ვინ იყო გიორგი მახარაშვილი "საეჭვო კაცამდე" და როგორ შოულობს ფულს ჭამით - კვირის პალიტრა

ვინ იყო გიორგი მახარაშვილი "საეჭვო კაცამდე" და როგორ შოულობს ფულს ჭამით

"ჩვენი კონტენტი გათვლილია 18-დან 25 წლამდე ადამიანებისთვის, მაგრამ რეალურად დღეს თითქმის ყველა ასაკის მაყურებელი გვიყურებს..."

თანამედროვე სამყაროში ჭამით, თამაშით, ვარჯიშით, დიგერობით და სხვა საყვარელი აქტივობებით ფულის საშოვნელად ხალხმა Youtube-ს მიმართა. უკვე დიდი ხანია, ვიდეოპორტალი ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის, საინტერესო დამსაქმებლად იქცა. გარდა იმისა, რომ იუთუბერს საშუალება აქვს საკუთარ ინტერესებზე მორგებული კონტენტი შექმნას, წარმატების შემთხვევაში, შეიძლება სოლიდური შემოსავალიც მიიღოს როგორც გამომწერებით, ასევე რეკლამებით. დღეს კი გიამბობთ წარმატებულთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტ "საეჭვო კაცის" შესახებ.

გიორგი მახარაშვილი ("საეჭვო კაცი") გრაფიკული დიზაინერია. გიორგის თქმით, თავისი შვილის, ალექსანდრეს შემდეგ ყველაზე მეტად თავისი პერსონაჟი უყვარს. 27 წლის ასაკში მახარამ გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჭამით ფული იშოვება.

- სანამ ჩემს პერსონაჟზე დავიწყებ საუბარს, რომელიც საქართველოში ასე თუ ისე ყველამ გაიცნო, მინდა მოგიყვეთ, თუ ვინ იყო გიორგი მახარაშვილი "საეჭვო კაცამდე". დავიბადე ქალაქ გორში, ყოველთვის ვიყავი ცელქი ბავშვების ლიდერი და ვცდილობდი რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რასაც სხვები ვერც მოიფიქრებდნენ. მიყვარდა მათემატიკა და ჩავაბარე მექანიკური და ელექტროსისტემის ინჟინერიის ფაკულტეტზე, თუმცა არ დამიმთავრებია, რადგან ჩემთვის უნივერსიტეტის წლები ფაქტობრივად არაფრისმომცემი იყო. ვმუშაობდი სხვადასხვა ტელევიზიაში, შემდეგ გრაფიკულ დიზაინერად, დღეს კი მაქვს ერთ-ერთი წარმატებული იუთუბარხი საქართველოში.

"საეჭვო კაცის" წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჩვენ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოვჩნდით - სწორი კონტენტითა და სწორი შემსრულებლით. "საეჭვო კაცის" პერსონაჟი ჩემი ბუნებრივი სახეა, ასეთი ვარ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. თავიდან ყველაფერი დაუგეგმავად დაიწყო, მე და ჩემი პროდიუსერი აჩი ცენტერაძე თანამშრომლები ვართ. გვსურდა რაღაც სიახლე შემოგვეტანა ცხოვრებაში და რადგან კამერასთან მუშაობის გამოცდილება მქონდა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა Youtube-არხი და ჩაგვეწერა ვიდეოები. რადგან ჭამა ყველას უყვარს, ვიფიქრეთ გადაცემა აგვეწყო მთლიანად კვებაზე, ოღონდ ეს არხი იქნებოდა გაფორმებული სპეციფიკური იუმორითა და შეპარვით ნათქვამი სიმართლით. ყოველთვის, როცა ან რესტორანში შევუკვეთდი რაიმეს, ან რაიმე საკვებს გამოვიძახებდი, იშვიათად თუ მოდიოდა ის ხარისხი, რა თანხაც მქონდა გადახდილი. ამ თანხის გამოსამუშავებლად კი თითოეულ ჩვენგანს საათობით უწევს მუშაობა. ფაქტობრივად, პრობლემა ნაპოვნი მქონდა, ის, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. შემდეგი ნაბიჯი კი მისი მოგვარების გზებზე მუშაობა იყო. ვიდეო ნათხოვარი აპარატურით გადავიღეთ, პირველი ჩაწერისას უამრავი პრობლემა შეგვექმნა: ჯერ ხმა ვერ გავასწორეთ, შემდგომ ჩვენების ხარისხი აგვერია, მაგრამ მაინც დავამონტაჟეთ და Youtube-ზე განვათავსეთ. დაინტერესება თავიდანვე იყო, თუმცა ამხელა მასშტაბზე არც გვიფიქრია. 100 000 გამომწერს მიუღწეველ მიზნად ვთვლიდით. ჩვენმა ორკაციანმა გუნდმა მოახერხა მაყურებლისთვის ხარისხიანი კონტენტის სტაბილურად მიწოდება. საპასუხოდ ხალხმა შეიყვარა "საეჭვო კაცი" და ძალიან მალე ახალი მიზნების დასახვა მოგვიხდა. ხალხი ქუჩაში მცნობს და მესალმება, ხანდახან ჩემს ფრაზებს მოვკრავ ყურს და ძალიან მიხარია.

ჩვენი კონტენტი გათვლილია 18-დან 25 წლამდე ადამიანებისთვის, მაგრამ რეალურად დღეს თითქმის ყველა ასაკის მაყურებელი გვიყურებს. არხის ისტორიაში რამდენიმე გარდამტეხი მომენტი იყო: გარდამტეხ მომენტად შეიძლება ჩავთვალოთ კოლაბორაციების პროექტი, როცა ერთი დღის განმავლობაში 9 წამყვან ქართველ იუთუბერთან ერთად დავდეთ ვიდეო, რამაც შემდეგი 1 თვის მანძილზე დამატებით 60 000 გამომწერი შეგვძინა. ასევე საინტერესო იყო 100 000 გამომწერის აღსანიშნავი გადაცემა, სადაც მოლოცვები მივიღეთ ჰოლივუდისა და სპორტის ვარსკვლავებისგან. რაც შეეხება პანდემიას, ერთადერთი, ვისზეც კარგად იმოქმედა ამ ყველაფერმა, ჩვენ ვიყავით. "კოვიდმა" ორგვაროვანი ეფექტი იქონია არხზე: ერთი მხრივ, ლოკდაუნმა მნიშვნელოვნად გაართულა კონტენტის შექმნის პროცესი და ზოგი ვიდეოს დისტანციურად გადაღებაც გახდა საჭირო, რაც, პირველ რიგში, ვიდეოების სიხშირეზე აისახა. თუმცა, მეორე მხრივ, Youtube-ის გაზრდილი მოხმარება არხს მაინც სასიკეთოდ წაადგა. ჩვენ იუთუბერობა საქმიანობად გავიხადეთ, ყოველ ვიდეოში გულს ვდებდით. შეიძლება ჩაწერის წინ ცუდ ხასიათზე ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემი გამომწერებისთვის, რომლებიც ჩემი პოტენციური დამსაქმებლები არიან, ეს არასდროს მიჩვენებია. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ამისათვის კი დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. დღეს არხი წარმატებულ პროდუქტად ითვლება. სპონსორებისგან მიღებული ფინანსური სარგებელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვენ მთელი რესურსი "საეჭვო კაცისკენ" მიგვემართა. მომავალში ვგეგმავთ "საეჭვო კაცის" პარალელურად საზოგადოებას ახალი პროექტები შევთავაზოთ. ერთ-ერთი უკვე დავიწყეთ, სახელწოდებით "ყვითელი ინტერვიუ", და ვფიქრობთ საინტერესო მიმართულებებით განვავითაროთ.

ხანდახან ისმის ხოლმე ფრაზები ჩემი მისამართით, თითქოსდა ვისაც საკვები მოაქვს, მე ფარულად რეკლამას ვუკეთებ, მაგრამ დამერწმუნეთ, ასე არ არის. რომელი კომპანია აიტანს იმ ლანძღვას, რომელსაც მე ვისვრი?! ვფიქრობ, ჩემი გადაცემა და გადაცემა "სახალხო კონტროლი" რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. სანამ ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოების მოთხოვნის ანალიზსა და მასზე მორგებული ხარისხიანი პროდუქტის შექმნას, პროექტი წინსვლას განაგრძობს.

ცნობისთვის: მკითხველი დაახლოებით რომ მიხვდეს, რამდენად პერსპექტიული საქმიანობაა იუთუბერობა, გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ უცხოელს, რომლებმაც ამ კონტენტით მილიონები იშოვეს. 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი იუთუბერების სამეული და მათი წლიური შემოსავალი ასე გამოიყურება: 1. Ryan Kaji: 26 მლნ დოლარი; 2. Dude Perfect: 20 მლნ დოლარი; 3. Anastasia Radzinskaya: 18 მლნ დოლარი.

ზურა სოლომნიშვილი