამართლებას ვუსურვებ
ქეთი
03 იანვარი 2021 00:35
დაუვიწყარი პერსონაჟია...
გაიხარე.
დაჩი
02 იანვარი 2021 16:27
გაიხარე, მადლიერების გრძნობა რომ გაქვს ეს უკვე ნიშნავს რომ კარგი კაცი დამდგარხარ!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები