2020 წლის მოდის ტენდენციები - კვირის პალიტრა

2020 წლის მოდის ტენდენციები

"სილუეტი იქნება დახვეწილი - სექსუალური და არავულგარული ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით"

- ჩემი სტილი არასოდეს დაკარგავს აქტუალურობას, რადგან კლასიკა ყოველთვის დარჩება მოწოდების სიმაღლეზე. ყველაზე მოდური იქნება ვერცხლისფერი, ოქროსფერი, წითელი და მწვანე. სილუეტი იქნება დახვეწილი - სექსუალური და არავულგარული ქალი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ფეხსაცმელი უნდა იყოს ცოტა წაწვეტებული და წაგრძელებული - მრგვალცხვირიანი ფეხსაცმელი ფეხს ამოკლებს! ქუსლიც თხელი და დახვეწილი უნდა იყოს, "შპილკებს" რომ ეძახდნენ, ისეთი.

- კაბა რა სიგრძისაა?

- სხვადასხვა. თუმცა ჩემთვის სადღესასწაულო ყოველთვის არის გრძელი კაბა, რომელიც ფარავს ფეხსაცმელს. შეიძლება იყოს დიდი ჭრილით, სადაც ჩანს ფეხი და ძალიან ლამაზია, თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო. შლეიფი აუცილებლად არ მიმაჩნია, მაგრამ ძალიან მომწონს, რადგან სხეულს სიმაღლეს მატებს. კაბა მიყვარს გამოყვანილი და მაღალ წელზე დაფიქსირებული სილუეტით. სასურველია ზომიერი დეკოლტე და ძალიან გრძელი სახელოები. 2021 წლის ტენდენციაა წაგრძელებული მხრები. ისევ აქტუალურია ოვერსაიზ-პიჯაკები, ძირითადად, ქამრის გარეშე, ასევე ორბორტიანი პიჯაკები, სადაც უნდა დომინირებდეს მკვეთრი ტონალობები - სალათისფერი, სტაფილოსფერი, ლურჯი ელექტრიკი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

- როგორი შარვლები იქნება მოდური?

- მოდურია ისევ მაღალწელიანი შარვლები, რაც ძალიან მიხარია. ასევე შემოვიდა ოდნავ შლაქსის ტიპის დავარდნილი ტოტები. შარვლის სიგრძე წელს ფეხსაცმელს ფარავს. ქვედაბოლოები, ძირითადად, არის მუხლზე ან მუხლის ქვემოთ და გამოყვანილი... რაც შეეხება აქსესუარებს, მასიური აქსესუარებია მოდური - ბევრი სქელი ჯაჭვი. აქტუალურია მეტალი, ქვები, ბროშები, ყველა ფერის ერთმანეთში არეული ქვები ბროშებზეც, საყურეებზეც, ოღონდ თუ ასეთ სამკაულს გაიკეთებთ, სადა კაბა ჩაიცვით.

- ჩანთის ფორმა როგორია?

- ძირითადად, კლატჩებია მოდაში, მართკუთხედი, წაგრძელებული ფორმის. ვინტაჟური ჩანთებიც მოდურია, ბებიის რედიკულები რომ იყო, ისეთი. აქტუალობას არც სპორტული ჩანთები კარგავს.