"ჩემს შვილებს ტელეფონში ჩემს ნომერზე "გრიშა" უწერიათ" - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილებს ტელეფონში ჩემს ნომერზე "გრიშა" უწერიათ"

"ამ სერიალიდან ყველაფერს მირჩევნია ერთი ეპიზოდი, როცა ჩემი მოახლე ლამარა მეუბნება, თქვენ კარგი კაცი ხართ, ბატონი გრიშაო, და ტირის. ვინ, გოგო, მე ვარ კარგი კაცი?! სულელი ხომ არ ხარ?! რასაა, რომ ამბობ-მეთქი?! ეს შეფასება ძალიან მომწონს..."

რუსთაველის თეატრის მსახიობს, დავით კვირცხალიას, კარგად იცნობს საზოგადოება. მასთან ინტერვიუ ყოველთვის საინტერესო და სასურველია ჩვენი მკითხველისთვის. კარიერის განმავლობაში არაერთი პერსონაჟის ცხოვრებით იცხოვრა, მაგრამ სანამ მათზე საუბარს დავიწყებდით, დღევანდელობას გავუსწორეთ თვალი.

- ღვთის წყალობით, ვირუსს ჯერ ჩვენთვის სახიფათოდ არ მოუკაკუნებია. ჩემს უფროს ქალიშვილს ჰქონდა, ოღონდ იოლი ფორმით. ჩვენ გავერიდეთ და გადავრჩით. შინ მე, ჩემი მეუღლე, ქალიშვილი და შვილიშვილი ვართ. შვილიშვილი 15 წლისაა, ჩართულია ონლაინგაკვეთილებში და საერთოდ არ სცილდება კომპიუტერს.

- შვილიშვილი თქვენი მოსახელეა... მკაცრი ბაბუა ხართ? გაკვეთილებს რომ იბარებენ, ისეთი... - არა. დათი თურმანიძეს არ სჭირდება ზედამხედველობა, მოწესრიგებული და დამოუკიდებელია.

- თქვენი განსახიერებული ედუარდ შევარდნაძე არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიტიკოსის ოჯახისთვისაც მოსაწონი აღმოჩნდა. ოდესმე მასა და საკუთარ თავს შორის მსგავსება გიგრძნიათ? - არასდროს. არც კი უხუმრია ვინმეს, რომ ვგავდი, მაგრამ მომანდეს ეს საქმე და გავრისკე... გრიმი რომ გამიკეთეს, შევცბი და შემეშინდა, ისეთი მსგავსება დავინახე. ერთი ციდა, მაგრამ საპასუხისმგებლო როლი იყო... არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შორეულ წარსულში საქმიანობდნენ და მათი განსახიერება სხვადასხვა ფორმით შეიძლება, ბატონი ედუარდი კი ახალი გარდაცვლილი იყო და ვხვდებოდი, მისი განსახიერებისას ზედმეტი არაფერი უნდა მომსვლოდა. როდესაც კრწანისში, მის რეზიდენციაში, გადაღებებზე გრიმით მივედი, იქ დამხვდნენ მისი ოჯახის წევრები, დაცვის თანამშრომლები, მძღოლი. როცა გაიგეს, რომ გრიშა კაკაჩიას როლის შემსრულებელს უნდა ეთამაშა ბატონი ედუარდის როლი, ალბათ, მათთვისაც დამაბნეველი და საინტერესო იყო, როგორ გავართმევდი თავს ამ ამოცანას.

შეხვედრისთანავე ვუთხარი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რა სირთულის წინაშე ვდგავარ, მაგრამ იცოდეთ, რომ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და დიდ პატივსაც ვცემდი ბატონ ედუარდს-მეთქი. ამის შემდეგ რჩევებსაც კი მაძლევდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი შვილიშვილის, ლაშა შევარდნაძისგან. მითხრა, მამაჩემზე მეტად შენ ჰგავხარ ბაბუაჩემსო. ნანული შევარდნაძეს მანანა გამცემლიძე ასახიერებდა. შევარდნაძეების საოჯახო ფოტოებს შორის ჩემი და მანანას ერთობლივი ფოტოც დადეს. ზუსტად ისე ვართ, როგორც ორიგინალში იყო ცოლ-ქმარი...

- არ შემიძლია გრიშა კაკაჩიას როლზეც არ გკითხოთ...

- ჩემს სერიოზულ ნამუშევრად მიმაჩნია "წელიწადში მხოლოდ ერთხელ". მე და მარი ჯანაშია ვთამაშობდით. გიგა ლორთქიფანიძემ რომ ნახა, სულ გმირებს გვეძახდა.

ჩვენს პროფესიაში ბევრი რამ გამართლებაზეა, სწორ დროს სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდე. ბედის კარნახით ბევრი რამ წყდება მსახიობის ბიოგრაფიაში. ჩემს თაობაში ბევრი ნიჭიერი კაცი გაჩერდა...

თავიდან კაკაჩიას როლი ეპიზოდური იყო. ეკა მჟავანაძემ, კასტინგის მენეჯერმა, მითხრა, შენი ნათამაშები მეგრელი ბიჭი მახსოვს გოგი გეგეჭკორთან ერთად სპექტაკლში "ძველი სამრეკლო", ამიტომ კაკაჩიას როლზე შენ გამახსენდიო. მეც დავთანხმდი, ვიფიქრე, დიდი პაუზა მაქვს და შვილიშვილს გავახარებ ჩემი ეკრანზე გამოჩენით-მეთქი. როლი რომ წავიკითხე, მომეწონა. გადასაღებ მოედანზე შესანიშნავი კოლექტივი დამხვდა. იშვიათად მინახავს ისეთი მოაზროვნე სცენარისტი, როგორიც ქეთი დევდარიანია. გიორგი ლიფონავა რაინდია, აუღელვებელი, ჩაფიქრებული, ლამაზი, ყველანაირად შემკული. გადასაღებ მოედანზე პირველად შევხვდი. გადაღების შემდეგ თმის შეჭრას ვაპირებდი და გიორგის ვკითხე, ხომ არ არის შანსი კიდევ რომელიმე სცენაში გამოჩენის, თუ შევიჭრა-მეთქი. არა მგონიაო, მითხრა, მაგრამ ათი დღის შემდეგ ისევ დამირეკეს, კიდევ ერთი სცენა დავამატოთო, მერე - კიდევ... მოკლედ, როლმა გაამართლა.

- კაკაჩია დადებითი პერსონაჟი არ არის, არადა, როგორც წესი, დადებითი ან ტრაგიკული პერსონაჟები უყვარდებათ ხოლმე... კაკაჩიას წარმატება და პოპულარობა აშკარად თქვენი დამსახურებაა. - რა ვიცი... სამყაროს მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასეთია - უარყოფითი და დადებითი გმირები არ არსებობენ... ამ სერიალიდან ყველაფერს მირჩევნია ერთი ეპიზოდი, როცა ჩემი მოახლე ლამარა მეუბნება, თქვენ კარგი კაცი ხართ, ბატონი გრიშაო, და ტირის. ვინ, გოგო, მე ვარ კარგი კაცი?! სულელი ხომ არ ხარ?! რასაა, რომ ამბობ!" - პასუხობს კაკაჩია. ეს შეფასება ძალიან მომწონს.

მარინა დარასელია ასრულებს ლამარას როლს. ის ზუგდიდის თეატრის მსახიობია. ჩვენ ძალიან დაგვაახლოვა ამ როლმა. ძმას მეძახის. ზუგდიდში ახლობელი გარდაგვეცვალა. რომ ჩავედი, მარინაც იქ დამხვდა. მთელი პროცესია ჯერ ჩვენ გვართმევდა ხელს და ჭირისუფალთან მერე მიდიოდა... ერთხელ სახლში წვეულება მქონდა. ჩემი ცოლი ღელავდა, ვერ ვასწრებ ღომის გაკეთებასო. მე ვუთხარი, აგერაა მარინა, დავურეკავ და მოგეხმარება, მეგრელი ქალია-მეთქი. მართლაც დავურეკე. კი დათუნა, ახლავე მოვალო, მითხრა და 10 წუთში ჩვენთან გაჩნდა, მაგრამ შეიცხადა, არ ვიცი ღომის გაკეთებაო. მაშინ ელარჯი გააკეთე-მეთქი. ელარჯი სულ არ ვიციო. კინაღამ სიცილით მოვკვდი. აბა, გადაღებისას ნაირ-ნაირი ღომი და ელარჯი საიდან მოგაქვს-მეთქი. რესტორნიდან მოაქვთო, სიცილით მითხრა.

- კაკაჩიას პერსონაჟს თქვენი ნაცნობების თვისებები თუ შემატეთ? - როდესაც როლზე იწყებ ფიქრს, ჯერ უნდა გადაწყვიტო, რა კატეგორიაში ეძებო მსგავსება, მაგრამ ამჯერად ეს ადვილი აღმოჩნდა, რადგან საორიენტაციო კუთხე სამეგრელო იყო. მყავდა ასეთი ნათესაობა - რუსეთიდან ჩამოსული, სად და როგორ იშოვეს ფული, კაცმა არ იცოდა. უმრავლესობა რუსულად და მეგრულად ლაპარაკობდა, სოჭში ჰქონდათ ბიზნესი. აი, ეს ამომიტივტივდა. კაკაჩიას სახე კრებითია. ხასიათის ექსცენტრიკულობა ბიძაჩემისგან ავიღე, რამდენიმე თვისება - ჩემი შორეული ნათესავებისგან... დროთა განმავლობაში ეს როლი ისეთი ჩემი გახდა, რომ მაგალითად, ჩემს შვილებს ტელეფონში ჩემს ნომერზე "გრიშა" უწერიათ. რომ ვურეკავ, გრიშას მეძახიან, მაგრამ არ მწყინს.

საერთოდ, მე ამ პროფესიისთვის მეტისმეტად მორცხვი ვიყავი. ბედს არ ვემდური, მაგრამ მეტის გაკეთება შემეძლო.

ახალგაზრდობაში ბევრი დრო დავკარგე დროსტარებაში. ხვალ გავაკეთებ-მეთქი, არადა, ისე მალე გადის დრო, მართლაც ჩიტივით მიფრინავს... უკვე 70 წლის ვარ... ამიტომაც ვაფასებ ამ როლს. კაკაჩია ამ ასაკში გადმომიგდო განგებამ და ბედის კმაყოფილი ვარ.

დღეს ძალიან სევდიანი ვარ, რადგან ერთი ბიძა მყავდა დარჩენილი, მამაჩემის ძმა ლერი კვირცხალია და გარდამეცვალა. საუკეთესო ადამიანი იყო, მან მასწავლა ცურვა, თევზაობა, ველოსიპედზეც მან დამსვა... დასავლეთში დაასაფლავეს. მძიმე სიტუაციაა, ვერ დავიძინებდი, რომ არ წავსულიყავი და პატივი არ მიმეგო მისი ხსოვნისთვის. ბევრი რამ სწორედ მისი ხასიათიდან ვისესხე კაკაჩიას განსასახიერებლად.

ამ ახალ წელს მინდა მივესალმო ჩვენს ხალხს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვირუსის გამო მთელი დუნია იქნებოდა დამუხრუჭებული, მაგრამ ჩემი ქვეყანა განსაკუთრებით მადარდებს. ბევრი განსაცდელი გამოგვიგზავნა უფალმა, მაგრამ ბევრი რამ დავძლიეთ და იმედია, ამასაც დავძლევთ. მჯერა, დადგება დრო და ჩვენზე ბედნიერი ერი არ იქნება ქვეყანაზე. ამ ახალ წელს ჯანმრთელობას, გაბრწყინებასა და გაბედნიერებას გისურვებთ.