"როგორ შეიძლება ღვთის მადლობელი არ ვიყო, როცა ჩვენს ოჯახს ეს არ შეხებია?" - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება ღვთის მადლობელი არ ვიყო, როცა ჩვენს ოჯახს ეს არ შეხებია?"

"საყოველთაო განსაცდელმა ჩემი ოჯახი კიდევ უფრო მტკიცე გახადა"

როგორ მოერია პანდემიით გამოწვეულ დაძაბულობას და რას უსურვებს მთელ საქართველოს, ამ და სხვა შეკითხვებზე პოპულარული ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გვიპასუხებს:

- როგორი იყო თქვენთვის 2020 წელი?

- ნებისმიერი ჩვენგანისთვის რთული წელი იყო - კორონავირუსი არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის, ერთი ქალაქის ან ერთი ქვეყნის პრობლემა. მთელი მსოფლიო ერთი დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ამ გამოწვევას როგორმე უნდა მოვერგოთ და ცხოვრება გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ გარემოც რთულია და უარყოფითი ემოციები ჭარბობს, როგორღაც შევძელი ამ ემოციებს მოვრეოდი - ვფიქრობ, საკმაოდ კარგი წელი მქონდა.

- ეს როგორ მოახერხეთ? - ამ წელიწადმა ჩემში სულ სხვა ძალა გააღვიძა, რომელსაც ადრე ვერც ვგრძნობდი და რომელიც ნებისმიერ ადამიანს აქვს. რაღაცნაირად მოვერგე ამ სიტუაციას, სამყაროს მივენდე და ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა.

- დაოჯახებას გულისხმობთ? - არა, ოჯახი 2019 წელს შევქმენი, ჩემი მეუღლე ლევან მათითაშვილია. უბრალოდ, საყოველთაო განსაცდელმა ჩემი ოჯახი კიდევ უფრო მტკიცე გახადა. ჩემ ირგვლივ უამრავმა ადამიანმა სამსახური დაკარგა. როგორ შეიძლება ღვთის მადლობელი არ ვიყო, როცა ჩვენს ოჯახს ეს არ შეხებია? არც მე და არც ჩემს მეუღლეს სამსახური არ დაგვიკარგავს. სირთულეებს მეტ-ნაკლებად თავი გავართვით, მაგრამ ემოციური მდგომარეობა წლის განმავლობაში მაინც ყველას დაძაბული გვქონდა. როგორმე უნდა გამოვძებნოთ ძალა, რომელიც გაგვაძლებინებს, რომლის წყალობითაც ხვალინდელი დღის გათენება გაგვახარებს.

- კარანტინმა ბევრ ოჯახს შეუქმნა საფრთხე, ბევრი წყვილი ერთმანეთს დაშორდა. - როგორც ვიცი, ასეთი სტატისტიკა გაზაფხულზე ჩინეთში გამოქვეყნდა: პირველი კარანტინის დროს ერთმანეთს ბევრი წყვილი დაშორდა. ჩემი აზრით, იმ წყვილებს გაუძნელდათ, რომლებსაც ერთმანეთთან ნაკლები კომუნიკაცია ჰქონდათ. ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ და ცხოვრების საკუთარი რიტმი ჰქონდათ, როცა ერთ ჭერქვეშ აღმოჩნდნენ, თავიანთი მეწყვილეები უფრო კარგად დაინახეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთი არ უყვარდათ. მადლობა ღმერთს, მე და ლევანს ეს პრობლემა არ გვქონია. პირიქით, კარანტინის დროს ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით და ჩვენს ურთიერთობას ბევრი ლამაზი ფერი შევმატეთ. საერთოდ, კომპრომისი ყოველთვის საჭიროა და არა მარტო მეუღლეებს შორის: როცა ოჯახში ორი ან მეტი ადამიანი ცხოვრობს, სულ სხვა დამოკიდებულებაა საჭირო. ჩვენც თითქოსდა უსიტყვო შეთანხმება გვაქვს - ვცდილობთ ჩვენი კომფორტის ზონაც შევინარჩუნოთ და სხვასაც არ შევუშალოთ ხელი. მეუღლე იქნება ეს, ჩემი შვილი თუ დედაჩემი, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, კომპრომისებზე დაუფიქრებლად მივდივართ. წინასწარ არა გვაქვს განსაზღვრული, ჭურჭელს ვინ დარეცხავს ან მტვერსასრუტს ვინ ჩართავს და სახლს ვინ დაასუფთავებს - შეიძლება ეს ლევანმა გააკეთოს, ან ჩემმა შვილმა. ოჯახში ყველა მოვალეობა ერთ ადამიანს არ უნდა დაეკისროს.

- როგორ შეხვდით ახალ წელს? - ნაძვის ხე, კლასიკური გაგებით, კარგა ხანია არ მქონია. მინიმალისტური ნაძვის ხე და რამდენიმე განათება მაქვს. სანამ ჩემი შვილი ლილუ პატარა იყო, ნაძვის ხეს ვრთავდი, მაგრამ ახლა უკვე 17 წლისაა და არ მსაყვედურობს, რომ ნაძვის ხე აღარ გვაქვს. რაც შეეხება საჩუქარს, როცა ვკითხე, რა გაჩუქო-მეთქი, მიპასუხა: 180 ლარი მაჩუქე, რომ მართვის მოწმობა ავიღო და კურსებზე ვიაროო. ახალ წელს ისედაც მოკრძალებულად ვხვდებით და ახლა, მით უმეტეს. არ იფიქროთ, ეს პანდემიის ბრალია, ახალი წელი შარშანაც ოჯახურ გარემოში აღვნიშნეთ. შინ ყოფნა და ერთმანეთთან ურთიერთობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც ნებისმიერ განსაცდელში გაგაძლებინებს.

- ყველაზე მეტად რომელი საახალწლო კერძის მომზადება მოგწონთ? - გამორჩეულად მიყვარს ბაჟე და მას ყოველთვის მე ვაკეთებ. კარგია, რომ როგორც კულინარი ნელ-ნელა ვიხვეწები. ისედაც, წლების განმავლობაში, ჩემი შვილისთვის ყველაფრის გაკეთება მიწევდა. თითქმის ყველა კერძს ისე ვამზადებ, რომ არც ვსინჯავ, მაგრამ მაინც ყველას მოსწონს. საახალწლო სუფრა ყოველთვის ერთნაირი გვაქვს: გოზინაყი, კანფეტები და ჩურჩხელა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.

- რას უსურვებთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს? - ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები, თუ გეტყვით: ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ - მე სხვა სურვილი არ დამრჩენია. რაც მთავარია, შიშით არ უნდა ვიცხოვროთ, რადგან ეს ვირუსი ბევრმა დაამარცხა და კიდევ ბევრი დაამარცხებს. ერთხელ ვცოცხლობთ და ამ სიცოცხლის შიშში გატარება ნამდვილად არ ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე