"ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შტამებს წარმოშობის სხვადასხვა წყარო აქვს" - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძე - კვირის პალიტრა

"ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შტამებს წარმოშობის სხვადასხვა წყარო აქვს" - რას ჰყვება თენგიზ ცერცვაძე

"კოვიდ 19"-ის ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრიდან დღემდე ბევრი რამ შევიტყვეთ ამ ვირუსის შესახებ, თუმცა მაინც ვერ ამოვწურეთ კითხვები, რომლებიც ამ ვერაგ დაავადებას უკავშირდება. კორონავირუსთან დაკავშირებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე გვესაუბრება.

- ბოლო ორი კვირის განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო SARS-CoV-2-ის ახალი შტამის გამოჩენამ. ეს შტამი ოფიციალურად პირველად გამოცხადდა 2020 წლის 14 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, თუმცა რეტროსპექტულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის პირველად 2020 წლის 20 სექტემბერს დადასტურდა კენტის საგრაფოში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ნოემბერ-დეკემბერში სწრაფად გავრცელდა - ლონდონსა და სამხრეთ აღმოსავლეთ ინგლისში, თუმცა შემდგომ ბრიტანეთის საზღვრებსაც გასცდა და დღეს გამოვლენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც, სადაც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევა დაადასტურა ლუგარის ლაბორატორიამ. დაინფიცირებული არ ყოფილა უცხოეთში, მაგრამ კონტაქტი ჰქონდა ჩამოსულ პირთან, რომელიც მერე დაბრუნდა თავის ქვეყანაში.

- ამ ეტაპზე რა ვიცით ახალი შტამის შესახებ? - ვირუსის ახალი შტამი წარმოიქმნა SARS-CoV-2-ის მუტაციების შედეგად. მუტაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ცვლილებას. ამ შემთხვევაში ცვლილება ხდება ვირუსის გენომში, რაც შემდეგ გამოიხატება ვირუსის ცილების სტრუქტურის ცვლილებით. ძირითადად, მცირე ზომის - ე.წ. წერტილოვანი მუტაციები ხდება, რომლებიც შეუმჩნეველი რჩება, რადგან ვირუსის თვისებები თითქმის არ იცვლება, მაგრამ როდესაც ვირუსში ხდება უფრო დიდი ზომის მუტაცია, ის შეიძლება ვირუსის თვისებების შეცვლის მიზეზი გახდეს. სწორედ ასე მოხდა ამ შემთხვევაში.

2020 წლის 18 დეკემბერს ზუსტად იმავე მუტაციის შტამი აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკაში. ინგლისური და სამხრეთაფრიკული შტამები იდენტურია, თუმცა ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შტამებს წარმოშობის სხვადასხვა წყარო აქვს.

ამჟამად მსოფლიოს ცნობილ კლინიკებსა და ლაბორატორიებში მიმდინარეობს კვლევები და ვირუსის ახალ შტამზე დაკვირვება. სადღეისო მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის ახალი შტამი ძველ შტამთან შედარებით იოლად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, თუმცა არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და არ გახდება გაზრდილი სიკვდილობის მიზეზი.

არ არის შემჩნეული და დადასტურებული ახალი შტამის განსაკუთრებული მოქმედება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. კოვიდგადატანილ პაციენტებში არ არის დადასტურებული ახალი შტამით რეინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ითვლება, რომ ამ პაციენტებს გამომუშავებული იმუნიტეტი ახალი შტამისაგანაც იცავს.

ვარაუდობენ, რომ სადღეისოდ მოქმედი ვაქცინები ადამიანს ვირუსის ახალი შტამით დაინფიცირებისაგანაც საიმედოდ დაიცავს. დღეს გამოყენებული სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები ეფექტიანია ვირუსის ახალი შტამის სადიაგნოსტიკოდ, ვინაიდან, როგორც წესი, ამ ტესტ-სისტემებსა და მეთოდებს აქვს რამდენიმე სამიზნე და თუ ახალ შტამში ერთი ან ორი სამიზნეა შეცვლილი, ის ხელს ვერ შეუშლის ვირუსის გამოვლენას.

რეგულაციები და დაავადების პრევენციის ზომები, ძირითადად, იგივეა - პირბადის გამოყენება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, ხელების ჰიგიენა და სხვა, თუმცა საჭიროა ამ რეგულაციების უფრო მკაცრად დაცვა, რადგან ვირუსის ახალი შტამი შედარებით ადვილად გადაედება ადამიანებს და, შესაბამისად, სწრაფადაც ვრცელდება.