იქ, სადაც სიყვარულია... - კვირის პალიტრა

იქ, სადაც სიყვარულია...

მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად მიიღებთ შიო არაგვისპირელის რომანს "გაბზარული გული" და რჩეულ მოთხრობებს

შიო არაგვისპირელი ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 წელს დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; სემინარიის დასრულების შემდეგ ვარშავაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. პოლონეთში ცხოვრებამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ სხვა ძალა და ჰუმანისტური ელფერი შესძინა შიო არაგვისპირელის სიტყვას. 1893 წელს ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც  დააპატიმრეს. ჯერ ვარშავის ციხეში იჯდა, შემდეგ ქუთაისის საპყრობილეში.

ციხეში ყოფნაც დიდი სულიერი გამოცდილება გახლდათ. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი - "მოგონება" დაიბეჭდა 1890 წელს ჟურნალ "ჯეჯილში".

მან ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ მწერლობაში პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. აკაკი წერეთელმა მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. არაგვისპირელმა მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოციალური და ეროვნული პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა "ეროვნული თვითშეგნების" საკითხებს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზოგადოების მანკიერების მხილებას.

იყო დრო, როცა ყმაწვილები ამ წიგნისათვის დიდხანს იდგნენ რიგში, რომ მეგობრისაგან ენათხოვრებინათ. ყველას უნდოდა "გაბზარული გულის" წაკითხვა, რადგან ის დიდი უბრალოებითა და გულუბრყვილობით არის დაწერილი, აქ სიყვარულზეა ლაპარაკი, ხალხს კი უყვარს სასიყვარულო ამბები...

თუმცა არაკში, რომელიც კეთილ ზღაპრად გვიამბობს ეთერისა და მახარეს სიყვარულზე, სტრიქონთშუა საკმაოდ საინტერესო ფრაზების ამოკითხვა შეიძლება:

"...სწორედ ეთერის კოშკის პირდაპირ ერთი საოქრომჭედლო იყო, რომელშიაც ერთი მოხუცებული ოქრომჭედელი მუშაობდა თავის შეგირდით. მოხუცი დილით მოვიდოდა, მუშაობდა და საღამოთი სახლში მიდიოდა. საოქრომჭედლოში კი იმის შეგირდი რჩებოდა. მეტის-მეტად კეთილი კაცი იყო ოქრომჭედელი და ამისთვის ძალიან კარგად ექცეოდა თავის შეგირდს. თითონ შვილი არ ჰყავდა და თავის საოქრომჭედლოს შეგირდს უმზადებდა. უხაროდა ოქრომჭედელს, სიხარულით ცას ეწეოდა, რომ ასეთი კარგი შეგირდი გამოადგა და ამით ამაყობდა. არ შემარცხვენსო, - ხშირად ეუბნებოდა თავის ცოლს და მეზობლებს.

მართლაც გულმოდგინედ მუშაობდა მახარე... სულ იმის ფიქრში იყო, თუ როგორ გამოეყვანა თავის ოსტატისაგან ნაჩვენები ნიმუში. ხშირად, ძალიან ხშირად ოსტატზე უკეთესად დაამუშავებდა ხოლმე სხვა და სხვა ნივთებს...

ერთ საღამოს, როდესაც სოფელს უკვე ეძინა, ასე გართულს მახარეს შემოესმა ნაზი ხმა. ყურები აცქვიტა და სმენად გადაიქცა... სულ მოულოდნელი იყო მისთვის ამ დროს ეს ხმა... იჯდა მახარე, სმენად გარდაქმნილი და უნებურად მთელის არსებით მიილტოდა ხმისაკენ, რომელიც ხან მედგრად ეფრქვევოდა თავს და ხან კი ნაზად, ტკბილად ეგუგუნებოდა და ესალბუნებოდა...

უნებურად ფეხაკრეფით, მოკრძალებით, თითქოს ეშინოდა... თითქოს კი არა, მართლაც შეგნებულად ეშინოდა თავის მოძრაობისა, ხმაურობით არ ჩაგლიჯოს ეს ნაზი ბადე ციური ხმისა... გავიდა მოწიწებით საოქრომჭედლოს დერეფანში და...

ამ დროს ხმა მისუსტდა. კოშკის სარკმელში ბროლისაგან ნაკვეთ ქანდაკებას ოდნავ თვალი მოჰკრა, რადგანაც სარკმელი დაიხურა... და ხმაც მისწყდა...

მახარე საშინლად ააღელვა ამ გარემოებამ. ის წამიერი ნეტარება ნაღველად შეეცვალა და თავის თავს სასტიკად დაუწყო ყვედრება. ეგონა, გარედ რომ არ გასულიყო, ის ხმა არ შეწყდებოდა... დაძმარებული შევიდა საოქრომჭედლოში და მთვარის შუქზე ქურა თვალებში წაეჩხირა. ლითონს ხელი წამოავლო და იატაკზე დაახეთქა.

ლითონმა თავისებური ხმა გამოიღო... უკვირდა მახარეს, რომ ლითონსაც ხმა ჰქონდა... თითქოს წინათ არასოდეს არ სმენიაო, ისე კვირობდა.

აკაკუნებდა მახარე და ენატრებოდა, იმ ხმას დამგვანებოდა. ერთი ლითონითგან მეორეზე გადადიოდა და ეძებდა მსგავს ხმას"...

შიო არაგვისპირელს ჰქონდა "ხმა", რომელსაც მკითხველი ეძებდა და მის ნაწარმოებებში პოულობდა. ამდენი წლის მერეც მისი სითბოთი სავსე შემოქმედებას მკითხველი არ დაუკარგავს.