"მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში" - კვირის პალიტრა

"მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში"

თანამედროვე ფერმერები წველადობის გასაზრდელად ძროხების ბედნიერებაზე ზრუნავენ... უნდა ვაღიაროთ, რომ თურმე მათგან დიდად არ განსხვავდებოდა "უდიპლომო სასიძოს" პატივცემული აგრონომი ნიკოლოზი, რომელიც დისერტაციას იცავდა თემაზე - "მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში".

კალიფორნიის შტატის რძის მრეწველებმა ოფიციალურად განაცხადეს, რომ "გემრიელი ყველი ბედნიერი ძროხებისგან" მიიღება. ათეული წლებია, რაც ფერმერები ძროხებისთვის კომფორტის შექმნაზე ფიქრობენ. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფერმებში საუკეთესო საკვებითა და მიკროკლიმატით ძროხების უზრუნველყოფის გარდა, განსაკუთრებული როლი სტრესისგან მათ დაცვას ენიჭება, რადგან სტრესი ხელს უშლის რძის გამოყოფაში მონაწილე ჰორმონის ოქსიტოცინის გამოყოფას.

აგრონომი ნიკოლოზის ზრუნვა

ძროხების კომფორტზე ზრუნვაში ტექნოლოგიურ საშუალებებთან ერთად ბევრმა ფერმერმა გამოიყენა ფერმაში სხვადასხვა სახის მუსიკაც... ინგლისის ლესტერის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ნელი, ჰარმონიული მუსიკა რძის წარმოებას 3%-ით ზრდის, ეს არც ისე ცოტაა დიდი ფერმებისთვის. მუსიკის სარგებლობას ამტკიცებს ჯორჯიის უნივერსიტეტის ვეტერინარიის სკოლის ხელმძღვანელი ლინ ალვორტი. ხოლო კოლორადოს შტატის რძის მსხვილი წარმოების პრეზიდენტ ხუან ველესის განმარტებით, "ძლიერი, ყურადღების მიმქცევი ხმაური შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული სტრეს-ფაქტორი მეწველი ძროხებისთვის" და ამის საწინააღმდეგოდ მელოდიური მუსიკა სრულიად მისაღები საშუალებაა.

სხვადასხვა ფერმერისგან შეკრებილი მონაცემებით შედგა მუსიკალური სია - ე.წ. სარძეო პლეილისტი, რომელშიც არეტა ფრანკლინის, საიმონი და გარფანკელის, ლუ რიდისა და სხვა თანამედროვე შემსრულებლების კონკრეტულ მუსიკალურ ნაწარმოებთა გვერდით, მეწველი ძროხებისთვის რეკომენდებულია მოცარტის, ბეთხოვენისა და ჰაიდნის სიმფონიები თუ კონცერტები...

ფერმერთა ნაწილი, თუმცა ძროხების კომფორტს მნიშვნელოვნად თვლის, კატეგორიულად არ აღიარებს მუსიკალური ზემოქმედების დადებით გავლენას. ერთ-ერთი ასეთი არიზონელი ფერმერი კოლეგებს ურჩევს, ინგლისური ლიტერატურის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე მიებარონ, რადგან "თურმე ფერმებში შექსპირის "უინძორის მხიარული ცოლების" თეატრალიზებული კითხვაც წველადობას არანაკლებად ზრდის..."

 გოგონათა ჯგუფ

მოდავე მხარეებმა ის დროც გაიხსენეს, როცა ფერმებში არა მარტო სიმფონიურ კონცერტებს, არამედ მხიარულ სერენადებსა და ვოდევილებსაც აჟღერებდნენ. მაგალითად, 1930 წელს გოგონათა ჯგუფმა "ინჟენიუზ" (The Ingenues) ექსპერიმენტის სახით მედისონის რძის საწარმოში სერენადის სახით შოუ წარმოადგინა, თუმცა მსგავსი ექსპერიმენტის შედეგები ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების საშუალებას ძნელად იძლევა.

თუმცა, ჩვენი მოკრძალებული აზრით, პატივცემულ აგრონომ ნიკოლოზის ინიციატივა მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან არა მხოლოდ ძროხებისთვის, მელოდიური, განსაკუთრებით კი კლასიკური "მუსიკის როლი ადამიანის გემოვნების ზრდის დაჩქარებაში" ნადვილად სასარგებლოა ამ ახალ წელსაც და მომდევნო დღეებშიც...

რამაზ გურგენიძე