"კორონავირუსის დაწყებიდან პირველ 72 საათში პლაზმის გამოყენება 50 პროცენტით ამცირებს დაავადების გენერალიზაციას" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის დაწყებიდან პირველ 72 საათში პლაზმის გამოყენება 50 პროცენტით ამცირებს დაავადების გენერალიზაციას"

კორონავირუსის სამკურნალო პლაზმის ჩამბარებელი ცენტრის, "ჰემო პლაზმას" დამფუძნებლის, თემურ აზიკურის განცხადებით, აპრილიდან დღემდე მათ ცენტრს კორონავირუსით ინფიცირებული 12-13 პაციენტისთვის საკმარისი 25-მდე დოზა პლაზმა აქვს გაცემული, ხოლო მათ ბანკში კიდევ 30-მდე დოზა პლაზმაა დაცული.

როგორც აზიკურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პლაზმის შენახვა -30 გრადუსზე 3 წელია შესაძლებელი.

"ჩვენი ცენტრი პლაზმას აწვდის ინფექციურ საავადმყოფოს, რომელიც შემდეგ საჭიროებისამებრ ანაწილებს. როგორც ვიცით, პლაზმა გამოიყენეს ინფექციურში, რესპუბლიკურში, გორისა და ქუთაისის კლინიკებში. სამწუხაროდ, ჩვენ "ფიდბექი" არ გვაქვს ხოლმე. ჩვენი მოთხოვნაცა და სურვილიცაა, რომ პლაზმის გამოყენება, რაც შეიძლება ფართოდ დაინერგოს, მაგრამ, რატომღაც, არც დონორებისგანაა დაინტერესება და არც სახელწიფო ერევა დიდად. მინისტრს, მის მოადგილეს მიაჩნიათ, რომ ეს არის ექსპერიმენტული მეთოდი, არადა ათწელიწადზე მეტია პლაზმით მკურნალობა მსოფლიოში დანერგილია და ანტისხეულებით ზემოქმედება პირდაპირი თერაპიის ერთ-ერთი უებარ და იაფ საშუალებად ითვლება. მათ კი რატომღაც მიაჩნიათ, რომ ეს არის ექსპერიმენტული მეთოდი. კლინიკებს არ აქვთ დამტკიცებული პროტოკოლ- გაიდლაინი და ამის გამოც თავს იკავებენ პლაზმის ფართო გამოყენებისგან. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულებსაც მაინცდამაინც დიდი ხალისით არ ურჩევენ. ისევ მოხალისეობის დონეზე მოდიან მოქალაქეები სისხლის ჩასაბარებლად", - განაცხადა აზიკურმა.

მისივე თქმით, პლაზმის ჩაბარებაც და გაცემაც უფასოა.

"უნდა დამზადდეს ბევრი პლაზმა, რომ შემდეგ იქიდან მაღალი ტიტრისა და კონცენტრაციის მქონე ამოვარჩიოთ. პირადად მე გადავიხსი ერთი დოზა, კორონა გადავიტანე დეკემბერში და მომიხდა. მიმაჩნია, რომ პლაზმამ ჩემი გამოჯანმრთელება დააჩქარა. ჟანგბადის კონცენტრაცია სისხლში 90-ს რომ ჩამოცდა, შემდეგ გადავისხი. 200 ათასზე მეტია კოვიდგადატანილი და აქედან შეიძლება 1000 დოზის დამზადება მაინც, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის გამოვიყენოთ. აი, გეტყვით, რომ არგენტინაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ დაავადების დაწყებიდან პირველ 72 საათში მისი გამოყენება ხანდაზმულ ადამიანებში, 50 პროცენტით ამცირებს დაავადების გენერალიზაციას. ჩვენთან ამ პლაზმით მკრუნალობას არ აფინანსებენ, არადა ეს თერაპიიის ყველაზე ადვილი და იაფი გზაა", - განაცხადა აზიკურმა.

"ინტერპრესნიუსი"