"შეუძლებელია, ორგანიზმს კორონავირუსი გადატანილი ჰქონდეს და მეორედ უარესად დაგემართოს" - რას ამბობს ლონდონში მომუშავე ქართველი ვირუსოლოგი - კვირის პალიტრა

"შეუძლებელია, ორგანიზმს კორონავირუსი გადატანილი ჰქონდეს და მეორედ უარესად დაგემართოს" - რას ამბობს ლონდონში მომუშავე ქართველი ვირუსოლოგი

"ინგლისში კორონავირუსის ორჯერ გადატანის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა"

კორონავირუსის გავრცელების მხრივ დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლოკდაუნის მეხუთე დონე გამოაცხადა. კორონავირუსთან დაკავშირებულ სიახლეებზე "კვირის პალიტრას" ვირუსოლოგი ტატა ქებაძე ესაუბრება. ის ლონდონში იმპერიალ კოლეჯის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლავთ.

- ითქვა, რომ საფრანგეთში შეგიძლია შეხვიდე აფთიაქში, იყიდო ტესტი, თვითონ გაიკეთო და რამდენიმე წუთში იცოდე პასუხი. თქვენთანაც ასეა? - არა. უკვე მესამე ლოკდაუნია, მაგრამ მე რომ მკითხოთ, მეორე ლოკდაუნი არც ყოფილა, იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი არ დაკეტილა, სკოლებიც კი მუშაობდა, ახლა კი უკვე რამდენიმე დღეა, სკოლებიც დაკეტეს, უმაღლესი სასწავლებლებიც სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ბაგა-ბაღები მუშაობს მხოლოდ მათი შვილებისთვის, ვინც ახლა მუშაობს, მაგალითად, ექიმების, სუპერმარკეტების თანამშრომლების და ა.შ.

- ტესტებზე ვსაუბრობდით... - დიახ, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ხუთი სიმპტომიდან - ტემპერატურა, თავის ტკივილი, გახანგრძლივებული ხველა, ყნოსვის დაკარგვა, გემოს დაკარგვა - ერთი მაინც აქვს, შეუძლია შევიდეს სპეციალურ ვებგვერდზე და ტესტი ჩაიტაროს. ყველა თვითონ ირჩევს - ან სახლში გიგზავნიან პერსონალს ტესტის ჩასატარებლად, ან, თუ მანქანა გყავს, შეგიძლია ლაბორატორიაში მიხვიდე. ტაქსით წასვლა არ შეიძლება. ნაცხს მანქანიდანვე აგიღებენ, პასუხი კი 48-72 საათში მოდის. ჩემი აზრით, შემთხვევების ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმანაც განაპირობა, რომ ტესტის ჩატარება შეუძლია ყველას, ვისაც ერთი სიმპტომი მაინც აქვს.

ახალი მუტაციის შედეგად ერთი რამ შევნიშნეთ - პირველი ტალღის დროს ბავშვებში შემთხვევები თითქმის არ გვქონია, ახლა ბავშვებშიც არის, თუმცა რთულად მიმდინარე - არა. ძირითადად, თავის ტკივილი ან დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ, ერთი-ორი დღის შემდეგ კი კარგად არიან. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბავშვები გადასარევი გადამტანები არიან ამ ვირუსის და "შესანიშნავი" მიმტანებიც.

- კორონავირუსის ახალ შტამს ზოგიერთი უკვე ბრიტანულ შტამად მოიხსენიებს. რა ვიცით მის შესახებ? - ჩვენთან ლაპარაკია ორ ახალ შტამზე, გუშინ კი გამოაცხადეს მესამის შესახებ, რომელიც ბრაზილიაში დადასტურდა 6 იანვარს. მის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. რაც შეეხება შტამს, რომელიც სექტემბრის ბოლოს კენტში დაფიქსირდა და ნოემბრიდან უკვე ლონდონს მოედო, სამი მეოთხედი ახალი შემთხვევებისა სწორედ ამ ახალი შტამისაა, თუმცა ის საშიში არ არის.

მუტაცია სულ ხდება. მთავარია, ამის შედეგად ვირუსი ისე არ შეიცვალოს, რომ ან ვაქცინამ არ იმუშაოს, ან სიკვდილიანობა გაიზარდოს. ჯერჯერობით ეს არ ხდება, თუმცა ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება.

- თქვენ სამი ახალი შტამი ახსენეთ. ერთია ბრაზილიური, რომლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მეორე - ბრიტანული, რომელიც სწრაფად ვრცელდება, მაგრამ საშიში არ არის... მესამე რომელია? - ეს არის სამხრეთაფრიკული მუტაცია. ჯერჯერობით ის მხოლოდ სამხრეთ აფრიკაშია დადასტურებული. ინგლისში გამოუვლინდა ერთ პაციენტს, რომელმაც აფრიკაში იმოგზაურა. ამ შტამზე ღელავენ იმიტომ, რომ ჯერ მასზე ზუსტად არაფერი იციან. ეშინიათ, რომ შეიძლება მასზე ვაქცინამ ისე კარგად არ იმოქმედოს, როგორც ელიან. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ აფრიკის შტამით ინფიცირების შემთხვევაში გამოჯანმრთელებულის პლაზმის გამოყენებას ის შედეგი არ მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო.

ახლა ბრიტანეთში ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად აცრან ადამიანები, სანამ ეს ახალი მუტაციები შემოვა და გავრცელდება. ბევრი დოზაა წინასწარ შეძენილი, მაგრამ ყველა ერთდროულად არ შემოდის. ჯერ მხოლოდ ნახევარი მილიონი დოზა ჩამოვიდა. თავიდან აპირებდნენ, 21 დღის ინტერვლით მიეცათ პირველი და მეორე დოზა, ახლა კი გადაწყვიტეს, ყველას მისცენ პირველი დოზა. მეორე დოზას 12 კვირით აგვიანებენ. თვლიან, რომ პირველი დოზა ასე თუ ისე მაინც იცავს ვირუსისგან.

ჩემი მეუღლე ანტისხეულების ტესტებზე მუშაობს და მასთან მოვიდნენ ერთხელ ვაქცინირებული ადამიანები, რომელთც უკვე აქვთ სისხლში ანტისხეულების გარკვეული დონე, თუმცა თუ სრულად დაცვა გინდა, მეორე დოზა გჭირდება. რაკი ჯერჯერობით ამდენი ვაქცინა არ აქვთ, პირველ დოზას სჯერდებიან. გაამართლებს თუ არა ეს მეთოდი, ვნახავთ. 2-დან 12 დეკემბრამდე რომ მოიხსნა შეზღუდვები, ძალიან გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა, ანუ ეს მხოლოდ მუტაციის ბრალი არ იყო. გრიპის ვირუსიც იცვლება და სწორედ ამიტომ ყოველ წელს სხვადასხვა ვაქცინას გვიკეთებენ. მთავარია, ისეთი რამ არ მოხდეს, რომ ამდენი შრომა წყალში ჩაიყაროს...

- ბრიტანეთში გამოკითხვა ჩაატარეს და 67%-მა განაცხადა, რომ დიდი სიხარულით ელოდა ვაქცინას. ამ მხრივ საფრანგეთსა და ამერიკაშია ცუდი მდგომარეობა, იქ ბევრი ანტივაქცინისტია.

- სიმბოლური იყო, რომ ინგლისში პირველი აიცრა უილიამ შექსპირი. ეს პიარის ნაწილი იყო თუ დამთხვევა? - შექსპირი და კიდევ ერთი ქალბატონი ჰოსპიტალში მკურნალობდნენ სხვა დიაგნოზით. სახლში დაურეკეს, ჰოსპიტალში შესთავაზეს აცრა და თანხმობის შემდეგ შეიტყვეს, რომ ეს იყო უილიამ შექსპირი. მგონი, ლამაზი დამთხვევა უფროა.

- პირველად ვინ იკეთებს ვაქცინას? - ჯერ 90 წელზე უფროსი ადამიანები, მერე ქვემოთ მოუყვებიან - 80 წელზე უფროსი, 70-ზე უფროსი... ბოლო 50-ზე უფროსი თაობაა. 50-ზე უმცროსებს, ალბათ, ყველას რომ აცრიან, მაშინ მოუწევთ. ვხუმრობთ ხოლმე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნატრობ, 50-ზე მეტის იყოო. ინდონეზიაში, მაგალითად, ჯერ იმ ადამიანებს ცრიან, ვინც მუშაობს. თვლიან, რომ ისინი არიან გადამტანნი და გამავრცელებლები და არა - ხანში შესულები, რომლებიც სახლში სხედან. ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ ასაკს და თანმხლებ დაავადებებს. თქვენს ნახსენებ უილიამ შექსპირს თირკმლის დაავადება ჰქონდა, დიალიზზე იყო და იმიტომ გაუკეთეს ვაქცინა.

- მეორედ ინფიცირების ამბებზე რას გვეტყვით? - ინგლისში კორონავირუსის ორჯერ გადატანის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

ჰონკონგში ამბობენ, რომ მეორედ ინფიცირების შემთხვევა ჰქონდათ. მე ამას სკეპტიკურად ვუყურებ. გარდა ანტისხეულებისა, ორგანიზმს აქვს მეხსიერება. ერთხელ ტელევიზიით ამბობდა ამერიკელი ექიმი, კორონავირუსი პირველთან შედარებით მეორედ უფრო მძიმედ გადავიტანეო. ბოლომდე რომ ვუყურე, აღმოჩნდა, რომ პირველ ჯერზე მას ტესტი არ გაუკეთებია და თვითონ დაასკვნა, რომ ინფიცირებული იყო. შეუძლებელია, ორგანიზმს ვირუსი გადატანილი ჰქონდეს და მეორედ უარესად დაგემართოს. შეიძლება დაგემართოს, მაგრამ აუცილებლად - უფრო სუსტად.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ? - ყოველ წელს ჩამოვდიოდით, მხოლოდ წლევანდელი ზაფხული გამოვტოვეთ კორონავირუსის გამო. ჩემი მეუღლე ავსტრალიელია. ის იმუნოლოგია. სამედიცინო ინსტიტუტშიც კითხულობს ლექციებს და ბევრი კვლევის ავტორიცაა. აქ იმპერიალ კოლეჯში მუშაობდა. სწორედ იქ გავიცანით ერთმანეთი.

- ჩანს პანდემიის დასასრულის დასაწყისი? - 2021 წლის ბოლოსთვის კარგი მდგომარეობა გვექნება. ვაქცინას ხომ ასე ელოდებოდნენ, მაგრამ შექმნეს და ახლა მიწოდება ფერხდება! მხოლოდ 700 საიტია, რომლებსაც ვაქცინის მიწოდება შეუძლა.

ახლა ყველა ექთანს და ექიმს აქვს უფლება, ვაქცინაცია გააკეთოს, მაგრამ თუ მე მომინდება ამ საქმეში დახმარება, უფლებას არ მომცემენ, რადგან ლაბორატორიაში ვმუშაობ. ტრენინგები უნდა გავიარო, რომ ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის უფლება მივიღო.