"ბევრი შვილის ყოლა ბევრი პრობლემა, მაგრამ უფრო მეტი ბედნიერებაა"
"ბევრი შვილის ყოლა ბევრი პრობლემა, მაგრამ უფრო მეტი ბედნიერებაა"
"მე კათოლიკე ვიყავი. ჩემი მეუღლე წარმოშობით აჭარიდანაა და ისე გავყევი, აზრადაც არ მომსვლია, რომ მართლმადიდებელი არ იქნებოდა. დაქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გაქრისტიანდა...."

ახალ წლამდე ორი კვირით ადრე ვახტანგ ჭელიძისა და ირინა თომასიანის­ ოჯახში მეათე შვილი, ნოე დაიბადა. ახლა უკვე ექვსი ვაჟი და ოთხი გოგონა ჰყავთ. უფროსი 15 წლისაა. ბავშვებს შორის სხვაობა წელიწად-ნახევარი-ორი წელია. ირინა 40 წლისაა, დაიბადა და გაიზარდა თბილისში, პროფესიით ექიმი-კოსმეტოლოგი გახლავთ, ვახტანგი კი თოჯინების თეატრის მსახიობია.

- 24
წლის გავთხოვდი. მე და ვახტანგი თანატოლები ვართ. ქობულეთში,­ ზღვაზე გავიცანით ერთმანეთი, მარიამობას.­ კარგა ხანს ვმეგობრობდით და შემდეგ დავქორწინდით. არასდროს მიფიქრია, რომ მრავალშვილიანი დე
და ვიქნებოდი. ასეთი თავგანწირვა თუ შეგეძლო, ვერ წარმოვიდგენდითო, მეუბნებიან მეგობრები. ზოგჯერ თვითონაც მიკვირს, როგორ აღმომაჩნდა ასეთი ძალა. უპირველესად, ალბათ, ღვთის რწმენა უნდა გქონდეს და როცა უფალს გულით მიენდობი, ყველაფერს შეძლებ.

- ათი შვილის გაზრდას მხოლოდ სულიერი­ და ფიზიკური ძალა კი არა, მატერი­ალური სიძლიერეც სჭირდება. არ გეშინოდათ­, რომ პრობლემებს ვერ გაუმკლავდებოდით?
- არასდროს! როდესაც დაიწუწუნებენ, ორი გვყავს და აღარ შეგვიძლიაო, მეცინება. მეოთხე შვილის მერე მეუბნებოდნენ, ამ დროში ძალიან რთულია ბევრი შვილის ყოლა, ამდენს როგორ გასწვდებითო.

ერთხელ ისიც მკითხეს, ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში ეს რისკი არ არისო? მე ვთვლი, რომ რისკი უფლის გარეშე ცხოვრებაა, თორემ უფალთან ყოფნა და მისი იმედი ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ყველაზე რთულ პერიოდში იმხელა წყალობა მიგვიღია, ვერც კი წარმოვიდგენდით...  ყოფით პრობლემებზე, ბუნებრივია, ფიქრობ, მაგრამ ესეც გადავლახეთ. უღელს ერთად ვზიდავთ.

