"პატრიარქის ფრთებს ვართ შეფარებული და ვენდობით, რადგან ის უფლის ნებით ამბობს, რასაც გვეუბნება"
"პატრიარქის ფრთებს ვართ შეფარებული და ვენდობით, რადგან ის უფლის ნებით ამბობს, რასაც გვეუბნება"
"ახლა არის ჩვენი არსებობის გამძაფრებული გააზრების დრო"

"კოვიდპანდემია გაკვეთილია მსოფლიოსთვის, რომელმაც კაცობრიობას ბევრი რამ, განსაკუთრებით კი სინანული და გულწრფელი სიყვარული უნდა ასწავლოს", - ამბობს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე (ერისკაცობაში სტეფანე გრიგოლის­ ძე კალაიჯიშვილი). "კვირის პალიტრას" მეუფე ბოლოდროინდელ აქტუალურ თემებზე ესაუბრა.

- ღვთის ჩარევის გარეშე არაფერი ხდება, ყველაფერი ჩვენ გარშემო ან ღვთის დაშვებით ხდება, ან მისი ნებით.

შესაძლოა ჩვენ მოკვდავები განვიცდიდეთ, რომ რაღაც ისე არ ხდება, მაგრამ ამაშიც
უფლის ხელი ურევია, რომელიც შორს იყურება და ამით უარესს გვარიდებს.
უფალი ამბობს, ტირილი სიხარულად გადაიქცევაო. ასე რომ, თუ რამე ხდება ახლა ჩვენს სამყაროში, სადარდებელი და საწუხარი, რაც უნდა ეცადოს ბოროტი, უფალი მაინც სასიკეთოდ მოატრიალებს. თუმცა ბოროტი მაინც ცდილობს დრო იხელთოს და კაცობრიობას დარდი არ გამოულიოს.
ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის შვილის გამო, რომელიც ამ სენს შეეწირა.

ნუ მიეცემით დეპრესიას, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. სიკვდილის პირისპირ დარჩენილი ადამიანი უფრო მეტად ფიქრობს სიცოცხლეზე. ამიტომ კარგი იქნება, ღირებულებებს თუ გადავაფასებთ, რამდენად სწორად იცხოვრა ან ცხოვრობს. ეს ხომ შანსია გამოასწოროს, ან სიკეთისკენ შეცვალოს თავისი გზა. პანდემია ადამიანს შესაძლებლობას აძლევს განაახლოს და თავისთვის სასიკეთოდ შეცვალოს ყველაფერი. თუ ეს სენი შეეყარა, როგორღაც უნდა ეცადოს სარგებელი დაინახოს, გაიაზროს, რომ არც ის და არც არავინ არის უკვდავი ამ სამყაროში და ისიც ვალდებულია პასუხები გასცეს კითხვებზე. რას აკეთებს იმისთვის, რომ უფლის წინაშე მართალი წარდგეს.

თუ ასეთი თვითშეფასება ექნება, ძალიან კარგია სულისთვის და ასეთ დროს გარდაცვალებასაც უფრო მშვიდად მივიღებთ, თუმცა ასეთი მზაობა ბევრს არ შეუძლია. თუ ის სწორ გზას დაადგება - უფალი აუცილებლად დააცდის შეცვლას. შესაძლოა ვიღაცებს ჩემი სიტყვები სასაცილოდ არ ეყოთ, მაგრამ რწმენით მცხოვრებთათვის ასეა, ადამიანის ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ბოლოს ან სიხარულით მთავრდება, ან ტკივილით. შესაძლოა ტკივილი სულიერი იყოს, მაგრამ ესეც საჭიროა, რათა განწმენდილი შვებით გადავიდეს უფალთან.

