დაკარგული ქართული საგანძურის კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

დაკარგული ქართული საგანძურის კვალდაკვალ

რამდენიმე თვის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ერმიტაჟში დაცული ქართული ექსპონატების ფოტოები. მოგვიანებით საზოგადოებრივმა გაერთიანება "საყდრისის კომიტეტმა" პროექტის - "ქართული კოლექციები უცხოეთში" - მიხედვით, უცხოეთში დაცული ქართული ექსპონატები მოძებნა და მათ ყოველ პარასკევს "საყდრისის კომიტეტის" "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე საზოგადოებას უზიარებს. სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის მუზეუმი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტი საქართველოდან გატანილი განძი ინახება. გთავაზობთ რამდენიმე ექსპონატს, რომელთაც საქართველოდან გაქრობის სევდიანი ისტორია აქვს. 2006 წელს მუზეუმში მუდმივი ექსპოზიცია გაიხსნა. მოგვიანებით კი ისტორიულ-კულტურული ფონდის - "ერთიანი რწმენით - ქართველი თავადაზნაურობა სანქტ-პეტერბურგში" - ინიციატივით და ალვიდა მირზოიანის ავტორობით დაიბეჭდა წიგნი "შუა საუკუნეების ქართული ტორევტიკა", რომელშიც შეტანილია ერმიტაჟში დაცული ყველა ექსპონატი.

ჯუმათის მონასტრის დაკარგული ხატი

ჯუმათის მონასტრის მიქაელ მთავარანგელოზის დაკარგული ხატის ფრაგმენტები XI-XII საუკუნეებით თარიღდება.

გურიის მთებში მდებარე ჯუმათის მონასტერი ოდესღაც საეპისკოპოსო კათედრა იყო, მისი მთავარი ტაძარი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზე აშენდა. ქართველმა მეცნიერმა და არქეოლოგმა დიმიტრი ბაქრაძემ მონასტერი 1873 წელს მოინახულა და აღნიშნა, რომ ხატი იმ დროისთვის უკვე სავალალო მდგომარეობაში იყო. ქვედა ნაწილი სიძველისგან მთლად დაშლილი აღმოჩნდა, შედარებით გადარჩენილი იყო ჩარჩოს ორნამენტული გარშემონაფენი და ათი მინანქრის მედალიონი, რომლებზეც გამოსახულნი იყვნენ ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი, მოციქულები პეტრე და პავლე, იოანე ღვთისმეტყველი, მარკოზი, მათე, გიორგი, თეოდორე. 1880-იანი წლების ბოლოს, როდესაც დიმიტრი ბაქრაძე კვლავ ჩავიდა ჯუმათის მონასტერში, ხატი იქ აღარ დახვდა. მის გაქრობას ფოტოგრაფ საბინ-გუსს უკავშირებენ. ცნობილი ფაქტია, რომ პალადი რაევმა (საქართველოს ეგზარქოსი 1887-1892 წლებში) პეტერბურგიდან ჩამოიყვანა თაღლითი ფოტოგრაფი საბინ-გუსი, რომელიც თავს მხატვრადაც ასაღებდა. საბინ-გუსი ეგზარქოსის მოწმობით დადიოდა დასავლეთ საქართველოს მონასტრებში და დაუბრკოლებლად გაჰქონდა ის ძვირფასეულობანი, რაც წინა ეგზარქოსებს გადაურჩათ. მან მინანქრის მრავალი ხატი წაიღო მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის ეკლესიებიდან თითქოს მათი რესტავრაციის მიზნით, მაგრამ არც ერთი უკან არ დაუბრუნებია.

მთავარანგელოზის ხატის მხოლოდ ექვსი მედალიონია ნაპოვნი - ოთხი ცნობილი კოლექციონერის, საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის საბჭოს წევრის, მიხეილ ბოტკინის კოლექციაში აღმოჩნდა, ორი კი თბილისში, საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

ქართველების საჩუქარი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს

ერმიტაჟის კოლექციაში ინახება წმინდა გიორგი მძლეველი - ორმხრივი ჭედური ხატი, რომელიც აქ 1880 წელს პეტერგოფიდან, ალექსანდრიის აგარაკის შიდა ეკლესიიდან მოხვდა. წმინდანის ჭედური თავი ოდესღაც უხეშად ამოუჭრიათ და აქატის თავით შეუცვლიათ. ასეთი სახით ხატი ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხვდა, 1837 წელს კი იგი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს მიართვა საჩუქრად ზუგდიდის წმინდა გიორგის ტაძრის სამღვდელოებამ. ხატის უკანა მხარეს, ცენტრში, მოოქრული ფირფიტაა აყვავებული ჯვრის გამოსახულებით, ფირფიტის ზემოთ და ქვედა მხარეს კი ხატის შემკვეთის - დედოფალ ელენეს ოთხსტრიქონიანი წარწერაა: "წმინდა გიორგი შეიწიე გიორგი დადიანი და დედოფალი ელენე და ძენი მათნი. უწყება ჯერ არს რომე ელენე დედოფალმა შევამკვე ხატი ესე. ჯვარი ქრისტესი ძლევაი მტერთაი."

სავარაუდოდ, ხატი ზუგდიდის წმინდა გიორგის ეკლესიას ელენე დედოფალმა შესწირა, წარწერის შინაარსის მიხედვით კი დღემდე ვერ მოხერხდა დადგენა, რომელ გიორგი დადიანზეა ლაპარაკი.

შემოქმედის მონასტრის მედალიონები

ერმიტაჟის მუზეუმში დაცულია ოქროს ხანის ქართველი ოსტატის, ივანე მონისძის შექმნილი უნიკალური ნიმუშები. მათ შორის არის მედალიონები, რომელთაც წარწერები არ აქვს, რის გამოც მთავარანგელოზთა იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე იკითხება ასოები, რომლებიც წმინდა მიქაელის სახელს აღნიშნავს. მედალიონები ამოჭრილია რომელიღაც ხატის მოჭედილობიდან. დანამდვილებით არავინ იცის, როდის და რომელი ძეგლიდან გადმოიტანეს მედალიონები ყდაზე.

სამწუხაროდ, შემოქმედის მონასტერში დაცულ შედევრებს ტრაგიკული ბედი ხვდა წილად - XIX საუკუნეში ტაძარი რამდენჯერმე გაიძარცვა. დიმიტრი ბაქრაძემ ხატებისა და ჯვრების მაშინდელი მდგომარეობა ასე აღწერა: "ამბობენ, რომ ეს ყველაფერი გაიტაცეს აჭარლებმა 1861 წელს, მას შემდეგ, რაც შემოქმედის მონასტერი გაძარცვეს. მაშინ, როდესაც ნაძარცვით უკან ბრუნდებოდნენ, მათ აჭარის უღელტეხილზე დაეწიენ და ნაძარცვი დააბრუნებინეს."

შეიძლება მედალიონები სწორედ აჭარლებმა ამოჭრეს რომელიღაც ძეგლიდან და გაიტაცეს, მერე კი ისინი ნაწილობრივ დაბრუნებულ ნივთებს შორის გვხვდება. დაზუსტებით არავინ იცის, როდის აღმოჩნდა ერმიტაჟის ქართული ექსპონატები რუსი ფინანსისტის, 1860-1866 წლებში რუსეთის სახელმწიფო ბანკის მმართველის, ბარონ ალექსანდრე შტიგლიცის კოლექციაში. მის სამუზეუმო დავთარში არსებობს ჩანაწერი, რომ მედალიონებიანი წიგნის ყდა X საუკუნის ბიზანტიური ნამუშევარია, შეძენილია სმირნაში (ამჟამად იზმირი) და გადახდილია 2500 ფრანკი.

მეცნიერთა ნაწილი მედალიონებიანი ყდის შტიგლიცის კოლექციაში მოხვედრის მეორე ვერსიას იზიარებს - ყდა არ გაყიდულა იზმირში, ის ბარონ შტიგლიცის კოლექციაში პირდაპირ შემოქმედის მონასტრიდან მოხვდა, რაშიც პეტერბურგიდან ჩამოსულ ფოტოგრაფ საბინ-გუსსაც მიუძღვის წვლილი.

სომხურ ბაზარზე სამ მანეთად გაყიდული...

ამაღლება. ზარზმის მონასტერი

ერმიტაჟში დაცულია ფერისცვალების ყველაზე ძველი და სახელგანთქმული ხატის შვიდი ვერცხლის ფირფიტა (XI- XII საუკუნეები). ისტორიამ შემოგვინახა ცნობები, თუ როგორ გადაჰქონდათ ხატი ერთი მონასტრიდან მეორეში უსაფრთხოების მიზნით. წმინდა სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაზე ისტორიულ წყაროებში ბევრი ფაქტია ნახსენები ამ ხატის შესახებ.

IX საუკუნის დასაწყისში სერაპიონი ქვეყანაში მოგზაურობდა ფერისცვალების სასწაულმოქმედი ხატით. მან დააარსა ზარზმის მონასტერი, რომელიც უფლის ფერისცვალების დღესასწაულს მიუძღვნა, ხატი კი მონასტრის მთავარ სიწმინდედ იქცა. 886 წელს ხატი ვერცხლის მოოქრული ფირფიტებით მოჭედეს სიწმინდის დაცვის მიზნით. ამ ფაქტს გვამცნობს ფერისცვალების სცენის ქვემოთ წარწერა, რომელიც მოჭედილობის შემკვეთმა ფარსმან ერისთავმა გააკეთებინა. წარწერაში მოხსენიებულია აგრეთვე მეორე ერისთავი ზვიადი, რომელმაც ხატი 1023 წელს აღადგინა.

ლაზარეს აღდგინება. ზარზმის მონასტერი

XV -XVI საუკუნეებამდე ხატი ზარზმის მონასტერში იყო. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში თურქ-ოსმალების გაბატონების შემდეგ ამ მონასტერმა ფუნქციონირება შეწყვიტა და უსაფრთხოების მიზნით იქაური განძი შემოქმედის მონასტერში (გურიაში) გადაიტანეს. აქ ჩამოჰქონდათ სიწმინდეები საქართველოს სხვა ეკლესია-მონასტრებიდანაც, რომლებიც ოსმალების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 1861 წელს აჭარლების მიერ მონასტრიდან გატაცებულ ნივთებს შორის იყო ამ ხატის ჭედურობის ის ფრაგმენტებიც, რომლებიც აკლდა ძეგლს მისი პირველი ფიქსაციის მომენტში. ზოგიერთი მათგანი მალე თბილისის ბაზარზე გამოჩნდა. ტექნიკური ხატვის ცენტრალური სასწავლებლის ყოფილი მუზეუმის საინვენტარო წიგნში შვიდი ფირფიტის ჩამონათვლის გასწვრივ ვკითხულობთ: "შეძენილია თბილისის ბაზარზე"; "შეძენილია თბილისის სომხურ ბაზარზე, მისხალში სამ მანეთად".

ფრაგმენტები ერმიტაჟის მუზეუმში 1924 წელს გადაიტანეს.