"საკმაოდ გული მატკინა ბევრის გამოხმაურებამ" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა - კვირის პალიტრა

"საკმაოდ გული მატკინა ბევრის გამოხმაურებამ" - რას ჰყვება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა

"ჩემთვის მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ვნახო იქ, სადაც ახლა ამ წერილს ვწერ… ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი..."

მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო და ყველაფერი წარმატებით მიმდინარეობს. საზოგადოება ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინის გაკეთებაზე უარს არ ამბობს. ამერიკა ამ პროცესს უკვე შეუერთდა და დიდ საავადმყოფოებსა თუ კლინიკებში მოქალაქეები ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რიგებში დგებიან.

27 წლის ქართველი ექიმი დავით მაღლაკელიძე ნიუ-იორკში, Coney Island Hospital-ში შინაგანი მედიცინის რეზიდენტია. სულ ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თავის მეგობრებსა და ახლობლებს საინტერესო სიახლე გაუზიარა - ქართველმა ექიმმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა და თავს მშვენივრად გრძნობს. დავითს ამერიკაში ვაქცინაციის პროცესსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ:

- მოგვიყევით თქვენზე, როგორ აღმოჩნდით ამერიკაში? - პირველად დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას  ვესტუმრე ამერიკულ ჰოსპიტალს, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ამერიკელ ექიმებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდი და სწორედ ამ დროს გამიჩნდა სურვილი, პრაქტიკული გამოცდილება სწორედ აქ მიმეღო. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე ჩავაბარე USMLE-ის საფეხურები, იგივე ამერიკის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები და, როგორც უკვე გითხარით, ამჟამად Coney Island Hospital-ში შინაგანი მედიცინის რეზიდენტი ვარ.

- ამერიკაში უკვე დაიწყო ვაქცინაცია, როგორ მიდის ეს პროცესი? - ამერიკაში ვაქცინაცია 10 დღეზე მეტია, რაც დაიწყო. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ვაქცინას იღებენ ე.წ. ფრონტის ხაზის ექიმები, რომლებიც უშუალოდ კოვიდინფიცირებულ, მძიმე პაციენტებთან მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში ვმუშაობ რეანიმაციაში, სადაც პაციენტთა უმრავლესობა სწორედ კოვიდინფიცირებულია, მეც შემომთავაზეს ვაქცინის გაკეთება. ყველაფერს კარგად გავეცანი, შევისწავლე და დავთანხმდი. სამედიცინო პერსონალის უმრავლესობა ვაქცინაციის დაწყებას მოუთმენლად ელის მას შემდეგ, რაც კვლევებმა Pfizer-ისა და Moderna-ს ეფექტიანობა აჩვენა. ყველას დიდი იმედი აქვს, რომ სხვებიც მალე შეძლებენ ვაქცინის მიღებას.

პარასკევს, 18 დეკემბერს, როდესაც ვაქცინა გავიკეთე, მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინა იყო ამერიკაში ნებადართული, თუმცა შემდეგ, რამდენიმე დღეში Moderna-მაც გაიარა ავტორიზაციის ყველა საფეხური და ახლა ორივე ვაქცინა აქტიურად გამოიყენება.

- ვაქცინის გაკეთებიდან სულ ცოტა დრო გავიდა, ახლა როგორ გრძნობთ თავს? - თავს იდეალურად ვგრძნობ და საკმაოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი ვაქცინის მიმართ. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ეს ვაქცინა ნებაყოფლობითია და მხოლოდ ისინი იცრებიან, ვისაც ამის სურვილი აქვს. დაზუსტებით ვამბობ, რომ არავინ არავის არ აძალებს აცრის გაკეთებას. მეც ვაქცინა ჩემივე ნებით მივიღე. იმდენად მძიმე სიტუაციას ვუყურებ ყოველდღიურად რომ მიმაჩნია, ეს ჩემთვის მართლაც აუცილებელია.

- რამე გვერდითი მოვლენა ან ტკივილი ხომ არ მოსდევს ვაქცინის გაკეთებას? - მე პირადად გვერდითი მოვლენა არ მქონია, გარდა ლოკალური ტკივილისა, რომელმაც 2 დღეში სრულიად გამიარა. თუმცა კვლევებმაც აჩვენა, რომ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, ზოგადი სისუსტე და სხვა სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები, ისიც - რამდენიმე დღით.