პანდემიას ნამდვილად აქვს კარგი მხარე. მაგალითად, შესაძლოა აღვირახსნილი ცხოვრების, ნარკოტიკების გავრცელების ადგილები, ღამის კლუბები შეიზღუდოს დიდი ხნით. არ მჯერა, რომ ეს მთელი ცხოვრება ასე იქნება და ვიღაცები ამაზე უარს იტყვიან, მაგრამ ახალგაზრდებისთვის, მათი ჯანმრთელობისთვის, მომავლისთვის, ეს მცირედი პაუზაც სასარგებლო იქნება.

იქნებ პოლიტიკოსებმაც გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა ხალხის, ქვეყნის წინაშე. მახსოვს, ამერიკის კონგრესში იყო გამოსვლები, სინანულის სიტყვები უფლის წინაშე. იქნებ ჩვენთანაც გაუჩნდეთ ასეთი განწყობა, რომ ღვთის წინაშე რაღაცას აკეთებენ და გამოსწორების სურვილი გაუჩნდეთ. იქნებ შეძლოს კაცობრიობამ და უკეთესის საწყისი გახდეს ეს სენი.

- თქვენ გჯერათ ამის?
- მე ადამიანში მისი სიკეთის საწყისის მჯერა, რომელსაც ზოგჯერ ბიძგი სჭირდება. გახსოვთ, ალბათ, ბევრი მოგვიწოდებდა, არ ჩატარებულიყო სააღდგომო რიტუალი, ლამის მკვლელები გვიძახეს, არადა, რეგულაციების დაცვით ვიკრიბებოდით, მღვდელი თუ მრევლი ყველა წესის დაცვას ვცდილობდით. ინფიცირების ცოტა მაჩვენებელი რომ იყო, ხელისუფლება თავის დამსახურებად მიიჩნევდა, ღმერთი არავის გახსენებია....

უფალი ადამიანებს კითხვებს უსვამს და ისინიც სხვადასხვაგვარად სცემენ პასუხს. არიან ისეთები, ვისაც თავიანთი პასუხისმგებლობა ესმით თავისი სიცოცხლისა და სამშობლოს წინაშე. არიან ისეთები, რომლებიც მუდმივად სხვებს განიკითხავენ, რაც კარგი ხდება, მათი დამსახურებაა, ცუდი - სხვისი. მოყვასის, კაცის, უფლის, სიყვარული არც ახსოვთ, არადა, ეს არის ყველასა და ყველაფერზე მთავარი, გულწრფელი სიყვარული არის ადამიანის გადამრჩენელი და უნდა ვეცადოთ ყველანაირ სიტუაციაში შევინარჩუნოთ, რადგან მის გარეშე ყველაფერი აზრს კარგავს. ამ უმძიმეს სიტუაციაში სიყვარული გვაკლია ოჯახში, მეგობრობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში. მხოლოდ ზერელე, თბილი მოკითხვა არ არის სიყვარულის გამოხატვა, საქმითაც უნდა დავამტკიცოთ. დავანახოთ ადამიანს, რომ ძვირფასია ჩვენთვის, მისი ტკივილი გვტკივა და სიხარული გვახარებს. იქნებ დადგა დრო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, გავიაზროთ, რომ ყველაფერზე მთავარი არის უფლისა და ადამიანის სიყვარული, დანარჩენი: ქონება, ფული, პოპულარობა, სულ ამაო და წარმავალი. ამის გააზრება თუ შევძელით, ცხონებისკენ მიმავალი გზაც გვიპოვია. ნუ გადავაყოლებთ ამ წუთისოფელს უსაგნო რამეებს. კაცობრიობას აქვს დაფიქრების დრო, ჰოდა, დავფიქრდეთ, ეს დრო კარგისთვის გამოვიყენოთ.

ვფიქრობ, ქართველი ერის ნაწილი უკვე დაფიქრებულია, იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, მაინც სხვაგვარად აღიქვამს სამყაროს, უფალს, სიკეთეს, ბოროტებას... იმედია, ვინმე გაიაზრებს, რა მნიშვნელობა აქვს უფალთან თანხმობას. ეს ჰაერიდან არ მოდის - ჩემი ღმერთი მყავს და კარგად ვიქნებიო, ღმერთმა ამისთვის ეკლესია შექმნა. ქრისტე კაცობრიობას ადამიანის სახით გამოეცხადა, რომ მათ დაეჯერებინათ და უთხრა, იმდენად ხართ თავისუფალი, რამდენადაც თავს ფლობთო. მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, მაგრამ დღემდე არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. არადა, ამ დროის განმავლობაში სამყარომ უამრავი განსაცდელი გამოიარა. ახლა ისე წარმოაჩენენ, თითქოს ეკლესია ფიქრსა და აზროვნებას კრძალავს. მსგავსი რამ არასდროს ყოფილა, უბრალოდ, ახლა აღვირახსნილობას თავისუფლებად ასაღებენ. ახლა არის ჩვენი არსებობის გამძაფრებული გააზრების დრო. როგორმე გამოვასწოროთ ჩვენი უზნეობა და ისე ღრმად არ ჩავვარდეთ ცოდვაში, რომ გვიანი იყოს. ასეთ ადამიანებს შემდეგ ეჩვენებათ, რომ სამყარო მათი წინააღმდეგია და ყველაფერს ებრძვიან როგორც ბოროტებას და ჰგონიათ, მხოლოდ თავად არიან მართალი. ასე ხდება, როცა კაცი ღვთის იმედს კარგავს. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ამგვარი განწყობა ინერგება და იმიტომაც არის სუიციდის ამდენი შემთხვევა. რწმენას შორდება ადამიანი. ამ პანდემიის დროს სტრესი კი არ იკლებს, მწვავდება.

ახლა ვაქცინის იმედზე ვართ, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, ისევ ახალი შტამი გაჩნდება და მორიგი ვაქცინის მოლოდინში ვიქნებით. ანუ ისევ ფიქრობს ადამიანი, როდემდე ვიქნებით ასეო, და სასოწარკვეთილებისკენ მივდივართ, იმედად გვრჩება მხოლოდ უფლის რწმენა. გამოცოცხლება, მეორე სუნთქვა გვჭირდება, თორემ ძალიან დავშორდით ნათელს, ჭეშმარიტს, ხალასს.

- მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეშობის მოლოდინშია.
- ადამიანებმა უნდა დაიცვან რეგულაციები, მაგრამ უნდა ილოცონ. ყველას მოვუწოდებ უფლის გარშემო გაერთიანდნენ, სახლში იქნება, აივანზე თუ ტაძარში, უფალი იშვას თქვენს გულებში და ყველაფერს გადავლახავთ, ყველა დაბრკოლებას მოვერევით. ამ მძიმე განსაცდელში მასთან უნდა ვიყოთ, ვინც სიკვდილი სიკვდილით დაამარცხა. გიყვარდეთ უფალი, თქვენს თავსა და სხვებში! ეცადეთ გულწრფელი და მოკრძალებული იყოს თქვენი თანადგომა. ეს იმ განწყობით კი არ უნდა გააკეთოთ, შენ გიჭირს და მე კი უკეთეს მდგომარეობაში ვარო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთ დღეს თქვენც აღმოჩნდებით ისეთ დღეში, როცა თანაგრძნობა დაგჭირდებათ.

საქართველოში დაძაბულობა სულ არის, ხან აქციებია, ხან ჩხუბი და ყვირილი, თუმცა არის რაღაცები, რაზეც იქნებ სამუდამოდ შევთანხმდეთ. ამ საერთო შეთანხმებაში ეკლესიასაც შეიძლება თავისი როლი ჰქონდეს. მავანს ეს არ მოსწონს, მაგრამ უნდა თუ არა, თუნდაც იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანებს შევახსენოთ, პოლიტიკამდე ადამიანობაა მთავარი! იქნებ შევთანხმდეთ იმაზე, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია - მშვიდობასა და სტაბილურობას ვგულისხმობ. დანარჩენი იყოს ისე, როგორც არის, ჩხუბიც, კამათიც, ყვირილიც... იდეალურ საზოგადოებას ვერ შევქმნით, თუმცა იქნებ კონკრეტულ საკითხზე შევთანხმდეთ, რომ წინ წავიდეთ. თუ საჭიროა ხელახალი არჩევნები, ჩავატაროთ, მაგრამ ხომ უნდა გავარკვიოთ, რა გვჭირდება?.. თუ საჭიროა პოლიტიკოსების აქტიურობა, იაქტიურონ, ისე, რომ ვინმეს არ დააბრალონ, გააყალბაო და ან ვინმემ არ დააბრალოს, აყალბებსო. შეთანხმებამდე მივიდეთ, რომ ყოველი არჩევნების დროს მუდმივად ეს არ იყოს საჯილდაო ქვა. რადიკალური პოზიციები, შევალთ-არ შევალთ, ქვეყანას არ მოუტანს კარგს. ყველაფერს ვითვალისწინებთ, დასავლეთსაც, აღმოსავლეთსაც და ჩრდილოეთსაც, მხოლოდ საკუთარ თავს არ ვითვალისწინებთ, ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. საქართველოს ყოველთვის უწევდა ლავირება. არაერთი ისტორიული გამოცდილება გვაქვს, თურქეთი და სპარსეთი ქაჩავდნენ აქეთ-იქით, მაგრამ სწორი გზა ვიპოვეთ და გადავრჩით. ასე რომ, ვფიქრობ, ყველა ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ქვეყანას სჭირდება.

- 4 იანვარი პატრიარქის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც უამრავი რამ გადაიტანა.
- პატრიარქს ისეთ რთულ პერიოდში მოუწია ერის სულიერი საჭის მართვამ, რომ გამორჩეული მადლის გარეშე ამას ბევრი ვერ შეძლებდა. ყველა ჩვენგანი მისგან ვსწავლობთ სიმშვიდესა და სიყვარულს. უამრავი სიბინძურე, ლანძღვა და ცილისწამება გადაიტანა, თუმცა ერთი აუგი სიტყვა არ უთქვამს. ამით მაგალითი მოგვცა მიტევების, უპირობო სიყვარულის. ამიტომაც არის ის ღვთისკაცი, უფალი აძლევს ძალასა და უნარს, თავის მრევლს ემსახუროს. ახლაც კი ფიზიკურად ასე დაუძლურებულ ადამიანს უდიდესი ძალა აქვს და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ყოველთვის ახერხებდა გახლეჩილი საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის გამთლიანებას. მაშინაც კი, როცა ჩვენ მედიისგან, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვადასხვა წევრისგან რაღაცები გვწყინს, ის გვეხმარება, მეხამრიდივით შეურყევლად დგას და ცდილობს სხვაგვარად დაგვანახოს ბევრი რამ. ჩვენ კი მის ფრთებს ვართ შეფარებული და ვენდობით, რადგან ის უფლის ნებით ამბობს, რასაც გვეუბნება. შესაძლოა ერთი-ორი ადამიანი, ვითომ თეოლოგები და ვითომ ეპისკოპოსები, ყვირიან, ლანძღავენ და აგინებენ მას, მაგრამ სხვა თვალით რომ შეხედონ საკუთარ თავს უწმინდესის ფონზე, ძალიან უხერხულად იგრძნობენ თავს.

ვულოცავ მას ქრისტესმიერი სიყვარულით, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ, დიდხანს გვყავდეს. გავუფრთხილდეთ, ვისწავლოთ მორიდება და მოწიწება, ტყუილად არ ვატკინოთ გული. იქნებ ისე ხშირად არ შევაწუხოთ, რომ ფიზიკურად არ დაიხარჯოს, სულიერად კი ისედაც მოგვცემს ძალას თავისი ლოცვით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები