"მომავალი ქმარი დავინახე თუ არა, მივხვდი - შემიყვარდა. ბევრი რამ გვქონდა საერთო... ძალიან გამიჭირდა საქართველოში" - კვირის პალიტრა

"მომავალი ქმარი დავინახე თუ არა, მივხვდი - შემიყვარდა. ბევრი რამ გვქონდა საერთო... ძალიან გამიჭირდა საქართველოში"

"ჩვენზე ნადირობდნენ, რომ ხელში ჩავვარდნოდით. სროლა, გადატენა, იარაღის მოვლა, დაშლა-აწყობა მასწავლეს, ზოგი რამ პრაქტიკაში ვისწავლე... ომმა ასე იცის. რაც მანამდე შეუძლებელი მეგონა, ყველაფერი გავაკეთე..."

უამრავი რამ გამოიარა, მათ შორის, მეორე მსოფლიოს ომის ქარცეცხლი და სისასტიკე, შიმშილი, პარტიზანული ომი, ტყვეობა. შორეულ რუსეთში 1920 წელს დაბადებული ქალი წლების შემდეგ ბედის ბორბალმა საქართველოში გადმოისროლა. მეოთხე თაობას მოესწრო, ახლა მისი მონაგარი რამდენიმე ათეულს ითვლის. მარიამ სიმუსოვას 18 დეკემბერს 100 წელი შეუსრულდა. "გზამ" მას სთხოვა, თავის ცხოვრებაზე მოეთხრო.

- ბრიანსკში, სოფელ გერასიმოვკაში დავიბადე. ომის დაწყებამდე ჩვეულებრივად, მშვიდად ვცხოვრობდით, ვმუშაობდით და ასე გაგვქონდა თავი. ჩემს ოჯახში ამბობდნენ, რომ გენერალისიმუსის შთამომავლები ვართ, მაგრამ ომის დროს ბევრი რამ გაგვინადგურდა და დიდი ალბათობით, ყველანაირი საგვარეულო დოკუმენტაციაც, რაც ლეგენდარულ სამხედრო პირთან ჩვენს კავშირს დაადასტურებდა. გადმოცემით ვიცი, რომ გენერალისიმუსმა ჩვენს სოფელში ეკლესია ააშენა... ახლა არ ვიცი, კიდევ დგას თუ არა. მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა. ომი რომ დაიწყო, 22 წლის ვიყავი. ერთბაშად ისე გაგვიჭირდა, 12 დღე მხოლოდ ხის ფოთოლს ვჭამდით. პური და წყალი გვენატრებოდა. თბილი ტანსაცმელიც კი არ გვქონდა. შეშა რომ არ გვქონოდა, გავიყინებოდით. გარშემო გერმანელები იყვნენ და სოფელს აწიოკებდნენ. ერთხელ სახლში შემოგვივარდნენ და დედაჩემს თავში ჩაარტყეს. ჯარისკაცებს, როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით, მათთვის საჭმელს, შეშასა და წყალს ვეზიდებოდით. ეს გერმანელებმა გაიგეს, ალბათ ვიღაცამ დაგვასმინა და ახალგაზრდებს გვდევნიდნენ, გვაწიოკებდნენ. სხვა გამოსავალი არ გვქონდა და მე, ჩემი ორი ძმა და უფროსი და პარტიზანებს შევუერთდით. კიდევ მყავდა ერთი და, ოღონდ ის ყველაზე პატარა იყო და სახლში დარჩა. ხანდახან ვრისკავდი და სახლში ვიპარებოდი, მათთვის რომ დამეხედა, თან ჩემი პარტიზანი მეგობრებისთვის საჭმელი და სხვა საჭირო ნივთები მიმეტანა. ყველა ასე ვიქცეოდით. ეს ძალიან დიდი რისკი იყო, რადგან ჩვენი სოფელი უკვე აღებული ჰქონდათ გერმანელებს. დამსმენიც ბევრი გვყავდა. ხომ იცით, ომის დროს როგორ ხდება, ზოგი ვერ უძლებს ზეწოლას და საკუთარ ტყავს უფრთხილდება. ეტყობა, ვიღაცამ მიაწოდა ინფორმაცია და, როგორც კი სახლში შევედი, მაშინვე მოგვადგნენ. მე საპირფარეშოში დავიმალე. დედაჩემს ჩემზე ჰკითხეს, სად არისო? დედამ იუარა, არაფერი ვიციო. ერთ-ერთმა ავტომატის კონდახი მოიქნია და ისე მაგრად ჩაარტყა დედას, თავი გაუხეთქა და სმენაც დაუზიანა. სად იყო ექიმი და მკურნალობა?!. ერთი სიტყვით, დედა სამუდამოდ დაყრუვდა.

