"ვითარება იმდენად მძიმეა, სახლში ვტოვებთ მას, ვისაც სუნთქვა ჟანგბადის აპარატის გარეშე შეუძლია" - რას ჰყვება ქართველი ექიმი საქსონიიდან - კვირის პალიტრა

"ვითარება იმდენად მძიმეა, სახლში ვტოვებთ მას, ვისაც სუნთქვა ჟანგბადის აპარატის გარეშე შეუძლია" - რას ჰყვება ქართველი ექიმი საქსონიიდან

მაშინ, როცა მთლიანად გერმანიაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, აქაურმა მოქალაქეებმა საშობაო სამზადისი არჩიეს ჯანმრთელობასა და რეგულაციების დაცვას. ევროპაში ძალიან უყვართ შობის დღესასწაული და ხალხი საჩუქრების საყიდლად გამოეფინა...

ქართველი ექიმი თამარ ლომიძე საქსონიის მხარის (გერმანია), სადაც ახლა ინფიცირების პიკია, სიდიდით მესამე ქალაქის, კემნიცის კლინიკაში პნევმონოლოგიის განყოფილებაში უმცროს ექიმად მუშაობს.

- უკვე რამდენიმე წელია აქ ვარ... კლინიკაში მუშაობის დაწყება მარტივი არ იყო, ბევრი ბიუროკრატიული საფეხურია გასავლელი...

- რა ხდება ახლა თქვენს ქალაქში? - გერმანიაში თითქოს პიკმა მარტ-აპრილში გადაიარა, მაგრამ იმ მხარეს, სადაც მე ვარ, საქსონიაში, ახლაა პიკი. გაზაფხულზე შეზღუდვები უფრო ვირუსის გავრცელების შეკავებას ემსახურებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ხალხი მოეშვა და ახლა მთელი კლინიკა გადავსებულია კოვიდპაციენტებით. ვითარება იმდენად მძიმეა, მას, ვისაც სუნთქვა ჟანგბადის აპარატის გარეშე შეუძლია, სახლში ვტოვებთ. ექიმებს ყველა პაციენტთან ინდივიდუალური კონტაქტი აქვთ, ან მათი ოჯახის წევრებთან.

ზოგიერთი შეშინებულია და პირდაპირ კლინიკაში მოდის, მაგრამ ექიმი გადაწყვეტს სტაციონარში გადაიყვანოს თუ სახლში გაუშვას და დისტანციურად მართოს. ყოველ დილით ადმინისტრაცია მართავს თათბირს და დეტალურად განვიხილავთ ახალ რეალობას მორგებულ სამოქმედო გეგმას. ახლა კლინიკაში უმეტესად დამძიმებული პაციენტები მოჰყავთ. ამ მხარეს რეგულაციები უფრო გამკაცრდა, მხოლოდ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები მუშაობს. ინფიცირების ზრდის გამო კლინიკის ხელმძღვანელობამ ადგილების მოძიება დაიწყო მეზობელი ქალაქების კლინიკებში. კლინიკა ზრუნავს, რომ მედპერსონალი, ექიმები, ექთანები არ გადაიღალონ. ამისთვის ადმინისტრაციამ სხვა განყოფილების ექიმები დაგვახმარა. თვით მაღალი სტატუსის მქონე ექიმიც ჩვეულებრივად ასრულებს სხვა ექიმის მითითებას.

- ექიმების ინფიცირება ხშირია? - საბედნიეროდ, არა. ვინც მსუბუქად ინფიცირებულია, განაგრძობს მუშაობას. მუშაობა არ უწევთ მათ, ვინც შედარებით მძიმედ არის, მაგალითად, აქვს სიცხე, თავის ტკივილი, სუნისა და გემოს დაკარგვა. ბევრს სურდა მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ადმინისტრაციამ იზოლაციაში დატოვა. "კოვიდი" მძიმედ გადააქვთ მათ, ვისაც ფილტვების პრობლემები აქვთ, ასევე, ასაკოვნებსაც. სიკვდილიანობა მათ შორის მეტია. გვყავს 50-55 წლის კოვიდპაციენტებიც, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

ამ საათივით აწყობილ ქვეყანაშიც კი შეიქმნა ხელთათმანების, პირბადეებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების პრობლემა. მუდმივად ივსება მარაგი, მაგრამ საკმარისი თითქოს არასდროს არის, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა, ფაქტობრივად, ყოველ საათში მატულობს. ამ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენელია რაიმეს დეფიციტი იყოს, მაინც შეიქმნა და კიდევ უფრო გამწვავებას ველოდებით.

- რამ განაპირობა ვითარების გართულება? - დაუდევრობამ... მაშინ, როცა მთლიანად გერმანიაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, აქაურმა მოქალაქეებმა საშობაო სამზადისი არჩიეს ჯანმრთელობასა და რეგულაციების დაცვას. ადრე ქუჩაში კანტიკუნტად მხვდებოდნენ, ყველა იცავდა რეკომენდაციას, პირბადეების გარეშე არავინ დადიოდა. ახლაც უკეთიათ, მაგრამ ზოგს ნიკაპზე აქვს ჩამოწეული. წინასაშობაო დღეებში სავსე იყო სავაჭრო ობიექტები, ქუჩები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ევროპაში ძალიან უყვართ შობის დღესასწაული და ხალხი საჩუქრების საყიდლად გამოეფინა. მას შემდეგ კი, რაც საშიში სტატისტიკა გახმაურდა, გაიაზრეს, რომ "კოვიდი" არსად წასულა. პოლიციამ სამ კაცზე მეტის შეკრება შეზღუდა, პირბადეების ტარებაც მკაცრად კონტროლდება. მთელი საქსონიის მხარე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, დაიკეტა სკოლები, ბაღები... არადა, ძალიან ცდილობდნენ, ეს არ მომხდარიყო.

ყველა უმუშევრად დარჩენილს ადგილობრივი ბიუჯეტიდან კომპენსაციას გადაუხდიან, მათ შორის, კერძო კომპანიებს, რესტორნებსა და კვების ობიექტებს. ისეთებსაც დაეხმარებიან, ვისაც სამსახური არა აქვს. სახელმწიფო პროგრამის თანახმად, ადამიანს, რომელსაც აქაური მოქალაქეობა აქვს, ფინანსური დახმარება ეკუთვნის. შრომისმოყვარე გერმანელებისთვის ძალიან მძიმეა უმუშევრად ყოფნა, ბავშვობიდან შრომას არიან შეჩვეული.

ერთი სიტყვით, მძიმე პერიოდია და ერთადერთი გამოსავალია შეზღუდვა. ეს ეხება ყველა სფეროს, რადგან ამოუწურავი რესურსი არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს, რაც უნდა განვითარებული იყოს.

- რა ინფორმაცია გაქვთ ვაქცინაზე? - როგორც ადმინისტრაციამ გვითხრა, იანვრიდან შემოვა და პირველად აიცრებიან მედპერსონალი და რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეები.