2020 წლის ახალშობილები - კვირის პალიტრა

2020 წლის ახალშობილები

წარმოგიდგენთ ცნობილ ოჯახებს, რომელთაც 2020 წელს ახალი, ყველაზე საპატიო და საყვარელი წევრი შეემატათ. ალბათ, მიმიხვდით - ჩვენს რუბრიკაში წლის ახალშობილებს გაგაცნობთ, ადამიანებს, ვინც თავისი ამქვეყნად მოვლინებით პირბადისფერი წელი გააფერადეს, ოჯახებში სიხარული შეიტანეს და დეპრესიის ღრუბლები გაფანტეს.

"შუა პანდემიის დროს, გიორგობა დღეს დაიბადა ჩვენი ნანატრი ბიჭი"

"რამაზს 9 თვე არ სჯეროდა, რომ ბიჭს ველოდით... ბავშვი როცა გაჩნდა, ექთანმა ფოტო გაუგზავნა. რამაზს ეგონა, მე ვიყავი ფოტოს ავტორი და მომწერა, წესიერად გადაიღე, კარგად დავინახო, რომ ბიჭიაო. ექთანები იცინოდნენ... ერთი კვირა არ უშვებდნენ ჩვენთან და ხან ვიდეოზარით რეკავდა, ხან მესენჯერით, შორიდან გვესიყვარულებოდა..."

ჟურნალისტ ხატია სიჭინავასა და რამაზ ნოზაძის წყვილს სამი ქალიშვილის შემდეგ 2020 წელს ნანატრი ბიჭი შეეძინათ.

ხატია სიჭინავა: - ეს წელი ძალიან ცუდად დამამახსოვრდებოდა, რომ არა ახალი სიცოცხლის შემობრძანება ჩემს ცხოვრებაში. პანდემია რომ დაიწყო, ფეხმძიმედ ვიყავი. შუა პანდემიის დროს, 6 მაისს, გიორგობა დღეს დაიბადა ჩვენი ნანატრი ბიჭი. პალატაში არავის უშვებდნენ, იზოლირებული ვიყავი. არ მიყვარს მარტოობა და ცოტა დავიძაბე, თუმცა იმხელა რაღაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი გახარებული და ბედნიერი ვიყავი, ყველაფერი გადაწონა.

- ალბათ, ნერვიულობდით, მშობიარობა კომენდანტის საათს არ დამთხვეოდა....

- წინასწარ მქონდა დაგეგმილი საკეისრო კვეთა, ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ვინერვიულებდი.

- სახელი თქვენ დაარქვით?

- ფეხმძიმობისას მეუღლეს ვთხოვე, მამა გიორგი ბასილაძის საფლავზე წავიდეთ-მეთქი. მამა გიორგის ჩემს ცხოვრებაში არაერთი სასწაული მოუხდენია. საფლავი პატარა სოფელ ჭოგნარშია. იქ რომ მივედით, ვუთხარი, თუ ბიჭი იქნება, აუცილებლად შენს სახელს დავარქმევ-მეთქი. ამის შემდეგ ძალიან მალე გავიგე, რომ ბიჭი მეყოლებოდა.

- მამის რეაქცია როგორი იყო, როცა გაიგო, რომ სამი ქალიშვილის შემდეგ ბიჭის მამა ხდებოდა?

- 9 თვე არ სჯეროდა, რომ ბიჭს ველოდით... ბავშვი როცა გაჩნდა, ექთანმა ფოტო გაუგზავნა. რამაზს ეგონა, მე ვიყავი ფოტოს ავტორი და მომწერა, წესიერად გადაიღე, კარგად დავინახო, რომ ბიჭიაო. ექთანები იცინოდნენ... ერთი კვირა არ უშვებდნენ ჩვენთან და ხან ვიდეოზარით რეკავდა, ხან მესენჯერით, შორიდან გვესიყვარულებოდა... გარდა მამა გიორგისთან დაკავშირებული ამ დათქმისა, გიორგობა დღეს დაიბადა ჩემი შვილი, ანუ ყველა პირობა ჰქონდა, რომ გიორგი ყოფილიყო. მაგრამ ჩემს მულისშვილსაც გიორგი ჰქვია და მაზლისშვილსაც, ამიტომ მეორე სახელიც დავარქვით - გიორგი-მიქაელი, მამა გიორგისა და მთავარანგელოზ მიქაელის სახელი.

- დები როგორ შეხვდნენ გიორგი-მიქაელს?

- დებს კარგა ხანს სათამაშო ეგონათ. ახლა სულ დახმარებას მთავაზობენ, არ იციან, რა გაუკეთონ და როგორ მოეფერონ. დიდი სიყვარულით მიიღეს. მესამე ჯერ პატარაა და ეჭვიანობა იმით გამოხატა, რომ მაყიდინა თოჯინა, მეც მყავს შვილიო და რასაც მე ვუკეთებდი პატარას, ისიც ასე უვლიდა თავის თოჯინას - ხან პამპერსს უცვლიდა, ხან აბანავებდა და ხან აჭმევდა... დედის როლი მოირგო...

მამიკო ძალიან ჩართულია გიორგი-მიქაელის მოვლაში. ერთი სული აქვს, როდის წამოიზრდება, რომ სპორტზე ატაროს, ოღონდ რომელ სახეობაზე, არ ვიცი. ამისთვის ნატრობდა ბიჭს - ჩემი საქმე გააგრძელოსო, თუმცა არა მგონია, ჭიდაობაზე მიიყვანოს, მაგრამ სადაც მიიყვანს, ზუსტად ვიცი, მოსთხოვს, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს.

გიორგი-მიქაელი ძალიან კარგი ბიჭია, მხიარული, კარგი გასაზრდელი, არ მაწვალებს, თავის დებთან შედარებით ღამითაც სძინავს... ვერ ვიტყვი, რომ 2020 კარგი წელი იყო, მაგრამ იმედი მაქვს, 2021 მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გამოასწორებს სიტუაციას. `კვირის პალიტრის~ მკითხველს ვულოცავ ახალ წელს. გირჩევთ ეს დღე აჩუქოთ თქვენს თავს და თქვენს ოჯახს და აუცილებლად იყავით მხიარულები.

"ჯერიმ მთელი სამყარო ამომიტრიალა"

ეს წელი ბედნიერი იყო ილო ბეროშვილისა და ანი ბებისათვის, მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ჯერი დაარქვეს.

როგორც მშობლები ამბობენ, ჯერის კარგი მუსიკალური სმენა აქვს და უკვე დიდ ინტერესს იჩენს კამერის მიმართ. ცოლ-ქმარი ერთად ზრუნავს პატარაზე მათ ძიძა არ ჰყავთ. "ჯერიმ მთელი სამყარო ამოატრიალა. ვამბობ ხოლმე, აქამდე ტყუილა მიცხოვრია, წყალში გადაყრილი წლები ყოფილა-მეთქი." - ამბობს ანი ბებია, რომლისთვისაც ჯერი პირველი შვილია, ილოს კი წინა ქორწინებიდან ორი ულამაზესი ქალიშვილი - ევა და სესილი ჰყავს, რომლებიც დიდ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენენ პატარას მიმართ.

"ჯერ კოსმო შეგვეძინა, ახლა კი კიკინებიან გოგოს ველოდებით"

წელს გიორგი ყიფშიძე და ენი გასიევა მსოფლიოში ყველაზე პოზიტიური კოსმოს მშობლები გახდნენ.

ენი გასიევა: - ჩვენთვის 2020 წელი სასიამოვნო სიახლის წელი იყო და ასეც გაგრძელდა - ჯერ კოსმო შეგვეძინა, 2021 წლის აპრილისთვის კი მეორე შვილს ველოდებით. კოსმო ძალიან ტკბილი ბავშვია. სხვანაირია, თვალებით გეკონტაქტება, შეუძლია მოგნუსხოს და დაგატყვევოს თავისი გამოხედვით. არ არის ჭირვეული, კარგი ხასიათი აქვს, სიმპათიურია... თავიდან ვფიქრობდი, რადგან დედა ვარ, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, მაგრამ როცა ყველა იმავეს ამბობს, ესე იგი, ასეა.

- ვის ამსგავსებენ?

- სხვები უფრო მე, მაგრამ მგონი ცოტ-ცოტა ყველას გვგავს. ხასიათი კი ისეთი კარგი აქვს, ოჯახში მსგავსი არავინ გვყავს.

სახელი უცებ მოვიფიქრეთ. საგონებელში კი ვიყავით, მოუხდება თუ არაო, მაგრამ რომ დაიბადა და შევხედე, მივხვდი, კოსმო ზუსტად საიმისო სახელი იყო. ისეთი თბილი ბავშვია, უხდება. მოფერებით კოსმიკოს ვეძახით.

- ალბათ, მთელი ოჯახი შეგცვალათ...

- ოჯახში ყველა ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. არავინ არავის ხელს არ უშლის, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ რამდენიმე თაობა. პირიქით, ვცდილობთ ერთმანეთს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ, კოსმო კი უფრო გვაერთიანებს. მან მეტი ხალისი შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში.

- ახლა ვის ელოდებით?

- კიკინებიან გოგონას აპრილის ბოლოსთვის. სახელი ჯერ არ მოგვიფიქრებია...

- გიორგი როგორი მამაა?

- კარგი, ყურადღებიანი, მზრუნველი. მე, გიორგი და კოსმო ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ მეტი სიკეთე მოეტანოს 2021 წელს თქვენთვის, უფრო საინტერესო წელი ყოფილიყოს, ვიდრე წინა წელი იყო.

"ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ"

2020 წელს ნინო სურგულაძე და გიორგი ინწკირველი ტყუპის მშობლები გახდნენ, რომელთაც ნატალია და ზაქარია დაარქვეს.

ნინო სურგულაძე: - 2020 წელს დაიბადა ჩემი ტყუპი, ზაქარია და ნატალია ინწკირველები. ეს ნამდვილად დიდი საჩუქარია ღვთისგან, დიდი სიხარული და ბედნიერებაა. დიდ ყურადღებას მოითხოვენ, მაგრამ ბედნიერი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოფერებას პასუხობენ, ნელ-ნელა ურთიერთობას სწავლობენ. ვფიქრობდი, ბედნიერება განმიცდია-მეთქი, მაგრამ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.