"კარი გამიღეთ!" - ანუ კალანდა გურიაში - კვირის პალიტრა

"კარი გამიღეთ!" - ანუ კალანდა გურიაში

"გამთენიას ოჯახის უფროსი გაიტანდა დიდ გობს, რომელზეც ელაგა ხორაგი, ტკბილეული, ხაჭაპური... ჭურთან ან მარანში მიიტანდა და ჭარიკაში ჩაასხამდა ღვინოს. მერე ამ ყველაფერს მოიტანდა სახლის კართან და იტყოდა: "კარი გამიღეთ!" იქიდან ჰკითხავდნენ: "რა მოგაქვს?" ეს უპასუხებდა: "ოქრო და ვერცხლი აუწონავი, მშვიდობა, ჯანმრთელობა, ქორწილები, ლხინი, ხორაგი... კარი გამიღეთ!" სახლიდან კიდევ გამოსძახებდნენ: "რა მოგაქვს?" ეს ისევ ჩამოთვლიდა, რაღაცებს მიამატებდა და დასძენდა, კარი გამიღეთო! ასე სამჯერ ჰკითხავდნენ, მერე კი შემოუშვებდნენ"

კალანდობა გურიაში განსაკუთრებულია და მისი აღნიშვნა წარმოუდგენელია გურული ღვეზელისა და ჩიჩილაკის გარეშე.

"პირველი შობა იყო წელს, როცა არავინ გვწვევია"

ანზორ ერქომაიშვილი, ლოტბარი:

- იმ პერიოდში, როცა კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებდა, ქალაქში ნაკლებად, სოფელში კი შობას და კალანდას განსაკუთრებულად აღვნიშნავდით.

ჩვენ სოფელ მაკვანეთში ვცხოვრობდით, ოზურგეთიდან ხუთ კილომეტრშია. ერქომაიშვილების გვარი იქიდან მოდის. ჩვენი ოჯახი მგალობელთა ოჯახი გახლდათ. ბაბუაჩემი არტემ ერქომაიშვილი ცნობილი მგალობელი იყო. მთელი ოჯახი ვმარხულობდით. ბავშვებსაც გვაჩვევდნენ. მარხვას კი არ არქმევდნენ, მაგრამ ამბობდნენ, ახლა ხორცი არ გვაქვს, არც ყველიო და სამარხვო საჭმელს შევექცეოდით. ბაბუა არტემს ჰყავდა და, ლისა, რომელიც საოცარი მცოდნე იყო ტრადიციების. მისგან იგებდა მთელი სოფელი, რომელი საეკლესიო დღესასწაული როდის იყო. ოჯახში ახალ წელს მაინცდამაინც არ აღვნიშნავდით. ლისა ბაბუდა იტყოდა ხოლმე: "მომილოცავს, ნენა, მომილოცავს, მაგრამ სა გაგონილა, ჯერ ახალი წელი იყოს და მერე ქრისტეშობა?.."მერე კი დასძენდა, ფუ, რას არ მოიგონებენ ეს კომუნისტებიო.

მარხვის შემდეგ ბებია მუცლის სალოცავს აკეთებდა ოჯახის ყველა წევრისთვის. ეს იყო პატარა ღვეზელი ერთი ცალი კვერცხით შუაში. როგორც კი გათენდებოდა შობა, ბებია თავზე შემოგვავლებდა ოჯახის ყველა წევრს სათითაოდ და გვეტყოდა, მაგალითად: "ანზორის თავის ტკივილი, გულის ტკივილი, მუცლის ტკივილი, ფეხის ტკივილი აღმა ქარს, დაბლა - წყალს", მერე პირჯვარს გადაგვსახავდა. ასე აკეთებდა ოჯახის ყველა წევრთან. შემდეგ მუცლის სალოცავი უნდა გვეჭამა, არავისთვის არ უნდა გაგვეყო, მერე კი ვიგალობებდით "ალილოს".

შობის წინ მეალილოეები ღამით მოივლიდნენ ხოლმე ოჯახებს. ყაბალახით ჰქონდათ სახე ახვეული, რომ არ ეცნოთ. რატომ არ უნდა ეცნოთ, არ ვიცი... ყველა სოფელს თავისი "ალილოს" ვარიანტი ჰქონდა, განსხვავებული. ისე ლამაზად მღეროდნენ... იგალობებდნენ ყველა ოჯახში, სადაც მათთვის სპეციალურად იყო მომზადებული კალათა საჩუქრებით, ტკბილეულით, ხაჭაპურებით, ღვეზლით. კალათაში აუცილებლად ვერცხლის ფულიც უნდა ყოფილიყო, უფრო სწორად - ხურდა. ალბათ, ფული რომ ვერცხლის იყო, იმ პერიოდიდან შემორჩა ეს ტრადიცია... საინტერესოა ერთი ფაქტი - რაიმე მიზეზით სახელგატეხილ ოჯახში მეალილოეები არ მიდიოდნენ და ეს დიდი სირცხვილი იყო. მეორე დღეს ყველა იტყოდა, ამა და ამ ოჯახში მეალილოეები არ მისულანო.

ძველით ახალ წელს კალანდობას ვეძახდით. საკალანდოდ დაამწყვდევდნენ ხოლმე ქათმებს, ღორს და ისე აჭმევდნენ, ასუქებდნენ. მერე გამოთქმაც დამკვიდრდა გურიაში - ბიჭო, რავა გასუქებულხარ საკალანდე ღორივითო. კალანდობის რიტუალს ყველა ოჯახი ასრულებდა. გამთენიას ოჯახის უფროსი გაიტანდა დიდ გობს, რომელზეც ელაგა განსაკუთრებული ხორაგი, ტკბილეული, ხაჭაპური... ჭურთან ან მარანში მიიტანდა და ჭარიკაში (ნახევარფუთიან დოქში) ჩაასხამდა ღვინოს. მერე ამ ყველაფერს მოიტანდა სახლის კართან და იტყოდა: "კარი გამიღეთ!" იქიდან ჰკითხავდნენ: "რა მოგაქვს?"ეს უპასუხებდა:"ოქრო და ვერცხლი აუწონავი, მშვიდობა, ხალხთა ბედნიერება, ჯანმრთელობა, ქორწილები, ლხინი, ხორაგი... კარი გამიღეთ!" სახლიდან კიდევ გამოსძახებდნენ: "რა მოგაქვს?" ეს ისევ ჩამოთვლიდა, რაღაცებს მიამატებდა და დასძენდა, კარი გამიღეთო! ასე სამჯერ ჰკითხავდნენ, მერე კი შემოუშვებდნენ. ეს იმპროვიზებული ტექსტი არ იყო, ყველა ოჯახის უფროსმა იცოდა.

რამდენჯერმე მე და ჩემი ბიძაშვილიც ვახლდით ბაბუას ამ რიტუალის შესრულებისას. შემდეგ გაიშლებოდა დიდი სუფრა. საკალანდოდ მოხარშულ ღორის თავს აუცილებლად თამადისკენ ჰქონდა დინგი მიშვერილი და იწყებოდა ლხინი, გადადიოდნენ ოჯახიდან ოჯახში, იყო გაუთავებელი ქეიფი, სიმღერა... საღამოს გადაინაცვლებდნენ მარანში. საწნახელთან დიდი კომბალი იდო, რომელსაც დაარტყამდნენ და იტყოდნენ:

აგუნა, აგუნა, გადმეიარეო, ორცხვიში და ორკოპე გადმეიტანეო.

ჩვენს მამულში ყურძენიო,

მტრის მამულში ფურცელიო..."

ბოლოს დასძენდნენ: აგუნა, აგუნა ვიი..."

- ორცხვიში და ორკოპე რას ნიშნავს? - ორცხვიში და ორკოპე ღვინის ამოსაღები და ჭურის ამოსარეცხია. აგუნა კი ღვინის ღმერთია, წარმართობიდან მოდის... მერე გადადიოდნენ სხვა ოჯახებშიდა ყველგან დაჰკრავდნენ ამ ხის კომბალს. საწნახლებს ბაგაბუგი გაჰქონდა. ჩვენს სოფელში ფეშკინე თოიძე იყო ამის მოთავე და შემსრულებელი. ბავშვებიც დავყვებოდით - გვაინტერესებდა. ბოლოს ერთ ოჯახში მოიყრიდნენ თავს აგუნას შემსრულებლები და დილამდე ქეიფობდნენ.

- ახლა როგორ ხვდებით შობას და კალანდობას? - პირველი შობა იყო წელს, როცა არავინ გვწვევია. ცხონებული დედაჩემი კალანდობის მეორე დღეს ისეთ ადამიანებს ეპატიჟებოდა, ვისაც კარგი ფეხი ჰქონდა. შემოვიდოდნენ, შემოყრიდნენ კანფეტებს... წელს კორონავირუსმა ყველა სახლში გამოგვკეტა. ერთმანეთს ვერიდებით, ტელეფონით მივულოცეთ შობა და ახალი წელი.

"ჩიჩილაკიც და საშობაო ღვეზელიც გურულებისაა"

ნუგზარ კვაშალი, მომღერალი: - ეს არის გურულების ყველაზე საყვარელი დღესასწაული, რომელიც კონკრეტულ რიტუალთან და გურულ კერძებთან არის დაკავშირებული. ჩემი მეუღლე მეგრელია, მაგრამ ისე გავაგურულე, რომ გურიის გარეშე ვეღარ ძლებს... ქართველები ყველა კარგები ვართ, მაგრამ გურულები მაინც ყველას ვჯობივართ... მე ხომ გურმანი ვარ... წარმოიდგინეთ ღვეზელი, რომელიც ყველას უყვარს, მარტო გურულებს აქვთ.

- საშობაო ღვეზელს გულისხმობთ? - კი ბატონო. ჩიჩილაკიც ჩვენია... მართალია, დღეს ისეთი ნაძვის ხეებია, შეიძლება ერთის ფასად მთელი გურიის ჩიჩილაკები იყიდო, მაგრამ ნამდვილს და შენს ფესვებთან მიახლოებულს, წინაპრების სახსოვარს ფასი არ აქვს, ფასდაუდებელია, იმისთანა დიდი ფასეულობა კი, რასაც კალანდობა ჰქვია, მსოფლიოში არ არსებობს.

გურიაში აღნიშნული კალანდობა ჩემთვის დღესასწაულების დღესასწაულია თავისი ხალხით, ალილოთი, გოზინაყით, ჩიჩილაკით. რა ასაკშიც უნდა იყო, არ გეძინება, ელოდები ამ მაგიური ღამის დადგომას... ბოლო 20 წელი სულ გურიაში ვხვდებოდით ამ დღეს, წელს კი საზიზღარმა პანდემიამ შეგვიშალა ხელი.

"გურიაში კალანდობა თოვლის გარეშე არ არსებობდა"

ზურაბ ცინცქილაძე, მსახიობი: - მე გურიაში, სოფელ შუხუთში ვიზრდებოდი ბებიასთან. მორწმუნე ქალი იყო. ჯიხეთის მონასტერში მიდიოდა ხოლმე სალოცავად. თუ ცუდად გავხდებოდი, ჩემს სიგრძე სანთელს ჩამოაქნევინებდა მონაზვნებს, აანთებდა ტაძარში და უფალს ჩემს თავს ავედრებდა...

შუხუთში სკოლის გვერდით, სასაფლაოს ეზოში 2-3 მეტრი სიმაღლის ეკლესიის ნანგრევები იყო (დღეს ეს ტაძარი აღდგენილია), დანგრეული ეკლესიის ზარი კი სკოლაში ეკიდა და გაკვეთილების დაწყებას გვაგებინებდა... ბაბუაჩემი კასიანე იმნაიშვილი გადაპარსული თავით დადიოდა. ზედ ნაიარევი ჰქონდა. ვინ გაგიტეხა-მეთქი, ვკითხე. შენს სკოლასთან დიდი ეკლესია იყო. იმ ეკლესიას რომ ვანგრევდით კომკავშირელები, გადმოვარდა ერთი აგური, მროკა და გამიხეთქაო. მეორე დღეს ნენამ არ გამიშვა ეკლესიის დასანგრევად, არადა, ვინც დაანგრიეს, ქე არიან რაიკომის მდივნები, მე კი ვზივარ აქ, შენთანო. წარმოგიდგენიათ?...

- კასიანე ბაბუას მეუღლე იყო თქვენი გამზრდელი მორწმუნე ბებია? - მე ბებიის დამ გამზარდა, ანუ კასიანეს ცოლისდამ. რომ მოდიოდა კალანდობა, ღორს კლავდნენ - მთელ სოფელში ისმოდა ჭყვიტინი. სადღესასწაულო სუფრისთვის მჭადი რომ გამოცხვებოდა და მოხარშული ღორის თავს ყურს რომ მოვაჭრიდით, ამას რა სჯობდა. კალანდობის ღორს სულ სხვა გემო ჰქონდა. მეცოდებოდა ეს ღორები, რადგან სკოლაში რომ მივდი-მოვდიოდი, ჭყვიტინით მიმყვებოდნენ, მაგრამ... კარგი იქნება, ამერიკული წესი რომ დამკვიდრდეს გურიაშიც - როგორც ამერიკის პრეზიდენტი იწყალებს ინდაურს, ისე ვიღაცამ შეიწყალოს ღორები კალანდაზე და არ დაკლან...

გურიაში კალანდობა თოვლის გარეშე არ არსებობდა. კალანდობის სიმბოლო იყო ჩიჩილაკი, რომელსაც თავისი ოსტატი სჭირდებოდა. ახლა რომ ნაირნაირი და ბრჭყვიალა კანფეტებია, ადრე ასეთი შეფუთული კი არ იყიდებოდა, ჩვენ ვაფერადებდით ქაღალდს ფანქრით და იმაში ვახვევდით, მერე კი ძაფს მოვაბამდით და ჩიჩილაკზე ვკიდებდით.

ბებიაჩემი მკერავი გახლდათ. ის რომ კერავდა, მე საკერავი მანქანის სახელურს ვუტრიალებდი ხოლმე. საახალწლოდ ბებია არ კერავდა, უქმობდა, შესაბამისად - მეც. საკერავი მანქანის ხმაზე სულ ის დრო მახსენდება...

ბაბუაჩემი კასიანეს ცოდვებიდან რაღაც-რაღაცები მეც მომეკითხა. მოსანანიებელი მაქვს მეტეხის თეატრში თამაშის პერიოდიც - ეს თეატრი მეტეხის ტაძარში ფუნქციონირებდა, საკურთხეველი სადაც არის, იქ იყო სცენა, მე კი ამ სცენაზე სპექტაკლები მითამაშია...

- ეს რომელ წლამდე იყო? - 1987-მდე. ბრეჟნევი რომ ჩამოვიდა, ეს თეატრი მოინახულა. დამხვდურებმა აუხსნეს, სადაც ადრე ბნელეთი იყო, ახლა თეატრიაო. მადლობა ღმერთს, რომ 80-იანი წლების ბოლოდან, როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ტაძრიდან თეატრის გამოსვლის მოთხოვნაც გაჩნდა. წერილიც გაიგზავნა პარტიის ცენტრალურ კომიტეტში, კულტურის სამინისტროში და ძეგლთა დაცვის სამსახურში. წერილს თეატრის მესვეურები, მსახიობები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა აწერდნენ ხელს. ამას დიდი ამბავი მოჰყვა და ცოტა ხნით გავერიდე კიდეც სიტუაციას, რომ არ დავეჭირე... წლების შემდეგ სემინარიის სტუდენტებმა და მე ამ ტაძარზე ჯვარი აღვმართეთ.

- როგორი იყო თქვენი ახალი წელი?

- მოკრძალებული.... იმედია, 2021 უკეთესი - ჯანმრთელობის, ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის წელი იქნება. ყველას გილოცავთ კალანდობას!