"ჩემთვის ეს ახალი წელი ბედნიერი იყო, რადგან..." - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ეს ახალი წელი ბედნიერი იყო, რადგან..."

"ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტარმა მაია ბითაძემ ახალი წელი ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. დღესასწაულს მის მიერ მორთული ნაძვის ხე და მისივე ხელით მომზადებული საახალწლო ნუგბარი - გოზინაყი ამშვენებდა. რა არის მისი ძლიერი მხარე, როგორი დედაა და რა იმედით შეხვდა 2021 წელს, ინტერვიუდან შეიტყობთ.

- დიდი იმედით შევხვდით 2021 წელს. მშვიდობის, ჯანმრთელობის და ყველაზე მნიშვნელოვანის - სოლიდარობის წელი ყოფილიყოს. იმედი მაქვს, რწმენით და მედიცინის მიღწევებით მოგვარდება პრობლემა, თუმცა გამოწვევები კვლავ იქნება.

ჩემთვის ეს ახალი წელი ბედნიერი იყო, რადგან ჩემი შვილები ჩემთან არიან. ისინი უცხოეთში სწავლობენ, ამიტომ მათთან ერთად ახალი წლის შეხვედრა ძალიან სასიხარულოა. პანდემიის გამო, დიდი ხანია, აქ არიან. ორი ვაჟი მყავს, 23 და 19 წლის. დედის პროფესია არ აირჩიეს, იურისტი არც ერთი არ არის, ეკონომიკის შესწავლა გადაწყვიტეს.

- თქვენს დეპუტატობას როგორ შეხვდნენ? - 16 წელია, საჯარო სექტორში ვმუშაობ, 8 წელზე მეტია - თანამდებობაზე, ამიტომ ჩემი შვილები მეტ-ნაკლებად მიჩვეული არიან ჩემს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას.

- დიასახლისი მაია ბითაძის ყველაზე ძლიერი მხარე რა არის? - ძალიან მიყვარს წესრიგი. საღამოს თუ მომიწია ცოტა ადრე დაძინებამ და დილით რაღაც დამხვდა უწესრიგოდ, მაშინვე ვიწყებ მის მოწესრიგებას, რომ სამსახურში წასვლამდე მოვასწრო. წესრიგი და დისციპლინა პასუხისმგებლობის გამოხატულებაა, რაც საქმიანობაში გვეხმარება. ამიტომ შეიძლება წესრიგის მოთხოვნა შემაწუხებელი იყოს, თუმცა შედეგი მაინც მოაქვს.

- მკაცრი დედა ხართ? - როგორც დედა, ვარ ძალიან მეგობრული, მაგრამ - ძალიან მომთხოვნი. ის ფაქტი, რომ მათ ძალიან კარგი დაფინანსება მიიღეს და უცხოეთში გააგრძელეს სწავლა, ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო. დამოუკიდებლად ცხოვრებას მიეჩვივნენ. ვფიქრობ, სიმკაცრემ შედეგი გამოიღო და დღეს ჩემი შვილები წარმატებული მამაკაცები არიან.

- სამზარეულოში წარმატებული ხართ? - რაც ჩემი შვილები გაიზარდნენ და სწავლა უცხოეთში გააგრძელეს, ნაკლებად მიხდება სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემი ძლიერი მხარე უფრო დალაგებაა. გოზინაყი ყველა ოჯახში ტრადიციაა და ჩვენც განსაკუთრებით გვიყვარს. მისი გაკეთება ყოველ წელს დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ახალ წელს ტრადიციულად, დედასთან ვიკრიბებით ხოლმე, ხან დედა მოდის ჩვენთან და დეიდაჩემი. ასე ვთქვათ, ბებიების შეკრება გვაქვს ხოლმე. მეკვლე, ძირითადად, არის ჩემი უფროსი შვილი. ბოლო ორი წელია, მას ჩვენი ძაღლიც შეუერთდა.

- რა გაჩუქათ 2020-მა წელმა? - ეს წელი ცოტა უცნაური იყო. გამოწვევები გვქონდა როგორც ოჯახური, ასევე - სამსახურებრივი, თუმცა, თუ შევაჯამებთ, ძალიან მძიმე, მაგრამ ახალი შესაძლებლობების წელი იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ამ ახალ შესაძლებლობას სწორად გამოვიყენებ.

იმედი მაქვს, რომ 2021 წელი თითოეული ჩვენგანისთვის სოლიდარობის წელი იქნება, რადგან ერთმანეთის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა. გილოცავთ! თითოეულ ოჯახს ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და ბარაქას გისურვებთ!