"ვირწმუნეთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, ეს ყველაფერი უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს" - კვირის პალიტრა

"ვირწმუნეთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, ეს ყველაფერი უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს"

"ერთ-ერთმა კაცმა გვკითხა, რომელი პარტიიდან ხართ, ხმები რომ გჭირდებათ, არჩევნები ხომ უკვე მორჩაო?! ეს ძალიან ჩაგვრჩა გულში. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სიკეთის გაკეთება დაკავშირებულია არჩევნების წინა პერიოდთან"

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მეტად თბილ და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდების ჯგუფს წავაწყდი, ასე, ერთ გუნდად, საზოგადოებას სასმლით, საკვებითა და მცირე ნობათით ეხმარებოდა. მოზარდებს შორის 17 წლის დავით ჩხობაძე აღმოვაჩინე და ამ ახალ, უანგარო წამოწყებაზე ვესაუბრე:

დავით ჩხობაძე: - ახლა მისაღები გამოცდებისთვის ვემზადები. პირველი კარანტინის პერიოდი ყველასთვის რთული იყო და მეც გამიჭირდა შინ ყოფნა, სიტუაციასთან შეგუება -  მე-11 კლასში ვიყავით და დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. მეორე ტალღის მიღება უკვე აღარ გაგვჭირვებია, მომზადებულები შევხვდით ამ ვითარებას. მე და ჩემს მეგობრებს სახლში გამოკეტვის შემდეგ იდეა დაგვებადა, ეს დრო პროდუქტიულად გამოგვეყენებინა და ჩვენი ენთუზიაზმით რაღაც, ახალი პროდუქტი შეგვექმნა, სწორედ ამიტომ ძველი იდეები გავაცოცხლეთ და ორგანიზაცია დავაარსეთ.

- მოგვიყევით, რა ორგანიზაციაა და საიდან გაჩნდა მისი ჩამოყალიბების იდეა? - ორგანიზაციის იდეა, დაახლოებით, ერთი წლის წინ გაჩნდა, მისი დაარსება მე და ჩემმა მეგობარმა და თანადამფუძნებელმა შოთიკო ბექაურმა გადავწყვიტეთ. მანამდე, 2 წლის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტები ვიყავით და ეს სფერო ყოველთვის გვაინტერესებდა. გვინდოდა, რამე სიტყვა გვეთქვა ქართველ საზოგადოებაში, ამიტომ საგანმანათლებლო ორგანიზაციაზე შევჯერდით. ერთი წელი ვაყალიბებდით იდეას, თუ როგორ შეიძლებოდა, ეტაპობრივად და სტრუქტურულად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია შეგვექმნა.

მალე ჩვენმა თანატოლებმაც აგვიბეს მხარი და 5 დეკემბერს ორგანიზაცია "მომავლის ძალა" შევქმენით. ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვაა. "მომავლის ძალის" წევრები 16 ქალაქიდან შევკრიბეთ. ისინი ხარჯავენ ძალას, ენერგიას, ჯიბის ფულს იმისთვის, რომ დღევანდელობაში რაღაც შეცვალონ. დღეს ახალგაზრდების ხმა, თითქმის, არსად ისმის და გვინდა, ეს ყველაფერი გამოვასწოროთ.

ორგანიზაციის შექმნა არ ყოფილა მარტივი, ბევრი ვიფიქრეთ თუ როგორ მიიღებდა ამას ხალხი, როგორ ჩაგვერთვებოდა საზოგადოება, იქნებოდა თუ არა სათანადო დაინტერესება. დაახლოებით, ერთი თვე გავიდა და უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი გვყავს. თებერვლიდან საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას გვეგმავთ, გვინდა, რეგიონებში გავიდეთ და დავხარჯოთ ძალა, ენერგია იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ.

ყველას თავისი პოლიტიკური გემოვნება აქვს, თუმცა ჩვენთან ზეპარტიული ხალხი შევიკრიბეთ. ვაპირებთ, რომ ძალიან მალე ორგანიზაცია ოფიციალურად დავარეგისტრიროთ და ჩვენი საქმიანობაც ოფიციალური გავხადოთ, ასევე, ვეძებთ დაფინანსებასაც და გვინდა მოვიძიოთ მიკროგრანტები. ახლა საკუთარი ხარჯებით ვახერხებთ ყველაფერს, თუმცა გვჭირდება ვიღაც, ვინც ხელს შეგვიწყობს და დაგვეხმარება მასშტაბების გაზრდაში.

- რა სახის ქველმოქმედებას ეწევით?

- დეკემბერში დავიწყეთ პირბადეების დარიგება, ეს იყო ჩვენი პირველი აქტივობა - ხუთ ქალაქში 1000-მდე პირბადე დავარიგეთ, ასევე, თბილისში, აბაშაში, ფოთსა და ოზურგეთში ცხელი ჩაითა და ლობიანებით გავუმასპინძლდით ხალხს, ვაპირებთ კიდევ ბევრ ოჯახს ვესტუმროთ და გავახაროთ ადამიანები. ახალგაზრდებს აქვთ სიკეთის კეთების სურვილი, რამდენიმე ბავშვმა თვითონ გამოაცხო ლობიანი.

- ქველმოქმედების სურვილი პანდემიის გამო გაჩნდა თუ ეს ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანია?

- ეს ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო, რადგან ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქველმოქმედების აქციები პანდემიის დასრულების შემდეგაც გავაგრძელოთ და მას მუდმივი სახე მივცეთ. თბილისში, ფოთში, აბაშასა და ოზურგეთში გვყავს ორგანიზაციის აქტიური წარმომადგენლები, რომლებიც ხალხს რეგიონებში ეხმარებიან.

- რამდენი ადამიანი ხართ ორგანიზაციაში?

- ამ ეტაპზე 200-მდე ვართ და ვგეგმავთ, მსურველებთან გასაუბრებას და ხალხის დამატებას.

- როგორ აგროვებთ სახსრებს?

- სახსრების მოგროვება ყველაზე დიდი პრობლემა იყო. დაფუძნებიდან მალევე გადავწყვიტეთ, რომ ყველა წევრმა ყოველთვიურად გადაიხადოს საწევრო გადასახადი ერთი ლარი და მეტი. ხალხმა დაიწყო თანხის ჩარიცხვა და რაღაც ბიუჯეტიც შეგროვდა. საკუთარი ჯიბის ფულიდან კიდევ გავიღებთ თანხას, რათა ეს კამპანიები არ დასრულდეს და სულ გაგრძელდეს.

- საზოგადოება, მეგობრები და ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?

- მეგობრებსა და ახლობლებს ძალიან გაუხარდათ ჩვენი წამოწყება, დაგვეხმარნენ და გვერდში დაგვიდგნენ. ბევრისგან მივიღეთ დადებითი მუხტი, ვირწმუნეთ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ და გვინდა, ეს ყველაფერი უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეს. მათი თანადგომა ჩვენთვის დიდი სტიმული იყო.

- ახლა, ვირუსის პერიოდში, როგორ გრძელდება ქველმოქმედებისა და ორგანიზაციის ამბები?

- ვირუსის პერიოდში აქტიურად ვართ ჩართული ის ადამიანები, ვინც უკვე მოვიხადეთ კოვიდი. გადავაადგილდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის დაცვით.

- რამე საინტერესო ამბავი ხომ არ გადაგხდენიათ თავს?

- რა თქმა უნდა. როდესაც სადგურის მოედანზე საზოგადოებას ვურიგებდით პირბადეებს, ერთ-ერთმა კაცმა გვკითხა, რომელი პარტიიდან ხართ, ხმები რომ გჭირდებათ, არჩევნები ხომ უკვე მორჩაო?! მერეც უმეტესობა გვეკითხებოდა, რომელი პარტიიდან ვიყავით და ვისთვის ვაკეთებდით ამას. ეს ძალიან ჩაგვრჩა გულში. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში სიკეთის გაკეთება დაკავშირებულია არჩევნების წინა პერიოდთან. ჩვენ არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნით, უბრალოდ, წრფელი გულითა და სურვილით ვაკეთებთ ყველაფერს.

- რას აპირებთ მომავალში, რა გეგმები გაქვთ ?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ორგანიზაციას ოფიციალურად დავარეგისტრირებთ, ვაპირებთ საგანმანათლებო კამპანიების დაწყებას, გასვლას საოკუპაციო ხაზთან და ახალგაზრდებთან შეხვედრას. გვსურს, გვყავდეს ბენეფიციარი ოჯახები, რომლებსაც სტაბილურად დავეხმარებით და წლის ბოლოს უნდა გადავიქცეთ ორგანიზაციად, რომელსაც ექნება სოლიდარობის, სიკეთისა და სიმართლის დათესვის სურვილი.

პირადად მე, ჩართული ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ვაპირებ ამ სფეროში კიდევ უკეთ ჩავერთო, რა თქმა უნდა, ჩვენი ორგანიზაცია იქნება აპოლიტიკური.

(სპეციალურად საიტისთვის)