"ბეჯითმა ელენიკომ" "ტრიუმფალური თაღი" მოიგო - კვირის პალიტრა

"ბეჯითმა ელენიკომ" "ტრიუმფალური თაღი" მოიგო

"წიგნის თაროს" მეორე ეტაპის გამარჯვებული გამოვლინდა

გამოვლინდა ფოტოკონკურს "წიგნის თაროს" მეორე ეტაპის გამარჯვებული. დაჯილდოება "თბილისი ცენტრალში" არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიაში შედგა.

გამარჯვებულ მამა-შვილს პრიზი კონკურსის სპონსორის, "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ წამალაშვილმა გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

www.konkurs.ge-ზე მიმდინარე ფოტოკონკურსის ყველაზე რეიტინგული ფოტოს, "ბეჯითი ელენიკოს" ავტორი გურამ ციხელაშვილია. ფოტოს მთავარმა გმირმა, 7 წლის ელენე ციხელაშვილმა პრიზად ერიხ მარია რემარკის "ტრიუმფალური თაღი" მიიღო, რომელიც - "50 წიგნის" სერიის მეათე წიგნია.

გურამ ციხელაშვილი: "კონკურსის შესახებ ambebi.ge-დან შევიტყვე, ამ კონკურსმა ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე, ამეტვირთა ფოტო, რომელიც ერთი წლის წინ ჩემს ქალიშვილს ტელეფონით იპოდრომზე გადავუღე".

KvirisPalitra.Geფოტოს მთავარი გმირი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, თუმცა ის მაინც გაგვიმხილა, რომ გამარჯვება ძალიან უხარია. "ეს ფოტო მამამ იპოდრომზე გადამიღო, როდესაც წიგნს ვკითხულობდი. კითხვა ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ", - თქვა ელენემ.

კონკურსის მესამე ეტაპი 28 მარტს დაიწყო და 10 აპრილამდე გაგრძელდება. საბოლოო შედეგები მაისის ბოლოს "წიგნის ფესტივალზე" გახდება ცნობილი. გამარჯვებულები "ბიბლუსისგან" განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდებიან.

პირველ ადგილზე გასული ფოტო მიიღებს "50 წიგნის" ყველა გამოცემას, მეორეადგილოსანი - "ქართული პროზის საგანძურის" ყველა წიგნს, მესამე ადგილის მფლობელი კი "ბიბლუსის" 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსანტებს უფლება აქვთ რეიტინგის ამაღლების მიზნით კონკურსში მონაწილე ფოტოები გამოიყენონ ნებისმიერ ინტერნეტრესურსზე (სოციალურ ქსელებში, ბლოგებში და ა.შ.), ხოლო რეიტინგით მანიპულაციის მცდელობისთვის კონკურსანტიც და ფოტოც მოიხსნება კონკურსიდან.

ქეთი შარაშენიძე