- რა პრინციპით იცრება ხალხი? როგორც ვიცი, ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული. - როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჯერ ხდება სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია, თუმცა გეგმაშია, რომ რაც შეიძლება მალე ვაქცინაციის პროცესმა სრულად მოიცვას ექიმები, ექთნები და რისკჯგუფში მყოფი მოქალაქეები (ქრონიკული დაავადებების მქონე, მაღალასაკოვანი ჯგუფები). იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა, რომელიც pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინების ეფექტიანობის განსაზღვრისთვის ჩატარდა, არ მოიცავდა ორსულებსა და 16 წლამდე მოზარდებს, ამ ჯგუფების ვაქცინაცია ჯერ სათანადოდ შესწავლილი არ არის.

- ხალხის ჩართულობა და სურვილი როგორია, თანახმაა საზოგადოება ვაქცინის გაკეთებაზე? - ჩემ გარშემო ყველა დიდი სიხარულით შეხვდა ვაქცინაციის პროცესის დაწყებას და ისინი, ვისაც ჯერ არ გაუკეთებიათ, მოუთმენლად ელიან თავის რიგს. საზოგადოებაშიც იმატა ინტერესმა, რადგან ხალხი უკვე ხედავს ვაქცინირებულ ექიმებს, პირველ პირებს, რომლებიც უსაფთხოების ჩვენების მიზნით პირდაპირ ეთერში იცრებიან და მასაც აინტერესებს, თავად როდის შეძლებს აცრას. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით თავს იკავებენ და მათ არც არავინ აძალებს აცრას, პირიქით, იმხელა რიგია ამ ვაქცინაზე რომ რა გითხრათ? ვინმეს თუ არ უნდა, უკეთებენ მას, ვისაც მართლა უნდა და ესაჭიროება.

- რამდენი დრო სჭირდება ვაქცინას თავისი ფუნქციის შესასრულებლად? - Pfizer-ით ვაქცინაციას თავისი 95%-იანი ეფექტიანობის გამოსამუშავებლად, ორი დოზა სჭირდება. პირველ დოზას 21 დღის შემდეგ მოჰყვება მეორე დოზა, აქედან გამომდინარე, ვაქცინი ორივე წილის მიღებას და მყარი იმუნური პასუხის გამომუშავებას, დაახლოებით 1,5 თვე სჭირდება.

- შიში გქონდათ, ვიდრე ვაქცინას გაიკეთებდით? - ცხადია, ვაქცინის გაკეთებამდე კითხვის ნიშნები მქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც დეტალურად გავეცანი კვლევების დიზაინს და შედეგებს, მშვიდად მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება. 
ყოველდღე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვიბრძვი კოვიდინფიცირებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისთვის. ბევრად უფრო დიდი შანსია, კორონავირუსი გადამედოს და ამით დამიშავდეს რამე, ვიდრე - ვაქცინის გაკეთებით. რა თქმა უნდა, შიში არის, მაგრამ როცა საკითხი ეხება ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებას, შიში მეორეხარისხოვანია, ალბათ, მარტო პაციენტების სიცოცხლისთვის ბრძოლა ხდება მთავარი.

- როგორი სიტუაციაა კოვიდვითარების მხრივ ნიუ-იორკში და ხალხი როგორ იცავს წესებს? - ნიუ-იორკი პანდემიის დასაწყისიდანვე საკმაოდ ცხელი წერტილია და დღემდე ყოველდღიურად იმატებს დღიური შემთხვევების რაოდენობა. სამწუხაროდ, შტატს ყოველდღიურად ათობით გარდაცვლილი პაციენტიც ჰყავს. მკაცრი რეგულაციების შემოღების შემდეგ მოსახლეობა იცავს წესებს - იქნება ეს პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება თუ პირადი ჰიგიენა.

-  და ბოლოს, რა შეგიძლიათ უთხრათ ქართველ ხალხს ვაქცინასა და მის უსაფრთხოებაზე? - ჩემს პირად გვერდზე ვაქცინაციის ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, საკმაოდ ორაზროვანი გამოხმაურება მივიღე. ნაწილი მაკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის აგიტაციას ვეწევი პირადი ინტერესების გამო. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ვაქცინა არის ნებაყოფლობითი, ჩემი სურვილით გავიკეთე და არავითარი პირადი ინტერესი არ მქონია. ხაზს ვუსვამ - არანაირი. რაღა დაგიმალოთ და, საკმაოდ გული მატკინა ბევრის გამოხმაურებამ, 
არავის ვაიძულებ ბრმად ენდოს ჩემი ან რომელიმე სხვა ექიმის მოწოდებას, უბრალოდ, ჩვენ, გიზიარებთ ჩვენს მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, გათვალისწინება თქვენთვის მოგვინდია. ჩემთვის მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ვნახო იქ, სადაც ახლა ამ წერილს ვწერ… ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი...

(სპეციალურად საიტისთვის)