- თქვენ როგორ გადარჩით?

- როგორც ჩანს, ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, რომ სახლში ვიყავი. გარშემო ყველაფერს ცეცხლი დაუშინეს, ტყვიები საპირფარეშოს კედლებიდან შიგნით ცვიოდა, მაგრამ გადავრჩი. არ მომხვედრია და როგორღაც ტყეში დავბრუნდი. ჩემებს ვუთხარი, მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ, რადგან უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაეხეტებოდნენ. ალბათ ახალგაზრდა უფრო სხვანაირად იტანს ყველაფერს, თან ერთად ვიყავით, შეკრული, ლუკმაპურს ვიყოფდით, საერთო ჭირი და ლხინი გვქონდა. ამან გადაგვატანინა... როგორია - იარაღთან ერთად გძინავს, ჭამ და ცხოვრობ!.. თან იცი, რომ შენ გამო მშობლებს ავიწროებენ, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა. ყველანი ვრისკავდით, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვქონდა.

- იარაღსაც იყენებდით თუ მხოლოდ ეხმარებოდით პარტიზანებს? - პარტიზანი ვიყავი, მეც მათთან ერთად ვიბრძოდი. მტერს ზურგიდან ვუტევდით და ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს ყველანაირად ვეხმარებოდით. ამიტომ ჩვენზე ნადირობდნენ, რომ ხელში ჩავვარდნოდით. სროლა, გადატენა, იარაღის მოვლა, დაშლა-აწყობა მასწავლეს, ზოგი რამ პრაქტიკაში ვისწავლე... ომმა ასე იცის. შევეჩვიე უძილობას, შიმშილს, სიცივესა და ღია ცის ქვეშ ძილს, ყინვასა და თოვლში. რაც მანამდე შეუძლებელი მეგონა, ყველაფერი გავაკეთე... ერთხელ, ალყაში მოგვაქციეს, ატყდა ორმხრივი სროლა. ხეს ამოფარებული ვისროდი და ხის ანასხლეტი, ნამსხვრევი სახეში მომხვდა და დავიჭერი. ძალიან შემეშინდა, მაგრამ გადავრჩი... დიდხანს მეტყობოდა ნაიარევი, თუმცა, იარას ვინ დაეძებდა, მთავარი იყო, რომ ცოცხალი გადავრჩი. ძალიან შემეშინდა. ამის შემდეგ უფრო ვფრთხილობდი, თუმცა ეს ადვილი არ იყო. ერთხელ, შეშა უნდა მომეტანა სოფლიდან. გერმანელების პოსტი უნდა გამევლო. სამალავი გვქონდა გაკეთებული, მათი პოსტის გვერდის ავლით ვძვრებოდით, მის ქვეშ, და ვერ გვნახულობდნენ. კბილებამდე შეიარაღებული გერმანელების ალყაში ვიყავით, მაგრამ ხელის ჩაქნევა არასდროს გვიფიქრია, გააფთრებული ვებრძოდით. სხვადასხვა გეგმასა და დავალებას ვსახავდით, უამრავ ოპერაციაზე მივდიოდით. ჩვენი ცხოვრება ნაღმზე სიარულს ჰგავდა - უნდა გადავრჩენილიყავით... როდესაც საჭმელი არ გვქონდა და ეს საკმაოდ ხშირად ხდებოდა, ტყეში რაღაც ხე ხარობდა და მის ფოთლებს ვჭამდით. ერთხელაც, ბანაობისას დაგვადგნენ თავს. იარაღი თან არ გვქონდა. ყველანი აგვიყვანეს.

