უბრალო და დიადი! - კვირის პალიტრა

უბრალო და დიადი!

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - მარტო ეს სიტყვებიც კმარა, რათა შეძლებისდაგვარად იგრძნო უმძიმესი ჯვარი ადამიანისა, რომელსაც უფალმა დააკისრა ენით აუწერელი სიმძიმის ტვირთი - ერის წინამძღოლობა. მითუმეტეს, თუკი ეს ადამიანი, საქართველოს სულიერ მამად წოდებული, 44-ე წელია ეზიდება თავის წილხვედრ ჯვარს გოლგოთის გზაზე.

ერთხელ დასცდა: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!". ეს არ გახლდათ დაკისრებულ მისიაზე ჩივილი. ეს იყო მისი ცრემლნარევი დარდი, ჩვენს გამოსაფხიზლებლად, თუ როგორ გადაგვერჩინა თავი ამა სოფლის ბნელ ლაბირინთებში, დემონის უხილავი მახეებით გადავსებულ წუთისოფელში. არადა, დავღალეთ ჩვენი ერის მამა, ჩვენივე უგულისყურობით, გაუგონრობით და სიჯიუტით. გვიქადაგებს - არ გვინდა შესმენა; გვაფრთხილებს - ყურს იქით ვატარებთ; გვლოცავს - ისე ვთვლით, თითქოს მისი დალოცვის ღირსები ვიყოთ და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავაკეთოთ, რომ ჩვენს პატრიარქს უმძიმესი ტვირთი შევუმსუბუქოთ.

ებრძვის ყველა, ვისთვისაც წუთისოფლის აღრეულმა ვნებებმა დიდი ხანია გადაფარა ღვთივსათნო ცხოვრების წესი; განიკითხავს ყველა, ვინც დემოკრატია დემო(ნ)კრატიად მიიღო და სიტყვის თავისუფლება მხოლოდ უკიდურესი ცინიზმით გამოხატული ბილწსიტყვაობა ჰგონია; აღარც წესი, აღარც კანონი, აღარც უფროს-უმცროსობა - წამოროშე, რაც გსურს, პატრონი არ ჰყავს არც მთქმელს და არც გამგონს. არადა, წარმოდგენა რომ ჰქონდეთ რას სჩადიან, ფიქრიც კი შეაძრწუნებდათ. გახსოვთ ჩვენი წმიდა მამის, გაბრიელ ბერის სიტყვები? "ვინც საქართველოს-კათოლიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის". გარეგნულად რაც ჩანს, ეს სხვა საქმეა, მაგრამ კიდევ სხვა განზომილებაა ჩვენი უსათნოესი პატრიარქი შინაურულად, ასე ვთქვათ, ახლო თვალით დანახული და მინდა ამ მხრივაც გაგაცნოთ ეს ტკბილი ადამიანი, რათა ოდნავ მაინც ჩასწვდეთ მის უსაზღვროდ კაცთმოყვარე ბუნებას და ცხადად თუ უჩინრად შესაგრძნობ სიწმინდეს.

მარგუნა უფალმა ენით აუწერელი წყალობა, რასაც პატრიარქის სიახლოვეს ყოფნის ბედნიერება ჰქვია. რასაკვირველია, მანამდეც ვიცნობდი და ვიცოდი საქართველოს სულიერი მამის შესახებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაკურთხა, რათა გავძღოლოდი საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებას, მომეცა საშუალება არა მარტო უკეთ დამენახა ჩვენი უწმინდესის ზნემაღალი თვისებები, არამედ ისიც მეგრძნო, თუ რა დაბალ საფეხურზე ვდგავარ სულიერად მასთან შედარებით.

პირველი, რაც მასთან სიახლოვისას იგრძნობა, უკიდეგანო სიყვარულია, რაც ასე უხვად მოედინება მისგან. არც მინახავს მასზე უფრო მზრუნველი, შენს ბედზე მოფიქრალი და დღენიადაგ მლოცველი ადამიანი, რომელსაც არასოდეს ავიწყდება შენი გასაჭირი და მასთან დაკავშირებული უმცირესი დეტალებიც კი. არადა, რამდენი ჰყავს ჩვენისთანა, საკუთარი პრობლემებით სავსე და არავის ტოვებს უნუგეშოდ... ამ ზრუნვას და სიყვარულს გრძნობს ყველა, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია. ის ენით აუწერელი მადლი, რაც მისგან მოედინება, ორმაგ განცდას გიტოვებს მუდამ:

პატრიარქი დიადია, უბრალო და დიადი(!). პირისპირ საუბრისას გრძნობ, რომ ზუსტად შენი ტოლ-სწორია, ასაკით, გაგებით და გულით. უსიტყვოდაც შეგიშვებს გულში ისე, რომ განცდას გიტოვებს - შენ მისი ოჯახის წევრი ხარ, მისი უზომო სიყვარულით გამთბარი. თუმცა, იმავდროულად, არც ის განცდა გტოვებს, რომ ის მიუწვდომელი და სიწმინდით სავსეა, რაც გიჩენს მოწიწებას და ვერასოდეს მისცემ თავს უფლებას, ამ მოწიწებას გადააბიჯო. აი, სწორედ ამიტომაა ჩვენი პატრიარქი უბრალოდ დიადი(!).

ხომ გახსოვთ, წლების წინ სომეხთა კათალიკოსი იყო ჩამოსული საქართველოში და კაცმა გაშინაურება მოინდომა ჩვენს პატრიარქთან. იქნებ ამის გულწრფელი სურვილიც ჰქონდა, ანდა ასე ესმოდა ურთიერთობები, ეს არავინ იცის, მაგრამ მოხდა საოცრება: ჩვენმა სათნო პატრიარქმა თავისი ტაქტით, ღირსეული სიტყვა-პასუხით და მასპინძლობის წესების ბოლომდე დაცვით მასთან სწრაფად დაახლოების მსურველ სტუმარს საკუთარი ადგილი მოაძებნინა. შეაპარა კიდეც სომეხთა მამამთავარმა: ეგ როგორ ხდება, რომ მე შენობით გესაუბრები და თქვენობით კი მცემ პასუხებსო? გაიღიმა ჩვენმა უწმინდესმა: მე ჩემს მორჩილებსაც კი თქვენობით ველაპარაკებიო(!)

ხომ ყველას გვინახავს მასთან მისული სხვა ტრადიციული კონფესიების სულიერი ლიდერები თუ ზესახელმწიფოების უმაღლესი პირები, ხელოვნების მსოფლიო მოღვაწენი თუ მეცნიერების კორიფეები. შეხვედრიდან გამოსულთ ყველას ხაზი გაუსვამს, რომ ეს მხოლოდ ვიზიტი არ იყო, როცა წინასწარ გაწერილი პროტოკოლით მიმდინარეობს აზრთა თუ სიტყვათა გაცვლა-გამოცვლა ან ბაგეზე მორგებული ცივი ღიმილი მასმედიის დასანახავად. ეს გახლდათ მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წუთი, როცა "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" საპატრიარქოს კედლებიდან გამოჰქონდათ ერთდროულად გაკვირვებისა და პატივისცემის განცდა, რომ შეხვდნენ ადამიანს, რომელსაც უხვად აქვს მომადლებული ღვთისგან არა მხოლოდ ლოცვის ძალა, არამედ დახვეწილი დიპლომატიის თუ მტრის მოყვრად ქცევის საიდუმლოს ფლობის უდიდესი ხელოვნებაც.

ნეტა იცოდნენ მისმა აუგად მომხსენიებლებმა, თუ როგორ ლოცულობს მათთვის ჩვენი პატრიარქი. მისთვის ხომ ქრისტიანობის უმთავრესი გრძნობა - სიყვარული - არა მხოლოდ ახლობლების მიმართ გამოთქმულ მოფერებაშია გამოხატული, არამედ მტრებშიც. "გიყვარდეს მტერი შენი" - ეს რომ შეძლო, სიყვარულით უნდა მოექცე მათაც, ვინც გებრძვის. ერთხელ, რომელიღაც ტელეგადაცემისას, მის სმენას მისწვდა კაცის მონოლოგი, რომელიც არცთუ კარგად მოიხსენიებდა პატრიარქს. უხერხულობაში ჩავცვივდით ყველა. ზოგს აღშფოთებამ გვძლია, ზოგსაც სიმწარემ და უსუსურობამ. მან კი ჩვეული სიმშვიდით გვკითხა იმ აუგის მთქმელი კაცის სახელი, რათა საკუთარ ლოცვებში მოეხსენიებინა...

ვერ წარმოიდგენთ, როგორი ფაქიზი და დახვეწილი იუმორი აქვს. წლების წინ, როცა მავანნი თავს უფლებას აძლევდნენ, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლო ნიუანსებშიც ჩარეულიყვნენ და სცოდნოდათ ყველაფერი, რაც მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნოდა, უწმინდესს ტელეფონი მიუტანეს და უთხრეს, თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ეს არ ისმინებაო(?!). პატრიარქმა გაიღიმა და მშვიდად თქვა: მთელი ცხოვრება იმას ვლოცულობ, ვიღაცამ მომისმინოს და რად მინდა ისეთი ტელეფონი, რომელიც არ ისმინებაო(!).

დრო იყო, ჩვენმა დედაეკლესიამ უმძიმეს კატაკლიზმებს გაუძლო. 1977 წელს, როდესაც უწმინდესი აღსაყდრდა საქართველოს საპატრიარქო ტახტზე, იმდენად რთული ვითარება დახვდა, რომ ფაქტობრივად, თავიდან იყო დასაწყები ყველაფერი. სტიქაროსანიც კი ძნელად საპოვნელი გახლდათ, რათა პატრიარქი მსახურებისას შეემოსათ. ძალიან გაუჭირდა, მაგრამ დაიწყო და აიყოლია მთელი საქართველო უფლისა და მამულის სიყვარულში. ვინ მოსთვალოს მის მიერ აღორძინებული თუ ახლად აშენებული ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები, მისი ავტორიტეტის გავლენით და სიყვარულით უფლის გზაზე შემდგარი ადამიანები, საღათას ძილისგან გამოღვიძებული მრევლი, რომელსაც ასწავლა ყველაფერი, პირჯვრის სწორად გამოსახვიდან დაწყებული, პირადი ჰიგიენის წესებით დამთავრებული. ყველას და ყველაფერს შეეხო, იგულისხმა, ზრუნვის საგნად დაისახა...

მხოლოდ ჩვენმა პატრიარქმა იცოდა, თუ რა ძალისხმევის ფასად მოტრიალდა მრევლი დედაეკლესიისკენ. მხოლოდ მისმა სათნო გულმა გადაიტანა ის უმძიმესი მეხთატეხები, რაც სხვებისთვის ბოლომდე უხილავად დარჩა. რა აღარ გადაიტანა - დევნა, შანტაჟი, ლანძღვა-გინება, უმადურობა, დამცირება და კიდევ ვინ მოსთვალოს ის ბრძოლები, რითაც გაშმაგებული ეომებოდა ხილული თუ უხილავი მტერი. ყველაფერს გაუძლო და ღირსეულად ატარა ჩვენი ეკლესიის ხომალდი ცოდვის აზვირთებულ ოკეანეში.

პატრიარქი დარიალის კლდეებივით შეუდრეკელია, როცა საქმე ეხება სამშობლოს. აი, ნამდვილი მოხევური სიმტკიცით იცავს ჩვენს ისტორიას, წინაპართა ადათ-წესებსა თუ საქართველოს მარადიულ ღირებულებებს. ბავშვური გულწრფელობით უყვარს ღვთივკურთხეული ივერია და ბავშვივით ალალი ცრემლით განიცდის და ლოცულობს მასზე. მე მინახავს მისი ამოვარდნილი გულის გოდება საქართველოს ტკივილებზე, მისი ქვითინი და უძირო სევდა ჩვენს ტრაგედიებზე. ამას რომ დაინახავ და იგრძნობ, უეჭველად იტყვი, რომ საქართველოს პატრიარქის სახით ჰყავს ნამდვილი ჭირისუფალი, რომელიც მშობელივით დაჰფოფინებს თავისი ქვეყნისა და სამწყსოს საფიქრალსაც და საკეთებელსაც.

გასულ წელს, როდესაც პანდემიის გამო მთელი მსოფლიო ჩაიკეტა, მყისიერად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა და მოიწადინეს ეკლესიების დაკეტვაც საქართველოში. ყველაფერი იკადრეს, რათა ამ მიზნისთვის მიეღწიათ. რა აღარ ეძახეს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს და მის სულიერ წინამძღოლს - მკვლელები ხართო, ხალხის გაწირვა გინდათო, მომავალს უსპობთ ამ ქვეყანასო... დედაეკლესიამ ჩვენი პატრიარქის მოთავეობით, ყველაზე უკეთ დაიცვა ის მკაცრი რეგულაციები, რომელიც მოსახლეობას დაუწესეს და ამასთან, არც უფლისადმი ერთგულება დავიწყებია. საქართველოს ეკლესია იყო ერთადერთი, სადაც, გაუგონარი ზეწოლისა და ზღვარგადასული მოთხოვნების მიუხედავად, მაინც ჩატარდა წირვა-ლოცვები და ისედაც შეშინებულ მრევლს მთავარ ნუგეშად მოევლინა ამ არეულ დროში. ეს გახლდათ შედეგი ჩვენი მზრუნველი პატრიარქის განუზომელი ავტორიტეტისა და ლოცვისა, რომლის ძალაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა მთელი მსოფლიო. მან, 87 წლის მოხუცმა, თავი გადადო და არ დაიშალა ტაძარში მიბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წამს შეიძლებოდა ვირუსისგან მისი დაინფიცირება.

თითქოს წმიდა კირიონ კათოლიკოსი მიუძღოდა ქართველ ერს. ხომ გახსოვთ ჩვენი წამებული კირიონ კათოლიკოსი, გაციმბირებული, დევნილი და ნატანჯი, 1917 წელს რომ დაუბრუნდა სამშობლოს და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გამოაცხადა. სწორედ მაშინ, წირვის დროს მიიღო წერილი საკურთხეველში ლოცვისას: -"არ გამოხვიდე საქადაგებლად, თორემ რა წამს სიტყვას დაძრავ, ტყვია გელოდება ამბიონზე"... ილოცა და მაინც გავიდა ისე, რომ სიკვდილზე უფრო იმაზე ფიქრობდა, რა სიტყვებით მიემართა საუკუნოვანი მონობის უღლით ქედდამძიმებული ქართველობისთვის, რათა ნუგეში ეცა. და ბრძანა კიდეც უკვდავი სიტყვა: "სამშობლოვ, საყვარელო, მე მოვედი არა იმიტომ, რომ გემსახურო, არამედ მსახურებად შენდა!"

გაიხსენეთ, როგორ დაამთავრა 2020 წლის სააღდგომო ეპისტოლე ჩვენმა პატრიარქმა: "საქართველო, მიყვარხარ!" ლოცვასავით მიესალბუნა ავადმყოფობით და სიდუხჭირით გაწამებული და დაზაფრული მრევლის გულს ეს ორი სიტყვა და ეს იყო იმედი, უკვე მერამდენედ, კელაპტარივით აკიაფებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ. ნუგეშის ამ ორ სიტყვაში ჩაეტია იმ აღდგომა ღამეს ჩვენი სამშობლო...

P.S. 4 იანვარი უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღე-სასწაულია(!). რა ბედნიერები ვართ ქართველები, რომ მის ეპოქაში მოგვიწია ცხოვრებამ, მისი სულიერი საჭეთმპყრობელობის დროს.

ერთხელ, ტრაპეზზე ყოფნისას, ჭიქა ღვინით ხელში დავლოცე ჩვენი პატრიარქი. მერე გავბედე და შევკადრე: "თქვენო უწმინდესობავ, ისე გამოვიდა, მე, თქვენი ცოდვილი სამწყსოს წევრი, გლოცავთ მაშინ, როცა თქვენ ხართ სრულიად საქართველოს მაკურთხებელი და მლოცველი-თქო. გაეღიმა და მითხრა: განა მე კი არ მჭირდება თქვენი ლოცვა, გთხოვ, არ დაგავიწყდეთ და მომიხსენიეთ ხოლმე, ეს ძალიან მაძლიერებსო... არც გვავიწყდებით ჩვენო თბილო და ტკბილო პატრიარქო, რადგან რაც თქვენ გააკეთეთ ჩვენთვის და საქართველოსთვის, ამის დავიწყება შეუძლებელია!.. გვიდღეგრძელოს თქვენი თავი უფალმა და მრავალჟამიერ თქვენს ღვთაებრივ სიცოცხლეს დედაეკლესიისა და სამშობლოს საიმედოდ! გილოცავთ და გვიყვარხართ საქართველოსავით!

"გაუმარჯოს პატრიარქის საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს პატრიარქს!"

პატრიარქის ჩოხოსნის, თენგიზ ხუციშვილის ლექსი, რომელიც ახლახან დაიწერა, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს ჩვენს სიყვარულს სულიერი მამის მიმართ:

შლეგი ქარი ავბედითად დათარეშობს,

სადღაც ისევ ჩხავის შავი ყორანი,

მთვარე ღრუბლის სანგარშია და თან ეჭვობს,

მტკვარმა რომ არ გაატაროს ბორანი.

რომ სამშობლო, დაჭრილი და გასისხლული,

ოხრავს, როგორც ნაომარი ვაჟკაცი,

ოდითგანვე ობლობისთვის განწირული

და ყოველთვის განსაცდელში მამაცი.

ქრისტეს იქით გზა არ არის, ეს ხომ ვიცით,

ჰოდა, ნუღარ დავისახავთ სხვა მიზნებს,

დავდგეთ ერთად, სიყვარულით, მტკიცე ფიცით,

რა ხანია მტერი მშვილდებს გვიმიზნებს.

დე, უფალმა ეს ქვეყანა განამრთელოს,

გამოვფხიზლდეთ, ლოცვით შევხვდეთ განთიადს,

გაუმარჯოს პატრიარქის საქართველოს,

გაუმარჯოს საქართველოს პატრიარქს!"