"როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ხელის თხოვნა ერთად მოფიქრებული და დაგეგმილი ჰქონიათ"
"ხელის თხოვნას უცხო ადამიანებიც შეესწრნენ, ბევრმა ვიდეოს გადაღება დაიწყო, ხალხი ტაშს გვიკრავდა და ვიღაცები "კის" ყვიროდნენ"
ახალი წლის ღამე გამორჩეულად ლამაზი აღმოჩნდა 22 წლის ლიკუნა გერლიანისა და 23 წლის გიორგი ბობოხიძისთვის. 2021 წლის დაწყებიდან რამდენიმე საათში რუსთაველზე, დიდი ნაძვის ხის ქვეშ, გიორგიმ უცხო ხალხისა და მეგობრების თანდასწრებით ლიკუნას ხელი სთხოვა და ახალი წლის შემოსვლას ამ ამბით შეეგება. ლიკუნას მათ სიყვარულსა და 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეზე ვესაუბრე.

ლიკუნა გერლიანი:
- მე პროფესიით ექთანი
ვარ, გიორგი კომპანია "ბორან ლაითში" მუშაობს. მე და ჩემმა საქმრომ ერთმანეთი ჩემს ბოლო ზარზე, 2017 წელს გავიცანით, საერთო წრეში აღმოვჩნდით და ჩვენი სიყვარულის ამბავიც სწორედ მაშინ დაიწყო.
გიორგი თავიდანვე გულღია იყო, ურთიერთობისას გრძნობებს არ მალავდა. იგი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ვარ. მე ცოტა
გვიან გამოვუტყდი სიყვარულში, თუმცა თვითონაც ხვდებოდა, რომ ჩემთვის სულერთი არ იყო და მის გვერდით ყოფნა მსიამოვნებდა. მეც და გიორგისაც დაბადების დღე 13 ნოემბერს გვაქვს და, ყველაფერთან ერთად, ეს პატარა დეტალი თავიდანვე მომწონდა.

მახსოვს, 2020 წლის 14 თებერვალს პირველად ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა. მაინც ვინერვიულე ამ სიტყვის წარმოთქმა, ჩემთვის ემოციურად რთული აღმოჩნდა. 16 იანვარს შეყვარებულობის 1 წელი უნდა შეგვსრულებოდა, თუმცა უკვე საქმროა.

ჩვენი ერთად ყოფნის ამბავი თავიდანვე ყველამ კარგად მიიღო. ჩემი ოჯახის წევრები, ისევე, როგორც  გიორგისი,  ჩვენი ბედნიერებით გახარებულები იყვნენ. ჩემთვის გიორგი პირველი სიყვარულია, ამიტომ ჩემმა ოჯახის წევრებმა კიდევ უფრო თბილად და სიყვარულით მიიღეს გიორგი და მისი ოჯახი. ყოველთვის ახლო ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთის ოჯახებთან და, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ხელის თხოვნა ერთად მოფიქრებული და დაგეგმილი ჰქონიათ.

- ხელის თხოვნაზე ვისაუბროთ, გაგვიზიარე იმ დღის ემოციები...
- ეს ამბავი 31 დეკემბრის ღამეს, 4 საათზე, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მოხდა. გიორგიმ ხელი  რუსთაველზე, ულამაზეს ნაძვის ხესთან, ჩვენი მეგობრებისა და უცნობი ადამიანების თანდასწრებით მთხოვა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა, ვაპირებდით მეგობრებთან ერთად აღგვენიშნა ახალი წელი. მხოლოდ ის მითხრეს, რომ რუსთაველზე გავდიოდით და მსგავს რამეს ნამდვილად არ ველოდი.

ვიდეოში ჩანს, რა მოულოდნელი იყო ჩემთვის ის წუთები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი წლის ღამე ყველაზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს გიორგის დამსახურებაა. ის ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას და გახარებას.

- შეუღლებაზე თუ გისაუბრიათ და თუ გეგმავდით ამას?
- ამ თემაზე გვისაუბრია და მქონდა მოლოდინი, თუმცა ახალი წლის ღამეს თუ აპირებდა, არ ვიცოდი და არც არაფერი მიეჭვია. ალბათ, ყველაფერი სწრაფად მოხდა და - ამიტომ. რომ არ დაგიმალოთ, იმ ღამის ემოციები ზუსტად არც მახსოვს. იმდენად გაოცებული ვიყავი, იმასაც ვერ ვიხსენებ, ბეჭედი რა დროს გამიკეთა თითზე.

მეგობრების რეაქცია არ მავიწყდება, მთელი ღამე გვესიყვარულებოდნენ და გვაგრძნობინებდნენ, რომ ჩვენი სიხარული ჩვენზე არანაკლებად აბედნიერებდათ. ხელის თხოვნას უცხო ადამიანებიც შეესწრნენ. ბევრმა ვიდეოს გადაღება დაიწყო. ხალხი ტაშს გვიკრავდა და ვიღაცები "კის" ყვიროდნენ. თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ, ყველას ვუსურვებ ისეთი ბედნიერი იყოს, როგორი ბედნიერიც მე ვარ იმ წუთების გამო.

- მოგვიყევი, როგორი ბიჭია გიორგი?
- გიორგი კომუნიკაბელური, თბილი და მხიარული ადამიანია. შეუძლია ყველასთან გამონახოს საერთო ენა, პასუხისმგებლიანია და მის ამ თვისებას გამორჩეულად ვაფასებ. ყოველთვის შეუძლია, საყვარელი ადამიანის გამო შეუძლებელი გააკეთოს და ამით თვითონ უფრო დიდი ბედნიერება მიიღოს. გიორგი საოცრად ერთგულია და მისი ნდობა ბოლომდე შემიძლია.

- ამ ლამაზი ამბის ბოლოს, რას აპირებთ სამომავლოდ?
- ჯერ არ ვიცით, ქორწილი გვექნება თუ ჯვრისწერა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სიტუაციის გამოსწორებას ველოდებით. არ გვინდა, ჩვენს საყვარელ ადამიანებს გული დავწყვიტოთ და შეზღუდვების გამო ჩვენ გვერდით არ იყვნენ. ამიტომ ჯერჯერობით სიტუაციას დაველოდებით.

(სპეციალურად საიტისთვის)

18 იანვარი 2021 09:39
ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს! მიხარია და მიყვარხართ!
დამკვირვებელი
14 იანვარი 2021 14:05
ბედნიერება, გამრავლება და ნორმალურ ქვეზანაში ცხოვრებას გისურვებთ ახალგაყრდებო! ულამაზესები ხართ!
ქართველი
14 იანვარი 2021 13:20
გაიხარეთ ახალგაზრდებო. ლამაზი და კარგი წყვილია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები