"რეგულაციები იმაზე მეტად გამკაცრდა, ვიდრე გაზაფხულზე იყო" - კვირის პალიტრა

"რეგულაციები იმაზე მეტად გამკაცრდა, ვიდრე გაზაფხულზე იყო"

"ახალმა შტამმა ეს დღესასწაულების მოყვარული ქვეყანა და ხალხი ძალიან დააშინა. დღე-ღამეში 50 000 კაცზე მეტია ინფიცირებული, ჰოსპიტალიზაცია 26 ათასზე მეტ კაცს დასჭირდა, 400-ზე მეტი გარდაიცვალა. თურმე ახალი შტამი ისეთივე სიმპტომებით მიმდინარეობს, როგორითაც "კოვიდ-19", თუმცა სტატისტიკა უფრო მზარდია"

მე და ჩემს მეუღლეს 6 შვილი გვყავს და მათთვის ცალკე დახმარება აქვს სახელმწიფოს გამოყოფილი როგორც საკვების, ასევე ჰიგიენური ნივთების სახით

"ბრიტანული" შტამი "კოვიდ-19"-ის გამომწვევი ახალი შტამია, VUI-202012/01. მეცნიერები ვირუსზე დაკვირვებას განაგრძობენ და ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, რომ ის უფრო საშიშია, ვიდრე წინა. ამიტომაც მის მოქმედებაში სრულად გარკვევამდე ბრიტანეთი იზოლაციაში მოექცევა.

თუ როგორ გაამკაცრეს შეზღუდვები ახალი შტამის გავრცელების გამო და რა ვითარებაა ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები დიმიტრი წითაშვილი გვიამბობს.

- 90-იანი წლების შემდგომ ოჯახთან ერთად ლონდონში ვცხოვრობ და ასეთი ჩუმი ახალი წელი არ მახსოვს. ქუჩები, სკვერები, ხიდები, რესტორნები, ყველა ის ადგილი, სადაც ადრე ახალ წელს ხვდებოდნენ, ცარიელი იყო.

დაახლოებით ასეთივე განწყობა იყო ბრექსიტის წინ - ეს კოსმოპოლიტური ქალაქი ერთბაშად დაცარიელდა. "კოვიდ-19"-მა სრულიად ახალი რეალობა შექმნა და ბრექსიტით მოგვრილი შოკი ძალიან ცოტას თუ ახსოვს. როგორც ამბობენ, ახალი შტამი უფრო მძიმე კატასტროფას გამოიწვევს.

ახალმა შტამმა ეს დღესასწაულების მოყვარული ქვეყანა და ხალხი ძალიან დააშინა. დღე-ღამეში 50 000 კაცზე მეტია ინფიცირებული, ჰოსპიტალიზაცია 26 ათასზე მეტ კაცს დასჭირდა, 400-ზე მეტი გარდაიცვალა. თურმე ახალი შტამი ისეთივე სიმპტომებით მიმდინარეობს, როგორითაც "კოვიდ-19", თუმცა სტატისტიკა უფრო მზარდია.

მედიკოსები გვამშვიდებენ, რომ მარტივად გავრცელების გარდა, ახალი შტამი სხვა სახის გართულებებს არ იწვევს, მაგრამ ხალხს იმის ეშინია, რომ უფრო ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება.

ერთადერთი რეკომენდაცია ისევ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაა. ცოტა ხნის წინ ჩვენი უბნის აფთიაქებში პირბადეები აღარ იშოვებოდა, მაგრამ დეფიციტი ძალიან მალე აღმოფხვრეს.

სპეცეკიპირებული პოლიცია ყველაფერს აკონტროლებს - ქუჩებში, მაღაზიების შესასვლელებში, სადარბაზოებთან...

ბრიტანელები ისედაც კანონმორჩილი ხალხია, საფრთხეს აცნობიერებენ და ძალიან ფრთხილობენ, რომ თავს და სხვებსაც პრობლემები არ შეუქმნან. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ჰგონია, რომ ყოველივე ეს მოგონილია და "კოვიდი" ჩვეულებრივი ვირუსია. ვფიქრობ, ეს მართული ძალაა. ასეთები დროდადრო აქციებსაც მართავენ და სხვების აყოლიებას ცდილობენ.

სოციალურ ქსელებში ტროლები ფეიკნიუსებს ავრცელებენ, რომ ვიღაცები არაფრად აგდებენ აკრძალვებს, ძალიან კარგად ერთობიან და ამის დასტურად ძველ ფოტო და ვიდეომასალას დებენ. წერენ, ისინი სულაც არ ავადდებიან, რადგან არავითარი ვირუსი არ არსებობსო.

- ვაქცინაცია ხომ დაიწყო? - დიახ, მაგრამ ეტაპობრივად კეთდება. ხელისუფლების გეგმით, თებერვლის ბოლომდე 13 მილიონი კაცი გაივლის ვაქცინაციას და მხოლოდ ამის შემდეგ მოიხსნება ლოკდაუნი.

პირველად რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს აცრიან, მათ შორის სამედიცინო პერსონალსა და ხანდაზმულებს. ერთი ნაწილი ვაქცინაციისგან თავს იკავებს, თუნდაც იმიტომ, რომ ტროლები გააფთრებით მუშაობენ. ვიღაცამ დაწერა, ერთი ახალგაზრდა ვაქცინის გაკეთებიდან 48 საათში დაიღუპაო. არადა, არც ერთ სანდო მედიას მსგავსი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

4 იანვრის საღამოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გვაცნობა, რომ მთელი სამეფოს ტერიტორიაზე მოსახლეობა თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.

რეგულაციები იმაზე მეტად გამკაცრდა, ვიდრე გაზაფხულზე იყო. შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაშიც მკაცრი კარანტინია. იქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და ამბობენ, რომ 18 იანვრამდე დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ, ზოგ ადგილას კი აღარც ონლაინსწავლა და მუშაობაა.

ჩვენთან სახლიდან გასვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება, თანაც წინასწარ ვრეკავთ შესაბამის ნომერზე და მარშრუტს ვეუბნებით. მხოლოდ სურსათისა და პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად გასვლის უფლება გვაქვს. შეღავათი აქვთ მათ, ვისთვისაც ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, სახლიდან 200 მეტრის რადიუსზე შეუძლიათ გადაადგილება. პარკებში ნახავთ მოსეირნეებს, ოღონდ რაოდენობა კონტროლდება, დისტანციაც დაცული უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, ქვეყნის მთავარი სანიტრის კრის უიტის განცხადებით, სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს ქუჩაში ბევრი ხალხი არ მოგროვდეს. არასასურსათოO მაღაზიების გარდა, ყველაფერი, მათ შორის, სასწავლებლები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დაკეტილია. რესტორნები და კაფე-ბარები მხოლოდ შინ მიტანის სერვისზე მუშაობენ. არის ადგილები, სადაც ალკოჰოლის გაყიდვა არ შეიძლება, რადგან ეს ვირუსი შეუთავსებელია ალკოჰოლთან.

ეს "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღაა და, ალბათ, ლოკდაუნი 15 თებერვლიდან მარტის დასაწყისამდე გასტანს. ხალხი უკვე შეეჩვია მკაცრი აკრძალვებით ცხოვრებას, სხვაგვარად ინფიცირებულთა რაოდენობა 40%-ით გაიზრდება. მთავარია, ახალი შტამის სწრაფად გავრცელების გამო სამედიცინო დაწესებულებები არ გადაიტვირთოს. აქ სისტემა ისეა აწყობილი, რომ კოვიდპაციენტების გარდა, უყურადღებოდ არც სხვები რჩებიან. ამის მუდმივი მონიტორინგი ხდება და დარღვევის შემთხვევაში მკაცრი რეაგირება მოჰყვება. სახელმწიფოს პრინციპია ასეთი - არ შეიძლება პანდემიის გამო სხვები დაზარალდნენ.

- ვიცი, რომ დროებით უმუშევრად დარჩენილებს კომპენსაციას აძლევენ. - დიახ, ყოველთვიური შემოსავლის, თუ არ ვცდები, 30%-ს, ასევე გააჩნია, რამდენი სულია ოჯახში. მაგალითად, მე და ჩემს მეუღლეს 6 შვილი გვყავს და მათთვის ცალკე დახმარება აქვს სახელმწიფოს გამოყოფილი როგორც საკვების, ასევე ჰიგიენური ნივთების სახით.

აკრძალულია ვიზიტები ნაცნობ-მეგობრებსა და ნათესავებთან. არა აქვს მნიშვნელობა შენს თუ სხვა ქალაქში ცხოვრობენ. გადაადგილების საჭიროება დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ახალი შტამის გამოჩენამდეც რეგულაციებით ვცხოვრობდით, მაგრამ ასეთი სიმკაცრე არ ყოფილა.