"ავგიორგის ყოფილი­ სახლთუხუცესი ბეენა ჩოლოყაშვილი აქტი­ურად ჩაება საქ­მეში" - ეპყრათ თუ არა ქართველებს აღდგომის ტაძრის გასაღები
"ავგიორგის ყოფილი­ სახლთუხუცესი ბეენა ჩოლოყაშვილი აქტი­ურად ჩაება საქ­მეში" - ეპყრათ თუ არა ქართველებს აღდგომის ტაძრის გასაღები
ფოტო:ქრისტეს აღდგომის (უფლის საფლავის) სატაძრო კომპლექსის მთავარი კარი
ქრისტეს აღდგომის (უფლის საფლავის) გრანდიოზული სატაძრო კომპლექსი­ უფლის ჯვარცმისა და დაკრძალვის ადგილას დგას და საერთო ჭერქვეშ სხვადასხვა დიდ თუ მცირე სამლოცველოს აერთიანებს.­ თავდაპირველად ამ საკრალურ ადგილას გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იდგა გოლგოთის ბაზილიკა და ქრისტეს საფლავის ტაძარი. მათი აქ 326-335 წლებში აგება დედოფალ ელენესა და მისი ძის, იმპერატორ კონსტანტინე დიდის სახელებთან არის დაკავშირებული. საუკუნეთა განმავლობაში ტაძრის ხუროთმოძღვრულმა იერსახემ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, რადგან მას არ
დაჰკლებია არც მტრებისგან ძარცვა-რბევა, არც ხანძრებისა და მიწისძვრებისგან ზემოქმედება... 1099 წლის 15 ივლისს ევროპელმა ჯვაროსნებმა შტურმით აიღეს იერუსალიმის ციხე-ქალაქი. მათი აქ ბატონობისას, 1130-1149 წლებში ტაძარს ყოვლისმომცველი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. განახლდა მაცხოვრის საფლავი (კუვუკლია), აღდგომისა და გოლგოთის მანამდე დამოუკიდებლად მდებარე სამლოცველოები კი ერთ ჭერქვეშ, ერთიან სატაძრო კომპლექსში მოექცა. მართალია, დროდადრო აღდგომის ტაძარს
შემდგომშიც უტარდებოდა აღდგენითი სამუშაოები, ბევრი რამ იცვლებოდა მის ინტერიერში, მაგრამ შუა საუკუნეების დროინდელი მისი იერსახე არსებითად აღარ შეცვლილა. ტაძარმა ჩვენს დრომდე ჯვაროსნების დროინდელი, რომანული ხუროთმოძღვრული ნაგებობის სახით მოაღწია.

"წმინდა კარი"

აღდგომის ტაძრის კომპლექსში შემავალ ყველა სამლოცველოს თავისი კონკრეტული­ მფლობელი ჰყავს­ ამა თუ იმ კონფესიის მხრიდან. ტაძრის ეს შიდა მონაკვეთები წარსულში ხშირად გამხდარა მათ შორის ურთიერთცილობის მიზეზი. დავის საგანს წარმოადგენდა არა მხოლოდ ტაძრის შიგნით არსებული სივრცეები, არამედ ტაძრის კლიტენიც, რომელთა ფლობის ფაქტი ხაზს უსვამდა სხვათაგან ერთი რომელიმე კონფესიის გამორჩეულობას.

როდესაც ჯვაროსნებმა მაცხოვრის საფლავისა და გოლგოთის სამლოცველოები ერთ ჭერქვეშ მოაქციეს, ტაძარს გაუკეთეს ერთდროულად ორი კარი, გვერდიგვერდ, მაგრამ შემსვლელ-გამომსვლელთათვის ცალ-ცალკე (ტაძარში განსაწმენდად შემსვლელნი და იქიდან უკვე განწმენდილი გამომსვლელნი ერთმანეთს არ უნდა შეჰხებოდნენ). სულტან სალაჰ ად-დინის მმართველობის პერიოდში ტაძრიდან გამოსასვლელი­ კარი გაუქმდა, ღიობი­ კი ქვით ამოაშენეს. ტაძრის სიწმინდიდან­ გამომდინარე, მის ერთადერთ დარჩენილ შესასვლელს მორწმუნეები "წმინდა კარს" უწოდებდნენ. მუსლიმი მმართველები აღდგომის ტაძარზე კონტროლის დამყარებით, ერთი მხრივ, ხაზს უსვამდნენ საკუთარ უპირატესობას ქრისტიანულ თემზე და მეორე მხრივ, ფინანსური ინტერესიც ამოძრავებდათ. მათ პილიგრიმებს ტაძარში შესვლისთვის ქირა (ალ-ხაფარა) დაუწესეს. 1834 წლამდე ეკლესიის კართან მუდმივად იდგნენ ქირის ამკრეფნი ალ-დარვიშის ოჯახიდან.

აღდგომის ტაძრის ორფრთიანი კარი შიდა მხრიდან ლითონის ფურცლებისგან არის შეკრული, გარე ზედაპირს კი ფიჭვისა და კაკლის ხის მასალის საფარი აქვს გადაკრული. კარის არსებული ექსტერიერი მნახველს უქმნის მოჩვენებით შთაბეჭდილებას, რომ ის მთლიანად ხისაა. სინამდვილეში, ჯვაროსნების მიერ ტაძრისთვის შებმული 6 მეტრი სიმაღლისა და სიგანით 3 მეტრს აღმატებული კარი დღემდე­ არსებითად არ შეცვლილა. საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა მხოლოდ მისი ხის ექსტერიერი. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი­ და ბოლოსწინა მსგავსი ცვლილება ქართველებს უკავშირდება. უკანასკნელად კი ეს 1808 წლის 30 სექტემბერს, ტაძარში გაჩენილი ხანძრის შემდეგ მოხდა.

ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ განახლებული აღდგომის ტაძრის კარი

"წმინდა კარის" განახლება ბეენა ჩოლოყაშვილის მიერ

1512-1514 წლებში წმინდა მიწაზე საგანგებო დავალებით მივლინებული, კახეთის­ მეფის ავგიორგის (1511-1513) ყოფილი­ სახლთუხუცესი ბეენა ჩოლოყაშვილი აქტი­ურად ჩაება ადგილზე ქართული სამონასტრო თემის პოზიციების განმტკიცების საქ­მეში. ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში გვხვდება ცნობები გოლგოთის სამლოცველოსა და იერუსალიმის წმინდა იაკობის მონასტრის გარშემო სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან (ფრანცისკანელებთან, სომხებთან) ბეენას მიერ წარმართული დავების შესახებ. გვაქვს ცნობები მის მიერ აღდგომის ტაძრის კარის განახლების შესახებაც.

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერში თავად ბეენა­ ჩოლოყაშვილი წერს: "ამა წიგნისა მეორედ შემკაზმავსა, ჩოლაყას შვილსა ბეენასა შეუნდნეს ღმერთმან. ქრონიკონსა სბ (202+1312=1514 წ.) შეიკაზმა და ამა კუირასა, დღესა სამშაბათსა, მეორესა ჟამსა ღამისასა, შევაბი აღდგომის კარნი, ნებითა­ ღმრთისათა. შენდობა ყავთ მადლსა ღმრთისსა, ძმანო". აღნიშნულ ფაქტზე გვაქვს მოწმობა 1514 წლის 23 იანვ­რით დათარიღებული არაბულ საბუთშიც, სადაც ნათქვამია:­

"ქართველებმა შეატყობინეს ჩვენს სამეფო სადგომებს, რომ მათ კუმამაში არის კარები,­ რომელიც მუდამ იღება­ და იკეტება­ ქრისტიანული რელიგიური თემისათვის. მისი ხის ფიცარი უკვე დაიღ­რღნა, დაიმტვრა და დაუცველია ის ნივ­თები, რომლებიც­ მათ ხსენებულ ადგილზეა,­ მისი დამტვრევისა და მისი კიდეების დაშლის გამო. დაე, ამაღლებულმა­ ღირსებამ გამოსცეს კურთხეული ბრძანება­ და მოიწვიოს მთავარი ყადი და ისლამის შაიხები,­ განიხილოს ის, მისცეს მათ ნება კუმამას ხსენებული კარების შეკეთებისა თავისი თანხმობით. იახლოს მფარველობის ქვეშ მყოფი ხალხი, თავისი ხის ფიცრებით. დასრულდეს ის, რასაც საჭიროებს წესისამებრ, სიგრძე-სიგანით, სისქით და დაიკავოს თავისი ადგილი, სადაც არის ამჟამად, მორთულობის გარეშე, გაიღოს და არ გაიღოს­ წესისამებრ, ყველაფერი ეს კანონიერი გზით".

