"გვიყვარს ჩვენი საქმე და ვართ იქ, სადაც ამ საქმის თავისუფლად კეთება შეიძლება" - კვირის პალიტრა

"გვიყვარს ჩვენი საქმე და ვართ იქ, სადაც ამ საქმის თავისუფლად კეთება შეიძლება"

"2020 ისეთი წელი იყო, რომ გინდა გამოტოვო შენი ცხოვრებიდან... "

ემა ტუხიაშვილი, გადაცემა "360 გრადუსის" წამყვანი:

- რა აღარ უნახავს ჩემს თაობას - საბჭოთა კავშირის დაშლა, 90-იანი წლები, გაჭირვება, მაგრამ ამდენი კრიზისი ერთდროულად, რაც 2020 წელს გვქონდა, არასოდეს გვინახავს.

ყველაფერი დაიწყო წლის დასაწყისში, როცა მსოფლიოში კორონავირუსი გაჩნდა და საქართველოშიც შემოაღწია. არ იცი, რას ებრძოლო, როგორ ებრძოლო და ამ ვითარებაში გიწევს მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა, ყველაფრის გაშუქება. მაშინ, როცა ყველა სახლშია გამოკეტილი, შენ მუშაობ, უამრავ ადამიანს ხვდები, არ იცი, როგორი მიხვალ სახლში, ვერ ეფერები შვილებს, მუდმივად შორს ყოფნას ცდილობ... მძიმე იყო ამ ყველაფრის გადატანა ემოციურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც კი.

გვეგონა, რომ ეს სიმძიმე პანდემიით დამთავრდებოდა, მაგრამ მოხდა ტრაგიკული ამბებიც - გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება და ამ თემებზე მუშაობაც ემოციურად ძალიან მძიმე იყო. როდესაც ხედავ, რომ სიცოცხლით სავსე ნიჭიერი ბიჭი ასე დაუნდობლად გამოასალმეს სიცოცხლეს, ძალიან გიჭირს, მაგრამ ყველა ემოციის დათრგუნვა გიწევს, რომ ელაპარაკო მის ახლობლებს, მკვლელობაში ბრალდებულთა ადვოკატებს... ზაფხულში იოსებიძის ქუჩაზე გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა და ფეხბურთის ფედერაციამ მიმიწვია. წავედი ერთი მიზნით - ეთერით ვერ მოვახერხე და სტადიონზე მინდოდა მეტირა ეს ბავშვი. თავიდან ვერ გავბედე მშობლებთან მისვლა, ბოლოს მივედი და დედამისს ჩავეხუტე. არც იცოდა ვინ ვიყავი, ისე წამოვედი იქიდან.

თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ თავდაპირველ ინფორმაციას გადავცემდით იმ იმედით, რომ გოგონა გამოჩნდებოდა, მაგრამ...

შემდეგ იყო არჩევნები, კორონავირუსის მეორე ტალღა და ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში შეუჩერებლად გვიწევდა მუშაობა...

მოკლედ, 2020 ისეთი წელი იყო, რომ გინდა გამოტოვო შენი ცხოვრებიდან... თუმცა ყველა მუქ ზოლს აუცილებლად მოჰყვება ფერადი და დარწმუნებული ვარ, 2021 წელს ბევრი კარგი ამბავი მექნება გასაშუქებელი.

"ჩვენ ვართ იშვიათი გამონაკლისი, სადაც ხელისუფლებაც დადის და ოპოზიციაც"

მერაბ მეტრეველი, გადაცემა "რეზიუმესა" და "პოლიტ-ქალაქის" წამყვანი:

- ეს სეზონი "პალიტრანიუსისთვის" კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მეც სწორედ ამ სეზონზე შევუერთდი "პალიტრანიუსის" გუნდს. ჰოლდინგში სხვადასხვა პერიოდულობით 2009 წლიდან ვმუშაობ, ვწერდი "კვირის პალიტრაში", მიმყავდა გადაცემა "რეზიუმე" რადიოში, წელს კი რადიოგადაცემა "რეზიუმე" სატელევიზიოც გახდა და ყოველ სამუშაო დღეს, 18:30-ზე სტუმრებთან ერთად დღის მთავარ მოვლენებს ვაანალიზებ. ასევე მიმყავს ყოველკვირეული გადაცემა "პოლიტ-ქალაქი", რომელიც ყოველ კვირადღეს 20:00 საათზე გადის. ეს გადაცემა განსხვავებული ფორმატისაა - სტუმრებს, სტუდიის მაგივრად, ღია ცის ქვეშ ვმასპინძლობთ. ყოველთვის მომწონდა ასეთი ფორმატი და როდესაც მისი წაყვანა შემომთავაზეს, სიამოვნებით დავთანხმდი.

ჩემთვის მედიაში მთავარია თავისუფლება და სწორედ ამიტომაც ვარ ამ ჰოლდინგის ერთგული ამდენი წელი. დღეს ქართულ მედიასივრცეში "პალიტრანიუსი" ერთადერთი ტელევიზიაა, რომელსაც ვერც სახელისუფლებოს უწოდებ და ვერც - ოპოზიციურს. სახელისუფლებო ტელევიზიები ოპოზიციას არ იწვევენ თავიანთ გადაცემებში, ოპოზიციურ არხებზე მისვლისგან კი ხელისუფლება იკავებს თავს. ჩვენ ვართ იშვიათი გამონაკლისი, სადაც ხელისუფლებაც დადის და ოპოზიციაც. შედეგად ვიღებთ ყველაზე მიუკერძოებელ არხს და ეს არის სწორედ მთავარი. შეიძლება დღეს ჩვენი ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები სხვა ტელევიზიებისას ჩამოუვარდება, მაგრამ გვაქვს მთავარი - დამოუკიდებლობა და განვითარების სურვილი.

წელს ჩემთვის გამორჩეულად დასამახსოვრებელი არჩევნების შემდეგ ოპოზიციის აქციების გაშუქება გამოდგა. დიდი ხანია, აქტიურ რეპორტიორობას მოვეშვი და სტუდიაში ვზივარ, ამიტომ ქუჩაში მუშაობას მონატრებული ვიყავი და "რეზიუმეს" სტუდია, ფაქტობრივად, პარლამენტის წინ გადავიტანე, საიდანაც სტუმრებთან ერთად ვერთვებოდი ეთერში. გარეთ მუშაობამ ძველი დრო გამახსენა, როგორ მომნატრებია ველზე მუშაობა.

"იმედია, "კოვიდხანა" მალე დასრულდება"

კოკა კვირკველია, "ნიუსრუმის" წამყვანი:

- 2020 წელი ჩემთვის, "პალიტრამედიაში" ახალი გამოწვევების წელი იყო. რა თქმა უნდა, დომინანტური როლი ამ ცვლილებებში კორონავირუსმა ითამაშა. ერთი შეხედვით შეიძლება იოლად მოგეჩვენოს, მაგრამ როდესაც შეჩვეული ხარ სხვა გარემოში მუშაობას და უცებ რადიკალურად განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდები, უცებ ვერ აცნობიერებ, რა მოხდა. ჩვენს "ნიუსრუმში" ერთდროულად შეიძლება 100-მდე ადამიანი მუშაობდეს, არადა ერთ, არცთუ მშვენიერ დღეს (სრული კარანტინის დროს), მხოლოდ 10-მდე დავრჩით. ეს სოციალური შოკი იყო, მით უმეტეს, რომ დისტანციური მუშაობა ტელეწამყვანებს არ შეგვხებია და ყოველდღე ჩვეულებრივად დავდიოდით სამსახურში.

2021-ის მიმართ იმედიანად განწყობილი. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ, სხვა ყველაფერი კი, როგორც ყოველთვის, ჩაივლის.

"ვფიქრობ, მოვახერხეთ გამოწვევებთან გამკლავება"

ანა მარშანია, "აქტუალური თემის" წამყვანი, რადიო "პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი:

- გასულმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ყველა გამოწვევის, პრობლემის მიუხედავად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამოსავლის მოსაძებნად.

მედიასაც თავდაყირა დაგვიდგა დღის წესრიგი - სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლის მსგავსად, ბევრმა ჟურნალისტმაც საქმიანობა ონლაინრეჟიმით განაგრძო, თუმცა ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლებისთვის ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ პანდემიის, კომენდანტის საათის, საყოველთაო ლოკდაუნის პირობებში ჩვენ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად დავდიოდით სამსახურში, ვმუშაობდით მაყურებლებისა და მსმენელების ინფორმირებისთვის, შინ დაბრუნებულები კი ოჯახის წევრებს, შვილებს ვერ ვეკარებოდით, თუმცა ამ რეჟიმით მუშაობასაც აქვს პროფესიული ხიბლი და ეს პერიოდი, ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის სიამაყით გამახსენდება, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ერთეულებს შორის ვიდგეთ ფრონტის წინა ხაზზე და ვემსახუროთ მაყურებელსა თუ მსმენელს.

ძალიან ხშირად ბეწვის ხიდზე გავლაც გვიწევდა, რადგან, ერთი მხრივ, არ უნდა დაგვეზაფრა მაყურებელი, მეორე მხრივ კი აუცილებელი იყო საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება. ვფიქრობ, მოვახერხეთ გამოწვევებთან გამკლავება.

რაც შეეხება ახალ სეზონს. გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ ყველაფრის ზედმიწევნით დაგეგმვას შეიძლება აზრი არც ჰქონდეს, თუმცა ახალი პროექტებისა და მოლოდინის მიუხედავად ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მაყურებლის, მსმენელის ოპერატიულად და, რაც მთავარია, ობიექტურად ინფორმირების მიზნით ნებისმიერ გამოწვევას დაძლევს, რადგან გვიყვარს ჩვენი საქმე და ვართ იქ, სადაც ამ საქმის თავისუფლად კეთება შეიძლება.

"გვენდეთ და ნდობას გავამართლებთ!"

ლელა ბაღდავაძე, "დღის ნიუსრუმის" წამყვანი:

- "დღის ნიუსრუმს" "პალიტრანიუსის" გადაცემათა ბადეში 17:00 საათზე ნახავთ. უკვე ოთხი თვეა, ყველა სამუშაო დღეს სტუმრებთან ერთად ვსაუბრობთ თემებზე, რომლებიც საქართველოსა თუ მსოფლიოშია აქტუალური. მედიაბაზარზე თავის დამკვიდრება, სადაც პოლიტიკური ტოკშოუების დიდი კონკურენციაა, არ არის ადვილი, თუმცა "დღის ნიუსრუმმა" და მე, როგორც წამყვანმა, ეს ვცადეთ და უკვე მეხუთე თვეა, "ვეჭიდავებით" რამდენიმე რთულ ამოცანას - მოვეწონოთ მაყურებელს, რომ სურვილი გაუჩნდეს, ყოველდღე ჩვენს არხზე გადმორთოს ტელევიზორი; გადაცემაში მონაწილეობდეს ყველა მხარე და ობიექტურად, მიკერძოების გარეშე შევძლოთ თემის გაშუქება. ვფიქრობ, ვახერხებთ ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ალბათ, ამის დასტურია ის, რომ ყველა სტუმარი, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, ერთნაირი შთაბეჭდილებით ტოვებს "პალიტრას" - მათი აზრით, დაბალანსებული გადაცემა გვაქვს და მოვლენებს ობიექტურად ვაშუქებთ. მიხარია, რომ "დღის ნიუსრუმში" ერთხელ მოსულ სტუმარს დაბრუნების სურვილი უჩნდება, რადგან "პალიტრანიუსი" ყველასთვის თავისუფალი ტრიბუნაა.

"დღის ნიუსრუმს" შეუძლია თავი მოიწონოს იმითაც, რომ გვყავდა არაერთი ისეთი რესპონდენტი, რომელთა სტუმრობას ნებისმიერი ტელევიზიის წამყვანი ისურვებდა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს, რომ ჩვენი ტელევიზია აირჩიეს.

მეორე სეზონის ათვლა დავიწყეთ. ვპირდებით მაყურებლებს, რომ დავსვამთ ყველა შეკითხვას, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება, არ ვიქნებით მხარე და სწორედ ამით დავრჩებით გამორჩეული მედიაბაზარზე, მანამდე კი, ვიდრე ჩვენთან სტუმრობა საინტერესო იქნება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ჩავთვლი, რომ "დღის ნიუსრუმი" სწორ გზაზე დგას.

გვენდეთ და ნდობას გავამართლებთ!

"ზუსტად ვიცი, რომ არ შეიცვლება ჩვენი ძირითადი პრინციპი - ვიყოთ მართალი ჩვენს მაყურებელთან"

ეკა წივწივაძე, "პოლიტnews"-ის წამყვანი:

- "პალიტრანიუსის" ეთერში "პოლიტnews"-ი სექტემბრის თვიდან გადის. ახალი გადაცემა არხის სხვა გადაცემების ფორმატისგან განსხვავებულია. პირველი ნაწილი ახალ ამბებს ეთმობა - ჟურნალისტების ჩართვები, ბრიფინგები და პრესკონფერენციები ლაივ რეჟიმში, მეორე ნაწილი კი სტუმრის ბლოკია. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ნახევარი წელია, რაც ეთერშია, უკვე მოვასწარით პანდემიის, ქუჩის აქციების, არჩევნების, დემონსტრანტების დაშლის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკების რაუნდების, ახალი პარლამენტის დამტკიცებისა და ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესების გაშუქება.

რთული იყო 2020 წელი, ახალი გადაცემისთვის - მით უმეტეს. პანდემიის გამო ადამიანური რესურსის განაწილება, ოპტიმალურად გამოყენება გვიწევს, რათა საჭიროების შემთხვევაში კადრების გარეშე არ აღმოვჩნდეთ, ამიტომ შემცირებული რესურსით ვმუშაობთ. "პოლიტnews"-ის მთავარი გამოწვევაც სწორედ ეს იყო - ადამიანური რესურსის სიმცირე მაყურებელს არ ეგრძნო. ბუნებრივია, გვქონდა შეცდომებიც, მაგრამ მიხარია, რომ ეს შეცდომები, ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა და შინაარსობრივი ხარვეზები არ გვაქვს.

წინ ახალი გამოწვევების წელია. გამოწვევების არ მეშინია, რადგან "პოლიტnews"-ს ჩემთან ერთად მშრომელი, კრეატიული და ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდი ქმნის. ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არ შეიცვლება ჩვენი ძირითადი პრინციპი - ვიყოთ მართალი ჩვენს მაყურებელთან და ვიზრუნოთ მათ ინფორმირებულობაზე; არ ვიყოთ მხარე და მათ თავს არ მოვახვიოთ ჩვენი პოზიცია.

2020 წელს "პოლიტnews"-ი იყო ამბები ინტერპრეტაციის გარეშე და ასე იქნება 2021 წელსაც.

"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავამართლოთ მაყურებლის ნდობა"

თამთა ასათიანი, გადაცემა "მკურნალის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსში" ტელევიზიის გახსნის პირველი დღიდან ვმუშაობ და ძალიან ვამაყობ ამით, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი წელი, როგორიც 2020 იყო, არ მახსენდება. პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა მთავარი - ჩვენი გუნდი, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, მზად იყო, ყოფილიყო მაყურებლის გვერდით და მიეწოდებინა მისთვის ამომწურავი ინფორმაცია. ალბათ, სწორედ ამიტომ უცხადებს მაყურებელი ნდობას ჩვენს არხს და რჩება ჩვენი ერთგული.

ჩვენი გუნდი ექსტრემალურ რეჟიმზე გადავიდა. იმისთვის, რომ დაგვეცვა ერთმანეთი, ნაწილი სახლიდან მუშაობდა, ნაწილი - ოფისში, თუმცა ჯაჭვი მაინც იკვრებოდა და ჩვენს მაუწყებლობაზე ეს არ ასახულა. ერთი წუთითაც კი არ გაგვიცრუებია იმედი მაყურებლისთვის.

მე ჩავიბარე გადაცემა, რომელიც უშუალოდ პანდემიას ეხებოდა და მთელი წლის განმავლობაში მაყურებელს ვაწოდებდი ხშირად არცთუ სასიამოვნო ინფორმაციას. მე და ჩემი გადაცემის პროდიუსერი სტუმრებთან ერთად ვარჩევდით და ვიკვლევდით თემებს, ვცდილობდით, ამ სრულიად ამოუცნობ ვირუსთან დაკავშირებით ყველაფერი ამომწურავად აგვეხსნა მაყურებლისთვის და მიხარია, რომ ეს შევძელით. მაყურებლები ხშირად გვეხმაურებიან. მადლობა ყველა მედიკოსს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ჩვენთან სათანამშრომლოდ.

2021 წელს ვაგრძელებთ პროექტს "მკურნალი", რომელიც სხვადასხვა საინტერესო სამედიცინო თემას გააშუქებს, მათ შორის, ცხადია - კორონავირუსს, რომელიც, სამწუხაროდ, კვლავაც ძალიან აქტუალურია. ასევე ეთერში ნახავთ პოლიტიკურ ტოკშოუებს. საეთერო ბადეს უბრუნდება კარგად ნაცნობი და პოპულარული პროექტი "ბლიცინტერვიუ", რომელიც ბევრ თქვენთვის საყვარელ ადამიანს სხვა კუთხით გაგაცნობთ. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავამართლოთ მაყურებლის ნდობა და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ინფორმაციის მთავარ წყაროდ დავრჩეთ.