"ვიცოდი, სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით იცავდა შვილებს" - როგორ გაიცნო მამუკა ხაზარაძემ მომავალი მეუღლე - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით იცავდა შვილებს" - როგორ გაიცნო მამუკა ხაზარაძემ მომავალი მეუღლე

"ყოველთვის გვიჭირდა, სხვათა შორის, არა მარტო ხელისუფლების გამო. 90-იან წლებში კრიმინალთანაც პრობლემა გვქონდა. როგორც ხელისუფლება, ისინიც "კრიშას" გვთავაზობდნენ"

"განვლილი ურთულესი წლის მიუხედავად, იმედიანად და ხალისიანად გილოცავთ შობა ახალ-წელს. თითოეული თქვენგანისთვის ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს 2021 წელი. სიხარული, ბედნიერება და წარმატება დაგბედებოდეთ. მომავალი წელი ნამდვილად იქნება სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ პრობლემებზე გამარჯვებისა და წინსვლის ეტაპად ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში", - აი, ასე გვილოცავს შობა-ახალ წელს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ამბობს, რომ შობა განსაკუთრებულად უყვარს, სამზარეულოში ოჯახის წევრებთან ერთად ფუსფუსიც მოსწონს და საჩუქრების გახსნის ცერემონიაც. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი ოდესმე მიუღია, მეუღლე და 5 შვილია. ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება, ოჯახის შექმნა, პირველი შვილის და პირველი შვილიშვილის დაბადება ის წუთებია, რამაც მისი ცხოვრება, მომავალი განსაზღვრა.

- ოჯახი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ აქ ვიღებ ენერგიას, სიყვარულს, სითბოს... ირინას ისე კარგად ესმის ჩემი, ხასიათითაც ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, რომ კამათიც არასდროს მოგვსვლია. მძიმე 90-იან წლებში დავქორწინდით. ისეთი პერიოდიც გვქონდა, რომ შინ არც შუქი იყო, არც გათბობა, არც საჭმელი, მაგრამ ვიცოდი, სახლში იყო ქალი, რომელიც ლომივით იცავდა შვილებს. სწორედ ამის განცდამ მომცა საშუალება ბოლომდე დავხარჯულიყავი საქმეში და წარმატებისთვის მიმეღწია.

- როგორ ან რა ვითარებაში გაიცანით ქალბატონი ირინა?

- კლასელები ვიყავით. მეხუთე კლასიდან გადმოიყვანეს ჩვენთან. როგორც კი საკლასო ოთახში შემოვიდა და დავინახე, იმ წუთიდან შემიყვარდა.

როგორც კი პირველი გასამრჯელო ავიღე და ვიფიქრე, რომ მეუღლისთვის რაღაცის ყიდვა შემეძლო, მაშინვე ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. მაშინ 23 წლის ვიყავი.

- თქვენი პირველი სამსახური გაიხსენეთ... - პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში გამანაწილეს, დისერტაციაზე უნდა მემუშავა, მაგრამ გამოვიქეცი.

- რატომ გამოიქეცით? - არაფრის მომტან ნახაზებზე მამუშავებდნენ, რაც არც პროგრესთან იყო დაკავშირებული და არც საინტერესო იყო. ხელფასიც იმაზე ნაკლები მქონდა, ვიდრე სტუდენტობისას სტიპენდია. ამ ყველა სიკეთესთან ერთად თავისუფალი დრო არ მრჩებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე მიმეტოვებინა და ის საქმე მეკეთებინა, რაც მომეწონებოდა.

- ბევრი საქმე წამოიწყეთ, თუმცა საზოგადოებამ მაინც ბანკირად გაგიცნოთ. - დიახ, ასე მოხდა. ბანკიც დავარეგისტრირე და სხვა ბიზნესებიც შევქმენი: მინისა და მინერალური წყლების კომპანია, სუპერმარკეტების ქსელი "ბაბილონი", "ბატა"... რაღაცას ჩვენით შევეშვით, რაღაც არ გამოგვივიდა, რაღაც დღემდე მოვიტანეთ, რაღაც მოგვიანებით შევქმენით.

უკვე 30 წელია სხვადასხვა ინდუსტრიას ვქმნით, სამედიცინო სფეროთი დაწყებული, განათლებით და მშენებლობით გაგრძელებული. ყველაზე ნაკლებად ბანკირი ვიყავი, მაგრამ პროპაგანდის წყალობით მევახშედ მომნათლეს. ბანკში იშვიათად ვიჯექი, უფრო მეტად "ბორჯომზე", "ლისზე", ამერიკულ აკადემიაზე ვიყავი გადართული, ანაკლიის პროექტის განხორციელება ყველაზე მეტად მსურდა, მაგრამ არ მაცალეს. ამ ამბავში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბანკის დისკრედიტაციას ეწევიან, არადა, ამ ინსტიტუციაზე დგას მთელი ქვეყანა.

- როგორც ვიცი, ბიზნესის გამო ყველა ხელისუფლებასთან გქონდათ პრობლემა. - ყოველთვის გვიჭირდა, სხვათა შორის, არა მარტო ხელისუფლების გამო. 90-იან წლებში კრიმინალთანაც პრობლემა გვქონდა. როგორც ხელისუფლება, ისინიც "კრიშას" გვთავაზობდნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ხარკი არავის გადავუხადეთ. თეთრ ბიზნესს ვაკეთებდით და საერთაშორისო ინსტიტუციების იმედად ვიყავით. "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლებებმა ზღვარი იცოდნენ, ნაბან წყალს ბავშვს არ აყოლებდნენ. ამ ხელისუფლებამ კი რა ქნა?

ყველაზე წარმატებული ინსტიტუციის შემქმნელები ფულის გათეთრებაში დაგვადანაშაულეს, საერთაშორისო მასშტაბით სცადეს ჩვენი იმიჯის შელახვა. ფული დახარჯეს ისეთ პროპაგანდაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენ კი არა, ქვეყნის სახელსაც ჩირქს სცხებდა.

- შვილები როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს? - ადეკვატურად. ისევე მიდგანან გვერდით და მხარს მიჭერენ, როგორც მეუღლე. ახლა ყველა თავისი საქმით არის დაკავებული, მაგრამ როგორც კი დამჭირდება, ყველა ჩემ გვერდით დგება. როგორც სხვა ახალგაზრდებს, მათაც სამართლიან ქვეყანაში სურთ ცხოვრება. უფროსი ქალიშვილი ანა უკვე 29 წლის არის, კინოწარმოებაში საქმიანობს. ერთი შვილიშვილი უკვე გვაჩუქა, წლინახევრის ალექსანდრე გვყავს. ახლა მეორეს ელოდება. 28 წლის ნიკა თავის სტარტაპებს აკეთებს და რაც მთავარია, მეც მეხმარება. 23 წლის ელენა პატარა კომპანიას ხელმძღვანელობს, ვაზისუბნის მამულში ერთ-ერთ მენეჯერულ თანამდებობაზეა. 16 წლის სოფო მუსიკით არის გატაცებული, 11 წლის იოანეს ახლა ყველაზე მეტად კარატე აინტერესებს.

- ყველაზე ხშირად რაზე ესაუბრებით? - ყოველთვის ვეუბნები, რომ შეეცადონ იპოვონ საკუთარი თავი. რაც უნდა კარგი საქმე, ოჯახი და სამეგობრო გყავდეს, ადამიანს საკუთარ თავთან განმარტოება უნდა შეგეძლოს. მუსიკა, კითხვა თუ სხვა გატაცება ქმნის სწორედ იმ მომენტებს, როცა დიდი აზრების კონცენტრირება ხდება. მაგალითად, მე ბავშვობისას ფანჯრის რაფაზე ჯდომა და სივრცის ყურება მომწონდა. დღემდე გამომყვა ეს ჩვევა - როცა სივრცეს გავყურებ, ჩემში ბევრი რამ ხდება.

- როგორც ვიცით, თქვენი ერთ-ერთი გატაცება მუსიკა იყო. - მუსიკა ერთ-ერთი და არა ერთადერთი გატაცება იყო. შვიდწლედში ვსწავლობდი, მაგრამ ფორტეპიანოს გაკვეთილებს ვეღარ გავუძელი. მერე გიტარაზე დაკვრა ჩემით ვისწავლე. ერთხანს "ბითლზსაც" ვბაძავდი, სკოლაშიც ვცადე ანსამბლის ჩამოყალიბება. უმაღლესში სწავლისას ანსამბლი "ექსპერიმენტი" შევქმენით. 1984 წელს ფესტივალზე მეორე ადგილი ავიღეთ.

- კიდევ რა გატაცება გქონდათ? - ცხენოსნობა, რომელიც ჩემმა გურულმა ბაბუამ შემაყვარა. დედაჩემის მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გახლდათ, კავალერიაში მსახურობდა. ძალიან საინტერესო პიროვნება იყო. მხოლოდ სამხედრო კი არა, ფარმაცევტიც. უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. მეც საუკეთესო მოგონებები დამიტოვა.

- როგორც ვიცი, თქვენი სიყვარულის კიდევ ერთი საგანი ვაზია. - როცა მუხრანის დანგრეული სასახლე ვნახე, მაშინვე გადავწყვიტე მისი აღდგენა. რესტავრაცია ძალიან მალე დასრულდება. სანამ სასახლის აღდგენას დავიწყებდი, მუხრანბატონის ცხოვრება კარგად შევისწავლე. საოცარი დამოკიდებულება ჰქონია ვაზსა და ღვინოსთან. მისი საქმის გაგრძელება გადავწყვიტე და მუხრანის ღვინის ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია შევქმენით. ამას მოჰყვა ხიზაბავრის ვენახების, ხვანჭკარის, ტვიშის "უსახელაურის" აღორძინება. ჭავჭავაძეების მამულიც ავაღორძინეთ, ვაზისუბანი. ვაზი, ღვინო, მარანი ის სივრცეა, სადაც ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- თქვენს ახალგაზრდობასა და შვილებს შორის პარალელს ხშირად ავლებთ? - ჩემი თაობისგან განსხვავებით, ჩვენი შვილები უფრო ინფორმირებული არიან, სწრაფად ვითარდებიან და გადაწყვეტილებებსაც მალე იღებენ. ეს ძალიან მომწონს და მახარებს, მაგრამ ცუდია, რომ პირადი ურთიერთობები აკლიათ.

- პოლიტიკა რომელს აინტერესებს? - დიდი სურვილი ჯერ არავის გამოუხატავს, თუმცა ნიკა აქტიურად მეხმარებოდა წინასაარჩევნო კამპანიაში.

- თქვენი აზრით, როგორი იქნება 2021 წელი? - მგონი, პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდება. ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობა გვექნება, მაგრამ ამასაც დავძლევთ.

- 2020 წლის მიწურულს თქვენს განცხადებას, რომ არჩევნები შესაძლოა 2022 წელშიც ჩატარდეს, ოპოზიციის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. - ვერ ვხვდები, რამ გაანაწყენა ეს ხალხი. ფაქტია, თუ მოლაპარაკების პროცესი კიდევ რამდენიმე თვეს გაიწელა, 2021 წლის გაზაფხულზე ახალი არჩევნების ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელი იქნება.

ჩვენ მხოლოდ არჩევნების სწრაფად ჩატარება კი არა, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარება გვსურს. მოთხოვნა, რომ 2021 წელს არჩევნები ჩატარდეს, მთლიანი ოპოზიციის მოთხოვნაა და არც შეცვლილა. თუმცა ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ოპოზიციაზე, დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე, ანუ ამ სქემას, ჩვენ მოგვწონს თუ არა, ხელისუფლება უნდა დაეთანხმოს. ამისთვის არ შევედით პარლამენტში, ჩავხსენით სიები და მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს გაძლებს ერთპარტიული პარლამენტი და რამდენად სწრაფად მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ ივარგებს. თუ ეს 2-3 თვეს გაგრძელდა, მაშინ გაზაფხულზე არჩევნების ჩატარება წარმოუდგენლად მიმაჩნია, ტექნიკურად არ გამოვა, რეალისტები ვიყოთ... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ 2021 წლის არჩევნებს არ ვითხოვთ, ეს შეთანხმებული პოზიციაა და წყალი არ გაუვა. ჩვენს ბოიკოტსაც წყალი არ გაუვა, მაგრამ საზოგადოება მოითხოვს, მოლაპარაკებას დაგვასწარითო, პირდაპირი ეთერი იყოსო და როგორ შეიძლება ჩემს ამომრჩეველსა და საზოგადოებას არ ვუთხრა ის თეორიული ვარიანტი, რომელიც ასევე იმსახურებს განხილვას.

- თუ "ქართული ოცნება" 2021 წელს არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, "ლელო" შევა პარლამენტში? - ოპოზიციასთან შეუთანხმებლად "ლელო" პარლამენტში არ შევა. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან ერთად არის სერიოზული მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კოდექსისა და გარემოს სრული რეფორმირება და ცვლილება... ეს ყველაფერი კი საკონსტიტუციო ცვლილებებს მოითხოვს, რასაც "ლელოს" პარლამენტში შესვლა-გამოსვლა არ ჰყოფნის და მეორეც - ეს უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრის ერთიანი გადაწყვეტილება.

ხათუნა ბახტურიძე