- რა არის ყველაზე დიდი სირთულე მრავალშვილიანი ოჯახისთვის?
- ყველა ერთდროულად რომ ხდება ავად, მაშინ ვიბნევი ხოლმე, აღარ ვიცი, რომელს მივხედო. მეშვიდეს რომ ველოდებოდი, მახსოვს, ყველას ჩუტყვავილა შეხვდა. ერთხელ უწმინდესმა იქადაგა, კარგი იქნება, მრავალშვილიან დედებს ყოფა რომ გავუადვილოთ, ჰყავდეთ დამხმარეები, რომლებსაც სახელმწიფო გადაუხდის ხელფასსო. მართლაც კარგი იდეაა... რთულია, რომ საკუთარი ჭერი არ გვაქვს. ნათესავის ბინაში, 70 კვმ ფართობში ვცხოვრობთ. განსაკუთრებით ონლაინგაკვეთილების დროს გაგვიჭირდა, რადგან ექვსნი დადიან სკოლაში. ჯერ იძულებული ხარ, ყველას ჰქონდეს ტელეფონი და მერე სად გინდა დასვა ისე, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ?! პანდემიამდე ვფიქრობდით, 20-წლიანი სესხი აგვეღო და სახლი გვეყიდა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. ბანკმა რომც მოგვცეს სესხი, გადახდა ხომ უნდა?
გული მწყდება, ამ ქვეყანაში სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს ხელს რომ არ უწყობს. რამხელა ხელფასი უნდა გქონდეს, რომ 10 შვილი გამოკვებო, ჩააცვა, ასწავლო და თან სახლიც იყიდო? საზღვარგარეთ რომ წავსულიყავით, ბინაც გვექნებოდა და უკეთესადაც ვიქნებოდით, მაგრამ გვინდოდა, ბავშვები თავიანთ ქვეყანაში გაზრდილიყვნენ. ყველა თუ გაიქცა, აქ ვინ დარჩება?..

მაგრამ არა უშავს, ზოგს ყველაფერი აქვს, რასაც მოინდომებს, მაგრამ იმხელა ბედნიერება არა აქვს, რაც ჩვენ. ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს. შვილებს ერთმანეთზე მეტ სიმდიდრეს ვერ დავუტოვებდით. რა უნდა გაუჭირდეთ ცხოვრებაში ისეთი, რის გაკეთებასაც ერთად ვერ შეძლებენ?

- ბავშვების გაზრდაში თუ გეხმარებათ ვინმე?
- თუ მატერიალურ მხარეს გულისხმობთ, ამ ეტაპზე მე ვეღარ ვმუშაობ. პანდემიის გამო თეატრებიც დაიხურა და ჩემი მეუღლე დაასაქმა თავისმა მეგობარმა, რომელსაც სამშენებლო კომპანია აქვს.

როგორც მრავალშვილიანები, სა­ხელმწიფოსგან დახმარებას არ ვიღებთ. წყალწაღებული უნდა იყო, რომ დაგეხმარონ - რატომღაც ასეთი ტენდენციაა, ჩემთვის გაუგებარი.
შეიძლება ითქვას, მე და ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად მარტოებმა გავზარდეთ ბავშვები. რაკი ნოე ჯერ ერთი თვისაც არ არის და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, იოანეს გაზრდაში ახლობელი მეხმარება. ახლა უკვე უფროსებიც აქტიურად­ არიან ჩართული ამ პროცესში. ერთად ალაგებენ სახლს, უვლიან პატარებს, ათამაშებენ კიდეც და გაკვეთილებსაც ამზადებინებენ. მე დავალებების მომზადებაში ვერ ვეხმარები, დრო აღარ მრჩება საამისოდ. სამაგიეროდ, ბევრი ჩემი მეგობარი პედაგოგია და ბავშვებს ისინი ამეცადინებენ, გვერდით გვიდგანან. სახლში ხომ ამდენი ბავშვია, მაგრამ ზედმეტ ხმას ვერ გაიგონებთ, იშვიათად ჩხუბობენ, არ არიან ხმაურიანები. თუ რომელიმესთან ვერ მორიგდნენ, არჩევანი დიდი აქვთ, მაშინ სხვებს ირჩევენ სათამაშოდ. ზოგჯერ ჩემი ქმარი მეკითხება, რაღაც უცნაური სიჩუმეა, ყველა სახლშიაო? ოჯახის საერთო განწყობა მეტწილად მაინც დედაზეა დამოკიდებული.

ნათქვამია, თუ გინდა ოჯახში ყველა ბედნიერი იყოს, ჯერ დიასახლისი უნდა იყოს ბედნიერიო და მართლაც ასეა. ჩემი ენერგეტიკა უმალ გადადის სხვებზე, ამიტომაც არ მაქვს მოდუნებისა და მოწყენის უფლება.

- ირინა, ყველა განსხვავებული ხაიათისაა. როგორ ახერხებთ ყველასთან საერთო ენის გამონახვას?
- არ მიჭირს. მთავარია, უფროსებმაც და უმცროსებმაც ერთმანეთის პატივისცემა­ ვიცოდეთ და ვისწავლოთ. განათლება კარგია, მაგრამ მინდა, უპირველესად კარგი ადამიანები იყვნენ. სიკეთეს ვასწავლი, კარგისა და ცუდის გარჩევას - ეს არის ყველაზე მთავარი, დანარჩენს თვითონაც ისწავლიან. ხშირად ვსაუბრობთ, ვის რა პროფესია მოსწონს, ვინ რას აირჩევს. ინტერესები, რა თქმა უნდა, განსხვავებული აქვთ. ერთი კარგად მღერის, მეორეს ჩემი პროფესია მოსწონს, სხვას ვიზაჟი აინტერესებს. უფროსი შვილი ოთხი წელი სწავლობდა სატელევიზიო სკოლა-სტუდიაში, ჟურნალისტობა უნდა. შვილების პატარა თუ დიდი წარმატება იმხელა ძალასა და სტიმულს გაძლევს, რომ მზად ხარ, ღირსეულად შეასრულო შენი მოვალეობა, დედობა რომ ჰქვია.

- საპატრიარქოს ჩოხოსანთა ასოციაციის წევრიც ხართ...
- ჩოხოსნობასთან ერთად ორგანიზაცია "გენი ქართულის" წევრიც ვარ. ახლახან ჩოხოსნების მიმღები კომისიის მდივნად დამნიშნეს. ამ საზოგადოებაში არაერთი ღირსეული ადამიანია, ვინც ტრადიციებს იცავს და ქეყნისა და ერისთვის იღვწის... ისინი მუდმივად პატრიარქის გვერდით დგანან საღვთო მსახურებაზე, ისმენენ მის ქადაგებებს და ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს. პატრიარქის მხედრობა უდიდესი პატივია. რაკი ჩემი შვილები უწმინდესის ნათლულები არიან და რაკი მრავალშვილიანი დედა ვარ, ამ საზოგადოების წევრად მეც მიმიწვიეს. ვესწრებით სხვადასხვა ღონისძიებას, შეხვედრებს, დღესასწაულებზე, როდესაც უწმინდესი წირავს, ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილები მას ვახლავართ, რაც ძალიან ამაღელვებელია.

- მართლმადიდებლად მოინათლეთ თქვენც და თქვენი მეუღლეც. ალბათ, ეს გზა იოლი არ იყო...
- მე კათოლიკე ვიყავი. ჩემი მეუღლე წარმოშობით აჭარიდანაა და ისე გავყევი, აზრადაც არ მომსვლია, რომ მართლმადიდებელი არ იქნებოდა. დაქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გაქრისტიანდა. მანამდე ქრისტიანულად ცოლ-ქმარი არ გვერქვა. დიახ, ეს არ იყო იოლი გზა. შემთხვევით, თუკი უფლის ნება არ არის, არაფერი ხდება. ხშირად მეუბნება, რომ არა შენ, არ ვიცი, დღეს როგორი ვიქნებოდიო. დიდი ბედნიერებაა, როდესაც მეუღლეს უყვარხარ და გაფასებს, სხვანაირად ამხელა ოჯახს ვერ გაუძღვები. ბევრი შვილის ყოლა არის ბევრი პრობლემა, მაგრამ უფრო მეტი ბედნიერება...

ნინო ჯავახიშვილი
ციცო კიკალიშვილი
10 იანვარი 2021 23:58
ჩემო ბედნიერებო❤გისურვებთ წარმატებებს და შვილების სიხარულს წარმატებებს და ბედნიერბას❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები