ანია ელფების ქვეყანაში - კვირის პალიტრა

ანია ელფების ქვეყანაში

როგორ აუხდინა ზღაპრების ილუსტრატორმა თავის 4 წლის გოგონას ბავშვობის ოცნება

პერ ბრეიეჰაგენი ნორვეგიელი ფოტოგრაფია, თუმცა ბოლო დროს მან სახელი გაითქვა, როგორც ზღაპრების ილუსტრატორმა. ადამიანი, რომელმაც თავის 4 წლის გოგონას ელფობის ოცნება აუხდინა, მალე გახდა ბესტსელერი ზღაპრების ილუსტრატორი. ნამდვილი საახალწლო განწყობა, ელფების ქალაქი და ზამთრის ჯადოსნური ზღაპარი - ეს პერის, მისი მეუღლე ლორისა და მათი ქალიშვილის, ანიას ოჯახური გართობა იყო, რომელმაც მალე საერთაშორისო ყურადღება მიიქცია. როგორ გახდა ანია ელფი და რა სირთულეებთან იყო დაკავშრებული პატარა გოგონას ირმებთან პოზიორობა, ამ და სხვა საინტერესო მოგზაურობებზე პერ ბრეიეჰაგენი ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას" უამბობს.

- როდესაც ნორვეგიაში იზრდები, ქვეყანაში, სადაც მეზღაპრეობას თავისი ტრადიცია აქვს, მუდმივად გახსენდება ჯადოსნური ამბები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბუნებაში იწყებ მოგზაურობას. ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე ძველ ხეში ელფის თავშესაფარს, ტროლების ცხოვრებას მაშინ, როდესაც ადამიანები არ იყვნენ. საახალწლო ფოტოსესიის ამბავი კი ასე დაიწყო: მე და ჩემი ოჯახი 2008 წელს ნორვეგიაში შევხვდით. ანიამ ტრადიციული სამოსი მოირგო, რომელიც ჩვენს ოჯახს წინა თაობებისგან ერგო - წითელი ქუდი, საამების ფეხსაცმელი ჩრდილოეთში მცხოვრები ირმების მწყემსისგან (საამები - ეთნიკური ჯგუფი ევროპაში - ავტ.) და ბებიაჩემის ტრადიციული წითელი კაბა, რომელიც პატარაობაში ეცვა. როდესაც ანია თოვლში გავიდა სათამაშოდ, ყველაფერი ერთად დამიდგა თვალწინ, თითქოს ზღაპარი გაცოცხლდა. ანია დაბადებიდან მიჩვეულია ობიექტივს, სიამოვნებდა კიდეც ეს პროცესი. სხვა ამ ასაკის ბავშვი დაიღლებოდა, მაგრამ ანია - არა. ისე ბუნებრივად პოზიორობდა კამერასთან, რომ მივხვდით, რაღაც სიუჟეტების შეთხზვაც შეგვეძლო. პირველი ჩვენი ფოტო ირემთან ერთად გადავიღეთ, რომელიც წიგნის ყდა გახდა.

- თქვენი ფოტოების მიხედვით შეიქმნა ზღაპარი, რომელიც ბესტსელერი გახდა. - თავიდან ფოტოები საშობაო ბარათისთვის გვინდოდა, მაგრამ მეგობრებსა და ოჯახს მეტი სურდათ. ჩემს მეუღლე ლორის გაუჩნდა იდეა, ანიას მოგზაურობის შესახებ ზღაპარი დაეწერა. არ ვიყავი დიდი ოპტიმიზმით განწყობილი, რადგან ვიცი, როგორი რთულია წიგნის გამოცემა, მაგრამ მერე რამდენიმე გამომცემელთან მივედით. ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობის - Random House-ის რედაქტორმა შეხვედრის შემდეგ გვითხრა, რომ მას წიგნის დაბეჭდვა სურდა. დიახ, მალე ანიას შესახებ ზღაპარი ბესტსელერი გახდა. ჩვენი საკუთარი ზღაპარი გავაცოცხლეთ და ამის შემდეგ დავიწყეთ შემოქმედებითი მოგზაურობა, რამაც ანიას თავგადასავლებზე კიდევ ექვსი წიგნი დაგვაწერინა.

- ფოტოსესიის დროს ბევრი სახალისო ამბავი გადაგხდებოდათ თავს... - დიახ... ანია 4 წლის იყო, ეს სერიები რომ დავიწყეთ. ყოველთვის ადვილი იყო მასთან მუშაობა, მაგრამ ამ ფოტოების გადაღების დროს ძალიან ციოდა და გვეშინოდა, ყინვაში არ გათოშილიყო. ლამაზი კაბის შიგნით თბილი, ჰაერგაუმტარი ტანსაცმლის რამდენიმე ფენა ეცვა, ხელთათმანებს კი ხელის გამათბობლები ჰქონდა. ერთი საათი ვუნდებოდით მის გამოწყობას. ირმებთან ერთად გადაღებებისთვის სპეციალური მანქანით ძალიან ზევით ავდიოდით მთებში. ანია ირემს შევახვედრეთ და ეს ნამდვილი სასწაული იყო. თვალს ვადევნებდით შვლებისა და ანიას ურთიერთობასაც. ნორვეგიული ფიორდ ცხენი (ერთ-ერთი უძველესი ცხენის ჯიში), სახელად იოტნე, ანიას ბებიის მეზობელს ჰყავს და დამეგობრდნენ. ყოველდღე მივდიოდით, რომ ანიას ცხენით ესეირნა. ისე კარგად გაიცნეს ერთმანეთი, რომ ფოტოების გადაღებას მშვიდად ვადევნებდით თვალს. ამ ფოტოების უმრავლესობა ჩემს მშობლიურ ოლში, სამხრეთ ნორვეგიის მთებში გადავიღეთ. ახლა ანია 16 წლისაა და უხარია, როცა ამ ფოტოებსა და წიგნს ხედავს. ამაყობს იმით, რაც ოჯახმა ერთად შევქმენით. კვლავ ძალიან უყვარს თოვლი და საუკეთესო მოთხილამურეა.

- პერ, თქვენ იყავით იმ ექსპედიციის წევრი, რომელმაც ანტარქტიკა გადაკვეთა. ამ მოგზაურობის შესახებ გვიამბეთ. - ექვსკაციანი, ისტორიაში პირველი საერთაშორისო ტრანსანტარქტიკის ექსპედიცია დიდი პროექტი იყო, სამწლიანი შეთანხმებით. პირველი ექსპედიცია იყო გრენლანდიაში. ექსპედიციის დროს ფოტოგრაფს ისევე უწევს საკუთარი თავის გადარჩენისთვის ბრძოლა, როგორც ჯგუფის სხვა წევრებს. მთელი პროცესი უნდა აღბეჭდო და თანაც გადაღების დროს თითები არ უნდა წაგეყინოს. ზოგჯერ მიწევდა, თხილამურით ჯგუფისთვის გამესწრო, მათთვის ფოტო გადამეღო და გზა გამეგრძელებინა. მიყვარს სრიალი, ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. იყო დღეები, როდესაც ძლიერ შტორმთან გვიწევდა გამკლავება. ეს ჩვენი მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის ნამდვილი გამოცდა გახლდათ. დღეების განმავლობაში დავდიოდით გაყინულები, გადაქანცულები და სველები, რამაც საბოლოოდ ყველა დაგვაზარალა. ეს იყო მოგზაურობა, რომელიც მთელი ცხოვრება თან გაგვყვება. ამისთვის მუდამ მადლიერი ვიქნები უილ სტიგერის (ჯგუფის ხელმძღვანელი) და მთელი ექსპედიციის.

- ერთი ფოტოს ისტორია მიამბეთ...

- საერთაშორისო ტრანსანტარქტიკის ექსპედიციამ წარმატებით გაიარა 5 960 კილომეტრი და მხოლოდ 25,6 კილომეტრი აშორებდა დათქმულ ადგილს რუსეთში, კონკრეტულად კი მირნიში (რესპუბლიკა სახა), როდესაც ძლიერი შტორმი ამოვარდა და ჯგუფის იაპონელი წევრი კეიცო ფუნათსუ გაქრა. გამძვინვარებული თოვლიანი ქარიშხალი იყო, ხილვადობა - ძალიან სუსტი. ექსპედიციის ხელმძღვანელმა უილ სტიგერმა ძებნა მაშინვე დაიწყო, ჯგუფის წევრები 104-მეტრიან თოკს ჩავებით და უზარმაზარი წრე გავაკეთეთ, თან მთელი ხმით ვეძახდით კეიცოს. მთელი ღამის და დღის ძებნის შემდეგ უკვე იმედდაკარგულები ვიყავით, როდესაც 12-საათიანი ბობოქარი შტორმის შემდეგ უეცრად თეთრი ნამქერიდან კეიცო გამოვიდა. ამ კადრისა და სამაშველო ოპერაციის გადაღებისას ჩემი ფოტოაპარატი ყინულით იყო დაფარული. ეს იყო საშინელი ღამე, თუმცა მერე ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული მოგზაურობა, ჯერჯერობით ძაღლებით ბოლო ექსპედიციის მოგზაურობა ანტარქტიკაში.