"ფრანგ კაცებზე ამბობენ, ძუნწები არიანო, მაგრამ მგონი, მე ამაშიც გამიმართლა" - როგორ დაათრო ფრანგმა სიძემ კახელები - კვირის პალიტრა

"ფრანგ კაცებზე ამბობენ, ძუნწები არიანო, მაგრამ მგონი, მე ამაშიც გამიმართლა" - როგორ დაათრო ფრანგმა სიძემ კახელები

"ჩემი დედამთილი პირდაპირ არ ჩარეულა შვილის არჩევანში, მაგრამ ყოველთვის უნდოდა, საქმის კურსში ყოფილიყო, რა ხდებოდა ჩვენ შორის. როდესაც ნორმალური ადამიანის გვერდით დაიგულეს, დამშვიდდნენ"

ეკა ლუაშვილი, წლებია, პარიზში ცხოვრობს. მისი მეუღლე ვირჯილ დაპრემონი ფრანგია. 44 წლის ასაკში გაიცნო ქართველი ქალი და ისე მოიხიბლა, რომ ორ თვეში დაქორწინდნენ. ეკა მუშაობს ორგანიზაციაში, რომელსაც საფრანგეთში თავშესაფრის მთხოვნელთათვის სოციალური და იურიდიული დახმარება ევალება.

- გურჯაანში გავიზარდე და იქ დავამთავრე სკოლაც. ერთხანს პედაგოგად ვმუშაობდი. დედა ნოტარიუსი იყო წლების განმავლობაში და, ალბათ, ამან განაპირობა, რომ მერე მეც იურიდიულზე ჩავაბარე. 2004 წელს სორბონში, კერძო სამართლის ფაკულტეტზე გავაგრძელე სწავლა. საფრანგეთში იმ იმედით წამოვედი, რომ მოვიდა ახალი მთავრობა ევროპული ხედვებით და მათ დასჭირდებოდათ ჩემი ცოდნა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა და საფრანგეთში დავრჩი, თანაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და მან სხვა არჩევანი არ დამიტოვა.

თავდაპირველად სათარჯიმნო ბიურო მქონდა. ზეპირ თარგმანებს ვაკეთებდი, როდესაც საავადმყოფოებიდან ან პოლიციიდან მირეკავდნენ. მიწევდა სასამართლოებზე, სადეპორტოებში, ციხეებში სიარულიც. ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა თავშესაფრის სათხოვნელად და სამკურნალოდ. თავშესაფრის მოთხოვნა გზას გიხსნის, რომ მიიღო უფასო დაზღვევა. მეამაყება, რომ ბევრ ადამიანს დავეხმარე და მცირე წვლილი მაინც შევიტანე მათ გამოჯანმრთელებაში - თირკმლის, ღვიძლის თუ გულის გადანერგვაში. ზოგს 6-7 წლის განმავლობაში ვუწევდი თარჯიმნობას, მათი ანამნეზი უკვე ზეპირად ვიცოდი.

არასდროს დამავიწყდება, პირველი პაციენტი რომ მომიკვდა - ბიჭი, რომელიც მთელი სამი წელი ღვიძლის გადანერგვას ელოდებოდა. 35 წლის იყო, აქ არავინ ჰყავდა და გადასვენების საკითხებიც კი მე მოვაგვარე. მახსოვს, იყო ერთი ქართველი გოგონა - გულის გადანერგვა სჭირდებოდა. 11-12 წლის იქნებოდა. როდესაც მამამისმა ექიმს ჰკითხა, არის თუ არა სხვა გამოსავალიო, ექიმმა პირდაპირ უთხრა, არაო. როგორია, მოუტრიალდე მშობლებს და ეს სიტყვები უთარგმნო, მაგრამ რა მექნა?! იქ შევძელი თავის შეკავება, მაგრამ ქუჩაში როგორც კი გამოვედი, ხმამაღლა ავღრიალდი.

ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და სამსახური შევიცვალე - სასტუმროების ქსელში მენეჯერად დავიწყე მუშაობა, თუმცა მალევე ერთ-ერთი სოციალური სერვისის ხელმძღვანელი დამიკავშირდა და სამსახური შემომთავაზა. ამჟამად სოციალური განყოფილების უფროსი ვარ. იურიდიულ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ვეხმარები თავშესაფრის მთხოვნელებს, ვუხსნით, რა პროცედურები უნდა გაიარონ, რა უფლებები აქვთ, სახელმწიფო რით არის ვალდებული მათ წინაშე და ა.შ.. ამ ხნის განმავლობაში არაერთი უცნაური ამბავი მოვისმინე. ერთ დღეს შემოვიდა ფერადკანიანი ქალი მალიდან (ეს არის სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში). ხელში ბავშვი ეჭირა, დაახლოებით ერთ წლამდე. ახსენებდა უცნაურ სიტყვას, რომლის მნიშვნელობასაც მანამდე ვერ მივხვდი, ვიდრე "გუგლში" არ მოვძებნე. ამოიღო საბუთები და მითხრა, უფროსი შვილიც ამის გამო მომიკვდა და მეც მაქვს გაკეთებულიო. თურმე ქალთა წინდაცვეთას გულისხმობდა. ინფექცია შეჭრია მის უფროს შვილს და გარდაცვლილა. საფრანგეთი იცავს ასეთი ბავშვების უფლებებს და ამ ქალმაც მოიგო პროცესი, რადგან თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებით საფრთხე ემუქრებოდათ. ჩემი შვილის კლასელია გვინეიდან და იმ ბავშვის დედამ მითხრა, ჩემს ქვეყანაში არც მე მიმყავს შვილები, მეშინია, არ დაიჭირონ და წინდაცვეთა არ გაუკეთონო.

ერთხელ ქალი მოვიდა შეხვედრაზე, საოცარი შიში ედგა თვალებში. პროსტიტუციის მსხვერპლი აღმოჩნდა. ოთხი შვილის დედა იყო კონგოდან. თურმე 101 დღე გარეთ არ უშვებდნენ. მერე თავი მოუჩვენებია, ვითომ ბედს შეეგუა და ქუჩაში გასვლის ნება მიუციათ. უცნობებისთვის უთხოვია დახმარება და ასე მოუხერხებია გაქცევა. მახსოვს, გასაცილებლად რომ წამოვდექი, ფეხებზე მომეხვია მადლობის ნიშნად.

…ეს სამსახური სახიფათოც არის, რადგან ბევრისგან აგრესია იგრძნობა. იყო შემთხვევები, როდესაც მოგვიცვივდნენ, არ მოგვწონს თქვენი კანონები, ყველანი დასახოცები ხართო.

ამ ქვეყანაშიც ბევრი პრობლემაა. ყველაფერი ისე არ არის, როგორც შორიდან ჩანს - ბევრია უმუშევარი, ბევრიც ქუჩაში ცხოვრობს, უმუშევრობის დახმარებას აძლევენ, მაგრამ ეს მუდმივი ხომ არ არის!

პანდემიის დროს აქაურები უფრო მარტოსულები ჩანან. ბევრს ძალიან გაუჭირდა ამ მდგომარეობასთან შეგუება და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, მაგრამ მაინც ემორჩილებიან რეგულაციებს.

"კოვიდ-19" უკვე პრეზიდენტსაც დაუდასტურდა. დიდი ხანია, პირბადეებით გავდივართ ქუჩაში. ბავშვები სკოლაში პირბადეებით დადიან. აფთიაქები არ დაკეტილა, ტანსაცმლის მაღაზიები საშობაოდ გახსნეს, დღესდღეობით გეგმური ოპერაციები გადადებულია. ყოველ საღამოს, საინფორმაციოს დასრულების შემდეგ ფრანგები ფანჯრებს ხსნიან და მადლობის ნიშნად ტაშს უკრავენ ექიმებს. შაბათ-კვირის გარდა, დღეში ერთხელ აცხადებენ გარდაცვლილთა, დაინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას.

- ეკა, საუბრის ბოლოს ფრანგი მეუღლეც გაგვაცანით. - 36 წლისა ვიყავი, როდესაც გავიცანი და იმ წელსვე დავქორწინდით. ვირჯილ დაპრემონი ფრანგია, დედითაც და მამითაც. არისტოკრატების შთამომავლებად ითვლებიან. ერთ დღეს გაცნობის საიტზე მომწერა, სადაც 2004 წელს ჩემმა მეგობარმა დამარეგისტრირა. 2009-ში ვიღაცამ ელექტრონული ფოსტით რუსულად მომწერა, როგორ ხარო. კარგად, ვინ ბრძანდებით-მეთქი? ფრანგული სახელი და გვარი ჰქონდა და გამიკვირდა, რუსულად რომ მწერდა. მერე ფრანგულად მიპასუხა, ამდენი რუსულიც არ ვიციო. 19 იანვარს პარიზში ოპერასთან შევხვდით, რესტორანში დამპატიჟა, შამპანური დავლიეთ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც შამპანურით გავუმასპინძლდიო, მითხრა. ერთადერთი კაცი ხარ, რესტორანი რომ არ დაკეტა ჩემ გამო-მეთქი, ვუპასუხე. სხვათა შორის, კარგი იუმორი აქვს. სპეციალობით ინფორმატიკოსია და ერთ-ერთ კომპანიაში კომპიუტერული პროგრამების პროექტების ხელმძღვანელია. ისიც ჩემსავით კარგად უკრავს გიტარაზე, ფორტეპიანოზე. ერთხელ ოპერაში დამპატიჟა, მერე - მუზეუმში, რაც ძალიან მომეწონა. აპრილში მშობლები გამაცნო, მაისში კი საქართველოში ჩამოვედით - ხელი სთხოვა ჩემებს. გვყავს 8 წლის სოფი, რომელიც კარგად ლაპარაკობს ქართულად.

- როგორ მიიღეს ფრანგებმა უცხოელი რძალი? - ჩემი დედამთილი მორწმუნე კათოლიკეა. პირდაპირ არ ჩარეულა შვილის არჩევანში, მაგრამ ყოველთვის უნდოდა, საქმის კურსში ყოფილიყო, რა ხდებოდა ჩვენ შორის. როდესაც ნორმალური ადამიანის გვერდით დაიგულეს, დამშვიდდნენ. პარიზის ცენტრში, ბასტილიის მოედანთან ახლოს, კერძო სახლში ვცხოვრობთ, პატარა ეზოც გვაქვს. რამდენიმე ძირი ქართული ვაზი კახეთიდან გამოგვიგზავნეს და მე და ჩემმა მამამთილმა ჩავყარეთ. ვირჯილის მშობლები ხშირად მაყოლებდნენ ამბებს საქართველოს შესახებ, აინტერესებდათ ყველაფერი - ჩვენი კულტურა, ისტორია,… ძალიან თბილები და ყურადღებიანები არიან. ოთხი თვეა, სოფი არ უნახავთ და შეწუხდნენ. ერთი სული აქვთ, როდის იქნება არდადეგები. თავისთან მიჰყავთ ხოლმე, ასწავლიან, ათამაშებენ, ასეირნებენ.

- როგორი მეუღლეები არიან ფრანგი კაცები? - ხელის მოწერისას წაგვიკითხეს ჩვენი უფლებები, რომ ცოლმა და ქმარმა უნდა გაიზიარონ ყველაფერი, მათ შორის - ხარჯებიც და რომ საოჯახო საქმეებიც ერთად უნდა აკეთონ. გადავხედე ჩემს ქმარს და გამეცინა, ეს რა კარგი წესები გქონიათ-მეთქი, მაგრამ ეს ფრანგულად გაზრდილი ბიჭი, რომელიც საოჯახო საქმეებში ყოველთვის მეხმარებოდა, საქართველოში სტუმრობისას გამიზარმაცეს. ხან სად გადაგვიპატიჟეს და ხან - სად. იყო ყანწების ტრიალი და თავის მოწონება. კახელებს ეგონათ, სტუმარს დავათრობთო, მაგრამ ფრანგმა დაათრო ყველა, მერე გააცილა სტუმრები, შემობრუნდა და სუფრის ალაგება დაიწყო, დედაჩემს მიეხმარა. მამამ უყურა, უყურა და გაოცებულმა მკითხა, რას აკეთებს, ეს სადაური წესიაო?

ფრანგი ქალებისგან განსხვავებით, კაცები ძალიან ყურადღებიანი ქმრები არიან. აქაურ კაცებზე ამბობენ, ძუნწები არიანო, მაგრამ მგონი, მე ამაშიც გამიმართლა.…

ნინო ჯავახიშვილი