"გარედან რკინის აბჯარი მაქვს ასხმული, შიგნით კი ფაიფურივით ვარ - ემოციური და მგრძნობიარე" - კვირის პალიტრა

"გარედან რკინის აბჯარი მაქვს ასხმული, შიგნით კი ფაიფურივით ვარ - ემოციური და მგრძნობიარე"

"როგორც ყოველთვის, წელსაც მეკვლე ისევ მე ვიყავი"

ეკა ბესელია ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად მცხეთაში შეხვდა. ამბობს, რომ პანდემიამ ცხოვრების ზოგადი სტილის გარდა, დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციაც შეუცვალა.

- 2020 ყველასთვის და განსაკუთრებით - ქვეყნისთვის ძალიან ცუდი წელი იყო. ყველა ველოდით მის ლოგიკურ დასრულებას. გვინდა ახალი ფურცელი დაიწყოს ემოციურადაც, პოლიტიკურადაც, ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობაც გაგვიუმჯობესდეს...

ბოლო წლების განმავლობაში ახალი წლის ღამეს, 11 საათზე, უწმინდესთან მივდიოდი და 12 საათს იქ ვხვდებოდით. 12 საათი რომ მოდიოდა, გული მიჩქარდებოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ უწმინდესთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა მქონდა. მერე სახლში მოვდიოდი, ვიყავი მეკვლე და ოჯახთან ერთად აღვნიშნავდი დღესასწაულს. წელს პანდემიის გამო ოჯახში შევხვდი ახალ წელს. მეკვლე ისევ მე ვიყავი - 12 საათზე გარეთ გასვლა მომიხდა და შემდეგ სახლში მეკვლედ შემოვედი.

წელს ახალ წელს მცხეთაში შევხვდი დედასთან ერთად. რაც შეეხება საახალწლო სუფრას, დედაჩემთან კონკურენცია არ ღირს, ჩემი ფუნქცია მხოლოდ დეკორატიული გაფორმებაა...

- ეკა ბესელიას იცნობენ, როგორც ძლიერ პიროვნებას, თუმცა, არ არსებობს ქალი სისუსტის გარეშე... - გარედან რკინის აბჯარი მაქვს ასხმული, შიგნით კი ფაიფურივით ვარ. ემოციური და მგრძნობიარე - ეს არის ჩემი სისუსტე. როდესაც ვხედავ დაჩაგრულ ადამიანს და უსამართლო ქცევას, შეიძლებამკვეთრი რეაქცია მქონდეს. არ ვარ ადამიანი, რომლისთვისაც სულერთია, რა ხდება ირგვლივ.

ჩემი კიდევ ერთი სისუსტე ტკბილეულია, რომელიც მეკრძალება, მაგრამ... უახლოესი მეგობარი მყავს, ექიმი, მადონა ჯოგელი. რამდენჯერაც ტკბილეულისკენ გავიწვდი ხელს, იმდენჯერ მადონა მახსენდება.

- ყველაზე სასაცილო ან დაუჯერებელი ჭორი, რომელიც საკუთარ თავზე გაგიგიათ... - ამას წინათ ჩემს დას უთხრეს, რაღაც გადაზიდვების კომპანიაა, ავტომომსახურების და ეკას უნდა ვთხოვოთ დახმარებაო. ძალიან ბევრი ვიცინე, მაგრამ მერე დავფიქრდი - საიდან გორდება ასეთი ჭორები? საარჩევნო კამპანიისას მცხეთის ახლოს, ერთ სოფელში ჩავედი და იქ მითხრეს, ქალბატონო ეკა, აქ რომ გუნის წყალია, თქვენ შეგიძენიათ და ახლა გადაკეტილია, სოფელში არ მიდისო. სოფლის სამი წარმომადგენელი იყო, მათთან ერთად შევედი გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან და პირდაპირ ვკითხე, ამ წყალთან დაკავშირებით რა ინფორმაცია გაქვთ, ვისია-მეთქი? სახელმწიფო საკუთრებაა და რა ხდებაო, გაუკვირდა.

- როგორი დედა ხართ? - მე შვილებთან უფრო ვმეგობრობდი, ვაძლევდი რჩევას, მაგრამ, ამავე დროს, იმდენ თავისუფლებას, რომ არ შეზღუდულიყო მათი შინაგანი სამყარო, რადგან მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია შექმნას რაღაც ღირებული.

თვალი გადავავლე და 2020 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად "პალიტრის" სტუმარი ვიყავი. ვთვლი, რომ "პალიტრის" ოჯახის არაოფიციალური წევრი ვარ. ყველაფერს ვკითხულობ და სულ გისმენთ. მომწონს თქვენი სტილი, ანალიტიკური მიდგომა, პროფესიონალიზმი. გისურვებთ ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებებს. იყავით სულ აქტუალურები. თქვენთან ერთად სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალ წელს! ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2021 წელი ჩვენი ქვეყნისთვის.