"შვილები მეხუმრებიან, ჯერ არ შეიძლება ჩვენი დაოჯახება, რადგან ამას თუ შვილიშვილი გაუჩნდა, პოლიტიკას თავს დაანებებსო" - კვირის პალიტრა

"შვილები მეხუმრებიან, ჯერ არ შეიძლება ჩვენი დაოჯახება, რადგან ამას თუ შვილიშვილი გაუჩნდა, პოლიტიკას თავს დაანებებსო"

"ხმამაღლა მხოლოდ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ"

სჯერა, რომ 2021 წელი გასულ წელზე ბედნიერი, სიკეთისა და სიხარულის მომტანი იქნება ყველასთვის. როგორია პარტია "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პოლიტიკის მიღმა და როგორ შეხვდა მისი ოჯახი ახალ წელს, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ისეთი განწყობა გვქონდა, არც იგრძნობოდა, რომ ახალი წელი მოდიოდა. ახალ წელს ერთად ვიკრიბებით ოჯახის წევრები. ახალი თაობაც იცავს ამ წესს.

- ახალი წლის დღეებში სწყდებით პოლიტიკას და ხდებით დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი... - მაქსიმალურად ვცდილობ, ამ დღეებში ვიმუშაო დიასახლისად.

- ოჯახში უმრავლესობა მამაკაცი გყავთ... - ოჯახში მამაკაცები უმრავლესობაში არიან, ამიტომ სახლის საქმეებთან ერთად ნაძვის ხესაც მე ვრთავ, მაგრამ ტრადიციულად ოჯახის ყველა წევრმა ორი სათამაშო მაინც უნდა დაკიდოს და ამ მოთხოვნას ყველა ემორჩილება.

ოჯახის წევრები შინ, ასე ვთქვათ, განსხვავებულ ნინოს ხედავენ. ხშირად უთქვამთ, რომ რაღაც არ მოეწონათ. ასე არ უნდა გეთქვა, ან ესეც რომ გეთქვა, კარგი იქნებოდაო. მეტიც - იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელთაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, მაგალითად, ანზორი. როდესაც 2007 წელს მე არ გადავდექი, მისთვის ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო და კატეგორიულად მოითხოვდა, რომ გადავმდგარიყავი.

- სახლშიც გქონდათ დებატები? - საერთოდ სახლში დებატები მხოლოდ პოლიტიკაზე გვაქვს. ხმამაღალი ლაპარაკი თუ ისმის, ესე იგი პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ.

- ქალბატონო ნინო, ხშირად აღნიშნავენ, რომ დახვეწილი პოლიტიკოსი ბრძანდებით. ჩაცმის სტილს თქვენ ირჩევთ? - დიახ. ვიცვამ იმას, რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ. როცა რაღაც ღონისძიებაზე მივდივარ, რეზიკომ უფრო შეიძლება მირჩიოს, ანზორი კი მეუბნება ხოლმე, შენ თვითონ გადაწყვიტეო.

გაგიკვირდებათ და, იყო პერიოდი, როცა ძალიან მიყვარდა ქარგვა და ქსოვა, თუმცა კერვა არ მეხერხებოდა. რაც შეეხება ნივთებს, მაქვს ჟილეტი, რომელიც ძალიან მიყვარს, კარგა ხნის არის, მაგრამ ცოცხალი თავით არ მინდა მისი გადაგდება. არ მაქვს ჩვევა, რომ რაც შარშან, ან ხუთი წლის წინ ვიყიდე, აუცილებლად უნდა გამოვცვალო. ამდენი ხნის განმავლობაში სადაც დავდიოდი, რაღაცებს ვყიდულობდი. მერე აღმოჩნდება, რომ რაღაცები ერთმანეთს ძალიან უხდება. წლების წინ ნაყიდი სამოსი შეიძლება სრულიად ახლებურად გამოჩნდეს, ასე რომ, მე კარგა ხნის რაღაცებიც მაქვს გარდერობში, რომლებიც ძალიან მიყვარს.

- ბრძანეთ, ხშირად, როცა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ერთად გამოვდივართ, მე და ჩემი შვილი და-ძმა ვგონებივართო... - ეს ადრე იყო. ახლა ასაკი მომემატა...

- არ გეთანხმებით... თუ თქვენი გარეგნობით ვიმსჯელებთ, ბებიობამდე ჯერ კიდევ შორია... - სინამდვილეში, ვაპროტესტებ, რომ ასე აგვიანებენ ჩემი შვილები დაოჯახებას, განსაკუთრებით - უფროსი, თუმცა ჩემი ახალგაზრდობის სტანდარტებით, უმცროსიც აგვიანებს. ორივე ხუმრობს ხოლმე, ჯერ არ შეიძლება ჩვენი დაოჯახება, რადგან ამას თუ შვილიშვილი გაუჩნდა, პოლიტიკას თავს დაანებებსო.

- ერთი შვილი უკვე გვერდით დაიყენეთ პოლიტიკაში. მეორე რას აპირებს? - თავისი საქმიანობით მეორეც ახლოსაა პოლიტიკასთან. საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის ისტორიაა მისი სწავლის და დისერტაციის საგანი. ამბობს, რომ აინტერესებს პოლიტიკა, უყვარს ეს საქმე, მაგრამ პოლიტიკური ტექნოლოგიები უფრო იზიდავს. რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით.

- ახლა ერთად რამდენიმე თაობა ცხოვრობთ. მერეც ასე ცხოვრებას მოინდომებთ? - ჩვენ ძალიან გაგვიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ყველა თაობა ძალიან შეხმატკბილებული ვართ. სიდედრებზე ხომ ხშირად ლაპარაკობენ და მამა ბადრის ეხუმრება ხოლმე, ერთადერთი სიდედრი სჯობდა შენს სიდედრს, ჩემი სიდედრიო. ბადრის და ჩემს მშობლებს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. შეიძლება ჩვენ სხვა ტრადიციებით ვიყავით აღზრდილი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, ალბათ, ჯობია, ახალგაზრდებმა ცალკე იცხოვრონ. თუმცა მინდა, შვილიშვილი ხშირად იყოს ჩემთან.

მთავარია, ადამიანებს ერთმანეთის გახარების სურვილი არ გაგვიქრეს. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. ბედნიერი ყოფილიყოს ჩვენთვის 2021 წელი.