მე ვარ ნოქარი! - კვირის პალიტრა

მე ვარ ნოქარი!

"კვირის პალიტრა" იწყებს ახალ რუბრიკას - "აირჩიე პროფესია." ამ რუბრიკაში პერიოდულად გაგაცნობთ  სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.

სამწუხაროდ, ადამიანთა ნაწილს რატომღაც ჰგონია, რომ შეუფერებელ და დამამცირებელ საქმეს აკეთებს, ამიტომ საქმე, რომელსაც შემოსავალი მოაქვს, არ უყვართ, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, უმუშევრობას მაინც სჯობს. არადა, თითოეული პროფესია უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ცხოვრებაში და ნებისმიერი თანამდებობა უზარმაზარ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

თამარ გელაშვილი 29 წლისაა და უკვე რამდენიმე წელია პარფიუმერიის მაღაზიაში მუშაობს. ბევრი კლიენტი, თურმე, იმიტომ სტუმრობს, რომ თამარის მომსახურება მოსწონს. რას ფიქრობს თამარი თავის საქმეზე?

თამარ გელაშვილი: - კონსულტანტი კი არა, მე ვარ ნოქარი (ეღიმება). რატომღაც ყველას დაავიწყდა ეს ძველისძველი, უცხო წარმოშობის, მაგრამ მაინც გაქართულებული სიტყვა. სკოლის დამთავრებამდე ფსიქოლოგობა მინდოდა... მერე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ბუღალტრის სპეციალობით წარჩინებით დავამთავრე. ახლა, როგორც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, მეც მაქვს თაროზე მოწიწებით შემოდებული დიპლომი.

KvirisPalitra.Geთუ სადმე ჩემი სპეციალობით ვაკანსია გამოჩნდებოდა, "ხელის წამკვრელი" არავინ მყავდა, ამიტომაც იქ მივედი, სადაც მხოლოდ ჩემი ნიჭი და უნარი კმაროდა.

ჩემი საქმე უზარმაზარ ენერგიასა და სიყვარულს მოითხოვს, თუმცა ჯანმრთელობას მინადგურებს. მუდმივად ფეხზე დგომისა და დამღლელი სამუშაოს გამო ხერხემალზე ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. ეს არის საქმე, რომელსაც თავს ვერ გაართმევ, თუ  დიდი მოთმინება არ გაქვს. ადამიანებთან ურთიერთობამ, ფაქტობრივად, ფსიქოლოგად მაქცია, ფსიქოლოგის პროფესიას აქ უდიპლომოდ დავეუფლე.

რაც უნდა რთული ხასიათის ადამიანი ჩანდეს, ყველა კლიენტს უნდა მშვიდად ელაპარაკო, ისე, რომ  გაქცევის სურვილი არ გაუჩნდეს. მაღაზიაში ბევრი გაღიზიანებული და აგრესიული ადამიანი შემოდის. ცდილობს, აგრესია ჩვენზე გადმოანთხიოს. თან რჩევას გთხოვს, თანაც ირონიულად გეუბნება, შენ რა იციო? აი, დღესაც ერთი ასეთი კლიენტი შემოვიდა და გაღიზიანებულმა დამიწყო გამოკითხვა, როგორ შემეძლო დამედასტურებინა ერთ-ერთი ფრჩხილის ლაქის მწარმოებელი კომპანიის სანდოობა, - "შენ საიდან იცი, ისინი რას გზავნიან უცხოეთიდან, თვითონ უნდა ჩახვიდეთ და ადგილზე ნახოთ, რა პროდუქციააო."

მოკლედ, კლიენტს ბევრიც ვუხსენი, რომ ჩვენი მაღაზიის მეპატრონე დაკვირვებისა და კვლევის მიზნით ნახევარ თვეს უცხოეთში სხვადასხვა კოსმეტიკურ საწარმოში ატარებს, მაგრამ შეისმინა? კიდევ დიდხანს იბობოქრა და წავიდა. მე კი წყენა  გადავყლაპე და მორიგ კლიენტს, ვინ იცის შარიანს თუ მშვიდს, ისე შევხვდი, თითქოს არაფერი  მომხდარა. ამიტომ გითხარით, ეს სამუშაო ძალიან დიდ მოთმინებას მოითხოვს-მეთქი.

ჩემი დღიური გასამრჯელო 10-11 ლარია. თავიდან  უფროსების კეთილი და მეგობრული დამოკიდებულების გამო ითმენ, მაგრამ დროთა განმავლობაში დაბალ ხელფასზე გული მიცრუვდება. ყველაფერი ძვირდება, ჩვენ კი ისევ ისეთი ხელფასები გვაქვს. მხოლოდ თავი გამაქვს, მაგრამ სხვა სამსახურიც რომ არ ჩანს... ჩვენ გავცემთ ყველანაირ ადამიანურ რესურსს, სამაგიეროს კი ვერ ვიღებთ.

დღეს რომ შემომთავაზონ ორი სამსახური - ბუღალტრის და ისევ ნოქრის, რომელს ვამჯობინებ? სადაც კარგად გადამიხდიან, იმას! აქ მუშაობა შემოქმედებითი პროცესია ჩემთვის. დაბალი ხელფასი მაწუხებს, თორემ მომწონს ჩემი საქმე. მახარებს კმაყოფილი ადამიანები, რომლებიც უკვე წლებია, აქ დადიან, იმიტომ, რომ მენდობიან. ბევრი კლიენტი უკვე ჩემი მეგობარიც გახდა.