"რატომ არ მოხვედი იმ დღეს? აღარ გინდა გაუპატიურება?" - მხიარული ეპიზოდები ადვოკატთა ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

"რატომ არ მოხვედი იმ დღეს? აღარ გინდა გაუპატიურება?" - მხიარული ეპიზოდები ადვოკატთა ცხოვრებიდან

ახალი წლის დღეებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ციცინო ცხვედიანმა განტვირთვისთვის მის მიერ შეკრებილი მინიატიურული იუმორისტული ჩანაწერები შემოგვთავაზა.

ჭკვიანი მუშა

- ჩემი მეუღლის, ადვოკატ ზურაბ როსტიაშვილისა და ქართლოს ღარიბაშვილის მეგობრობა საყოველთაოდ ცნობილია. ერთხელ ზურაბი ქართლოსს ლოჯიის ამოშენებაში ეხმარებოდა. იმ დღის საქმეს მორჩნენ, ქართლოსმა ტანზე გამოიცვალა, ზურა კი ისევ სამუშაო ტანსაცმელში იყო. ამ დროს ქართლოსთან პატიმრის ახლობლები მოვიდნენ. ქართლოსი მათ ესაუბრებოდა, თან ზურას მიმართა, შენ რას იტყვი ამ საქმეზეო. ზურამ თავისი აზრი გამოთქვა და თან დაცვის სტრატეგიის შესახებ რაღაც იდეაც მიაწოდა.

- ბატონო ქართლოს, თქვენ ხომ ხართ და ხართ, მაგრამ მუშაც როგორ თქვენსავით ჭკვიანი გყოლიათო, - აღფრთოვანება ვერ დამალა კლიენტმა.

სეკვესტრი (მოსამართლის ნაამბობი)

- სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით ახალშემოღებული იყო სიტყვა ,,სეკვესტრი". ადვოკატი გულიკო გაბაიძე და მოწინააღმდეგე ადვოკატი პროცესზე წაკინკლავდნენ. ქალბატონი გულიკო ტანად ძალიან პატარა გახლდათ, მოწინააღმდეგე კი მაღალი მამაკაცი იყო. გაბრაზებულმა მეტოქე მამაკაცმა გულიკოს უთხრა, შე სეკვესტრირებულოო. გულიკომ ახედ-დახედა მამაკაცს, რომელიც საკმაოდ ხანში შესული გახლდათ და მშვიდად მიუგო:

- შე საცოდავო, შარვალში ჩაიხედე, სეკვესტრი შიგ გაქვსო.

გაუპატიურების მსურველი (ადვოკატი ქალის ნაამბობი)

- გაუპატიურებაში ბრალდებულს ვიცავდი. მოგეხსენებათ, მძიმე მუხლია და გადავწყვიტე კონსულტაცია მიმეღო ზურაბ როსტიაშვილისგან, რომელსაც ასეთ საქმეებში დიდი გამოცდილება აქვს. შეხვედრაზე შევუთანხმდი, მაგრამ ისეთი საქმე გამომიჩნდა, ვერ მივედი. რამდენიმე დღის შემდეგ სასამართლოს ეზოში შემთხვევით დავინახე ზურაბი, იმანაც დამინახა და დამიძახა:

- ნანა (სახელი შეცვლილია. - ც.ც.), რატომ არ მოხვედი იმ დღეს? აღარ გინდა გაუპატიურება?

მე, იმით გახარებულმა, რომ ზურამ არ გადაიფიქრა ჩემი დახმარება, აღტაცებულმა შევძახე:

- მინდა, ზურა, მინდა, დღეს რომ მოვიდე, გეცლება ჩემთვის?

- შენ უარს როგორ გეტყვი, - მიპასუხა ზურამ.

ჩვენი დიალოგით შეცბუნებული სახეების დანახვაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა.

მეტრო ქუთაისში

- ერთ დღეს ერთმა ქალმა დამირეკა, მითხრა, რომ კონსულტაცია სჭირდებოდა და მკითხა, როდის შევძლებდი მიღებას. ვუთხარი, რომ მოსულიყო საღამოს 19 საათზე და ვკითხე, იცოდა თუ არა ჩვენი ოფისის მისამართი. მითხრა, ნახევარი საათით ადრე დაგირეკავთ და ამიხსენით ოფისის ადგილმდებარეობაო.

18 საათსა და 30 წუთზე მირეკავს და მეკითხება, სადაა თქვენი ოფისიო.

- ქეთევან წამებულის 47-ში, მეტრო "სამასი არაგველის@" წინ, - ვუპასუხე მე.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ ქალი ყოყმანით მეკითხება:

- ქალბატონო ციცო, ქუთაისში მეტრო არის?

ახლა ჩემი პაუზის (და გაოცების) ჯერი დადგა:

- ქუთაისი რა შუაშია?

თურმე ვისაც ჩემი ტელეფონის ნომერი მიუცია, იმას უთქვამს, ქუთაისელიაო. ამ ქალსაც უფიქრია, ქუთაისში აქვს, ალბათ, ოფისიო და თბილისიდან ქუთაისში გაქანებულა ჩემთან შესახვედრად!

საპროცესო შეთანხმება ქეთევან წამებულთან

- ჩემი მეუღლე, ზურაბ როსტიაშვილი, ერთ ბრალდებულ ქალს იცავდა. მისი თხოვნით ზურაბმა პროკურორის სახელზე შუამდგომლობა დაწერა და საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითხოვა. შუამდგომლობაში, რა თქმა უნდა, ოფისის მისამართიც მიუთითა. ჩვენი ოფისი ქეთევან წამებულის პროსპექტზე მდებარეობს, იმ ქალსაც ქეთევანი ერქვა.

როგორც შემდეგ გაირკვა, პროკურატურის კანცელარიის თანამშრომელს ბრალდებულის გვარი და ოფისის მისამართი არევია და საინფორმაციო ბარათში ჩაუწერია, რომ ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ითხოვს საპროცესო შეთანხმებას ბრალდებულ ქეთევან წამებულთან.

სად არ შეიძლება ერთად შესვლა

- ერთ დღეს იურისტები, მათ შორის ადვოკატებიც, სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისში" პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს. პრეზენტაციის მერე სადილი იყო დაგეგმილი, გამოვცვივდით ჯგროდ ეს მშიერი ხალხი და დავიწყეთ სასადილო დარბაზის ძებნა. დავინახეთ სასტუმროს თანამშრომლები და ქალიან-კაციანად მივცვივდით, სად შევიდეთ-თქო.

- ქალები აქეთ შედით და კაცები - იქითო, დაგვაკვალიანა ერთმა.

- რატომ, ერთად რომ შევიდეთ, რა უჭირსო, გააპროტესტა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.

- არავითარ შემთხვევაშიო, კატეგორიულ უარზე დადგა სასტუმროს თანამშრომელი. თურმე ტუალეტების წინ ვმდგარვართ და ჰგონებია, კოლექტიურად ვაპირებდით შიგ შესვლას!

მორწმუნე მოწმე

- რამდენიმე დღის წინ სასამართლო პროცესზე ვიყავი. მოსამართლემ მოწმეს ჰკითხა, რელიგიურ ფიცს დადებ თუ ჩვეულებრივსო. მოწმემ რელიგიური ფიცი აირჩია. მოსამართლემ ფიცის ტექსტი წაუკითხა და უთხრა:

- ახლა თქვენ უნდა მითხრათ: ღმერთი იყოს ჩემი მფარველი.

- ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, – დაეთანხმა მოწმე.

დამაჯერებელი არგუმენტი (ყოფილი გამომძიებლის ნაამბობი)

- ერთ საქმეს ვიძიებდი, ქალის ცემის ფაქტს. მოძალადე მამაკაცს ზურაბ როსტიაშვილი იცავდა. მიმდინარეობდა დაპირისპირება. კაცი უარყოფდა ქალის ცემას. ქალი გამწარდა, რას ჰქვია, არ გიცემივარო და, გაცეცხლებული გაექანა კაცისკენ. ზურაბ როსტიაშვილი მათ შორის აღმოჩნდა და რომ მეგონა, ქალს შეაჩერებდა, უცბად განზე გადგა და ქალს გზა დაუთმო. მთელი ინერციით გამოქანებულმა ქალმა ისეთი თხლიშა იმ კაცს, კაცი წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა. - ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ეს კაცი ამ ქალს ვერ სცემდა? - მშვიდად იკითხა როსტიაშვილმა.

რა უნდა გვექნა, ფაქტი სახეზე იყო, კაცს ვეებერთელა ,,სინიაკი" აჯდა და ტვინის შერყევაც მიიღო. კაცს თავი დავანებეთ და საქმე ქალის მიმართ აღვძარით.

ძროხის ქურდები

- ზურაბ როსტიაშვილი მაკე ძროხის ქურდობაში ბრალდებულ პირებს იცავდა და თავგამოდებით ამტკიცებდა, არ მოუპარავთ, იპოვეს, რომ მოეპარათ, დაკლავდნენ და ხორცს წამოიღებდნენ, უფრო იოლი იყო, ამათ კი ფერება-ფერებით მოჰყავდათ, ჯოხიც არ უხმარიათ გასადენადო.

- ბატონო ზურაბ, ახლა არ მითხრათ, რომ სამშობიაროდ მიჰყავდათ ის ძროხა, თორემ გადავირიეო, - უთხრა მოსამართლემ.

საქმე ის იყო, ის პირები ამ მაკე ძროხასთან ერთად რაიონის სამშობიაროსთან დააკავეს.

"ჩემი პუდელა, ჩემი ხუჭუჭა"...

- ერთ მეგობარ ადვოკატ ქალს, რომელსაც ძალიან ხუჭუჭა თმა აქვს, მოფერებით ,,პუდელა" შევარქვი (მას, კოლმეურნეობის თავმჯდომარის არ იყოს, ბევრი იცნობთ, მაგრამ ვინაიდან ნებართვა არ ამიღია, მის გვარ-სახელს არ ვწერ). ერთხანს "ფეისბუკზე" გვარ-სახელის ნაცვლად ლათინურად ,,რაჭა" და შემდეგ თავისი სახელი ეწერა. ერთხელაც მის ასეთ პოსტს ვკითხულობ, მომწერეთ, თუ მოგწონთ ჩემი გადაღებული სურათები და, საერთოდ, რას ფიქრობთ ჩემზეო. მეგობარს უპასუხოდ ხომ არ დავტოვებდი და მივწერე, ჩემო პუდელა და ხუჭუჭა, რაზეა ლაპარაკი, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და სურათები ხომ საერთოდ, საოცარი გაქვს-მეთქი.

გავგზავნე კომენტარი და უცბად აღვიქვი, რომ ამ პოსტის ავტორს ,,რაჭის" მერე უფრო გრძელი სიტყვა ეწერა, ვიდრე ჩემი მეგობრის სახელია. გავადიდე სურათი და, როგორც დედაჩემი, 89 წლის ნაზიბროლა იტყოდა, სული კინაღამ გავტვრინე: რა ჩემი მეგობარი, რა ხუჭუჭა ქალი, არ მომჩერებია სურათიდან მართალია, სიმპათიური, მაგრამ მელოტი ახალგაზრდა კაცი?!

სასწრაფოდ მივწერე პირად შეტყობინებაში, ჩემს მეგობარში შემეშალეთ, ,,პუდელასა და ხუჭუჭას" უკან ვიბრუნებ და დანარჩენი ტექსტი დაიტოვეთ-მეთქი... იმ დალოცვილმა, იმდენი სიცილის (თუ ხარხარის) სმაილი გამომიგზავნა, ერთ სტრიქონზე არ ეტეოდა.

ასოს შეცვლა

- ერთი ჩემი მეგობარი ადვოკატი ქალი რამდენიმე წელიწადს ერთ-ერთი რაიონის მოსამართლე იყო. განიხილავდა ერთ სამოქალაქო საქმეს უდავო წარმოებით. განმცხადებელი მოხუცი კაცი იყო, გვარში თუ სახელში ერთი ასო არასწორად ეწერა და ამის გასწორება უნდოდა. ჩემმა მეგობარმა, როგორც წესი, ჰკითხა განმცხადებელს, რას ითხოვო.

- ბევრი არაფერი მინდა, შვილო, მარტო ასო შემიცვალეო, - სთხოვა მოხუცმა.

- პატივცემულო, მე აქ გადაწყვეტილებები გამომაქვს, ასოს შეცვლა თუ გინდა, კუზანოვს მიაკითხეო, - უპასუხა ჩემმა მეგობარმა.

... პოლიციელი

- წლების წინ ჩვენს ოფისში ერთი ძალიან მოკრძალებული, ზრდილობიანი ბერძენი ახალგაზრდა ადვოკატი მუშაობდა. ერთხელაც ეს გოგონა (პირობითად, ელენე) ყვავილების გამყიდველ ქალს იცავდა, რომელსაც რაღაც ინციდენტი მოუხდა პოლიციელებთან. სხდომის დაწყების წინ ამ ქალმა ელენეს განცხადება გადასცა და უთხრა, აქ ყველაფერი მიწერია და შენ წაიკითხეო. ელენემ გამოართვა და ამ ქალის ნაცვლად ხმამაღლა დაიწყო კითხვა:

"იმ დღესაც ჩვეულებრივად ვიდექი მეტროს წინ, ხელში მეჭირა ყვავილები და ვიძახდი, "იყიდეთ ყვავილები", ამ დროს მოვიდა ორი *** (მამაკაცის ორგანო) პოლიციელი და მითხრა..."

უცბად ელენემ კითხვა შეწყვიტა, შესძახა, ვაიმე, ეს რა ვთქვიო, ფურცელი ხელიდან გააგდო, ხელები სახეზე აიფარა და მოწყვეტით დაემხო მაგიდაზე. ელენე რუსულენოვანი იყო და სანამ წინადადების ბოლოში არ გავიდა, ვერ გაიაზრა, რას კითხულობდა, დარბაზი კი ძალიან გამხიარულდა.