- ტყვედ აგიყვანეს? - დიახ. ეტყობა, ვიღაცამ ჩვენზე ინფორმაცია მიაწოდა, რადგან ღამით დაგვადგნენ თავს. იარაღი წაგვართვეს, ვაგონში შეგვყარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაგვიყვანეს. ვიფიქრე, რომ ეს ჩვენი დასასრული იყო... დაახლოებით ერთი კვირა ვიარეთ. საჭმელი კი არა, წყალიც არ გვქონდა. ვფიქრობდით, რომ დასახვრეტად გვამზადებდნენ - პარტიზანებს ხომ ასე ექცეოდნენ. ოღონდ სად მივყავდით, არ ვიცოდით... ერთ ღამეს რაღაც სადგურში გავჩერდით, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ჯერ ჩვენს დახოცვას, შემდეგ კი იმ ვაგონის დაწვას აპირებდნენ. სწორედ იქ დაგვესხნენ თავს საბჭოთა ჯარისკაცები და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად გაგვათავისუფლეს... ომი რომ დამთავრდა, როგორც პარტიზანული ბრძოლების მონაწილეს, საწყობი ჩამაბარეს. მისი გასაღები მე მქონდა...

- ქართველი მეუღლე სად გაიცანით?

- იქ, ბრიანსკში... მეორე მსოფლიო ომი მასაც გამოვლილი ჰქონდა. არა მხოლოდ მეორე მსოფლიო, არამედ ფინეთის ომში და სხვადასხვა ქვეყანაშიც იბრძოდა. 9 წელი გაატარა ფრონტზე. ქართული თითქმის დავიწყებული ჰქონდა... ომის შემდეგ ბრიანსკში საქონელი ჰყავდა ჩამოყვანილი. ჩემს მეგობარს გაუცნია ჩემი მომავალი მეუღლე და მისი მეგობრები, მანვე გაგვაცნო ერთმანეთი. დავინახე თუ არა, მივხვდი - შემიყვარდა. ბევრი რამ გვქონდა საერთო - ომი, შიმშილი, სიცივე, უბედურება... ომში უამრავი დაზიანება ჰქონდა მიღებული. ფეხები სტკიოდა. ჩემი ერთ-ერთი ძმა წამოვიდა საქართველოში, ჩემი მომავალი ქვეყანა და ოჯახი გაიცნო, და შემდეგ გამომაყოლეს. ძალიან გამიჭირდა საქართველოში, რადგან ომი ახალი დამთავრებული იყო და ყველას ძალიან გვიჭირდა. დღე და ღამე ვშრომობდით, რომ პური გვეჭამა და შვილები გამოგვეკვება. მერე სამსახური ვიშოვე. სკოლას ინტერნატი ჰქონდა, იქ ვმუშაობდი და ასე ვინახავდი ოჯახს, თორემ ჩემს მეუღლეს უკვე ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, სიარული უჭირდა...

- ბრიანსკში ნათესავები გყავთ? - ალბათ მყავს, მაგრამ და-ძმა გარდაცვლილია. წლების წინ დისშვილები ჩამოდიოდნენ, მეც ჩავდიოდი მათთან, სანამ შემეძლო. ახლა ვერავინ ჩამოდის და კონტაქტიც აღარავისთან მაქვს.

- რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ? - ხუთი შვილი მყავს, 12 შვილიშვილი და 18 შვილთაშვილი, მაგრამ კიდევ ერთ თაობას მოვესწარი - შვილიშვილებს შვილიშვილები ჰყავთ - რვანი არიან. ამდენი ომი და უბედურება გვაქვს გამოვლილი და ომის ვეტერანები რომ ვიყავით, ამის დამადასტურებელი ყველანაირი საბუთი დავკარგეთ. გასაახლებლად მივიტანე და თანამშრომელმა მითხრა, დამიტოვე და მზად დაგახვედრებო, მაგრამ მერე გავიგე, ის ქალი გარდაცვლილა და ჩემს საბუთებს ვერავინ მიაგნო. დაიკარგა. ჩემს მეუღლეს სტალინის შვიდი მადლობის სიგელი ჰქონდა, უამრავი შეღავათით სარგებლობდა, წელიწადში ერთხელ მთელი ოჯახი საბჭოთა კავშირის რომელიმე რესპუბლიკაში უფასოდ სამოგზაუროდ მივდიოდით... უამრავი საბუთი დავკარგეთ და ამან ძალიან დაგვხია უკან. ახლაც ბევრ რამეში მაფერხებს, არანაირი დახმარება არ მაქვს, რადგან ფაქტობრივად, უსაბუთოდ ვარ, მხოლოდ "სოციალისტური შრომის გმირის" საბუთი შემომრჩა.

ლალი პაპასკირი ჟურნალი "გზა"