ეს ბრძანებულება 1514 წლის თებერვლის რომელიღაც სამშაბათს, ღამის ორ საათზე აღსრულდა. ბეენას მხრიდან აღნიშნულ ქმედებას, გარდა ბრძანებულებაში დასახელებულისა (ტაძარში არსებული ნივთების დაცულობა), მიზეზი სხვაც შეიძლება ჰქონოდა. ქართველ ჯვარის მამას მანამდე მძაფრი კონფლიქტი ჰქონდა ფრანცისკანელთა თემთან გოლგოთის სამლოცველოსთან დაკავშირებით; დაუმსხვრია საკურთხეველი და ტაძრიდან დაიფრინა ისინი.­ და აი, ამ ვითარებაში ბეენას ინიციატივა ტაძრის უკვე ყავლგასული კარის ხის საფრის შეცვლის შესახებ ხაზს უსვამდა ქართული თემის ამბიციას პირველობაზე აღდგომის ტაძარსა და არსებითად, იერუსალიმში წარმოდგენილ ქრისტიანულ კონფესიებს შორის. ბრძანებულების ტექსტიდან ჩანს, რომ შეიცვალა არა თავად კარი, არამედ მისი ხის ზედაპირი ყოველგვარი მორთულობის გარეშე. მოგვიანებით იერუსალიმში მყოფ ოკრიბელ მღვდელ-მონაზონ ლავრენტი გოგოლაძეს კარის ხის საფარზე კახთა მეფე ავგიორგის მოსახსენიებელი წარწერა უხილავს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს სწორედ ბეენა ჩოლოყაშვილი გაისარჯა­ ყოფილი პატრონის სახელის უკვდავსაყოფად. სამწუხაროდ, 1808 წელს ტაძარში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა კარის მაშინდელი ხის საფარი და მასთან ერთად წარწერაც უკვალოდ გაანადგურა...

ტაძრის მუსლიმი მეკლიტურენი

აღდგომის ტაძარს ძველთაგან ჰყავს თავისი მეკლიტურები. ისინი მუსლიმი არაბების ორი ოჯახის - ჯუდე ალ-ჰუსეინისა და ნუსეიბის წრიდან არიან. პირველს ტაძრის გასაღები აბარია, მეორეს კი ყოველდღიურად, დილა-საღამოს კარის გაღება და დაკეტვა ევალება. რაც შეეხება ტაძრის მეკლიტურებად ამ ოჯახების შერჩევის თარიღს, ისტორიკოსთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ერთი გადმოცემით, ისინი სალაჰ ად-დინის დროს, 1192 წელს შეარჩიეს იმ მიზნით, რომ აღეკვეთათ ქრისტიანულ კონფესიებს შორის დავა ტაძრის გასაღების ფლობაზე. სხვა ვერსიით, ეს მოხდა 1245 ან 1249 წელს, სულტან ას-სალიჰ აიუბის (1240-1249 წწ.) მმართველობისას.
აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ზოგჯერ ჯუდესა და ნუსეიბის საგვარეულოთა წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ვერსიებიცაა. აღდგომის ტაძართან დაკავშირებით ამ ორ გვარს შორის ფუნქციები, მართალია, ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ საკუთარი მისიის მნიშვნელობის უპირატესობის წარმოსაჩენად და დასაძველებლად ეს ოჯახები ხშირად იშველიებენ მათ ხელთ არსებულ თუ არარსებულ არგუმენტებს. შედეგად, ითხზვება და ვრცელდება ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები. ორივე ოჯახის წრეში შეინიშნება მცდელობა, თავიანთი მოდგმა ისლამის ფუძემდებელ მუჰამედის საახლობლო წრეს დაუკავშირონ...

ტაძრის კარის გასაღები და საკეტები


აღდგომის ტაძრის მთავარი შესასვლელი კარის გასაღები, ვნების კვირის სამი დღის გარდა, მუდმივად ჯუდეს ოჯახში ინახება. აღდგომის კვირაში, დიდ ხუთშაბათს ის ფრანცისკანელებს ეძლევათ შესანახად, წითელ პარასკევს - მართლმადიდებელ ბერძნებს, ხოლო დიდ შაბათს - სომხებს. ადიბ ჯუდე ალ-ჰუსეინის მტკიცებით, გასაღები მის საგვარეულოს ხალიფა ომარის დროიდან აქვს მიბარებული და ის მათ მხოლოდ ჯვაროსნების იერუსალიმში მმართველობის პერიოდში (1099-1187 წწ.) დაკარგეს. სალაჰ ად-დინის მიერ იერუსალიმის აღების შემდგომ მათ თითქოს ტაძრის გასაღებზე თავისი უფლებები ისევ აღადგინეს. ადვილი შესამჩნევია, რომ მეკლიტურის მტკიცების პირველი ნაწილი მისივე იმ ნათქვამს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად ჯვაროსნებამდე ტაძრის ამჟამინდელი კარი საერთოდ არ არსებობდა. ეს შეუსაბამობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნუსეიბის ოჯახის წევრთა განცხადებებში.

ტაძრის ამჟამინდელი გასაღების სიგრძე 30 სანტიმეტრს აღწევს და 250 გრამს იწონის. ადიბ ჯუდეს მიაჩნია, რომ გასაღების ასაკი დაახლოებით 800 წელს ითვლის. ვაჯი ნუსეიბის სიტყვით კი, ის ოტომანთა­ ბატონობის დასაწყისში, დაახლოებით 1524 წელს არის დამზადებული. ცნობილია ისიც, რომ ასი წლის წინ გასაღები მოიპარეს და შემდეგ მისმა აღდგენამ მოუწიათ. გასაღების ძველი ასლიც ხშირი ხმარებისგან გატყდა და აღდგენილი სახით ამჟამად აღდგომის ტაძრის ერთ-ერთ სენაკში ინახება, როგორც იტყვიან, ყოველი შემთხვევისთვის.

აღდგომის ტაძრის 6 მეტრი სიმაღლის კარზე ორი საკეტია. ტაძრის გაღება-დაკეტვის რიტუალი თითქმის უცვლელად მეორდება ყოველდღიურად. მასში კორექტივები მხოლოდ აღდგომის დღეებში შეაქვთ. საღამოობით, როდესაც კიბეზე ასული მეკლიტური ტაძრის კარს გარედან კეტავს, მორიგე ბერძენი ბერი დილამდე რჩება კარჩარაზულ ეკლესიაში. კიბეს მეკლიტურები მას აწვდიან კარის მარჯვენა ფრთაზე არსებული შუკუმიდან. დილაობით, როდესაც მეკლიტურები კარზე კაკუნით ნიშანს აძლევენ ტაძარში მყოფს, მორიგე ბერი შუკუმიდან ათვალიერებს გარეთ მყოფებს და შემდეგ იმავე ღიობიდან აწვდის კიბეს. კიბის საჭიროებას განაპირობებს კარის მარცხენა ფრთაზე დამაგრებული ზედა საკეტურის ორი ადამიანის სიმაღლეზე მდებარეობა. ქვედა საკეტზე მიმაგრებულია ლითონის მცირე დეკორატიული ფირფიტა თუჯის რგოლითურთ. მეკლიტური მისი მეშვეობით (ის სამჯერ აკაკუნებს რგოლს კარზე) ატყობინებს ტაძრის სტუმრებსა და მსახურებს სამლოცველოს დატოვების ჟამის შესახებ...

ეპყრათ თუ არა ქართველებს აღდგომის ტაძრის გასაღები


მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კლიტეებთან დაკავშირებით ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით ქართულ საისტორიო წყაროებში არსებულ ცნობას აღდგომის ტაძრის კლიტეთა ქართველთაგან ერთხანს ფლობის შესახებ. "ახალი ქართლის ცხოვრებისა" და ქსნის ერისთავთა საგვარეულო­ ("ძეგლი ერისთავთა") ქრონიკებში მოთხრობილია, როგორ მოიპოვეს ქართველებმა აღდგომის ტაძრის კლიტენი გიორგი V ბრწყინვალის მეფობის დროს: "მას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი­ სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხდა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქვა პიპა, გზასა ხმელეთასა მრავლითა ძღვენითა წინაშე ნისრელისა, და წაჰყვა თანა ბანდასძე დეკანოზი იოვანე და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცა კლიტენი იერუსალემისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა­ ქრისტესსა და შეემთხვია, ჟამი აწირვა, ეზიარა და დეკანოზი იოვანე აკურთხეს მოძღვართ-მოძღვრად... ხოლო პიპამან მოილოცა წმიდანი ადგილნი... წამოვიდა მასვე გზასა ხმელეთით და მოვიდა წინაშე მეფისა... ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს­ კლიტენი ქართველთა".

პიპას ელჩობას ისტორიკოსები 1320 წლით ათარიღებენ. ზემოთ დამოწმებულ ცნობაში, მართალია, არსებითად "იერუსალიმის კლიტეებზეა" საუბარი, მაგრამ ეს რომ ციხე-ქალაქ იერუსალიმის კლიტეებს არ გულისხმობს, სავსებით ნათელია. ისტორიკოსები ზოგჯერ კამათობენ, იგულისხმება თუ არა აღნიშნულ ცნობაში მთლიანად­ აღდგომის ტაძრის კარის გასაღები, თუ იქ მხოლოდ მაცხოვრის საფლავის სამლოცველოს (კუვუკლია) კლიტეზეა საუბარი. თვითონ ცნება "კლიტენი იერუსალიმისანი" იმდენად ფართო და ამბიციურია, რომ შეუძლებელია ის მხოლოდ აღდგომის ტაძრის შიდა სამლოცველოების საკეტებს გულისხმობდეს. იმ დროის გერმანელი მოგზაურის, ლუდოლფ ფონ სუდჰაიმის ცნობას სიცხადე შემოაქვს ამ საკითხში, კერძოდ, როგორც ის წერს: "ქართველები ფლობენ წმინდა საფლავის ტაძრის გასაღებს" და უმცირეს კენჭსაც კი არავის ატანენ საფლავიდან თუნდაც დიდძალი თანხის საფასურად. ეს ცნობა, ერთი მხრივ, სანდოობას სძენს ქართული წყაროების მონათხრობს და მეორე მხრივ, აზუსტებს და აკონკრეტებს მასში მოცემულ ინფორმაციას: ქართველებს­ ხელთ ეპყრათ აღდგომის ტაძრის გასაღები.­ ჰყავდათ თუ არა იმ დროს მათ ტაძრის საკუთარი მეკლიტური, ამ საკითხზე აღნიშნული წყაროები პასუხს არ იძლევა.

(იბეჭდება შემოკლებით)
ბესიკ ხურცილავა
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
გ. გ.
31 იანვარი 2021 16:06
არ ვიცი ვის, სად და რა ეპყრა ბატონო სიციალურ მეცნიერებათა დოქტორო, მაგრამ დღეს რომ რუსები და სომხები აფხაზეთს თვალსა და ხელს შუა გართმევენ, სჯობს იმაზე წეროთ!!! ჯერ ხანძარი ააგიზგიზეს მთელს აფხაზეთში, რომ ყველაფერი ქართულის კვალი წაშალონ, ხვალ კი დაგიმტკიცებენ რომ ქართველებს იქ არასოდეს უცხოვრიათ. ამასობაში კი ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა სტრასბურგში გამოცხადებულ 'აბდა-უბდას' ზეიმობენ!!!
მამუკა
18 იანვარი 2021 11:48
იმის დავიწყებაც არ შეიძლება,რომ გიორგი მეხუთე ბრწყინვალის დროს,ქართველები ვიყავით ერთადერთი არამუსლიმი ერი,რომლებიც იერუსალიმში ცხენზე ვაჟკაცურად შემჯდარი ქართული გაშლილი დროშებით შევდიოდით.სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს მუსლიმები დამამცირებლად ცხენზე მხოლოდ დიაცურად შემჯდარს(ორივე ფეხი ცხენის ცალ მხარეს)რთავდნენ ნებას იერუსალიმში შესვლისა.
პეტრე კუპრი
17 იანვარი 2021 18:07
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი .... მე რაღაც შეთხზული მგონია, ასევე იტყვის ბულგარელი, რუმინელი, რუსი.

ვთქვათ, ეპყრათ. მერე ამით რა? ახლა მხოლოდ 1 პატარა კანდელს ვფლობთ .... სამაგიეროდ, სომხებს საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია აქვთ, ის კიბეც, მეორე სართულის ფანჯარასთან რომ დგას, მგონი, სომხებისაა....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები